USD 2.6838
EUR 3.1980
RUB 3.4759
თბილისი
BMG: "[ხორცპროდუქტების] ფასის 45% არის თვითღირებულება და 36-37% არის "ქეშბეკი" - შპს „ლიდერფუდი"
თარიღი:  26

„ჩვენი [ხორცპროდუქტების] ფასის 45% არის თვითღირებულება და 36-37% არის "ქეშბექი", ამის გარდა არის სხვა ხარჯები, ადმინისტრაციული და ასე შემდეგ“, – ამის შესახებ „ლიდერფუდის“ დამფუძნებელმა, ირაკლი დუმბაძემ „ფასების საპარლამენტო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.

პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სამუშაო სხდომა დღეს მიმდინარეობს, რომელზეც ხორცპროდუქტების, რძის ნაწარმის და კვერცხის მწარმოებლებს უსმენენ.

მისი თქმით, წლიდან წლამდე „ქეშბეკი“ მზარდია და ამ პროცესს ახლაც გადის კომპანია: „წლიდან წლამდე „ქეშბექი“ მზარდია. ამ პროცესებს გავდივართ ახლაც. ჩვენ შეიძლება აქ ვისხდეთ და კიდევ ამ „ქეშბექის“ ზრდაზე იყოს საუბარი. ჩვენი გაყიდვების 90-95% არის ორგანიზებული ქსელი“, – აღნიშნა დუმბაძემ.

"ოცნების" დეპუტატის ნინო წილოსანის კითხვაზე, დაახლოებით რამდენი პროცენტი ემატება ქსელს? - ლიდერფუდის დამფუძნებელმა უპასუხა, რომ : „დაახლოებით 10-15-20% ემატება, ეს დამოკიდებულია კონკრეტულ ქსელზე. დისტრიბუციასაც ჩვენ ვახორციელებთ, ამიტომ ეს დამატება პირდაპირ ფასშია გათვალისწინებული. ბოლო კვლევა დიდხანს არ ჩაგვიტარებია, თუმცა ბაზრის დაახლოებით 25-30% ჩვენ გვიკავია.“

კომპანიის დამოკიდებულება იმპორტზე ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფაქტორია. დუმბაძის თქმით, ქვეყანაში არსებული რესურსები ვერ აკმაყოფილებს იმ მოცულობას, რაც „ლიდერფუდისთვის“ არის საჭირო.

„ჩვენ მთლიანად იმპორტზე ვართ დამოკიდებული, როგორც ხორცის, ისე დანამატების ნაწილში. საქართველოში შეუძლებელია ასეთი მოცულობის ღორის ან ქათმის ხორცის მიღება, რადგან თვეში დაახლოებით 500-600 ტონაზეა საუბარი, რაც ფიზიკურად შეუძლებელია, რომ რომელიმე ქართულ ფერმაში წარმოებულიყო. ამიტომ ჩვენ შემოგვაქვს გაყინული ხორცი სხვადასხვა ქვეყნიდან – ძირითადად ბრაზილიიდან და ევროპის ქვეყნებიდან.

ძირითად შემთხვევაში ადგილობრივ მომწოდებებზე ვართ დამოკიდებული, რადგან მოგეხსენებათ, რომ საბრუნავი საშუალებები ძალიან ბევრს მოითხოვს და ქსელში იმდენი გვაქვს ჩადებული, რომ აღარც გვიღირს, კიდევ საბანკო კრედიტით ვისარგებლოთ. ხორცის ნაწილში დააახლოებით 5-6 მომწოდებელი გვყავს. კონკურენცია მათ შორისაც არის“, - განაცხადა დუმბაძემ.

რაც შეეხება ვადაგასულ პროდუქციას, დუმბაძის თქმით, ქსელიდან პროდუქცია მთლიანად კომპანია აბრუნებს, რაც ჯამური გაყიდვების დაახლოებით 5-6%-ია.

კითხვაზე, რამდენი პროცენტია ფასნამატი მარკეტში, მან განმარტა „პირობითად რომ ავიღოთ, ჩემი პროდუქტი კილოგრამი 10 ლარი – 10 ლარიდან 3 ლარი 70 თეთრი, რომელიც ასევე მზარდია არის ქსელის. ეს საუბარია ქეშბექზე. ყველა ქსელის შემთხვევაში ინდივიდუალურია. ჩემთან მოვიდა 6 ლარი და 40 თეთრი. პირობითად, 10 ლარად შევიტანეთ, მომხმარებელმა 11 ლარად შეიძინა. მაგრამ მე უკან დავიბრუნე 6 ლარი და 50 თეთრი.

