შეერთებული შტატების ხელისუფლებამ დაადასტურა მედიასაშუალებებით გავრცელებული ცნობები ისრაელში ამერიკელების დაღუპვის შესახებ.
ტელეკომპანია CBS-ის ინფორმაციით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ადასტურებენ აშშ-ის რამდენიმე მოქალაქის სიკვდილს. ტელეკომპანია CNN-ის წყაროთა ცნობით, მთავრობამ კონგრესს შეატყობინა, რომ ისრაელზე თავდასხმის შედეგად დაღუპულია აშშ-ის 4 მოქალაქე. ვარაუდობენ, რომ ეს რიცხვი გაიზრდება.
ისრაელის გამოცემის, Times of Israel-ის თანახმად, „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა და დატყვევებულთა შორის არიან საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის და უკრაინის მოქალაქეებიც.
ნეპალის ელჩმა ისრაელში BBC-ს განუცხადა, რომ ისრაელის სამხრეთში მოკლულია 10 ნეპალელი სტუდენტი, რომლებიც ქვეყანაში სასწავლო პროგრამით იმყოფებოდნენ.
ისრაელის არმიის და ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ორ დღეში 700-ს გადააჭარბა „ჰამასის“ თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა. დაჭრილია 2 315 ადამიანი. ათეულობით დაკარგულად ითვლება. პალესტინელთა ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღაზის სექტორზე ისრაელის დარტყმების შედეგად დაღუპულია 413 და დაჭრილია 2 300 ადამიანი.
საომარი მოქმედებები 7 ოქტომბრიდან მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც პალესტინელთა რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მიიტანა მასირებული სარაკეტო შეტევა და ღაზის სექტორთან მოსაზღვრე რაიონებში ხმელეთიდანაც შეიჭრა.
8 ოქტომბერს, ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
2023 წლის ოქტომბრის ესკალაცია ყველაზე მასშტაბურია ისრაელის სახელმწიფოსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტში, რომელიც მეოცე საუკუნის შუა პერიოდიდან გრძელდება და უკავშირდება სუვერენიტეტს ტერიტორიებზე, რომლებიც თავის დროზე პალესტინის ისტორიული ოლქის შემადგენლობაში შედიოდა.