USD 2.7236
EUR 3.1882
RUB 3.4609
Тбилиси
ირაკლი კობახიძემ პარლამენტში სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიში წარადგინა - სრული ტექსტი
дата:  126

მაქვს პატივი დღეს წარმოგიდგინოთ ანგარიში სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის თაობაზე. ჩემთვის ყოველთვის ძალიან დიდი პატივია საქართველოს პარლამენტში მოსვლა და თქვენთვის ანგარიშის ჩაბარება, თქვენი კითხვების მოსმენა და თქვენს კითხვებზე პასუხების გაცემა. გადავალ პირდაპირ საქმეზე და წარმოგიდგენთ სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშს. თქვენ წინაშე წარმოდგენილია დაახლოებით 150-გვერდიანი დოკუმენტი, ანგარიში, რომელიც მოიცავს მთავრობის საქმიანობის ყველა მიმართულებას. ბუნებრივია, დროის სიმცირიდან გამომდინარე, მე დღეს არ მექნება იმის საშუალება, რომ ყველა ამ დეტალზე ვისაუბრო, უფრო მეტიც, წერილობით ანგარიშშიც კი არ არის ასახული ყველა ის პროექტი, ღონისძიება, რომლებიც განხორციელდა სამთავრობო უწყებების მიერ. ეს სპექტრი არის ბევრად უფრო ფართო, შესაბამისად, მე დღეს ყურადღებას გავამახვილებ მხოლოდ იმ ძირითად მიმართულებებზე, ძირითად პროექტებზე, რომლებიც საანგარიშო პერიოდის, გასული 12 თვის განმავლობაში განხორციელდა საქართველოს მთავრობისა და სამთავრობო უწყებების მიერ.


ტრადიციულად ჩემს მოხსენებას დავიწყებ ეკონომიკაზე საუბრით.

ეკონომიკა არის მთავარი წარმმართველი ძალა ქვეყნის განვითარებისთვის. მასზე დგას ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ჩვენი დემოკრატიული სისტემის და ჩვენი საგარეო პოლიტიკური პოზიციების განმტკიცება. აქედან გამომდინარე, ეკონომიკის განვითარებას და ზრდას საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისთვის. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი მონაცემები 2024 წელს ეკონომიკური განვითარების კუთხით. 2024 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 9,4% შეადგინა, შესაბამისად, მოვახერხეთ იმ ტენდენციის შენარჩუნება, რომელიც გვაქვს 2021 წლიდან. 2025 წელსაც, იანვარ-აპრილში ეკონომიკურმა ზრდამ 8,8% შეადგინა, ანუ წელსაც ვინარჩუნებთ მაღალ ტემპს. მაისის წინასწარი მონაცემებიც არის ძალიან კარგი და შეიძლება ითქვას, რომ არა მხოლოდ მივაღწევთ ბიუჯეტის პროექტში ასახულ ნიშნულს, არამედ გადავაჭარბებთ მას. საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც გაზარდა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2025 წლისთვის 7,2%-მდე და, ვფიქრობთ, სავსებით რეალურია არა მხოლოდ ამ ნიშნულის მიღწევა, არამედ ამ გეგმის გადაჭარბებით შესრულებაც. გვაქვს ძალიან კარგი ტენდენციები - შარშან იყო მაღალი ეკონომიკური ზრდა, წელსაც გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა. მთავარია, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ზრდის მაღალი ტემპი შევინარჩუნოთ.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, როგორია გასული 4 წლის მონაცემები ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. 2020 წლის ბოლოსთვის ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე იყო 4 300 დოლარი და 2024 წლის ბოლოს ამ მაჩვენებელმა უკვე მიაღწია 9140 დოლარს, ანუ ჩვენ გავაორმაგეთ და კიდევ უფრო მეტად გავზარდეთ მხოლოდ ამ ოთხი წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ნომინალური ეკონომიკა დოლარში, რაც ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკა ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება და უფრო მეტიც - საქართველო იკავებს პირველ ადგილს ამ მაჩვენებლით, გასული 4 წლის მონაცემებით არა მხოლოდ ფართო რეგიონში, არამედ ევროპის ქვეყნებს შორისაც კი. პირველ ადგილზე ვართ ევროპასა და ფართო რეგიონში გასული 4 წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით და ასეთია ჩვენი მაჩვენებელი 2024 წელსაც. 2024 წლის ბოლოს ჩვენმა ეკონომიკამ მიაღწია 92 მილიარდ ლარს და ამ წლის ბოლოს თამამად შეიძლება ითქვას არსებული ტენდენციებიდან გამომდინარე, რომ პირველად ჩვენი ეკონომიკა წლის ბოლოს გადააჭარბებს 100 მილიარდ ლარს.

მინდა, შეგახსენოთ, რომ 2012 წელს, როდესაც ქართული ოცნების გუნდი მოვიდა ხელისუფლებაში, მაშინ ჩვენი ეკონომიკა 28 მილიარდ ლარსაც არ შეადგენდა, ანუ ჩვენ შევძელით, დაახლოებით გავახუთმაგეთ ამ წლების განმავლობაში ეკონომიკა. გვჭირდება ამ ტემპის მომავალში შენარჩუნებაც. ასევე ამ წლის ბოლოსთვის პირველად ჩვენი ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე გადააჭარბებს 10 ათას დოლარს. ესეც არის შთამბეჭდავი მაჩვენებელი და აქაც გვჭირდება ამ ტემპის შენარჩუნება. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ არის დამაიმედებელი პროგნოზი, რომელიც წარმოადგინა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, რომლის თანახმადაც 2025-2030 წლებში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ზრდა როგორც ფართო რეგიონში, ასევე ევროპის ქვეყნებს შორის, ანუ რა ტენდენციაც გვქონდა ჩვენ გასული 4 წლის განმავლობაში სავალუტო ფონდის პროგნოზის თანახმად, მომდევნო წლების განმავლობაშიც, 2030 წლის ჩათვლით, გვექნება ანალოგიური ტემპი შენარჩუნებული და ვიქნებით პირველ ადგილზე რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის. საშუალო პროგნოზი არის 5,2 პროცენტი, რაც წარმოადგინა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, თუმცა აქაც, ვფიქრობთ, რომ ჩვენი მაჩვენებელი იქნება კიდევ უფრო მაღალი.

ეკონომიკის შემდგომი განვითარებისთვის ჩვენ გვჭირდება ინვესტიციების მოზიდვა და ამ კუთხით აქტიურად წარიმართებოდა მუშაობა გასული ერთი წლის განმავლობაში. ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მიღწევა ამ კუთხით იყო არაბული, Emaar-ის ინვესტიცია, რომელიც ჩაიდება ჩვენს ქვეყანაში მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში. ეს არის 6 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტი, ინვესტიცია, რომელიც საქართველოში განხორციელდება. ეს ინვესტიცია დამატებით შეუწყობს ხელს ჩვენი ეკონომიკის განვითარებას. კიდევ უფრო მეტი გვჭირდება ასეთი ტიპის პროექტები იმისათვის, რომ მაქსიმალურად დავაჩქაროთ ეკონომიკური ზრდის ტემპები.

ხშირად წარიმართება ხოლმე დისკუსია იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდა მოსახლეობის ცხოვრების დონეზე და ამ კუთხითაც მინდა, წარმოგიდგინოთ 2024 წლის კონკრეტული მონაცემები.
ისტორიულ მინიმუმზეა უმუშევრობა ჩვენს ქვეყანაში - გასული წლის ბოლოსთვის უმუშევრობამ შეადგინა 13,9%. ეს არის ისტორიული მინიმუმი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ. აქაც მინდა შეგახსენოთ, რა მდგომარეობა დაგვხვდა ჩვენ 2012 წელს, მაშინ უმუშევრობა შეადგენდა 26,7 პროცენტს, ანუ ამ პერიოდის განმავლობაში მოვახერხეთ უმუშევრობის განახევრება ჩვენს ქვეყანაში. კიდევ უფრო სწრაფი ტემპით გვჭირდება ეკონომიკის განვითარება იმისათვის, რომ ეს მაჩვენებელი სწრაფი ტემპით შემცირდეს. მხოლოდ 2022-2024 წლებში, საუბარია გასულ სამ წელიწადზე, შეიქმნა 185 000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი. სამ წელიწადში ეს არის შთამბეჭდავი მაჩვენებელი. 2024 წელს, ანუ მხოლოდ გასულ წელს, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა 68 000 ადამიანით და დასაქმებულთა რაოდენობამ პირველად დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ გადააჭარბა 1 400 000-ს, რაც არის ისტორიული მაქსიმუმი. ეს იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკური ზრდა პირდაპირ აისახება მოსახლეობის ცხოვრების დონეზე, ადამიანების დასაქმებაზე, რაც ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ცალკე აღებულ ეკონომიკურ ზრდას არავითარი ფასი არ ექნება, თუ ამით არ ისარგებლა თითოეულმა მოქალაქემ. ის მაჩვენებლები, რომლებიც გვაქვს დასაქმების ნაწილში, მეტყველებს იმაზე, რომ ეს ზრდა მოსახლეობის ფართო ფენაზეც აისახება.

მინდა შეგახსენოთ, როგორია ჩვენი მიზნები 2028 წლისთვის - ჩვენი მიზანია, მაქსიმუმ 4 პროცენტამდე შემცირდეს უმუშევრობის დონე ჩვენს ქვეყანაში. ამისათვის გვინდა, რომ შევქმნათ 200 ათასი სამუშაო ადგილი. იმ ტემპის მიხედვით, რაც გვაქვს აღებული, სავსებით რეალურია 4 წლის თავზე ამ შედეგის მიღწევა, დამატებით 200 ათასი სამუშაო ადგილის შექმნა ჩვენს ქვეყანაში. ასევე ეკონომიკურ ზრდა აისახა მოსახლეობის საშუალო ხელფასის ზრდაზე. 2025 წლის პირველ კვარტალში საშუალო ხელფასმა შეადგინა 2170 ლარი.

აქაც მინდა, შეგახსენოთ, რა მდგომარეობა დაგვხვდა ჩვენ 2012 წელს, მაშინ საშუალო ხელფასი შეადგენდა 712,5 ლარს, შესაბამისად, ამ პერიოდის განმავლობაში სამჯერ გავზარდეთ საშუალო ხელფასი ჩვენს ქვეყანაში. აქაც გვაქვს ამბიციური მიზანი - 2028 წლისთვის გვინდა, რომ საშუალო ხელფასმა მიაღწიოს 3500 ლარს. არსებული ტემპების გათვალისწინებით, ეს არის სავსებით რეალური. ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდა აისახოს სიღარიბის დაძლევაზე. სიღარიბე არის ერთ-ერთი უმთავრესი, ეროვნული გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის. ჯერ კიდევ მაღალია სიღარიბის მაჩვენებელი. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა ის, რომ ეკონომიკის ზრდასთან ერთად მაქსიმალურად შევამციროთ სიღარიბის დონე ჩვენს ქვეყანაში. ამ კუთხითაც 2024 წელს გვქონდა შთამბეჭდავი შედეგი. კერძოდ, 2024 წელს 90 000-მა ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს. მინდა შეგახსენოთ, როგორი იყო მონაცემები 2012 წელს - 1 100 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა საქართველოში სიღარიბის ზღვარს მიღმა, როდესაც წინა ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მედია გვაუწყებდა, რომ ქვეყანა იყო აყვავებული და მოსახლეობა ბედნიერი. 1 100 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა. 30% იყო სიღარიბის მაჩვენებელი და ეს მაჩვენებელი 1 100 000-ზე მეტიდან შემცირდა 350 000-მდე. რა თქმა უნდა, ესეც მაღალი მაჩვენებელია. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული გამოწვევა, როდესაც ჩვენი 350 000 თანამოქალაქე ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა. ჩვენ ვერ ვიქნებით კმაყოფილი იქამდე, ვიდრე არ განულდება ეს მაჩვენებელი. ტემპი გვაქვს ძალიან კარგი და, ვფიქრობთ, რომ საბოლოო ჯამში საშუალოვადიან პერსპექტივაში ჩვენ შევძლებთ სიღარიბის სრულად დაძლევას ჩვენს ქვეყანაში. ამის გარანტი იქნება ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნება. 2024 წელს სიღარიბემ შეადგინა 9.4% . პირველად დაფიქსირდა ერთნიშნა მაჩვენებელი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. 2023 წელს სიღარიბის მაჩვენებელი იყო 11.8% და ეს მაჩვენებელი შემცირდა 2.4 პროცენტული პუნქტით. აქაც გვაქვს ამბიციური მიზანი - 2028 წლისთვის გვინდა, რომ მაქსიმუმ 4%-მდე შემცირდეს სიღარიბე ჩვენს ქვეყანაში. არსებული ტემპის გათვალისწინებით, ეს შედეგი აბსოლუტურად მიღწევადია.

ეკონომიკური ზრდის მაღალმა ტემპმა, კარგმა ეკონომიკურმა მაჩვენებელმა მოგვცა საშუალება, რომ შეგვენარჩუნებინა ფისკალური კონსოლიდაციის მაღალი ხარისხი და ამაზეც მეტყველებს კონკრეტული მაჩვენებლები. 2024 წლიდან საშუალო წლიური ინფლაცია იყო 1.1 %, ბიუჯეტის დეფიციტი -1.9%, ესეც დადგენილი ზღვრის ფარგლებშია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი - 4.4%, მთავრობის ვალი - 36.1%, აქაც გვაქვს მონაცემები დადგენილი ზღვრის ფარგლებში. 2020 წელს ჩვენმა ვალმა გადააჭარბა 60 %-ს და ამ 4 წლის განმავლობაში მოვახერხეთ აღნიშნული მაჩვენებლის 36 %- მდე შემცირება, რაც, ბუნებრივია, ჩვენი მთავრობის საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შედეგია.
საქართველო პირველ ადგილზეა ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით საერთაშორისო ინდექსებში - ესეც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს სწორი ფისკალური მონაცემების შენარჩუნებას. ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ვინარჩუნებთ სტაბილურად ლარის კურსს, იყო შემცირების ტენდენციებიც ბოლო პერიოდში, მეტიც - ბოლო პერიოდის განმავლობაში ეროვნული ბანკი ახერხებდა რეზერვების შევსებას. რამდენიმე ასეული მილიონით შეივსო ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები.

ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნებისთვის შემუშავებული მეთოდოლოგიის შესაბამისად, მოვამზადეთ „ეკონომიკური რეფორმების პროგრამა 2025-2027 წლებისთვის". რა თქმა უნდა, უზრუნველყოფილი იქნება როგორც ამ პროგრამის შესრულება, ისე ყველა იმ დასახული გეგმის შესრულება, რომლებიც აქვს საქართველოს მთავრობას.

ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნებაში გარდა იმისა, რომ ჩვენ გვეხმარება სათანადო ეკონომიკური პოლიტიკა, საგადასახადო რეჟიმი, ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, გვაქვს სწორი მართვის სისტემა ეკონომიკის სფეროში, ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესის მხარდამჭერი კონკრეტული პროგრამები. რამდენიმე მაგალითი მინდა მოვიყვანო - გრძელდება „აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების დაფინანსება, დაფინანსდა 1 500 მეწარმე სუბიექტი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში და შეიქმნა ამ პროგრამის საშუალებით 10 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი. ასევე საკრედიტო საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამა ხორციელდება, დაფინანსდა 267 კომპანიის 292 პროექტი, შეიქმნა 3 300-ზე მეტი სამუშაო ადგილი. ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროში გვაქვს კონკრეტული პროექტები, რომლებიც ფინანსდება, გვაქვს საგადასახადო შეღავათების სისტემა, რომელიც მოქმედებს; სტარტაპების მომზადების დაფინანსების სისტემა, რომლითაც უზრუნველვყოფთ მსმენელების გადამზადებას. ხელოვნური ინტელექტი, ფაგები და აგროტექნოლოგიები - ამ მიმართულებებითაც იდგმება ნაბიჯები. შესაბამისად, გვაქვს მრავალი პროგრამა, ეს არის მხოლოდ რამდენიმე სამაგალითო ჩამონათვალი. დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილია სამთავრობო ანგარიშში. არის არაერთი პროგრამა, რომლებიც დამატებით ხელს უწყობს ეკონომიკური ზრდის სტიმულირებას კონკრეტული პროექტების დაფინანსების საფუძველზე.

მნიშვნელოვანია, რომ ტურიზმის სექტორი ვითარდება სწრაფი ტემპით - 2024 წელს დაფიქსირდა რეკორდული მაჩვენებელი შემოსავლების თვალსაზრისით, 4.4 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო ტურიზმიდან ჩვენმა ქვეყანამ.
შარშან ჩვენ ვუმასპინძლეთ 7.4 მლნ საერთაშორისო მოგზაურს, 2024-2025 წლებში გაიხსნა 70 სასტუმრო 3 300-ზე მეტი ნომრით და, დაახლოებით, 6 700 ადგილით. 2025-2028 წლებში 300-ზე მეტი სასტუმრო დაგვემატება არსებული გეგმისა და პროექტების შესაბამისად 38 000-ზე მეტი ადგილით. მოსალოდნელი ჯამური ინვესტიცია 2 მლრდ ლარია.
აეროპორტების ნაწილშიც გვქონდა რეკორდული მაჩვენებელი - 7,425,000 მგზავრს მოემსახურა ჩვენი სამი აეროპორტი გასულ წელს, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ და დამოუკიდებლობის აღდგენამდეც არ გვქონია არასდროს ასეთი მაჩვენებელი.

ენერგეტიკა არის ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება - გასული 12 თვის განმავლობაში აშენდა 4 ახალი ჰიდროელექტროსადგური, კვლავ აქტიურად წარიმართება გაზიფიკაციის სამუშაოები.
გაზიფიკაციის ქსელს შეუერთდა 5,000 ოჯახი საანგარიშო პერიოდში. ენერგეტიკის მიმართულებით გვაქვს ამბიციური მიზანი - 2030 წლისთვის გვინდა, რომ საქართველო გახდეს ენერგეტიკული თვალსაზრისით სრულად თვითკმარი ქვეყანა. ამ კუთხით კიდევ უფრო გააქტიურდება სამუშაოები. გვქონდა გარკვეული ხარვეზები ენერგეტიკის სისტემაში. ეს ხარვეზები თავიდან ბოლომდე იქნება აღმოფხვრილი, რაც უზრუნველყოფს ენერგეტიკის სექტორის კიდევ უფრო სწრაფი ტემპით განვითარებას.

მთლიანობაში - საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განხორციელდა 437 კილომეტრი საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის რეაბილიტაცია, გაიხსნა 84,4 კილომეტრი მაგისტრალური გზა.
საანგარიშო პერიოდში გაიხსნა 84,4 კილომეტრი მაგისტრალური გზა და ეს არის იმაზე მეტი, ვიდრე წინა ხელისუფლებამ ააშენა 9 წლის განმავლობაში. ჩვენი მაჩვენებელი არის 84 კილომეტრზე მეტი და მათ მთელი 9 წლის განმავლობაში ააშენეს მხოლოდ 68 კილომეტრი მაგისტრალური გზა. შეგახსენებთ, ეს იყო ბევრად უფრო მარტივი მონაკვეთი, ვიდრე ის მონაკვეთები, რომლებზეც მუშაობა წარიმართება ჩვენი ხელისუფლების პირობებში. შთამბეჭდავი შედეგი გვაქვს ამ თვალსაზრისით. უკვე გახსნილია 367 კმ მაგისტრალური გზა, მათ შორის აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის 70%. რაც შეეხება დამატებით მონაკვეთებს ძირითად მაგისტრალზე, ერთ თვეში გაიხსნება 6,4 კმ სიგრძის სურამის შემოვლითი გზა, წლის ბოლომდე - რიკოთის მაგისტრალის დარჩენილი 4-კილომეტრიანი მონაკვეთი და ამით წლის ბოლომდე მთლიანად დასრულდება ე.წ. საუკუნის პროექტის განხორციელება - რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობა. 2026 წლის ბოლომდე დასრულდება სამტრედიის ხიდის მშენებლობა, ასევე სამტრედია-გრიგოლეთის პირველი 6-კილომეტრიანი მონაკვეთი დასრულდება დეკემბერში, ხოლო მეორე 6-კილომეტრიანი მონაკვეთი - მომავალი წლის მაისში. გრიგოლეთი-ქობულეთის დარჩენილი 3-კილომეტრიანი მონაკვეთი დასრულდება წლის ბოლომდე. ეს არის ის ვადები, რომლებსაც კიდევ ერთხელ გადავხედეთ და რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია ავტომაგისტრალების მშენებლობის დასრულება. დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები ბათუმი-სარფის მონაკვეთის მშენებლობისთვის, რომელიც საკმაოდ რთული მონაკვეთია, თუმცა ის სათანადო ვადებში განხორციელდება.

აგრეთვე მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრებთან დამაკავშირებელი ავტომაგისტრალის მშენებლობისთვის, ესენია თბილისი-სადახლოს და თბილისი-წითელი ხიდის მონაკვეთები. წლის ბოლომდე დაიწყება მშენებლობა და დასრულდება სამ წელიწადში, 2028 წელს. კახეთის მიმართულებით ასევე ინტენსიურად წარიმართება სამუშაოები. გაიხსნა თბილისი-საგარეჯოს 31 კმ-იანი ავტომაგისტრალური გზის მონაკვეთი, აგრეთვე ბაკურციხე-წნორის 16,5 კმ-იანი გზა. გრძელდება სამუშაოები საგარეჯო-ბადიაურის 17 კმ-იან მონაკვეთზე, რომლის მშენებლობა მაისში დასრულდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ კახეთის რეგიონი მაქსიმალურად მჭიდროდ იყოს დაკავშირებული ქვეყნის სხვა კუთხეებთან. ეს ხელს შეუწყობს მთლიანად რეგიონის, ტურიზმის განვითარებას. შესაბამისად, ეს პროექტი მაქსიმალურად სწრაფ ტემპში დასრულდება. ხულო-ზარზმის გზაზე დაგებულია საფარი 35 კილომეტრზე, გზის ძირითადი ნაწილი დასრულდება მიმდინარე წლის ბოლომდე, ხოლო მეწყრული მონაკვეთების დასრულება მომავალი წლის ივნისში არის ნავარაუდები. რუსთავის მაგისტრალი ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რუსთავის, არამედ დედაქალაქის მოსახლეობისთვისაც. უკვე დაიწყო მიწების გამოსყიდვის პროცესი, წელს გამოცხადდება ტენდერი და 2027 წელს დასრულდება რუსთავის მაგისტრალური გზის მშენებლობაც.

რაც შეეხება ლარსის, უკვე გაიჭრა უნიკალური 9 კმ-იანი გვირაბი ქვეშეთი-კობის გზაზე, წლის ბოლომდე ქვეშეთი-გუდაურის 12 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა და მომავალი წლის ბოლომდე დასრულდება მთლიანად ამ გზის მშენებლობა, რაც 25 კმ-ს მოიცავს.

აგვისტოში დასრულდება მესტია-ლენტეხის გზის მშენებლობა, მომავალ წელს - აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა, მომავალი წლის ივნისში დასრულდება ფოთის ხიდის მშენებლობა და, რაც შეეხება ანკლიასთან დამაკავშირებელ გზას, რაც მნიშვნელოვანია პორტის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვისაც, ვიწყებთ სამუშაოებს და ეს პროექტიც სათანადო ვადებში განხორციელდება.
ანაკლიაში უკვე დაწყებულია სამუშაოები, ეს არის დაღრმავების და ტალღმჭრელების მოწყობის სამუშაოები. ამ პროექტის პირველი ფაზა დასრულდება არაუგვიანეს 2029 წლისა, თუმცა ტემპების გათვალისწინებით, ვფიქრობთ, ბევრად უფრო მოკლე ვადებშიც არის შესაძლებელი პირველი ფაზის დასრულება. ჯამურად პირველი ფაზის ფარგლებში ჩაიდება 600 მილიონი დოლარის ინვესტიცია და პირველი ფაზის დასრულების შემდეგ პორტი მოემსახურება წელიწადში 600 ათასზე მეტ კონტეინერს. არის ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც აუცილებლად სათანადო ვადებში უნდა განხორციელდეს. ეს მთლიანად ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი, კონკრეტულად სამეგრელოს რეგიონისთვის არის მნიშვნელოვანი ამ პროექტის სათანადო ვადებში განხორციელება და დასრულება.

