USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
თბილისი
ლევან დავითაშვილი - ქვეყანაში სტრუქტურული უმუშევრობაა
თარიღი:  910

ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ქვეყანაში სტრუქტურული უმუშევრობაა.

როგორც მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, შრომის ბაზარზე სამუშაო ძალის მოთხოვნა არის, მაგრამ ასევე "არსებობს კვალიფიციების შეუსაბამობა".

„უმუშევრობა მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ამის მიზეზიც ვიცით, ჩვენ მნიშვნელოვანი სტრუქტურული უმუშევრობა გვაქვს. ერთის მხრივ არის მოთხოვნა და ამას კერძო სექტორი ადასტურებს, მეორეს მხრივ კვალიფიციების შეუსაბამობაა. აქედან გამომდინარე ის მნიშვნელოვანი ინიციატივები რომლებიც როგორიცაა: პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა, განათლების უფრო ფუნდამენტური რეფორმები და სხვა, არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ეს სტრუქტურული უმუშევრობა დავძლიოთ“, - განაცხადა მან.

ცნობისთვის, საქსტატის მონაცემებით, რომელიც გასული წლის მეოთხე კვარტალს ასახავს უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 15.3 პროცენტი შეადგინა, რაც 2019 წლიდან მოყოლებული კვარტალურად ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. სავარაუდოა, რომ იგივე ტენდენცია იქნება წლიურ ჭრილშიც და 2023 წლის მონაცემებით, უმუშევრობის დონე 16-16.5%-ის ფარგლებში დაფიქსირდება, რაც ასევე 2010 წლიდან მოყოლებული ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

„2023 წლის მე-4 კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 74.3 ათასი კაცით (8.4%) და 958.4 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 6.6 ათასით შემცირდა (1.6%) და 413.8 ათასით განისაზღვრა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა 0.4%-ით, 248.6-მდე შემცირდა.

2023 წლის მე-4 კვარტალში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 54.3 პროცენტს აღწევს, ხოლო დასაქმების დონე გაზრდილია 1.8 პროცენტული პუნქტით და 46 პროცენტია.

ქალაქის ტიპის დასახლებებში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე გაზრდილია 1.9 პროცენტული პუნქტით, სოფლის ტიპის დასახლებებში - 1.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 1.7 პროცენტული პუნქტით, სოფლის ტიპის დასახლებებში - 1.8 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 47.5 პროცენტს და 43.9 პროცენტს შეადგენს.

უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში. 2023 წლის მე-4 კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 0.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 1.0 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 13.5 პროცენტს და 16.8 პროცენტს შეადგენს. ამასთან, სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში.

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის