USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Tbilisi
«El Pais» (ესპანეთი): „უკრაინა დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დგას, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ომისშემდგომ აღდგენას“
Date:  

 „რუსეთის არმიის შეჭრის დღიდან უკრაინა მილიონობით ქალმა და ბავშვმა დატოვა, რომელთაგან ბევრი ომის დასრულების შემდეგ სამშობლოში, დიდი ალბათობით, უკვე აღარ დაბრუნდება. კიევში შიშობენ, რომ სერიოზული დემოოგრაფიული დანაკარგები ქვეყნის აღდგენას ხელს შეუშლიან“, - ნათქვამია ესპანურ გაზეთ „ელ პაისში“ (El Pais) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „უკრაინა დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დგას, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ომისშემდგომ აღდგენას“ (ავტორი - ქრისტიან სეგურა).

„ამჟამად, დეკემბერში, ის სამგზავრო მატარებლები, რომლებიც ევროკავშირიდან უკრაინის საზღვრებისაკენ მიემართებიან, სავსეა უკრაინელებით - სამშობლოში რამდენიმე დღით დაბრუნებულებით - იმ მიზნით, რომ საშობაო და საახალწლო დღესასწაულები ოჯახებთან და ახლობლებთან ერთად გაატარონ. მაგრამ მათი ერთად ყოფნა დიდხანს არ გასტანს - დღესასწაულების შემდეგ უკრაინელი ქალები და ბავშვები ევროკავშირის ისევ იმ ქვეყნებში დაბრუნდებიან, სადაც ომის დროს თავი შეაფარეს. 

„ევროკავშირში მე უსაფრთხოება მაქვს გარანტირებული, ნორმალური ცხოვრების დონე, კარგი სწავლა-განათლება ჩემი ორი გოგონასათვის და მელოდება სამუშაო, სადაც შემიძლია კარიერა გავაკეთო. უკრაინაში რომ კარგად ვიცხოვრო, ბევრი ფული დამჭირდება - იმიტომ, რომ სიძვირეა, ფასები ყოველგვარ ზღვარს სცილდება, ხელფასები კი მცირეა“, - ამბობს „ელ პაისის“ ჟურნალისტთან საუბარში 35 წლის უკრაინელი ქალი ალიონა სოროკა. იგი კიევში მშობლებისა და ქმრის სანახავად ესპანეთიდან, კატალონიიდან ჩავიდა, სადაც 2022 წლის მარტიდან ცხოვრობს და მუშაობს სასტუმროს რეგისტრატორად.

ალიონას ქმარს უკრაინიდან წასვლა არ შეუძლია. ალიონას არ სჯერა, რომ სამომავლოდ ოდესმე ქმართან ერთად ესპანეთში გაემგზავრება, ან პირიქით - თვითონ დარჩება უკრაინაში, მაგრამ მას ეს საკითხი ნაკლებად აღელვებს. ალიონასათვის ესპანეთში ყოფნა - უკეთესი ცხოვრების შანსს ნიშნავს. იგი პირდაპირ აცხადებს, რომ უკრაინაში ცხოვრება არ სურს - ისევე როგორც მის ყველა თანამემამულეს, რომლებიც ესპანეთში ომის დაწყებისას გაიხიზნენ.

გაეროს ლტოლვილების საქმეთა უმაღლესი კომისრის სამმართველოსა და  მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ ქვეყანა 6,3 მილიონმა, ზოგიერთი ცნობით კი, 8 მილიონმა ადამიანმა დატოვა, უკან კი ჯერ-ჯერობით მხოლოდ ერთი მეექვსედი - 1,1, მილიონი დაბრუნდა. მათგან ნახევარზე მეტი ქალები არიან, ერთი მესამედი კი არასრულწლოვანები.

უმაღლესი კომისრის სამმართველოს მიერ ივლისში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ლტოლვილთა 18%-ს სურს, რომ უკრაინაში მომდევნო სამი თვის შემდეგ დაბრუნდეს, 62%-ს - განზრახული აქვს დაბრუნება, მაგრამ მხოლოდ ისეთ სიტუაციაში, როცა შექმნილი იქნება უსაფრთხოებისა და სტაბილურობის პირობები. უკრაინელი ლტოლვილების 20% საერთოდ არ გეგმავს სამშობლოში დაბრუნებას.