რკინიგზის მიმართულებით გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგები. სრულდება რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, რის შემდეგაც რკინიგზის გამტარუნარიანობა გაიზრდება 27 000 000-დან 48 000 000 ტონამდე. ასევე დასრულდა ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების 98,5%, ანუ თითქმის ბოლომდეა მიყვანილი ეს სამუშაოები.
აეროპორტების ნაწილშიც დაწყებული გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები. როგორც მოგეხსენებათ, გადაწყვეტილება იქნა მიღებული ვაზიანში თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის თაობაზე. თუ დღევანდელი მოქმედი აეროპორტი გათვლილია 4 მლნ მგზავრზე, ახალი აეროპორტი მინიმუმ 18 მლნ მგზავრზე იქნება გათვლილი. მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია. წელს დავიწყებთ პარტნიორის შერჩევის პროცედურას და მომავალ წელს უკვე გვეყოლება პარტნიორი კომპანია. 2031 წელს უკვე შევძლებთ აეროპორტის გადატანას ვაზიანში. შესაბამისად, ეს პროექტიც ხელს შეუწყობს, ზოგადად, ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერებას და ტურიზმის განვითარებას. ყველა თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ამ პროექტის დროული განხორციელება და დასრულება.

რაც შეეხება ქუთაისის აეროპორტს, დღეს დაახლოებით 2 მლნ მგზავრის გატარება შეუძლია ქუთაისის აეროპორტს და ჩვენი მიზანია, 5 მლნ-მდე ავწიოთ აღნიშნული მაჩვენებელი. ეს არის უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ხორციელდება; ინვესტიციაც არის უმსხვილესი, 350 მლნ ლარს მოიცავს. დავიწყეთ სრულიად ახალი 3.5-კილომეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მშენებლობა. 11-დან 17-მდე გაიზრდება ხომალდების სადგომების რაოდენობა ქუთაისის აეროპორტში. შევძლებთ უფრო დიდი ზომის სამგზავრო და სატვირთო საჰაერო ხომალდების მიღებას ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე. უნიკალურია თავისი შინაარსით ეს პროექტი, რომელიც ხორციელდება. წელს დაიწყება ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობაზე მუშაობა. სრულიად ახალი ტერმინალი დაემატება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს. რა თქმა უნდა, ეს არის მნიშვნელოვანი მთლიანად ქვეყნისთვის, მაგრამ კონკრეტულად იმერეთის რეგიონის განვითარებაზე ძალიან დადებითად აისახება ამ პროექტის განხორციელება.

ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერება. ეს არის ჩვენი ისტორიული ფუნქცია. საქართველოს აქვს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა. ჩვენ ისტორიულად ერთმანეთთან ვაკავშირებდით ევროპასა და აზიას, დასავლეთსა და აღმოსავლეთს და ჩვენი სურვილია, რომ ეს პოტენციალი მაქსიმალურად ავითვისოთ, გამოვიყენოთ და ამას ემსახურება ყველა ის ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლებიც ჩამოვთვალე - ავტომაგისტრალების მშენებლობა, რკინიგზის განვითარება, საზღვაო პორტების განვითარება, აეროპორტების მშენებლობა. ყველა ეს პროექტი ხელს შეუწყობს ჩვენი სატრანზიტო, დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერებას. ცალკე აღნიშვნის ღირსია, რომ ჩვენ ორი კვირის წინ გავხსენით თბილისის მშრალი პორტი, რომელიც შეიქმნა არაბული ინვესტიციით. ესეც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებას შეუწყობს ხელს.

რეგიონული განვითარება არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი - ამის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში შეიქმნა სრულიად ახალი - რეგიონული განვითარების სამინისტრო. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, დავხვეწოთ მუნიციპალური განვითარების დაგეგმვის და შესაბამისი გეგმების განხორციელების პროცესი, მეტი სისტემურობა გვჭირდება მუნიციპალურ განვითარებაში. ამისათვის უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა, მომზადდება თითოეული მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმა და ამ გეგმის მიხედვით, სისტემურად უნდა განვითარდეს თითოეული მუნიციპალიტეტი და თითოეული მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურა. რეგიონული განვითარების მიმართულებით პროგრამები ინტენსიურად და შეუფერხებლად ხორციელდებოდა, ესენია - რეგიონების განვითარების ფონდით გათვალისწინებული პროექტები, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, მთის ფონდი, სპეციალური პროგრამა გვაქვს ასევე გამყოფი ხაზის პირას მდებარე დასახლებებისთვის, მუნიციპალური ტრანსპორტის პროგრამა და ა.შ. ძალიან დიდი ინვესტიციები იდება რეგიონული განვითარების მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ. აგრეთვე ჩვენ გავზარდეთ არაერთი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, მათ შორის, სტანდარტული ზრდის მიღმა გაიზარდა ქუთაისის, რუსთავისა და ფოთის ბიუჯეტები, სამი ქალაქის ბიუჯეტი. ქუთაისსა და რუსთავს სტანდარტული ზრდის მიღმა დაემატა თითოეულს 40 მლნ ლარი, ფოთს -20 მლნ ლარი. ჩვენ გვჭირდება ამ ქალაქების მაქსიმალურად ინტენსიურად განვითარება და ეს დამატებული ბიუჯეტები მერებს მისცემს იმის საშუალებას, რომ კიდევ უფრო სწრაფი ტემპით უზრუნველყონ ქალაქების ურბანული განვითარება, პროექტების განხორციელება. შესაბამისად, ეს იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინიციატივა, რომელიც საქართველოს მთავრობამ კონკრეტული მუნიციპალიტეტების მხარდაჭერის კუთხით განახორციელა.

გაგრძელდა მიწის სისტემური რეგისტრაციის პროგრამა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში აიზომა 810 ათასი მიწის ნაკვეთი, აქედან დარეგისტრირდა 553 ათასი მიწის ნაკვეთი.
გრძელდება იუსტიციის სახლების მშენებლობა. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში აშენდა 6 ახალი იუსტიციის სახლი. იუსტიციის სახლების რაოდენობამ შეადგინა ქვეყნის მასშტაბით 125. აქაც მინდა შეგახსენოთ, რომ 2012 წელს მხოლოდ 12 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებდა ქვეყნის მასშტაბით. 10-ჯერ არის გაზრდილი იუსტიციის სახლების რაოდენობა და ქვეყნის მასშტაბით ძალიან მალე იუსტიციის სახლები მოიცავს ქვეყნის მთელ ტერიტორიას. გარდა ამისა, წარმატებით მოქმედებს მობილური იუსტიციის სახლის პროექტი, რომელიც 143 სოფელში არის ხელმისაწვდომი. შესაბამისად, პრაქტიკულად მთელი ქვეყანა დაფარულია იუსტიციის სახლების მომსახურებით, დაახლოებით 500 მომსახურებას უწევენ იუსტიციის სახლები ჩვენს მოქალაქეებს.

წყალმომარაგება, როგორც მოგეხსენებათ, არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში 20 ქალაქში მიმდინარეობდა ინტენსიური სამუშაოები. მთლიანობაში ქვეყნის 100-ზე მეტ დასახლებაში მიმდინარეობს 3 მილიარდ ლარზე მეტის ღირებულების პროექტები. წლის ბოლომდე 24-საათიანი სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგებით უზრუნველყოფილი იქნება გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დაფარვის არეალში მყოფი 31 ქალაქი. 2026 წელს ამას დაემატება 14 ქალაქი, 2027 წელს - 3 ქალაქი და საბოლოო ჯამში წყალმომარაგებით ისარგებლებს უკლებლივ ყველა ქალაქი ქვეყნის მასშტაბით.
ინტერნეტიზაცია და ციფრული ტრანსფორმაცია, ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი. დასრულდა 800 კილომეტრი ფართოზოლოვანი ინტერნეტინფრასტრუქტურის მშენებლობა და 1600 კილომეტრი ოპტიკუ-ბოჭკოვანი ქსელის მშენებლობა, რომელმაც მოიცვა 290 დასახლება და 190 ათასი ჩვენი თანამოქალაქე.

რაც შეეხება სოფლის მეურნეობას და სოფლის განვითარებას, აქაც გვაქვს მნიშვნელოვანი მიღწევები საანგარიშო პერიოდის განმავლობაში. აგრობიზნესის გამოშვება გაიზარდა გასულ წელს 1 მილიარდი ლარით. 2023 წლის მაჩვენებელი იყო 16,6 მილიარდი, გასული წლის მაჩვენებელი არის 17,6 მილიარდი. რაც შეეხება აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტს, ის ხორციელდება მსოფლიოს 107 ქვეყანაში. გეოგრაფიული დაფარვა და არეალიც მუდმივად ფართოვდება. მთლიანობაში - ექსპორტის მოცულობამ შეადგინა 1,7 მილიარდი დოლარი, რაც არის ასევე რეკორდული მაჩვენებელი. 2023 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი გაიზარდა 250 მლნ დოლარზე მეტით, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში 180 მლნ დოლარის ექსპორტი განხორციელდა, რაც არის 11%-იანი მატება 2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით.
სოფლის მეურნეობის სფეროში გრძელდება მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება. ერთ-ერთი არის შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი, სადაც გაიცა 889 მლნ ლარის 5218 სესხი 4578 ბენეფიციარზე. ეს პროექტი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სოფლის მეურნეობის განვითარებას. ასევე მნიშვნელოვანია აგროდაზღვევის პროგრამა. აქ 6176 უნიკალურ ბენეფიციარზე გაიცა 10 849 პოლისი გასული წლის განმავლობაში.
„დანერგე მომავალი" - ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა. 395 უნიკალური ბენეფიციარი დაფინანსდა 43 მლნ ლარით, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსებამ შეადგინა 20 მლნ ლარზე მეტი. მხარდაჭერამ მოიცვა 2400 ჰა-ზე მეტი მიწის ფართობი მთელი ქვეყნის მასშტაბით.

მაღალმთიან დასახლებებში გვაქვს სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამა. ბიუჯეტი გასულ წელს შეადგენდა 9 მლნ ლარს. მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის პროგრამას დაეთმო 24 მლნ ლარი.
შარშან რთველი ჩატარდა წარმატებულად, ჩაბარდა 325,000 ტონა ყურძენი, რაც უპრეცედენტო მაჩვენებელია; 2023 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 25,000 ტონით გაიზარდა.
2012 წელს სულ ჩაბარდა 52,000 ტონა ყურძენი, შარშან კი ეს მაჩვენებელი გაიზარდა 325 000-მდე, ანუ მეღვინეობა-მევენახეობის სფეროში გვაქვს უპრეცედენტო ზრდა გასული 12 წლის განმავლობაში.
ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავლებმა შეადგინა 276 მლნ დოლარი, რაც ასევე მნიშვნელოვანი ზრდაა 2023 წელთან შედარებით, მაშინდელი მაჩვენებელი იყო 259 მლნ დოლარი. აქაც გავიხსენებ 2012 წლის მაჩვენებელს, როდესაც ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავლებმა შეადგინა 65 მლნ დოლარი, შარშან ეს იყო 276 მლნ დოლარი, აქაც ხედავთ, რომ გვაქვს ძალიან მასშტაბური ზრდა.