[ქეშბექის] ზრდა დაიწყო 2014-15 წლიდან დაახლოებით. ეს დაიწყო 3-4-5%-ით და მოვედით აქამდე, რომელიც კიდევ და კიდევ მზარდია. რაც შეეხება გადასახადებს, გადასახადები მხოლოდ ქეშბეკის ნაწილია. ამას გარდა არის შესვლის გადასახადი, განთავსების ნაწილი, მაგალითად ქსელის დაბადების დროს. ბევრი რამ შეიძლება იყოს, თუმცა ჯამურად არ არის იმხელა... შეიძლება იყოს კიდევ დამატებით 1-2%“, - თქვა "ლიდერფუდის" დამფუძნებელმა.

დუმბაძე ხაზს უსვამს კომპანიის ფინანსურ ეფექტურობას და ამბობს, რომ ისინი უკან თანხის ოდენობით 65%-ს იბრუნებენ, რაშიც თვითღირებულება და სხვა საოპერაციო თუ არასაოპერაციო ხარჯიც შედის.
„65% გამოგვდის ჩვენი, რა თანხასაც ვიბრუნებთ, მაგრამ ამ 65%-ში არის თვითღირებულება, საოპერაციო და არასაოპერაციო ხარჯები, დისტრიბუცია და ა.შ. მოგება არის 5%.

ჩვენ ასევე ვალდებული ვართ, რომ თუ ქსელში ვართ, მიუხედავად იმისა რომელიმე ობიექტი ყიდის თუ ვერ ყიდის, პროდუქტი დეკორაციისთვის გვედოს. თაროზე უნდა შევავსოთ და ცენტრალიზებული დისტრიბუცია იმიტომ გვაქვს, რომ მაღაზიაში სურათი ვაკონტროლოთ. ესეც დამატებითი ხარჯია – წარმოიდგინეთ, დავდივარ მაღაზიებში, რიგ შემთხვევებში ყოველდღე ან ორ დღეში ერთხელ, რომ თაროში ვაკონტროლოთ მეტნაკლებობა პროდუქტის, მისი ვიზუალი და ა.შ. მიუხედავად ამისა, საშუალოდ 5-6% ჩვენთვის ვადაგასული პროდუქციაა“, - ამბობს დუმბაძე.

ცნობისთვის, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) FMCG (პირველადი მოხმარების პროდუქციით ვაჭრობის) ბაზრის შუალედური ანგარიში გასული წლის მაისში გამოაქვეყნა. საცალო ფასზე ზემოქმედების თვალსაზრისით, განსაკუთრებული ყურადღება ქეშბექზეა გამახვილებული, რომლის დინამიკაც მზარდია პროდუქტების უმეტესობაზე. მაშინ კონკურენციის სააგენტომ თქვა, რომ პროდუქტების უმრავლესობაზე ქეშბექის დინამიკა მზარდია, მაგალითად - წყალი 0.5 ლიტრის შემთხვევაში 22%-დან 33%-მდე, კვერცხი 10ც. 20%-დან 24%-მდე, მზესუმზირის ზეთი 1 ლიტრი 8%-დან 15%-მდე, კარაქი 200გ (82%) 25%-დან 34%-მდე, რძე (1ლ) და მაწონი (400 გრ) 14%-დან 25%-მდე.

"GCCA-ის პოზიციით, მიუხედავად იმისა, რომ ქეშბექის დიაპაზონი მსგავს პროდუქტებზე ცვალებადია, დისტრიბუტორების და რითეილის დონეზე, საბოლოო ჯამში, პროდუქტი საცალო დონეზე, მეტ-ნაკლებად, იდენტურ ფასად იყიდება. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, როდესაც რითეილში შედარებით დაბალი ქეშბექი ფიქსირდება - მაღალია უშუალოდ რითეილის შემდგომი ფასნამატი და პირიქით, იმ შემთხვევაში, როდესაც მაღალია ქეშბექი, დაბალია რითეილის ფასნამატი, რაც შედეგობრივად განაპირობებს იდენტურ პროდუქტზე მსგავს ფასებს სხვადასხვა ქსელის შემთხვევაში",- აღნიშნულია გასულ წელს გამოქვეყნებულ შუალედურ ანგარიშში.

წყარო:https://bm.ge/

გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის