საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ რეგიონული საგრანტო პროგრამაზე აჭარის, გურიისა და იმერეთის რეგიონებისთვის განაცხადების მიღება გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რეგიონული საგრანტო პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას; ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება - ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას.
„საგრანტო პროგრამის ფარგლებში, 2023 წელს საქართველოს ყველა რეგიონიდან უკვე გამოვლინდა 41 გამარჯვებული. მათ შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ gita.gov.ge -ზე. აჭარას, გურიასა და იმერეთში რეგისტრირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს კი, 29 იანვრიდან საშუალება ეძლევათ, ელექტრონული პორტალის www.grants.gov.ge მეშვეობით წარადგინონ განაცხადები. საგრანტო წინადადებებს შეაფასებს კომისია, რომელიც დაკომპლექტებული იქნება შესაბამისი პროფილის მოწვეული ექსპერტებით და შერჩეული სტარტაპები კომისიის წინაშე წარსადგენად გაივლიან გადამზადების სპეციალურ კურსს, რომელიც მოიცავს: ბაზრის კვლევას, ბაზარზე გასვლის სტრატეგიას, მასშტაბირებასა და ე.წ. „ფიჩინგს“. საგრანტო თანხის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 25 000 ლარს.
გრანტის მიღება შეუძლია სამიზნე რეგიონებში რეგისტრირებულ ან/და მოქმედ ფიზიკურ პირებს, მეწარმე სუბიექტებს და სტარტაპებს. არარეგისტრირებულმა პირმა, კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე სავალდებულოა მეწარმე სუბიექტის რეგისტრაცია მოახდინოს შესაბამის რეგიონში.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებპორტალზე www.grants.gov.ge“,- ნათქვამია ინფორმაციაში.