მთლიანობაში - ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტიდან 2024 წელს ქვეყანამ მიიღო 565 მლნ დოლარი, რაც არის 23 %-იანი მატება გასულ წელთან შედარებით.
მევენახეების შემოსავალმა შეადგინა 485 მლნ ლარი. აქაც გვაქვს უპრეცედენტო მატება 2023 წელთან შედარებითაც კი, როცა ეს მაჩვენებელი იყო 350 მლნ ლარი. რაც შეეხება 2012 წლის მაჩვენებელს, მაშინ მევენახეების შემოსავალი იყო 70 მლნ ლარი. 70 მლნ ლარიდან გაიზარდა 485 მლნ ლარამდე 2024 წელს. ხედავთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის პროგრამები, რომლებიც ხორციელდება სოფლის მეურნეობის სფეროში, მათ შორის, მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში, მომავალშიც გაგრძელდება როგორც ამ დარგის, ისე სოფლის მეურნეობის სფეროში სხვა დარგების მხარდაჭერა.
„გარემოს დაცვის სფეროში გვაქვს კონკრეტული შედეგები. ქვეყნის მასშტაბით გრძელდება საფრთხეების ადრეული შეტყობინების სისტემების დანერგვა. ასევე უცხოელ პარტნიორებთან ერთად ხორციელდება პროექტი მყინვარების შეფასება-შესწავლის მიმართულებით. შედეგები გვექნება შემოდგომაზე, რაც მოგვცემს საფრთხეების ეფექტიანი პრევენციის შესაძლებლობას. სხვა მიმართულებით განხორციელდა ტყის აღდგენა-განაშენიანების ღონისძიებები 2 120 ჰა ფართოებზე. ტყის აღრიცხვის სამუშაოები განხორციელდა 124 000 ჰა ფართობზე, 2025-2026 წლებში დაგეგმილია სამუშაოები 126 000-ს ჰექტარზე მეტ ფართობზე.
მინდა განვაცხადო, რომ უმკაცრესი ზომები იქნება მიღებული ტყის უკანონო ჭრის წინააღმდეგ. ამ მიმართულებით ძალიან გააქტიურებულია მუშაობა. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პარლამენტს, რომელიც დაგვეხმარა ნორმატიული ბაზის გამკაცრებაში ამ მიმართულებით. მაქსიმალურად მკაცრი ზომები იქნება მიღებული ტყის უკანონო ჭრის წინააღმდეგ. ეს არის ერთ-ერთი ძალიან მძიმე დანაშაული. ტყე არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმდიდრე, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ვალია ტყე მაქსიმალურად შევუნახოთ მომავალ თაობებს. აქედან გამომდინარე, ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ უდიერად მოეპყროს ჩვენთვის უმნიშვნელოვანეს სიკეთეს, ტყეს ჩვენს ქვეყანაში. ზომები იქნება უმკაცრესი.
აგრეთვე გარემოს დაცვის სფეროში მინდა განვაცხადო, რომ აშენდა არასახიფათო ნარჩენების 2 განთავსების ობიექტი და ნარჩენების გადამტვირთავი 2 სადგური, 8 ქალაქში ხორციელდება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მუდმივი მონიტორინგი. ასევე მიღებული ზომების შედეგად 12 ლოკაციაზე ხორციელდება შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგი. ეს არის მხოლოდ მცირე ჩამონათვალი იმ ღონისძიებებისა, რომლებიც განხორციელდა გარემოს დაცვის სფეროში.
წარმატებით გრძელდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფუნქციონირება, რომელიც მოიცავს პრაქტიკულად მთლიანად ჩვენს მოსახლეობას და ამ პროგრამის შედეგები არის შთამბეჭდავი. სამი წლით გაიზარდა მოსახლეობის სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა. ერთ-ერთი მთავარი, რამაც ეს შედეგი მოიტანა, არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და, ზოგადად, ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული უმნიშვნელოვანესი პროგრამები.
მინდა შეგახსენოთ, რომ 2012 წლის შემდეგ ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯები გაზიარდა 4-ჯერ და კიდევ უფრო მეტად. მანამდე ეს იყო პრაქტიკულად მიტოვებული სფერო. ადამიანებზე ზრუნვა არ იყო წინა ხელისუფლების პრიორიტეტი, ეს ყველას ძალიან კარგად გახსოვთ. თავისთავად უკვე სტატისტიკაც მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩვენი ხელისუფლება ადამიანებზე ზრუნვას და კონკრეტულად ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვას. 4-ჯერ და მეტად არის გაზრდილი დანახარჯები ჯანდაცვის სფეროში. შესაბამისად, მოსახლეობის ჯიბიდან გადახდები 2012 წლის შემდეგ შემცირდა 73%-დან 41%-მდე, აქაც ხედავთ, რომ შთამბეჭდავი განსხვავებაა. გრძელდება ყველა წარმატებული ჯანდაცვის პროგრამის განხორციელება. სოფლის ამბულატორიებს დაეთმო განსაკუთრებული ყურადღება, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში აშენდა და აღიჭურვა 22 სოფლის ამბულატორია, დაიწყო 12 ახალი ამბულატორიის მშენებლობა, დაგეგმილია დამატებით 4 ამბულატორიის მშენებლობა. ეს არის მიმდინარე პროცესი. 50 ამბულატორიაში განახლდა აპარატურა.
რაც შეეხება პენსიებს, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გვქონდა დაპირება, 2025 წლისთვის გაგვეზარდა პენსია 35 ლარით, რაც შესრულდა და აისახა 2025 წლის ბიუჯეტში. 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისათვის პენსია გახდა 350 ლარი 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის 450 ლარი. მაღალმთიან რეგიონებში მოქმედებს შესაბამისი დანამატი. აქაც მინდა, ერთი მაჩვენებელი კიდევ ერთხელ გავიხსენო. 683 ათასი იყო პენსიონერების რაოდენობა საქართველოში 2012 წელს და ეს რაოდენობა გაზრდილია 869 ათასამდე, აქაც პირდაპირ ჩანს, თუ რამხელა ეფექტი აქვს ჯანდაცვის პროგრამებს, რომლებიც ჩვენ დავნერგეთ ჩვენს ქვეყანაში. 186 ათასით გაიზარდა პენსიონერების რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში, ეს თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ პირდაპირი შედეგი აქვს ჯანდაცვის პროგრამებს, სოციალურ პროგრამებს, რომლებიც ამოქმედდა ჩვენს ქვეყანაში და რომელთა მასშტაბები უპრეცედენტოდ გაფართოვდა გასული წლების განმავლობაში.
ცალკე აღვნიშნავ, რომ 76 მილიონიდან 95 მილიონამდე გაიზარდა სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი, გრძელდება დევნილების საცხოვრებლით უზრუნველყოფა. 2024 წელს 2022 ოჯახი დაკმაყოფილდა ახალი საცხოვრებელი ფართებით და 2025 წელს უკვე დაკმაყოფილდა 682 ოჯახი.
მნიშვნელოვნად გაიზარდა განათლებისა და მეცნიერების სფეროს ბიუჯეტი, კონკრეტულად სკოლამდელი და ზოგადი განათლების ბიუჯეტი გაიზარდა 419 მილიონი ლარით, 2 მილიარდ 43 მილიონი ლარიდან 2 მილიარდ 462 მილიონ ლარამდე. ეს ზრდა დიდწილად განაპირობა მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდამ.

ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია სკოლის მასწავლებლებისთვის სათანადო პირობების უზრუნველყოფა, სოციალური პირობების გაუმჯობესება. 2024 წლის 1 ივლისიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა სკოლის მასწავლებლების შრომის ანაზღაურება.
30 მილიონი ლარით, 145 მილიონიდან 175 მილიონ ლარამდე გაიზარდა პროფესიული განათლების ბიუჯეტი, ასევე 30 მილიონი ლარით გაიზარდა უმაღლესი განათლების ბიუჯეტი - 171 მილიონიდან 201 მილიონ ლარამდე. მეცნიერების ბიუჯეტი გაიზარდა 6,65 მილიონი ლარით, დაახლოებით 79,6 მილიონი იყო ბიუჯეტი და გაიზარდა დაახლოებით 86 მილიონ ლარამდე. ახალგაზრდული პროგრამების ბიუჯეტი გაიზარდა თითქმის 5 მილიონი ლარით, 8,9 მილიონიდან 13,8 მილიონ ლარამდე. რა თქმა უნდა, ბიუჯეტის ზრდა უზრუნველყოფს შესაბამისი პროგრამების გაფართოებას და განათლების ხარისხის შემდგომ გაუმჯობესებას.

საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია 563 მილიონი ლარი, მთლიანობაში დაგეგმილია 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია. აქედან საანგარიშო პერიოდის განმავლობაში დასრულდა 71 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ამჟამად მიმდინარეობს 243 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია. ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება გრძელდება სკოლების მიმართულებითაც. დასრულდა სამუშაოები 110 სკოლაში, მიმდინარეობს 296 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ვიწყებთ 22 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას. აშენდა 1 პროფესიული სასწავლებელი და დაიწყო 3 ახალი პროფსასწავლებლის მშენებლობა.

რაც შეეხება ზოგადად განათლებას, მოგეხსენებათ, რომ დავაანონსეთ საუნივერსიტეტო რეფორმა, გვინდა ამბიციური რეფორმის გატარება ამ მიმართულებით. ამისათვის შეიქმნა შესაბამისი სახელმწიფო კომისია, რომელიც ამზადებს საუნივერსიტეტო რეფორმის კონცეფციას. ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ მხოლოდ თუნდაც სისტემის გადაწყობის საფუძველზე მნიშვნელოვნად ავამაღლოთ უმაღლესი განათლების ხარისხი ჩვენს ქვეყანაში. წინ არ გავუსწრებ მოვლენებს, უახლოეს მომავალში, დაახლოებით ერთ თვეში წარმოგიდგენთ დეტალურ კონცეფციას, რომელიც ითვალისწინებს საუნივერსიტეტო სფეროში განათლების ხარისხის ფუნდამენტურად ამაღლებას ჩვენს ქვეყანაში. ეს კონცეფცია მოიცავს მრავალ მიმართულებას - დაწყებული ინფრასტრუქტურით, დამთავრებული სასწავლო პროგრამების გადახედვით, უკეთესი პირობების შექმნით ჩვენი პროფესორ-მასწავლებლებისთვის. იქნება მართლაც ამბიციური რეფორმა, რომელიც განხორციელდება მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის ვფიქრობთ ახალი კამპუსების მშენებლობას ქუთაისსა და თბილისში რუსთავის მიმდებარედ. დეტალურ კონცეფციას ამასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში წარმოგიდგენთ თქვენ და წარვუდგენთ საზოგადოებას.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადი განათლების სფეროში რეფორმების განხორციელება. ამ მიმართულებით არაერთი არასწორი ნაბიჯი გადაიდგა წინა ხელისუფლების პირობებში, რასაც ჰქონდა მკაცრად იდეოლოგიური, ძალიან მანკიერი იდეოლოგიური მიზნები. ჩვენი ერთ-ერთი ამოცანაა, რადიკალური ცვლილებები შევიტანოთ ამ სფეროში, მათ შორის, ფუნდამენტურად უნდა გადავხედოთ ეროვნულ სასწავლო გეგმას, სასწავლო პროგრამას, სასწავლო სახელმძღვანელოებს. ამ მიმართულებითაც ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდება შემდეგი წლების განმავლობაში. ჩვენ 2-3 წელიწადში უნდა გვქონდეს ფუნდამენტურად განსხვავებული ვითარება როგორც სასკოლო, ისე უმაღლესი განათლების სფეროში და ამას უზრუნველყოფს ის გეგმები, რომლებიც გვაქვს დასახული ამ მიმართულებით.
კულტურის სფეროში თითქმის გაორმაგდა კულტურის ბიუჯეტი. 27 მლნ ლარიდან 49 მლნ ლარამდე გაიზარდა კულტურის სფეროს დაფინანსება. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში დაფინანსდა 470 სხვადასხვა პროექტი, მათ შორის, 100 პროექტი განხორციელდა 16 სხვადასხვა ქვეყანაში, ჩატარდა 194 გამოფენა და კულტურული ღონისძიება, განხორციელდა 70 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია. ზოგადად, ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვანია, ფუნდამენტურად გადაიხედოს გეგმა კულტურის განვითარების მიმართულებით. ჩვენ გვჭირდება ქართული კინოს, თეატრის აღორძინება. გვახსოვს ათწლეულების მანძილზე, როგორი იყო ვითარება ამ სფეროებში, კულტურის სხვადასხვა დარგში. დღეს გვაქვს რადიკალურად განსხვავებული მოცემულობა. ეს არ არის მარტო ჩვენი ქვეყნის პრობლემა, ზოგადად, მაინცდამაინც დადებითი განვითარების ეტაპი არ უდგას მსოფლიო მასშტაბით კულტურის სხვადასხვა დარგს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ კულტურის ყველა დარგის აღორძინებაზე ვიზრუნოთ. გვჭირდება ფუნდამენტური ხედვის შემუშავება და ამ თემაზეც გრძელდება აქტიური მუშაობა.

ამ პერიოდის განმავლობაში ორჯერ ვიყავი ჩასული გელათში. პირადად გავეცანი ადგილზე სამუშაოებს და მინდა გითხრათ, რომ გელათში ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა. ზომები იქნა მიღებული იმისათვის, რომ აღდგეს ძეგლი იმ მდგომარეობით, რა მდგომარეობამდეც იყო კონკრეტული დაზიანების მიღებამდე. მის აღსადგენად მიღებულია კონკრეტული ზომები.
აშენდა დროებითი კონსტრუქცია, რომელიც მთლიანად დაიცავს ტაძარს ნებისმიერი ნალექისგან და უზრუნველყოფს ტაძრის გამოშრობას, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მოხდეს როგორც უნიკალური ფრესკების, ასევე მოზაიკის კონსერვაცია. ყველა ზომა იქნება მიღებული იმისათვის, რომ რეაბილიტაციის სამუშაოები ძალიან მალე დასრულდეს და გელათი მთელი თავისი ბრწყინვალებით დაუბრუნდეს ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას. მინდა, განსაკუთრებით მადლობა გადავუხადო საპატრიარქოს და საპატრიარქოს კონკრეტულ წარმომადგენლებს, რომლებიც არიან ჩართული ამ პროცესში, ყველა იმ ნაბიჯისთვის, რომელიც გადაიდგა ძეგლის აღდგენა-განახლებისთვის.

სპორტი არის ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. ამის ერთ-ერთი გამოხატულება იყო ის, რომ ჩვენ ცალკე გამოვყავით სპორტის სამინისტრო. სპორტის ბიუჯეტი გაიზარდა 2024 წელს წინა წელთან შედარებით 53 მილიონი ლარით, 245 მილიონი ლარიდან 298 მილიონ ლარამდე. ინვესტიციებს სპორტის სფეროში მოაქვს კონკრეტული შედეგები და ეს გამოხატულია კონკრეტული მონაცემებით.
შარშან ჩვენ გვქონდა საერთაშორისო მედლების რეკორდული რაოდენობა, 1 259 საერთაშორისო მედალი აიღეს ჩვენმა სპორტსმენებმა გასული წლის განმავლობაში. თითოეულ სპორტსმენს ეკუთვნის ჩვენი განსაკუთრებული მადლობა, აქედან 441 იყო ოქროს მედალი, 413 - ვერცხლი, 445 - ბრინჯაოს მედალი.
აქვე მინდა შეგახსენოთ, როგორი იყო სპორტის მიღწევები საანგარიშო პერიოდის განმავლობაში. ჩვენი ფეხბურთელები საამაყოდ წარდგნენ ევროპის ჩემპიონატზე, პირველად გამოვიდნენ და პირველივე ჯერზე მათ შეძლეს ჯგუფური ეტაპის დაძლევა. ასევე პირველად ისტორიაში ახალგაზრდულმა ნაკრებმა დაძლია საკვალიფიკაციო ეტაპი და ასე გავიდა ევროპის ჩემპიონატზე, რამდენიმე წუთი დააკლდათ ჯგუფური ეტაპის გავლამდე, დასანანი მარცხი იყო, თუმცა ძალიან კარგად გამოვიდნენ ჩვენი ახალგაზრდები ევროპის ჩემპიონატზე.
ხელბურთელები ზედიზედ მეორედ გავიდნენ ევროპის ჩემპიონატზე, წყალბურთელები კიდევ ერთხელ გავიდნენ ევროპის ჩემპიონატზე. კალათბურთელები მორიგ ჯერზე გავიდნენ „ევრობასკეტზე", ძალიან დიდი ინტერესით ველოდებით ჩვენ სექტემბერში მათ გამოსვლას. რაგბისტებმა მოიგეს რაგბი ევროპა და კიდევ ერთხელ გავიდნენ მსოფლიო ჩემპიონატზე. ოლიმპიელებმა მიაღწიეს უპრეცედენტო შედეგს და გუნდურ ჩათვლაში ყველაზე მაღალი ადგილები მოიპოვეს ბოლო ოლიმპიადაზე.

მადლობა მინდა, გადავუხადო ჩვენს ოლიმპიელებს, მათ შორის ჩვენს ორ კოლეგას, განსაკუთრებული მადლობა თითოეულ თქვენგანს ამ მიღწევისთვის. ჩვენმა პარალიმპიელებმაც გაგვახარეს და პირველი მაჩვენებელი აიღეს გუნდურ ჩათვლაში ისტორიის მანძილზე, მათაც განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო. განსაკუთრებული მადლობა ძიუდოისტებს, პირველად ისტორიაში, დღეს ჩვენი ძიუდოისტთა ნაკრები გუნდი არის როგორც ევროპის, ასევე მსოფლიო ჩემპიონი. ეს არის საამაყო მიღწევა და მადლობა მათ ამისათვის. არ მინდა, ვინმე და რამე გამომრჩეს, როგორც უკვე ითქვა, ჩვენმა სპორტსმენებმა მიიღეს 1 299 საერთაშორისო მედალი. მთლიანობაში ქართული სპორტი გამოირჩა ძალიან დიდი წარმატებებით, რაც მნიშვნელოვანია არა მარტო ცალკე აღებული სპორტის განვითარებისთვის. სპორტი ნიშნავს მეტ ჯანმრთელობას, ჯანმრთელ მომავალ თაობას, მეტ ინტერესს ბავშვებში, რომ ჩაერთონ სპორტულ აქტივობაში ამ კუთხითაც. ძალიან მნიშვნელოვანია ის მიღწევები, რომლებითაც ჩვენმა სპორტსმენებმა გაგვახარეს.

სპორტის შემდგომი განვითარების მიზნით გვაქვს კონკრეტული გეგმები - ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, მთელი ქვეყნის მასშტაბით მულტიფუნქციური სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება, რაზეც მუშაობა უკვე დაწყებულია. საბოლოო მიზანია, თითოეულ მუნიციპალიტეტში შეიქმნას მულტიფუნქციური სპორტული ცენტრი.
გვსურს, რომ ეს ყველაფერი გავაკეთოთ კომპლექსური მიდგომით, სტანდარტიზებული პროექტებით, რათა მაქსიმალურად ხარისხიანად განხორციელდეს ყველა პროექტი თითოეულ მუნიციპალიტეტში. ასევე გვაქვს სტადიონების განვითარების პროგრამა მთელი ქვეყნის მასშტაბით. საუბარია როგორც საფეხბურთო და სარაგბო მოედნებზე, ასევე მცირე და საშუალო ზომის სტადიონებზე. შესაბამისი გეგმა უკვე შემუშავებულია, რომელსაც საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარვუდგენთ. საუბარია როგორც ფეხბურთისთვის, ისე რაგბისთვის განკუთვნილ ინფრასტრუქტურაზე.

აგრეთვე ჩვენ წარვუდგინეთ საზოგადოებას ახალი ინიციატივა - მზად ვართ, სასკოლო ინფრასტრუქტურა და ასევე არასასკოლო ინფრასტრუქტურა დავუთმოთ ინვესტორებს 20-წლიანი ვადით, საიდანაც 10 წლის განმავლობაში ინვესტორები გადაიხდიან სიმბოლურ ფასს. გვინდა, რომ მაქსიმალურად წავახალისოთ ინვესტორების მიერ სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება. დღეს არის ძალიან დიდი მოთხოვნა სპორტის მიმართ, განსაკუთრებით ბავშვებში, თუმცა ინფრასტრუქტურა ვერ პასუხობს ამ გაზრდილ მოთხოვნას. გვსურს, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი როგორც საჯარო ფინანსების ათვისებას, ისე კერძო ინვესტირების მოზიდვას იმისათვის, რომ მოთხოვნას მაქსიმალურად დაეწიოს მიწოდება.
ვმუშაობთ ახალი სტადიონის პროექტზე, რომელიც დაანონსდა გასულ წელს. ეს იქნება ახალი 70 000-იან მაყურებელზე გათვლილი სტადიონი, რომელიც შეძლებს ჩემპიონთა ლიგის და სხვა მაღალი დონის მატჩების მასპინძლობას. ეს იქნება ასევე გათვლილი ფეხბურთსა და რაგბიზე. გარდა ამისა, ეს იქნება მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა, რომელიც სხვა ფუნქციებითაც იქნება დატვირთული. მათ შორის ქვეყანას არ აქვს ე.წ. საგამოფენო-საკონფერენციო ცენტრი და სტადიონი ამ ფუნქციასაც აიღებს თავის თავზე. მულტიფუნქციური იქნება თავისი დატვირთვით ეს ინფრასტრუქტურა. უკვე მიმდინარეობს მუშაობა პროექტზე და ჩვენ ვფიქრობთ, რომ სექტემბერში სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. მანამდე საზოგადოებას წარვუდგენთ პროექტს და საზოგადოების მხრიდან მოწონების შემდეგ შევუდგებით შესაბამის სამშენებლო სამუშაოებს.

სახელმწიფო მუდმივად ზრუნავს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებაზე, მათ შორის, ხორციელდება მნიშვნელოვანი ინვესტიციები ეროვნულ სამხედრო მრეწველობაში. სამხედროების სოციალური მხარდაჭერა ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ამ მიმართულებითაც გაგრძელდება ძალიან მნიშვნელოვანი ზომების მიღება. ინფრასტრუქტურის განვითარება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. მუშაობა მიმდინარეობს 133 ობიექტის განახლება-მშენებლობაზე, რაც თავდაცვითი ფუნქციებით იქნება აღჭურვილი. 320 მლნ ლარის პროექტები ხორციელდება, ასევე - ჯარის ქალაქის მშენებლობა. ესეც არის მნიშვნელოვანი სოციალური პროექტი, რომელიც განკუთვნილია ჩვენი ჯარისკაცებისთვის. ქართული ჯარი არის ჩვენი განსაკუთრებული სიამაყე, ჩვენი სახელმწიფოებრიობის, ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი სიმბოლო. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად გაგრძელდეს ზრუნვა ჯარის განვითარებასა და თითოეული ჯარისკაცის სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე.

პოლიციის მიმართულებით გრძელდება შესაბამისი პროექტების განხორციელება, მათ შორის, ინფრასტრუქტურული და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება. ხელისუფლება განაგრძობს ზრუნვას პოლიციელების სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე.
შეძენილ იქნა 143 ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალება პოლიციისთვის, 69 მაღალი გამავლობის ავტომანქანა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის. მიმდინარეობდა შენობების რეაბილიტაცია. ძალიან მასშტაბურია ის ინიციატივები, რომლებიც განხორციელდა. დეტალური ინფორმაციაა წარმოდგენილი ამასთან დაკავშირებით მთავრობის ანგარიშში. ვზრუნავთ პოლიციელების სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე, ამ შემთხვევაშიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი იყო 1 100-ბინიანი პოლიციის ქალაქის მშენებლობა.

საჯარო მოხელეთა ხელფასების ზრდა, რა თქმა უნდა, არის პრიორიტეტი. წელსაც უზრუნველყოფილ იქნა საჯარო მოხელეებისათვის ხელფასების მატება 10%-ით, ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა საბავშვო ბაღების პერსონალის, სახელოვნებო და სპორტული სკოლების პერსონალის ხელფასები მიმდინარე წლიდან.

ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პოზიციების განმტკიცება და საერთაშორისო კავშირების გაფართოება. ამისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტები განხორციელდა არაერთ ქვეყანაში. მათ შორის, მეც მქონდა, პირადად, მნიშვნელოვანი ვიზიტები როგორც რეგიონის, ისე შუა აზიის ქვეყნებში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, უნგრეთში შედგა რამდენიმე ვიზიტი. როგორც მოგეხსენებათ, უნგრეთი არის ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მთავარი მხარდამჭერი ევროპული ქვეყანა. საერთაშორისო სამიტებში მონაწილეობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ყველა მიმართულებით მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გავაფართოოთ ჩვენი საერთაშორისო კავშირები.
რაც შეეხება აშშ-სთან ურთიერთობას, რაც არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი - მოგეხსენებათ, რომ გავაკეთეთ საჯარო განცხადება ამ თემასთან დაკავშირებით. მზად ვართ, აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან და მზად ვართ ეს გავაკეთოთ კონკრეტული გზამკვლევით, სადაც ასახული იქნება სარგებელი ორივე ქვეყნისთვის. ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს. ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საელჩოების მიმართულებით, მათ შორის, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ დაინიშნა საქართველოს ელჩი აშშ-ში. ვფიქრობთ, ბოლოდროინდელი ცვლილებები ხელს შეუწყობს ურთიერთობების გადატვირთვას და იმედი გვაქვს, აღდგება სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა დ აშშ-ს შორის.
რაც შეეხება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, აქ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები. არის უსამართლო მიდგომა ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, თუმცა ჩვენ ვრჩებით მზაობის რეჟიმში. მზად ვართ, გადავდგათ ყველა ნაბიჯი იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას. გვაქვს გაცხადებული მიზანი, 2030 წელს გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ქვეყანა. ამისათვის ქვეყანა იქნება თავიდან ბოლომდე მზად 2030 წლისთვის. თუ იქნება სამართლიანი და ჯანსაღი მიდგომა, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ევროინტეგრაციას ვერაფერი დაუდგება წინ. ვართ მშვიდად, მოლოდინის რეჟიმში. პრაგმატულად ვაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით. იმედია, რომ აქაც გადაიდგმება ჯანსაღი და სამართლიანი ნაბიჯები ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან.

რაც შეეხება ჩინეთთან ურთიერთობას - ჩინეთთან ურთიერთობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია ჩვენი ქვეყნისთვის, ხელისუფლებისთვის. ჩვენი ამოცანაა პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების მაქსიმალურად გაღრმავება ჩინეთთან. შარშანწინ მოვაწერეთ ხელი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს შეთანხმება კონკრეტულ შედეგებში აისახოს მომავალშიც. ამაზე აქტიური მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება.
ნატოსთან აქტიურად ვთანამშრომლობთ, მათ შორის, ერთობლივი წვრთნებისა და სხვა ღონისძიებების ფორმატში. აქტიურად ვმუშაობთ არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით, რასაც აქვს თავისი შედეგი. ბუნებრივია, ვაგრძელებთ მოქმედებას ე.წ. პრაგმატული პოლიტიკით, რასაც ალტერნატივა არ აქვს ჩვენი ქვეყნისთვის. ამ პრაგმატულმა პოლიტიკამ მოიტანა თავისი კონკრეტული შედეგები.

ცალკე მინდა, აღვნიშნო სამშვიდობო ინიციატივები, რომლებიც განხორციელდა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში. ეს იყო 51 ჰუმანიტარული, ნდობის აღდგენის პროექტი, 16 ქართულ-აფხაზური ერთობლივი ბიზნესინიციატივა, ჩვენ ვუმკურნალეთ 1422 პაციენტს ოკუპირებული რეგიონებიდან. ეს არის მხოლოდ მცირე ჩამონათვალი იმ ღონისძიებებისა, რომლებიც ხორციელდება. რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ნდობის აღდგენას. განვახორციელებთ სამშვიდობო ინიციატივებს, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი.

ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა მმართველობის სისტემის შემდგომი დახვეწა. შარშან მე განვაცხადე, რომ ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი იქნება კორუფციის მაქსიმალურად შემცირება ქვეყანაში. გვაქვს მაღალი მონაცემები საერთაშორისო რეიტინგებში, ვუსწრებთ ევროკავშირის 7-8 ქვეყანას კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, თუმცა არ შეიძლება ამით დავკმაყოფილდეთ. გვაქვს ამბიციური მიზანი - შევიდეთ მსოფლიო სამეულში კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. პოლიტიკური ნება არსებობს, დანარჩენი დამოკიდებულია ამ ნების აღსრულებაზე. ყველა პირობა გვაქვს იმისათვის, რომ ეს შედეგი მივიღოთ ახლო მომავალში. ამისათვის საქართველოს მთავრობამ კონკრეტული ნაბიჯებიც გადადგა გასული წლის განმავლობაში და მიმდინარე წელს - როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს ყველა აქტის გასაჯაროებას, ყველაფერი დევს ხელის გულზე, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გაეცნოს მთავრობის აქტებს, ყველაფერი არის აბსოლუტურად გამჭვირვალე. დღემდე ეძიებიან მთავრობის აქტებს, თუმცა მათთვის საინტერესო ვერაფერი ნახეს კრიტიკის მოსურნეებმა, ვინაიდან მთავრობა მუშაობს გამჭვირვალედ და პრინციპების შესაბამისად, ასე გავაგრძელებთ მომავალშიც. ასევე კითხვები დაისვა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ იყო გასაჯაროებული საჯარო მოსამსახურეთა დეკლარაციები. დავინტერესდი, ჩავერიე და მეორე დღესვე ყველა დეკლარაცია გაიხსნა. აქაც ეძიებენ გარკვეულ საკითხებს, თუმცა წარუმატებლად, რაც არის ძალიან კარგი. ჩვენ უარი ვთქვით უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკაზე. თავისთავად, ეს პრაქტიკა შეიცავს რისკებს, მათ შორის, კორუფციის რისკებს. აქედან გამომდინარე, მივიღეთ პრინციპული გადაწყვეტილება და უძრავი ქონების, მათ შორის, მიწის რესურსის პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკა დასრულდა საქართველოს მთავრობის მხრიდან, ესეც იყო ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი.
საჯარო სამსახურში კადრების ოპტიმიზაცია იყო ჩვენ მიერ მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. დავიწყეთ სახელმწიფო საწარმოებით, თუმცა ეს ნაბიჯი მოიცავს სხვა სტრუქტურებსაც. მხოლოდ სახელმწიფო საწარმოებში, ენერგეტიკისა და რკინიგზის სახელმწიფო საწარმოებში ოპტიმიზაციის ხარჯზე ჩვენ უკვე მოვახერხეთ 60 მლნ ლარზე მეტის დაზოგვა წლიურ ჭრილში. ეს ნიშნავს იმას, რომ 4 წლის განმავლობაში გამოგვითავისუფლდა 240 მლნ ლარი, რომელიც კონკრეტული პროექტების განხორციელებისკენ შეგვიძლია მივმართოთ. ეს მხოლოდ დასაწყისია, ოპტიმიზაციის რესურსი დამატებით არსებობს და გაგრძელდება მუშაობა ამ მიმართულებით. ასევე ეს ნაბიჯი ჩვენ მოგვცემს სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმის გატარების საშუალებას.

აქტიურად ვმუშაობთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად დაიხვეწოს საჯარო შესყიდვების პრაქტიკა და ინფრასტრუქტურული სამუშაოების ხარჯეფექტიანობის, ხარისხის ზედამხედველობის პრაქტიკა. ამ კუთხითაც ძალიან კონკრეტული ნაბიჯები იქნება გადადგმული. მათ შორის, ერთ-ერთი რაც უკვე ნაწილობრივ ვახსენე, არის პროექტების სტანდარტიზაციის პრაქტიკის დანერგვა, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის მასშტაბით განსავითარებელ ინფრასტრუქტურას. ეს შეიძლება იყოს სკოლები, საბავშვო ბაღები, მულტიფუნქციური სპორტული ცენტრები და ა.შ. სტანდარტიზციის პრაქტიკის შემოღება, მათ შორის, პროექტირების ხარჯებს შეამცირებს, ასევე უზრუნველყოფს კორუფციის შემცირებას, რისკების დაზღვევას, გაიზრდება სამუშაოების შესრულების ხარისხი. გარდა ამისა, გაძლიერდება კონტროლის სისტემა, ამისთვის იქნება უზრუნველყოფილი რამდენიმე სამსახურის კოორდინაცია. პირველ რიგში, ჩვენ დავეყრდნობით სუს-ს, ანტიკორუფციულ სამსახურს, ძალიან მნიშვნელოვანია კოორდინაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან, იმუშავებს აქტიურად მთავრობის ადმინისტრაცია, გავაძლიერეთ მთავრობის ადმინისტრაციაში ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომელიც მათ შორის ამ საკითხებით იქნება დაკავებული. ძალიან მნიშვნელოვანია პროკურატურის, შსს-ს როლი. ყველა შესაბამისი უწყება იქნება ჩართული იმისათვის, რომ მაქსიმალურად დავაზღვიოთ კორუფციის რისკებისგან ჩვენი სახელმწიფო.
ნარკოტიკებთან ბრძოლა არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, რაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებებიდან მკაფიოდ გამოჩნდა. გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები, უპრეცედენტო მოცულობის ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღო შინაგან საქმეთა სამინისტრომ. 18 მსხვილი ნარკორეალიზატორი იქნა დაკავებული სპეციალური ოპერაციის შედეგად სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ. შსს-ს ეკუთვნის განსაკუთრებული მადლობა ამ ქმედებებისთვის. არ გავჩერდებით და მომავალშიც ძალიან ქმედითი ნაბიჯები იქნება გადადგმული იმისათვის, რომ მაქსიმალურად შევამციროთ ნარკოტიკების მოხმარება ჩვენს ქვეყანაში და ვიქნებით შეურიგებელი ნარკოტიკების რეალიზატორების მიმართ. ეს ყველამ ძალიან კარგად უნდა დაიმახსოვროს.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომელიც უკავშირდება ფსიქოტროპული პრეპარატების იმპორტს ჩვენს ქვეყანაში, რაც იყო ერთ-ერთი წამახალისებელი ფაქტორი ამ მედიკამენტების არადანიშნულებისამებრ გამოყენებისათვის. აგრეთვე მივიღეთ გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ჩანაცვლებითი პროგრამა განხორციელდება მხოლოდ სახელმწიფო დაწესებულებების მიერ. აქაც საზოგადოებას ჰქონდა სერიოზული კითხვის ნიშნები პრაქტიკასთან დაკავშირებით, რამდენად სწორი იყო ეს პრაქტიკა. სახელმწიფო დააზღვევს ნებისმიერ მანკიერებას ამ მიმართულებით, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ ვინმემ არალეგალური ან ლეგალური ფორმით განახორციელოს ნარკოტიკების რეალიზაცია ჩვენს ქვეყანაში და ეს ნაბიჯი სწორედ ამ მიზანს ემსახურება.
მთლიანობაში თითოეული ის ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა საქართველოს მთავრობის მხრიდან, ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვას. ყველას კარგად გვესმის, რომ მშვიდობისა და სტაბილურობის გარეშე არ არსებობს არაფერი. აზრი არ აქვს არც ეკონომიკის განვითარებას, არც ჯანდაცვის მიმართულებაზე, არც კულტურასა და სპორტზე ზრუნვას. მთავარია მშვიდობა და სტაბილურობა. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გაკეთდა ყველაფერი იმისთვის, რომ შეგვენარჩუნებინა მშვიდობა, სტაბილურობა და დაგვეცვა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ეროვნული სუვერენიტეტი. მინდა, ამისთვის თითოეულ თქვენგანს გადაგიხადოთ მადლობა. რა თქმა უნდა, საქართველოს პარლამენტის ჩართულობისა და გადაწყვეტილების გარეშე ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა.

მინდა, ამ ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ჩვენ ვსაუბრობდით კონკრეტულ მიღწევებზე, მათ შორის მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაზე, ეკონომიკის განვითარებაზე, სხვადასხვა დარგის განვითარებაზე და, რა თქმა უნდა, ყველა ეს მიღწევა არის პირადად ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურება, რომელმაც 2012 წელს რადიკალურად შეცვალა ხელისუფლების მიდგომა საკუთარი ქვეყნისა და საკუთარი ხალხის მიმართ. ხელისუფლება გახდა მზრუნველი საკუთარი ხალხის, ადამიანების მიმართ და ხელისუფლება გახდა მზრუნველი საკუთარი ეროვნული ინტერესების მიმართ. ამის გამოძახილია ის შედეგები, რომლებზეც მე დღეს მქონდა საუბარი, დაწყებული მშვიდობის შენარჩუნებით და დამთავრებული ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპით, რომელსაც მიაღწია ჩვენმა ქვეყანამ. კიდევ ერთხელ მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს ამისათვის.
ჩვენ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გამოვიარეთ მნიშვნელოვანი პროცესი, რაც უკავშირდებოდა სახელმწიფო სუვერენიტეტსა და ქვეყნის კონსტიტუციურ წესრიგზე ძალადობრივ თავდასხმას, რომელიც განხორციელდა ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში. ყველას გვახსოვს ძალიან მძიმე ხუთი დღე, როდესაც წინასწარ შემუშავებული გეგმით, კონკრეტული ძალადობრივი ჯგუფები დაუპირისპირდნენ სახელმწიფოებრივ ინტერესებს და სახელმწიფო სუვერენიტეტს და ეს ყველაფერი განხორციელდა გარე ჩარევის საფუძველზე, რაც იყო სრულიად ნათელი და აშკარა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერავის მივცემდით სახელმწიფო სუვერენიტეტის და კონსტიტუციური წესრიგის ხელყოფის შესაძლებლობას და აქ მე მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს ძალოვან სტრუქტურებს, შსს-ს, თითოეულ პოლიციელს, რომლებიც ამ ძალადობრივი თავდასხმის აღკვეთაში იყვნენ ჩართული. მადლობა მათ ამისათვის - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ყველა ძალოვან სტრუქტურას, რომლებმაც წარმატებით უზრუნველყო ამ თავდასხმის აღკვეთა.

მთავარი მადლობა ეკუთვნის ქართველ ხალხს, რომ არა ქართველი ხალხი, მისი სიბრძნე, მისი მხარდაჭერა, ვერცერთი შედეგი ვერ იქნებოდა მიღწეული. გადამწყვეტი იყო ქართველი ხალხის ნება, რომელიც გასული წლის 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში გამოვლინდა. ეს იყო ძალიან რთული არჩევნები, იყო ძალიან სერიოზული, უხეში გარე ჩარევა, იყო ყალბი გზავნილის თავსმოხვევის მცდელობა, თითქოს ეს იყო რეფერენდუმი რუსეთსა და ევროპას შორის, ასეთი გზავნილები კარგად გახსოვთ. სინამდვილეში ეს იყო ნამდვილად რეფერენდუმი, ოღონდ სასწორზე იდგა ორი სხვადასხვა რამ, ეს იყო ომი და მშვიდობა. საბოლოო ჯამში ქართველმა ხალხმა სწორედ თავისი სიბრძნით მიიღო პრინციპული გადაწყვეტილება მშვიდობის სასარგებლოდ და სწორედ ქართველი ხალხის დამსახურებაა, პირველ რიგში, ის, რომ ქვეყანას აქვს მშვიდობა და ქვეყანა აგრძელებს სტაბილურ განვითარებას. კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა ქართველ ხალხს ამისათვის.

მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს დედაეკლესიას, მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში, წლების და საუკუნეების განმავლობაში დგას ჩვენი ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე. ყოველ ჯერზე, მათ შორის რთულ მომენტებში, ეს ძალიან მკაფიოდ გამოვლინდა. მადლობა ჩვენს დედაეკლესიას და უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს ამისათვის.
გარედან მუდმივი რყევის ფონზე,ვიღაცებმა ჩათვალეს, რომ სახელმწიფო იყო დასუსტებული და გადაწყვიტეს, ეძალადათ სახელმწიფოზე, მათ შორის, ამის გამოვლინება იყო ნოემბერ-დეკემბრის მოვლენებიც.
რატომღაც ძალიან ბევრი სუბიექტი იყო დიდ გულზე ჩვენს სახელმწიფოსთან. ვხედავდით მცდელობებს იმისა, რომ გარედან დაესუსტებინათ სახელმწიფო ინსტიტუტები, ფარული დაფინანსებით გაეკეთებინათ ეს ყველაფერი, მაგალითად, გარე ფარული დაფინანსებით ცდილობდნენ შეერყიათ ჩვენი ეკლესიის რეპუტაცია, აფინანსებდნენ ლგბტ პროპაგანდას, პოლიტიკურ აქციებს და ა.შ. ეს ყველაფერი ხდებოდა ფარულად, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისგან ფარულად. რატომღაც გადაწყვიტეს, რომ ეს ყველაფერი გაუვიდოდათ და იქნებოდა შესაძლებელი.

თქვენ გახსოვთ ასევე, მაგალითად, პირდაპირ უხეში ჩარევა სასამართლოს დამოუკიდებლობაში, არაერთი ჩარევა, მაგრამ მინდა გაგახსენოთ ერთი კონკრეტული ფაქტი, როდესაც ჩვენი მართლმსაჯულების სისტემის კონკრეტული მოსამართლე დაიბარა ერთ-ერთი საელჩოს წარმომადგენელმა და მოსთხოვა ანგარიში კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, პირდაპირ დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, ვენის კონვენცია, დაარღვია და ფეხქვეშ გათელა ყველა პრინციპი სამართლის და დიპლომატიური ურთიერთობების. ამის შემდეგ ამ საქმეზე სტრასბურგის სასამართლომაც გამოიტანა გადაწყვეტილება და მან თავიდან ბოლომდე სამართლიანად სცნო ქართველი მოსამართლის გადაწყვეტილება, თუმცა ბოდიშიც არავის მოუხდია. ვიღაცამ ჩათვალა, რომ შეიძლება ასე მოეპყროს ქართულ სახელმწიფოს. ჩათვალეს, რომ სახელმწიფო იყო დასუსტებული და ასე უდიერად ეპყრობოდნენ ჩვენს სახელმწიფოებრიობას და, კონკრეტულად, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას.
ვიღაცამ ჩათვალა, რომ უცხოელს შეეძლო გარედან დაეწერა ჩვენთვის კანონები. მახსოვს, სულ რაღაც 2-3 წლის წინ, როგორ ისხდნენ უცხოელები, მათ შორის, დიპლომატები, რომლებსაც არავითარი შეხება არ შეიძლება ჰქონდეთ კანონმდებლობასთან და კანონშემოქმედებასთან, პირდაპირ მაგიდის გარშემო ისხდნენ და ჩვენთან ერთად, ხშირად ჩვენი გვერდის ავლით წერდნენ ხოლმე და თავს გვახვევდნენ კანონებს. ვიღაცამ ჩათვალა, რომ სახელმწიფო იყო დასუსტებული და შეიძლებოდა ასე მოქცეოდნენ ქართულ სახელმწიფოს.

ასევე მახსოვს, როგორ გვკარნახობდნენ გარედან, ვინ უნდა დარჩენილიყო, მაგალითად, შინაგან საქმეთა მინისტრად და ვინ არა. ასეთი ფაქტებიც იყო გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ჩათვალეს, რომ სახელმწიფო დაასუსტეს და ასე უხეშად შეიძლებოდა მოქცეოდნენ. ჩათვალეს, რომ შეიძლებოდა შეურაცხყოფა მიეყენებინათ, ხელი გაერტყათ პოლიცილებისთვის და ეს უნდა ყოფილიყო მისაღები მოვლენა.
რატომღაც ასე ჩათვალეს, რომ სახელმწიფო იყო დასუსტებული და მას არ ექნებოდა ამაზე რეაგირების შესაძლებლობა. ჩათვალეს, რომ ვიღაცას შეიძლებოდა არ ეღიარებინა საპარლამენტო არჩევნების შედეგები, პარლამენტი არ შემოსულიყო ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში და ამის საფუძველზე ჩვენ უნდა დაგვეწყო მოლაპარაკებები და ხელი უნდა მოგვეწერა თავსმოხვეულ ანტიკონსტიტუციურ შეთანხმებაზე. ჩათვალეს, რომ დასუსტებული იყო სახელმწიფო და ასე შეიძლებოდა მოქცეოდნენ.
ასევე ვიღაცებმა ჩათვალეს, რომ როდესაც იყო ასაშენებელი, მაგალითად, ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ჰიდროელექტროსადგური, ვიღაცები შეიძლება გამოსულიყვნენ და არ დაეშვათ ეს ყველაფერი. ჩათვალეს, რომ სახელმწიფო არ იყო საკმარისად ძლიერი ამისათვის.

ვიღაცამ ჩათვალა, რომ შეიძლებოდა ფული მოეპარა. ჩათვალა, რომ არ იყო სახელმწიფო საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ ამაზე რეაგირება მოეხდინა. ვიღაც ნარკოტიკს ჰყიდდა, ახალგაზრდებს წამლავდა და ა.შ. ეს ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია. ვიღაცებმა, არასწორმა ადამიანებმა, უცხოელებმა, ქართველებმა მიიჩნიეს, რომ გარე რყევების საფუძველზე სახელმწიფო იყო დასუსტებული და შეიძლებოდა დაპირისპირებოდნენ. ჩვენ დღეს გვაქვს სრულიად ახალი რეალობა. არასდროს არ დავუშვებთ თვითნებობას და ძალადობას სახელმწიფოს წინააღმდეგ - არც ქვეყნის გარედან და არც ქვეყნის შიგნიდან.
კორუფციის მიმართ ვიქნებით სრულიად შეურიგებლები. ეს არის ახალი გუნდის შერჩევის მთავარი კრიტერიუმი საქართველოს მთავრობაში. კეთილსინდისიერება არის მთავარი. ზოგადად, როდესაც საუბარია საკადრო გადაწყვეტილებებზე, ორ ძირითად კრიტერიუმს ენიჭება ხოლმე უპირატესობა - ეს არის კეთილსინდისიერება და საქმის ცოდნა, პროფესიონალიზმი. თუმცა კეთილსინდისიერება მაინც არის უმთავრესი პრიორიტეტი. პროფესიონალიზმი შეიძლება ისწავლო, მაგრამ თუ კეთილსინდისიერად არ უდგები საქმეს, პროფესიონალიზმს არ აქვს არავითარი ფასი. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება სამთავრობო გუნდის კეთილსინდისიერებაზე და ეს ყველაფერი უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენ გვექნება ძალიან დიდი მიღწევები ამ მიმართულებით.

ნარკოტიკული დანაშაულის მიმართ ვიქნებით აბსოლუტურად შეურიგებლები. ვერავის მივცემთ ჩვენი თანამოქალაქეების, მათ შორის, ახალგაზრდების მოწამვლის საშუალებას; ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ გარე დაფინანსებით, გაუმჭვირვალედ დააფინანსონ პრონარკოტიკული კამპანიები ჩვენს ქვეყანაში; წაახალისონ მარიხუანის, კლუბური ნარკოტიკების და სხვა მსგავსი საშუალებების მოხმარება. მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ გამჭვირვალობის შესახებ და გრანტების შესახებ კანონის მიღებისთვის. სწორედ ასეთი ქმედებების წინააღმდეგ არის მიმართული ეს კანონმდებლობა. ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ გარე დაფინანსებით, საზოგადოებისგან მალულად ასეთი მანკიერება შემოიტანონ ჩვენს ქვეყანაში.
არ დავუშვებთ თვითნებობას სახელმწიფოს წინააღმდეგ, დავუპირისპირდებით სახელმწიფო ინსტიტუტების, ჩვენი დედაეკლესიის დაკნინების ნებისმიერ მცდელობას. ამ ყველაფერს ვხედავთ ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში და ესეც ხდებოდა გარე დაფინანსებით, საზოგადოებისგან ფარული დაფინანსებით მთელი ამ წლების განმავლობაში. ამას, რა თქმა უნდა, ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავუშვებდით და არც მომავალში დავუშვებთ. დავუპირისპირდებით ძალიან მკაცრად სახელმწიფო სუვერენიტეტის ხელყოფის, სახელმწიფოს იდენტობის შერყევის და ყალბი ფასეულობების თავს მოხვევის აბსოლუტურად ყველა მცდელობას. ჩვენ გვაქვს საამაყო ქვეყანა და ძალიან ღირსეული სახელმწიფო. ჩვენი ქვეყანა ითვლის 3 000 წელს და ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ფარნავაზიდან მოყოლებული, ითვლის 23 საუკუნეს. ჩვენი სახელმწიფოებრიობა, სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა დღემდე მოიტანეს ჩვენმა გმირებმა, წინაპრებმა, მათ შორის, 90-იანი წლების ომების გმირებმა, 2008 წლის ომის გმირებმა და გვაქვს ძალიან კონკრეტული პასუხისმგებლობა ჩვენი გმირების, წინაპრების, ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე, რომ მტკიცედ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და ეროვნული ინტერესები. ამისკენ იქნება მთავრობის საქმიანობა მიმართული მომავალშიც.

ჩვენ გვაქვს ორი მთავარი ოცნება, ორი მთავარი ქართული ოცნება - ეს არის ჩვენს ქვეყანაში სიღარიბის საბოლოოდ დაძლევა და ძალიან სწრაფი ტემპით მივდივართ ამ მიმართულებით, საშუალოვადიან პერსპექტივაში გვექნება ამ მიზნის სრულად მიღწევის საშუალება; მეორე - ეს არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რაც არის ჩვენი ეროვნული ოცნება. ყველა ის ნაბიჯი, რომლებიც იდგმება საქართველოს მთავრობის მხრიდან, საბოლოო ჯამში ამ ორი ქართული ოცნების ასრულებისკენ არის მიმართული. დარწმუნებული ვარ, ჩვენი საერთო ძალისხმევით, გუნდური მუშაობით, ყველა ეს მიზანი საბოლოოდ იქნება მიღწეული ჩვენი ქვეყნისთვის, გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის წინსვლა და განვითარება. მადლობა ყურადღებისთვის. ჩვენს ქვეყანას გაუმარჯოს!

аналитика
«The Times» : „ნატოს პოტიომკინური სამიტი სიკვდილის სიგნალებს გზავნის. რა აჩვენა ალიანსის ჰააგის შეხვედრამ“

„ნატოს უმაღლესი დონის შეხვედრამ ჰააგაში, სადაც პროგრამის მთავარ მშვენებად დონალდ ტრამპი გახდა, ევროპის განხეთქილება და გაუბედაობა მხოლოდ მიჩქმალა. ცხადი გახდა, რომ ალიანსი საერთოდ არაფრად არ ღირს აშშ-ის ხელმძღვანელობისა და მხარდაჭერის გარეშე.. და ეს მხარდაჭერა რომ მიიღოს ვაშინგტონიდან, ყველა მისი დანარჩენი წევრი მზად არის მუხლებზე დაიჩოქოს“, - ნათქვამია ბრიტანულ გაზეთ „თაიმსში“ (The Times) დაბეჭდილ სტატიაში სათაურით „ნატოს პოტიომკინური სამიტი სიკვდილის სიგნალებს გზავნის. რა აჩვენა ალიანსის ჰააგის შეხვედრამ: ევროპელი წევრების გაუბედაობა და განხეთქილება მათ რიგებში“ (ავტორი - ედვარდ ლუკასი, პოლიტოლოგი, ჟურნალისტი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

სამხედრო ალიანსს სიმხდალე და მშიშრობა არ შეშვენის, მაგრამ სწორედ ეს სუფევდა ჰააგაში გამართულ ნატოს სამიტზე. ჰოლანდიურ ქალაქში შეკრებილმა ლიდერებმა აჩვენეს, რომ მათ დონალდ ტრამპის წინაშე უფრო მეტ შიშს განიცდიან, ვიდრე ვლადიმერ პუტინის მიმართ.

აშშ-ის პრეზიდენტისათვის რომ ეამებინათ, ნატოს ლიდერებმა შეამოკლედ დღის წესრიგი, უკან დასწიიეს უკრაინა, შეარბილეს რუსეთისადმი კრიტიკული დამოკიდებულება და თავი დაიძვრინეს გადაუდებელი გადაწყვეტილებების მიღებისაგან. ამ მეთოდმა, სამწუხაროდ, იმოქმედა - გარკვეული დროით მაინც.

რუსი თავადი გრიგოლ პოტიომკინი ასეთ მდგომარეობას მოიწონებდა. შთაბეჭდილება რომ მოეხდინა რუსეთის იმპერატორ ეკატერინე II-ზე და სასახლის მუქთამჭამელ გარემოცვაზე, 1787 წელს ოსმალეთისგან წართმეულ ყირიმისაკენ მოგზაურობის დროს, რუსმა დიდებულმა, რომელიც იმ დროს ნოვოროსიის (ყირიმის და ტავრიის) გუბერნატორი იყო, ლეგენდის თანახმად, ბუტაფორული გადასატანი სოფლების იდეა მოიფიქრა. გზის პირას ლამაზ-ლამაზი სახლები ჩაამწკრივა და დედოფალს ასიამოვნა, თუმცა, როგორც ამბობენ, სახლების მიღმა ცარიელი ველ-მინდვრები იყო. დღეს გრიგოლ პოტიომკინის თანამედროვე კოლეგები ნატოს სამიტზე ცდილობდნენ შთაბეჭდილება მოეხდინათ სხვა მბრძანებელზე - იმპერატორ დონალდ I-ზე.

დონალდის თაყვანისმცემლებში ნატოს გენმდივანი მარკ რიუტე ლიდერობს. თავისი პირფერობა-პირმოთნეობით აშშ-ის პრეზიდენტის მიმართ ნიდერლანდების ყოფილმა პრემიერმა თავისი ქვეყნის ეროვნული დამახასიათებელი ნიშანი აჩვენა - პრაგმატიზმი, თანაც ჯერ არნახულ დონეზე. მისი პირადი მისალმება დონალდ ტრამპისადმი (რომელიც ძლევამოსილმა ადრესატმა ჩვეული ფორმით გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში), თითქმის პაროდიად გადაიქცა პრეზიდენტის გამოსვლის ფონზე. მასში გენმდივანმა მადლობა უთხრა „დონალდ I“-ს იმისათვის, რომ მან მოკავშირეებს თავს მოახვია თავდაცვის ხარჯების ახალი დონე, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 5%-ის მოცულობით და აღფრთოვნებით განაცხადა: „ევროპა გადაიხდის იმდენს, რამდენიც საჭიროა და ეს ყველაფერი თქვენი გამარჯვება იქნება“.

იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსეთის საფრთხეს განსაკუთრებით მწვავედ გრძნობენ (მეზობლები - ბალტიისპირეთი, პოლონეთი...), თავიანთ ბიუჯეტში დიდი ხანია 5%-იანი და მეტი ხარჯვა აქვთ სამხედრო სფეროში, მაგრამ მათ არ შეუძლიათ ფული სხვების ნაცვლად იხადონ. „ლიეტუვას შეუძლია 100%-ის გადახდაც, მაგრამ მისი ფული მაინც არ იქნება საკმარისი, რათა დააბალანსოს იმ ქვეყნების ხარჯები, რომლებიც თავიანთ ვალდებულებებს არ ასრულებენ“, - აღნიშნავს ქვეყნის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი.

მათთვის (და ვლადიმერ პუტინისთვის) საბედნიეროდ, სამანევრო სივრცე საკმარისზე მეტია: ამ 5%-ში შევიდა 1,5%-იანი თანმდევი ხარჯები უსაფრთხოებისათვის. წესით და რიგით, ეს თანხა უნდა დაიხარჯოს უკრაინის დასახმარებლად - სამოქალაქო თავდაცვის განსამტკიცებლად და რუსი ჯაშუშების გამოვლენა-დასაჭერად, რაც ნამდვილად ქება-დიდებას იმსახურებს. მაგრამ ამ თანხების ხარჯვის დროს შეიძლება საბუხჰალტრო წიგნების გაყალბებაც... და რაც ყველაზე მთავარია, 5%-იანი ხარჯების ზრდის საბოლოო ვადაა შორეული 2035 წელი, როცა დღევანდელი პოლიტიკოსებისაგან, რომლებიც ჰააგის სამიტში მონაწილეობდნენ, ცოტა ვინმე თუ იქნება ხელისუფლების საჭესთან.

რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, გაზრდილი სამხედრო ხარჯები პოლიტიკურად არაპოპულარულია და ეკონომიკურად დამანგრეველი. „საბჭოთა კავშირს ძირი სწორედ ასეთმა ხარჯებმა გამოუთხარა, როცა ბიუჯეტმა, სამხედრო ასიგნებების ზრდის კვალობაზე,  ვეღარ შეძლო მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და მათი კეთილდღეობის დონის ზრდა“, - ჩაფიქრებულმა ჩაილაპარაკა სამიტის ერთ-ერთმა მონაწილემ. კაცმა რომ თქვას, ნატოს ევროპელი წევრები ერთობლიობაში რუსეთთან შედარებით ათჯერ უფრო მდიდრები არიან. მათ რომ სწორად დახარჯონ დღეს არსებული სამხედრო ბიუჯეტები, ყველაფერი კარგად იქნებოდა, მაგრამ ისინი ვერ ხედავენ, ან განგებ არ ამჩნევენ სახიფათო ხვრელებს თავდაცვაში და იმედს სამომავლო ხარჯებზე ამყარებენ.

სამიტის ოპტიმისტური ტონი ნაკარნახევი იყო ძირითადად იმის გაცნობიერებით, რომ თავიდან იქნა აცილებული კიდევ უფრო დიდი კატასტროფა. ჯერ ერთი, რომ სამიტი, პრინციპში, შედგა, თუმცა რამდენიმე თვის წინათ მისი ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა; მეორე - დონალდმა კეთილი ინება და ჰააგაში ჩაბრძანდა. საბედნიეროდ, სკანდალიც კი არ აუტეხავს. ნათელი გახდა, რომ დონალდი და მისი ადმინისტრაცია ევროპის ტავდაცვას ძველებურად მხარს უჭერს - უკიდურეს შემთხვევაში, სიტყვით მაინც. ვლადიმერ პუტინთან მისი  მეგობრული ურთიერთობის მიუხედავადა, სამიტის ერთობლივ კომუნიკეში რუსეთი მაინც ნეგატიურად არის მოხსენიებული - „გრძელვადიან საფრთხედ“ (თუმცა ეპითეტი „უშუალო“ რომ გამოეყენებინათ, უფრო კარგი იქნებოდა). დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას თავი აარიდა ასეთი შეფასების პირდაპირ დადასტურებას და მხოლოდ იმით შემოიფარგლა, რომ თქვა - „რუსეთის ლიდერი შეცდომებს უშვებსო“.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წინა სამიტების დროს გამოთქმული დაფიცებები და დაპირებები ჰააგის სამიტის დეკლარაციაში აღარ განმეორებულა, თუმცა არც გაუქმებულა. ვოლოდიმირ ზელენსკის ნატოს ლიდერების შეხვედრაზე უკვე აღარ დაუძახეს, მაგრამ მისთვის ტაშისკვრა არ შეუწყვეტიათ. მისი შეხვედრა „ტეტ-ა-ტეტ“ აშშ-ის პრეზიდენტთან ძალიან ზრდილობიანად გაიმართა. „რა თქმა უნდა, მას არ შეეძლო სიყვარულის გამომხატევლი ყოფილიყო“, - შეაფასა დონალდ ტრამპმა მისი მდგომარეობა და მიანიშნა, რომ შეიძლება მიჰყიდოს უკრაინას კიევისათვის უკიდურესად აუცილებელი ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემები, კერძოდ, „პეტრიოტის“ საზენიტო-რაკეტული კომპლექსი.

ეს სასიამოვნო ახალი ამბავი იმ პრეს-კონფერენციაზე გაჟღერდა, რომელზეც დონალდ ტრამპი პირდაპირ სხივებს აფრქვევდა თვითკმაყოფილებისაგან. მან აღიარა, რომ მისმა ნატოელმა კოლეგებმა ალიანსის მიმართ დამოკიდებულება შეცვალეს და აჩვენეს, რომ „მათ ნამდვილად უყვართ თავიანთი ქვეყნები და რომ სამხედრო ხარჯები ზრდა ვიღაცის აჩემებული საკითხი არ არის“. ნატოს მიმართ მისი მრავალწლიანი უგულებელყოფა და „აბუჩად აგდება“ ამჟამად აღტაცებული მოწონებით შეიცვალა.

თუმცა მანამდე სულ რაღაც რამდენიმე საათის წინ დონალდ ტრამპმა ევროპა თითქმის ისტერიკამდე მიიყვანა, როცა ეჭვის ქვეშ დააყენა ნატოს ძირითადი ვალდებულება კოლექტიური თავდაცვის თაობაზე: მან თქვა, რომ აშშ-ის ერთგულება ნატოს ხელშეკრულების მე-5 პუნქტის მიმართ დამოკიდებულია მის ინტერპრეტაციებზე და განმარტებებზე, რომლებიც საკმაოდ ბევრიაო. როგორც ხშირად ხდება ხოლმე დონალდ ტრამპის განცხადებების ირგვლივ, ამაში არის რაღაც სიმართლე₾ ატლანტიკური ქარტიის ყველაზე ხმაურიანი პუნქტი ალიანსის წევრებს მხოლოდ მოუწოდებს ერთმანეთს დაეხმარონ უცხო ქვეყნის თავდასხმის შემთხვევაში, მაგრამ არამც და არამც არ ავალდებულებს.

თუ განსვსჯით პრობლემის ჭეშმარიტ მასშტაბებს (და არა კატასტროფას, რომლის თავიდან აცილება მოხერხდა), სამიტის შედეგები სრულიად სხვაგვარად გამოიყურება: ასეთი დაჟინებული ყურადღება დონალდ ტრამპის განწყობების მიმართ და სიტყვების გულდასმით შერჩევა ხაზს უსვამს ალიანსის მოწყვლადობას პრეზიდენტის კაპრიზების წინაშე. ნატოს მთლიანობაში მაინც აშშ-ის იმედი აქვს, მის სიმძლავრეს ეყრდნობა, მისი დახმარებით და ხელშეწყობით ცდილობს მრავალრიცხოვანი ბზარების ამოქოლვას. ეს არის საბრძოლო მასალებისა და სათადარიგო ნაწილების მწირი რეზერვები, ჰაერსწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისუსტე, მცირე რაოდენობის შორსმსროლელი ქვემეხები და სუსტი ლოჯისტიკა, დაზვერვის ჩათვლით. ევროპაში რეზერვები თითქმის ფსკერზეა დასული: „ყველაფერი მხოლოდ თითო-თითო დარჩა“, - მითხრა ამას წინათ ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილმა სარდალმა, გენერალმა ფრედერიკ ბენ-ჰოჯესმა. მოკავშირეები გაოგნებულნი არიან დონალდ ტრამპის ქცევით და მის ჭეშმარიტ ზრახვებზე მკითხაობენ. პოზიტიური ისაა, რომ ალბათ, ვლადიმერ პუტინიც იგივე მდგომარეობაში იმყოფება ტრამპთან მიმართებით. სხვათა შორის, ზოგჯერ ორაზროვნებას უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ნათლად გარკვევას.

მაგრამ საქმების გაჭიანურება და გაუბედაობა არ გამქარალა: როგორც გაბრიელიუს ლანდსბერგისმა შენიშნა, „უკრაინა ყურადღებიდან გამორჩათ“. სანამ სამიტზე ყვედობდნენ და ხმაურობდნენ, რუსული დრონებისა და რაკეტების თავდასხმამ ათობით უკრაინელი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. ევროპა ასეთ სიტუაციას იმდენად მიეჩვია, რომ დაბომბვის ფაქტები  სტატიების სათაურებშიც აღარ  ხვდება. ზოგიერთებისათვის სიმხდალე და გაუბედაობა იაფი ჯდება მაშინ, როცა მის ფასს სხვები იხდიან. 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати