USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
ხალდეს გმირები - „კარგად იბრძოდნენ ჩვენი ვაჟები, ყველაზე უფრო - გურმაჩ და ჭოხან“
Date:  3395

„კარგად იბრძოდნენ ჩვენი ვაჟები, ყველაზე უფრო - გურმაჩ და ჭოხან“. - ეს არის ციტატა სვანური სიმღერიდან „გაულ გავხე“, რომელიც ხალდეს აჯანყებაზე დაიწერა.

1875-1876 წლებში რუსულმა ჯარმა სვანური სოფელი ხალდე მიწასთან გაასწორა და აკრძალა ამ ტერიტორიაზე დასახლება.

ის, რაც რუსებმა მოახერხეს საქართველოს სხვა კუთხეებში, ვერ განახორციელეს სვანეთში, რადგან სამთავროს გაუქმების შემდეგაც ვერ შეძლეს რეალურად ამ კუთხის დამორჩილება. ცინიკური იყო მოსახლეობის ლოთობაში დადანაშაულება და რუსებისთვის აგრერიგად ნაცნობი სენისგან ტრადიციების ერთგული სვანების “გათავისუფლების” მცდელობა, რისთვისაც სოფლებში აღირიცხა არყის სახდელი ქვაბები და გამოხდაზე დაწესდა ბაჟი.

კონფლიქტის პროვოცირება ადგილობრივი თავადის, თენგიზ დადეშქელიანისგან მოდის. მას ბალსზემოთა, უბატონო სვანეთის მოსახლეობისთვის გამოუცხადებია ხაზინისთვის გადასაცემი მიწების აზომვის შესახებ. ასევე მისთვის უნდა მიეწოდებინათ ცნობები, რა რაოდენობით ჰყავდათ პირუტყვი - ხარ-ძროხა-ცხენით დაწყებული, ძაღლითა და კატით დამთავრებული (მათზეც გადასახადების დასაწესებლად!). ხალხს ამ გაუგონარი განზრახვის გამო თხოვნით მიუმართავს დადეშქელიანისა და ბოქაულისთვისაც, შუამავლად ჩამდგარიყვნენ მთავრობის წინაშე. მათ კი ცეცხლზე ნავთი დაუსხამთ და მოუთხოვიათ არაყსა და თუთუნზე აქციზის დაწესებაც. შემდგომ კიდევ უფრო განსაცვიფრებელი ამბავი ხდება. დადეშქელიანმა მოსახლეობა დაამშვიდა, - ნურაფერს გადაიხდით, მეც გვერდით დაგიდგებითო, თუმცა კი ხალხი იმედის ანაბარა მიატოვა. მერე სულაც ჯარები გამოითხოვა ქუთაისიდან მათ დასასჯელად.

1875 წლის მაისში ბალსზემო სვანეთში დაიწყეს მიწების აღწერა. 2 ათასამდე ადგილობრივი მცხოვრები სოფელ კალაში ლაგურკას ეკლესიასთან შეიკრიბა, სადაც სვანეთის სიწმინდე, მე-12 საუკუნის მაცხოვრის ხატი ინახება. მოსახლეობამ სწორედ ამ ხატზე დაიფიცა, რომ რუსებს წინააღმდეგობას გაუწევდნენ.

მჭევრმეტყველებით გამორჩეული ყოფილა ყასბულათ შერვაშიძის მიმართვა შეკრებილებისადმი: «ჩემზე მოხუცნი ურევია ამ ყრილობას და ისინი ჩემზე უკეთ იტყვიან, რომ ვისაც ჩვენი დამონება და ხელში ჩაგდება მოუნდომებია, ყველანი ჩვენი მსხვერპლნი გამხდარან! სვანეთის სალოცავმა გვაშოროს, რომ თოფი და ხანჯალი დაგვჭირდეს ახლაც. ამგვარი საქმის მოსურნე არავინ ვართ... ხმა დადის ჩვენი მიწების დაბეგვრა უნდათო. თუ ეს მართალი გამოდგა, მაშინ სიცოცხლის პირი არა გვაქვს და მუდამ წვალებას ის გვირჩევნია, ერთ დღეს გავთავდეთ».

გადაწყდა ბალისა და ლატფარის უღელტეხილების ჩაკეტვა. რუსებმა მრავალრიცხოვანი სამხედრო ექსპედიცია მოამზადეს ტფილისსა და ქუთაისში. დიდი ჯარი მიადგა ქვემო სვანეთის კარიბჭეს გენერალ ციტოვიჩის წინამძღოლობით. ამჯერად მოლაპარაკების გზით ლეჩხუმიდან მაზრის უფროსი გრინევსკი და მისი თანმხლებნი ლატფარის უღელტეხილით მივიდნენ სოფელ ლალხორში, ხოლო შემდგომ უკვე რუსთა რაზმიც ჩავიდა ბეჩოში. აქ უკვე რუსულმა მხარემ დაივიწყა მოლაპარაკების პირობები და შეიპყრეს ბუნტის მოთავეები. დატუსაღებული თავკაცები ქუთაისის სატუსაღოში გამოამწყვდიეს. აჯანყების პირველ ეტაპს ემსხვერპლნენ ყასბულათ შერვაშიძე და გინადრუყ ფარჯიანი.

 

1876 წელს მოვლენები ასე განვითარდა: წინა წელს აჯანყების მეთაურებად, ანუ ბუნტისთავებად გამოცხადებული 19 კაციდან სამი არ ენდო რუსებს და ვერც შეიპყრეს. გრინევსკიმ გადაწყვიტა, უშუალოდ ეხელმძღვანელა სადამსჯელო ექსპედიციისთვის, რომელიც თავდაპირველად მულახს «ესტუმრა», სადაც შეიპყრეს შახუბათ ქურდიანის ორი უდანაშაულო ვაჟი და კალაში წაიყვანეს. აქედანვე გაგზავნეს ხალდეში მოსალაპარაკებლად მღვდელი ალექსი ბაქრაძე და მამასახლისი მარგველანი.

გრინევსკიმ მოითხოვა, დამნაშავენი გადმოგვეცითო. ხალდელებს ორაზროვნად შეუთვლიათ, ჩვენი ხელით ვერ დავიჭერთ და ვერ მოგგვრით, თქვენ კი თუ შეძლებთ, შეიპყარითო. ავმა წინათგრძნობამ შეიპყრო სოფელი. ბევრმა ცოლ-შვილის გახიზვნა დაიწყო. ხალდელებმა არც რუსები შეუშვეს სოფელში და მით უმეტეს, არც თვითონ გამოეგებნენ გრინევსკის. მით უფრო, რომ ავი გამოცდილება ჰქონდათ უკვე: ვინც წინა წელს ქუთაისს წაიყვანეს, ყველანი ციხეში დაიხოცნენ. იქ სიკვდილს კი აქ სიკვდილი გვირჩევნიაო. ეს მოხდა 31 ივლისს. ამრიგად, სადამსჯელო რაზმი თავის მეთაურებთან ერთად ხალდეს მისადგომებთან ყურყუტებდა.

ხალდელები მთლად კმაყოფილნი არ დარჩენილან ბესარიონ ნიჟარაძის შუამავლობით. მართალია, სოფელი არ გამოჰყვა, მაგრამ ხალდელთა ერთი ნაწილი, ძირითადად ნათესავები მაინც დაუთანხმებია შეხვედრაზე იმ პირობით, რომ ხალხი გაჩერდებოდა ჯარისგან ერთი ვერსის სიშორეზე და შეხვდებოდნენ მხოლოდ გრინევსკის. მაგრამ ბესარიონ ნიჟარაძის მცდელობა ამაო გამოდგა, შეხვედრა არ შედგა, რადგან სწორედ ამ პერიოდს დაემთხვა დაპირისპირება გრინევსკისა და მაიორ ლეუსს შორის (ორივეს პირველობა უნდოდა). ასე რომ, ერთმანეთის ჯიბრზე გრინევსკი და ლეუსი ჯარით ხალდესკენ გაემართნენ.

ამრიგად, 1-ელ აგვისტოს გრინევსკი შეიარაღებული ჯარითა და ამალით ხალდეს მიადგა.

 ხალდეს დამცველთა ერთ-ერთი შთამომავლის, ჯოყოლა ჩეგიანის ცნობით, ხალდეში ოთხი გვარის ოცდახუთი ოჯახი სახლობდა: რვა კომლი ყოფილა გასვიანებისა, შვიდ-შვიდი - ჩოფლიანებისა და ჯოხაძეებისა, ხოლო სამი კომლი ჩეგიანებისა. როგორც მთხრობელები გადმოგვცემენ, ამათ გარდა მეხუთე გვარიც ყოფილა ხალდეში. ორი კომლი ქოჩქიანებისა, მაგრამ ამ გვარმა დაფიცებაში არ მიიღო მონაწილეობა და ხალდე დაუტოვებიათ. სოფელში იმ დროისთვის თორმეტი კოშკი ანუ მურყვამი მდგარა. ცხადია, თავისებურ სიმაგრეს წარმოადგენდა სვანური ქვითკირის სახლიც ანუ ლუშნუ ქორი და განსაკუთრებით მაჩვიბი. ორმოცამდე შეიარაღებული მამაკაცი კოშკებში განლაგდა, ხოლო დარბაისელი მოხუცნი სოფლის შუაგულში, სვიფში ელოდნენ მშვიდობიანად მტერს იმ იმედით, იქნებ საქმე კეთილად მოგვარდესო.

პირველი ხალდეში გრინევსკი შევიდა. ჯარის ერთი ნაწილი ხალდეში გაიშალა, მეორე ნაწილი კი სოფელთან განლაგდა და ალყაში მოაქცია იგი. უხუცესებმა სცადეს მშვიდობიანად მორიგება, ისიც გამოუცხადეს მომხდურთ, რომ ძებნილთა ხელის დაფარებას არც აპირებდნენ, ისინი სოფელში არც არიან, ყარაჩაეთის მიმდებარე მთებში გაიხიზნენო.

შეიარაღებული ხალდელები თავდაცვით პოზიციებზე განლაგდნენ, თუმცა ორი მათგანი, ძმები გეგი და გიერგ გასვიანები კოშკებს გარეთ აღმოჩნდნენ. ერთი ვერსიით, მათ ვერ მოასწრეს შეხიზვნა, მეორე ვერსიით კი ჯარს შეეგებნენ. ლეუსმა რვა ჯარისკაცს მათი შეპყრობა უბრძანა. ერთი მალევე ააგეს ხიშტებზე, მეორემ კი ხანჯალი იშიშვლა და სამი სალდათი გაიყოლა, თუმცა მეოთხემ იგი იმსხვერპლა.

ეს ყველაფერი ხალდეს დამცველთა თვალწინ მოხდა. ბუნებრივია, საპასუხოდ სროლა გაისმა გასვიანებისა და ჩეგიანების კოშკებიდან. ბადრი, შავხან და ბუღა გასვიანებმა მოკლეს წერას ატანილი მაიორი ლეუსი და დაჭრეს ბოქაული მიქელაძე. ჩვენი მთხრობელის, ჯოყოლა ჩეგიანის დიდმა ბაბუებმა მომი და გუა (გოგი) ჩეგიანებმა პირდაპირ მაზრის უფროსი გრინევსკი ამოიღეს მიზანში. მას გარდაუვალი სიკვდილი ელოდა, მაგრამ რატომღაც თავი გამოიდო კალის მამასახლისმა მარგველანმა, ცოცხალ ფარად დაუდგა და მის წილ ტყვიას ემსხვერპლა.

თორმეტივე კოშკიდან დაიწყო სროლა. დაიღუპა ორი კაცი, ხოლო ცხრა დაიჭრა, ხალდელები კი მამა-პაპათა კოშკებმა საიმედოდ დაიცვეს. შეღამებისას რუსთა რაზმმა ლალხორალში გადაინაცვლა. გრინევსკი ჩეგიანების თოფს კი გადაურჩა, მაგრამ იმ ღამეს გასვიანების შურისძიებას ემსხვერპლა. გრინევსკიმ, დაჭრილმა მიქელაძემ, ექიმმა ბელსკიმ, ბაქრაძემ, ასათიანმა და დევლეთ პირველმა სოფლის აღმოსავლეთით მდებარე ესპინე ჯოხაძის ოჯახს შეაფარეს თავი. სწორედ აქ, ღამით ემსხვერპლნენ მესისხლეთა რისხვას. ამ შურისძიების მოთავენი ყოფილან ხიშტებზე აგებული გეგი და გიერგ გასვიანების ძმა ბუღა გასვიანი და მათი ბიძაშვილი ჩოფა გასვიანი. მხოლოდ დაჭრილ ბაქრაძეს ჩაუღწევია ქუთაისამდე. მეორე ვერსიით, დევლეთ პირველიც გადაურჩა შურისმაძიებლებს.

პირველ დღეს ხალდელებმა ივაჟკაცეს, მაგრამ ისიც იცოდნენ, რომ ამ ყოველივეს არავინ შეარჩენდათ. დაასაფლავეს დახოცილი მომხდურნი, ცოლ-შვილი ნათესავებში გახიზნეს და დაიწყეს მზადება გადამწყვეტი ბრძოლისთვის. წარმომადგენლები გაგზავნეს ბალსზემოთა სოფლებში დახმარების სათხოვნელად, მაგრამ წინ დიდი იმედგაცრუება ელოდათ. წინა წლის გამოჩენილი ერთსულოვნება დაივიწყეს, ერთად ბრძოლის პირობა და ფიცი დაირღვა. ასე რომ, სოფელი მარტო დარჩა.

რუსებმა მიყენებული სირცხვილის ჩამორეცხვა ულმობელი და სასტიკი გადაწყვეტილებით განიზრახეს. შეიქმნა სვანეთში გასაგზავნი მძლავრი სამხედრო ძალა სხვადასხვა სახეობის რაზმით, საველე ლაზარეთით, სამხედრო აღალით, ერთი თვის სამყოფი სურსათ-სანოვაგითა და საომარი აღჭურვილობით. საბოლოო მიზანს არც მალავდნენ: ალყაში მოექციათ სოფელი ხალდე და იქიდან ცოცხალი არ გაეშვათ არც ერთი სულდგმული.

სადამსჯელო ექსპედიციაში მონაწილეობდა ალექსანდრეპოლის 161-ე ქვეითი პოლკის ოთხი ასეული, ქუთაისის გუბერნიის ქვეითი მილიციის ორი რაზმი, 39-ე საარტილერიო ბრიგადის სამთო ბატარეის ოცეული, მესანგრეთა ასეული, გურიის მილიციისა და ბეჩოს სამხედრო ნაწილის რაზმები. ქუთაისთან კავშირის დასამყარებლად მოეწყო კაზაკთა ხუთი საგუშაგო. ოპერაციას ხელმძღვანელობდა გენერალი ციტოვიჩი.

გზა ქვემო სვანეთის გავლით არჩიეს. ქუთაისიდან 12 აგვისტოს ჩოლურს მიაღწიეს, 19 აგვისტოს ლატფარის უღელტეხილი გადალახეს და ასე მიადგნენ ხალდეს სანახებს, სადაც თავად თენგიზ დადეშქელიანის მიერ მთავრობის დასახმარებლად გამოყვანილი რაზმი დახვდათ. 20 აგვისტოსთვის განლაგდნენ სოფლის პირისპირ იმ ადგილას, რომელიც მიჯვრიშის სახელითაა ცნობილი. ეს იყო სტრატეგიული ადგილი, საიდანაც ხელის გულივით ჩანდა მთელი სოფელი. სწორედ აქ მოაწყვეს დამპყრობლებმა საარტილერიო მოედანი სამთო ქვემეხებისთვის. ალყის მოწყობა საბრძოლო ტაქტიკის ყველა წესით დაცვით მიმდინარეობდა, საფარი ზღუდეების, სანგრების, თხრილების ჩათვლით.

ბრძოლის დაწყების წინ მტერმა ხალდელებს მოციქულები გაუგზავნა და დანებება მოსთხოვა. სოფელმა ულტიმატუმი არ მიიღო და ულმობელი ბრძოლაც დაიწყო. სწორედ ამ დღეებში, ხალხში იშვა სვანური… საგმირო-ჰეროიკული ფერხული-სიმღერა «გაულ გავხე».

მტერი ხალდეს სამი მხრიდან უტევდა: სამხრეთიდან - მიჯვრიშ-ლამარიას მხრიდან ექვსი ქვემეხით; დასავლეთიდან - იფრალის, კრაბზაგარის, ვანიაშის გზით და აღმოსავლეთიდან.

პირველი ცეცხლის წვიმა ხალდელებს 21 აგვისტოს დაატყდათ თავს, თუმცა მტერი ვერას გახდა. მომდევნო დღეს ხალდელებმა კვლავ საპასუხო ცეცხლი გახსნეს. ამჯერად მიზანში საარტილერიო ბატარეა ამოიღეს. ერთ-ერთი კოშკიდან გასროლამ მიზანს მიაღწია და ტყვია მეზარბაზნეს მოხვდა. ამ ფაქტს ჯოყოლა ჩეგიანი ასე გადმოგვცემს: «მიჯვრიშიდან ქვემეხების სროლა ხალდეს დამცველებს დიდ ნგრევას აყენებდა. მაშინ ამოუღია მიზანში ჩემი ბაბუის მამის - ივანეს ძმას, მომი ჩეგიანს გამორჩეული მეზარბაზნე და შუბლი გაუგლეჯია მისთვის. მის ნაცვლად ვინმე თავაძე და გოლეთიანი დაუყენებია ქვემეხთან ციტოვიჩს. არ ვიცით, არ იცოდნენ სროლა, არ ვიცით, აჯანყებულთ ინდობდნენ, ფაქტი ის არის, რომ პირდაპირ არ ისროდნენ. ამით გაგულისებულ გენერალ ციტოვიჩს იქვე დაუხოცავს ორივე». ხალდელებმა გადაწყვიტეს, როგორმე ქვემეხები გამოეყვანათ მწყობრიდან. გამოიყო კიდეც თავდადებულთა ჯგუფი გურმაჩ, კაციანე და ბადრი გასვიანების, ჩარგაზ და ჯოხან ჯოხაძეებისა და გიორგი ჩოფლიანის შემადგენლობით. მათ მოახერხეს, შეუმჩნევლად და მოულოდნელად თავს დასხმოდნენ მოძალადეთა შუაგულს. სიცოცხლეს გამოასალმეს სამი მებრძოლი, ხოლო ოთხი დაჭრეს. მაგრამ სამწუხაროდ, მწყობრიდან ვერ გამოიყვანეს «მთავარი მტერი» - ქვემეხები. ქვემეხების ცეცხლში იყო გახვეული ხალდე 23 აგვისტოსაც. დღის ბოლოს მოხუცებისა და ქალების ერთმა ნაწილმა დატოვა სოფელი. ალყა უფრო და უფრო ვიწროვდებოდა.

გადამწყვეტ იერიშზე მომხდურნი 26 აგვისტოს გადავიდნენ. დაიწყო იერიში უშუალოდ სოფელზე ორი მხრიდან და ხალდეს უბან-უბან ხელში ჩაგდება. აქაც მთავარ წინააღმდეგობად მომხდურთ სოფლის დამცველთა გულადობა და ქართველ კირითხუროთა შედევრები - კოშკ-მურყვანები გადაეღობა. ამასობაში გმირ დამცველებს ტყვია-წამალიც ელეოდათ, ამიტომ ალყის გარღვევა გადაწყვიტეს. ერთმა ნაწილმა სასწაულებრივად მოახერხა კიდეც ეს.

კოშკების ასაფეთქებლად საგანგებო ღონისძიებებს მეორე დღეს მიმართეს. ორი კოშკი შიგნიდან გამოწვეს. ერთ ნაწილს ძირში მიაყარეს მოჭრილი მორები, ცეცხლი ააბრიალეს და კედლები დაუსუსტეს. მეორე ნაწილს ოთხივე კედლის ძირში დენთი და ლაღუმი შეულაგეს და ისე ააფეთქეს. ყველაზე დიდი კოშკი გეგი და ბადრი გასვიანებისა ყოფილა. გამაყრუებელი ხმაურით აფეთქებულა ლაღუმი. საოცარია, მაგრამ კოშკის ზღუდე-კედლებს ვერაფერი დააკლო აფეთქების სიმძლავრემ და როგორც მედგარი კაცი, ისე წაქცეულა კედლებდაუბზარავი მურყვამი. გმირი კოშკის ბედი, გმირმა გასვიანებმაც გაიზიარეს და ვაჟკაცურად შეაკვდნენ მტერს.

სოფელს ნაწილ-ნაწილ თავდაღწეულმა ხალდელებმა მყინვარებს შეაფარეს თავი. მათ სვანებმა კოჟაშ შტავალ ანუ კლდის მერცხლები უწოდეს, ხოლო დიდმა გალაკტიონმა ასე უმღერა კლდეს შეფარებულ გმირებს: «რა გინდათ მთაში, რას ერჩით მერცხლებს?»

თენგიზ დადეშქელიანის რაზმმა მყინვარებში მიიმწყვდია ხალდელი ცხრა ვაჟკაცი. გამოსავალი აღარ იყო. მაშინ მიუმართავს თანამოძმეებისთვის გოგი დათას ძე ჩეგიანს, - მაინც ვიღუპებით, უკანასკნელად «გავთბეთ» და გავარღვიოთ ალყაო. მუჯირები (რკინაწამოცმული ხე მთაში სასიარულოდ) დატეხეს და ცეცხლი იმით აანთეს. ცოტა გამთბარან, სიცოცხლის ნიშატი დაბრუნებიათ გათოშილებს და ალყა გამოურღვევიათ. იქ მულახელები მდგარან და გამოუტარებიათ თანამოძმენი. დადეშქელიანს კი კალელებისთვის დაუბრალებია აჯანყებულთა გაქცევა და ისინი დაუსჯია.

მეფის მთავრობამ კვლავ ვერაგობას მიმართა. დევნილთა ცოლ-შვილი შეუპყრიათ და მათი დახოცვით იმუქრებოდნენ. დადეშქელიანს მაინც არ ჩაბარებიან. ჩამოსულან ქუთაისში (სხვა ვერსიით, ლენტეხში), გუბერნატორთან. ეზოში ნაძვის ხე მდგარა, თოფი მასზე გადაუტეხავთ და «გაულ გავხეს» სიმღერით ჩაბარებიან მტერს.

აჯანყებულები კავკასიის საველე სამხედრო სასამართლოზე გაასამართლეს. საქართველოს სახელით მათ აკაკი წერეთელი იცავდა.

ხალდეს აჯანყებას ქართველი საზოგადოება გულისყურით ადევნებდა თვალს. ქართველი ინტელიგენციის ყურადღების ცენტრში იყო შეპყრობილ აჯანყებულთა სასამართლო პროცესი. საზოგადოებრივი დამცველის როლი სასამართლოზე თვით აკაკი წერეთელმა იკისრა. აჯანყებულთა დასაცავად აღიმაღლა ხმა ნიკო ნიკოლაძემ.

აჯანყებულებს იცავდნენ ადვოკატები ლ. ლოლუა, დ. ლორთქიფანიძე, ალმაზოვი, დრობიშჩევი. სწორედ მათმა ერუდიციამ და საზოგადოებრივმა რეზონანსმა აიძულა რუსული ადმინისტრაცია, ჩამოხრჩობა კატორღით შეეცვალათ, ასევე შეემცირებინათ გადასახლების ვადები. თუმცა განაჩენი მაინც უსამართლო და მძიმე იყო. არაადამიანური პირობების გამო გადასახლებულთაგან მხოლოდ ჩოფა ჩოფლიანი და მომი ჩეგიანი დაბრუნდა ცოცხალი.

გადაბუგულ და გაცამტვერებულ ხალდეში მეფის მთავრობამ დასახლება აკრძალა. ხალდელთა ოჯახები ნათესავებს იყვნენ შეხიზნული როგორც ზემო, ისე ქვემო სვანეთში. ასე მაგალითად, მომი ჩეგიანის ძმას ივანეს ცოლი ქვემო სვანეთიდან, სოფელ მუწდიდან ჰყოლია, კვასტიანების ქალი და ჩეგიანების ოჯახი კვასტიანებს შეუფარებიათ.

მხოლოდ 1880 წელს მიიღეს ხალდელებმა კვლავ თავიანთ სოფელში დასახლების უფლება. თუმცა ხელახლა, ფერფლიდან აღდგენილ სოფელს ხალდეს ნაცვლად ახალი იფრარი დარქვეს. სოფელი ნელ-ნელა გაშენდა და 1892 წლისთვის აქ უკვე 15 მოსახლე იყო.

 სწორედ მომი ჩეგიანი, ეს გაუტეხელი მეამბოხე იყო პირველთაგანი, რომელმაც გადასახლებიდან დაბრუნებულმა ახალი სული შთაბერა ხალდეს. ქვემო სვანეთში, სოფელ ზაგალოდში შეხიზნული ოჯახი ამოიყვანა და ხელახლა დაანთო კერაზე ცეცხლი. მისი ინიციატივითვე აღუდგენიათ მაცხოვრის ეკლესია და ახალი სიცოცხლე დაუწყია სახელოვან სოფელს.

„მზე გადაიღალა და გადიხარა, ღამეს უკოშკო ხალდეში ვათევ:

შენ რქამოტეხილს ჰგავხარ წიქარას, შენ ვინ დაგტოვა უკოშკოდ, ხალდე?!“

ხალდეს აჯანყებას მიეძღვნა დავით წერედიანის ერთ-ერთი საუკეთესო ლექსი: „ძველი სიმღერა“.

„...რად ბრიალებდა ქონგურზე ალმოდებული ჩოხა,

რად მოკვდნენ ასგზის ათასჯერ ჩემი გურმაჩ და ჭოხან...

- ისე შემყროდეს სიკვდილი, მხარი ნუ მეგრძნოს ძმისა!

- მტრისგანამც გამომეჩოქოს დასამარხავი მიწა!..“

მურმან ლებანიძე

 

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way