კიევში არსებული დემოგრაფიისა და სოციალური კვლევების ინსტიტუტის დირექტორი ელა ლიბანოვა აცხადებს, რომ უკრაინას უახლოეს ათ წელიწადში დემოგრაფიული კატასტროფა ელოდება - ქვეყნის მოსახლეობა 2033 წლისათვის 30-35 მილიონამდე შემცირდება, თუ იმ ტერიტორიებსაც ჩავთვლით, რომლებიც ამჟამად ოკუპირებული არიან რუსეთის მიერ. იმის გათვალისწინებით, რომ საშუალო მაჩვენებელი 30 მილიონს შეადგენს, ეს თიტქმის 42%-ით ნაკლებია იმ რაოდენობაზე, რომელიც უკრაინაში დამოუკიდებლობის პირველ პერიოდში იყო, 1991 წლიდან მოყოლებული, როცა ქვეყანაში 52 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა. „ძალიან ცუდი სიტუაცია იქნება. იმაზე უფრო ცუდი, ვისაც ამის წარმოდგენა შეუძლია. უარესისთვის უნდა ვემზადოთ“, - აღნიშნავს ელა ლიბანოვა.

უკრაინა უკვე იყო ისეთი ქვეყანა, სადაც მიგრაციის მაღალი დონე იყო, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ - ისევე, როგორიც სხვა პოსტკომუნისტურ რესპუბლიკებში. მაგრამ თუ ევროპის პოსტსოციალისტურმა ქვეყნებმა მოახერხეს სიტუაციის შეცვლა პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობის შედეგად, უკრაინაში სიტუაცია მხოლოდ გაუარესდა, განსაკუთრებით პოლიტიკური რყევების პერიოდში, ხოლო რუსეთის აგრესიამ მდგომარეობა მაქსიმალურად გაამწვავა.

უკრაინელი ექსპერტების თქმით, არსებობს ხუთი პრობლემა, რომლებიც ომის გამო გაღრმავდა: შობადობის დონე, სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირება, მოსახლეობის დაბერება, მიგრაცია და შრომის ბაზრის დანგრევა.

დღეს უკრაინაში მოსალოდნელი საშუალო ასაკი მამაკაცებში ადრე არსებული 66,4 წლიდან 57,3 წლამდე დაეცა, ქალებში კი - 76,4 წლიდან 70,9 წლამდე. როგორც ევროპული კვლევების პოლონური ცენტრი აღნიშნავს (პოლონეთში ძალიან ბევრი უკრაინელი ლტოლვილი ცხოვრობს), უკრაინას მართლაც ელოდება დემოგრაფიული კატასტროფის საფრთხე, რომელიც განპირობებულია შობადობის დონის მკვეთრი დაცემით და ეკონომიკური გაურკვევლობით. ეს ფაქტორი ნეგატიურად იმოქმედებს ომის შემდეგ ქვეყნის ეკონომიკურ აღდგენაზე.

ევროკომისიის გაერთიანებული კველევითი ცენტრის მონაცემებით, უკრაინა ომამდეც ისეთ ქვეყნებს მიეკუთვნებოდა სადაც ევროპაში შობადობის ყველაზე დაბალი დონე იყო: ერთ ქალზე, პირობითად, მხოლოდ საშუალოდ 1,2 ბავშვის გაჩენა მოდიოდა. ომის დროს შობადობა დაეცა: 2022 წლის ბოლოს ერთ ქალზე პირობითად 0,9 ბავშვი მოდიოდა, ხოლო 2023 წელს შობადობამ კიდევ უფრო იკლო - 0,7 ბავშვამდე. ევროკავშირში საშუალო მაჩვენებელი, პირობითად, ერთ ქალზე 1,5 ბავშვს შეადგენს.

უკრაინაში შობადობის ზრდას, ომის გარდა, დამატებით ხელს უშლის არა მხოლოდ სოციალური და ეკონომიკური არასტაბილურობა, არამედ გენდერული დისბალანსიც. ელა ლიბანოვას თქმით, ომის შემდეგ, თუ ეკონომიკა სწრაფად არ იქნება აღდგენილი, ოჯახების წევრები (ქმრები ცოლ-შვილთან) გაერთიანებას საზღვარგარეთ მოისურვებენ, რაც მას ნიშნავს, რომ უკრაინას კიდევ უფრო მეტი ადამიანი დატოვებს, ამჯერად მამაკაცები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, კარგი განათლებით, რომლებიც კარგ ცხოვრებას ესწრაფვიან.

წყარო: https://elpais.com/internacional/2023-12-10/ucrania-sufre-una-catastrofe-demografica-que-pone-en-riesgo-su-recuperacion-tras-la-guerra.html

 

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way