USD 2.7117
EUR 3.1231
RUB 3.3487
Tbilisi
«Financial Times»: „ევროპა შეშფოთებულია დონალდ ტრამპის განცხადებით, რომ აშშ-რუსეთის მოლაპარაკება ბრიუსელისა და კიევის გარეშე გაიმართება“
Date:  471

ბრიტანული გაზეთის „ფაინენშელ თაიმსის“ (Financial Times) 14 თებერვლის ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით „ევროპა შეშფოთებულია დონალდ ტრამპის განცხადებით, რომ აშშ-რუსეთის მოლაპარაკება უკრაინაში ომის შეწყვეტის მიზნით ბრიუსელისა და კიევის გარეშე გაიმართება“ (ავტორები - ჰენრი ფოი, ქრისტოფერ მილერი და ფელიცია შვარცი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ევროპელი ოფიციალური პირები შეძრულნი არიან: დონალდ ტრამპმა ისინი აშშ-სა და რუსეთს შორის უკრაინასთან დაკავშირებული სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესიდან „ამოაგდო“. ამავე დროს ევროპელი მაღალჩინოსნები შიშობენ, რომ სწორედ მათ ქვეყნებს დააწვებათ მხრებზე იმ ხარჯების უდიდესი ნაწილი, რომელიც უკრაინის ომისშემდგომ აღდგენას და უსაფრთხოების უზრუნველყოფას დაჭირდება.

როცა დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ „საომარი მოქმედებების შესაწყვეტად მოლაპარაკება დაუყონებლივ დაიწყებაო“, ამ ამბავმა ევროპულ დედაქალაქებზე განსაცვიფრებელი გავლენა მოახდინა. ევროპელი ლიდერების სამწუხაროდ, მათ ვერანაირად ვერ დაასაბუთეს თავიანთი მონაწილეობის აუცილებლობა კონფლიქტის დარეგულირების პროცესში.

როგორც „ფაინენშელ თაიმსთან“ ინტერვიუებში ევროპელმა მაღალჩინოსნებმა აღიარეს, ისინი აქედანვე გრძნობენ, რომ ამერიკის პრეზიდენტი ევროპას იძულებულს გახდის უკრაინის დანგრეული ეკონომიკის აღდგენისა და იქ სამშვიდობო ქვედანაყოფების სავარაუდო განთავსების ფასი გადაიხადოს, ანუ ისეთი გადაწყვეტილებებისათვის, რომელშიც ევროპა მონაწილეობასაც კი ვერ მიიღებს.

„ამერიკელების აზრით, ევროპას არავითარი როლის შესრულება არ შეუძლია იმ მასშტაბურ გეოპოლიტიკურ საკითხებში, რომლებიც კონფლიქტს უკავშირდებიან. როგორც ჩანს, ეს ფაქტი ევროპული ერთიანობის გამოცდა იქნება“, - თქვა ევროკავშირის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა, - „დონალდ ტრამპი ჩვენი სახით მხოლოდ ფულს ხედავს. გულახდილად რომ ვთქვათ,ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია, როგორი იქნება ჩვენი როლი და ადგილიმოლაპარაკების მაგიდასთან იმ შემთხვევაშიც კი, ფულს თუ გადავიხდით“.

იმ დროს, როცა აშშ-ის თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეტი „რამშტაინის“ საკონტაქტო ჯგუფის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ უკრაინას ტერიტორიული დათმობებზე დათანხმება მოუწევსო, ექვსმა ევროპულმა ქვეყანამ - გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ჩათვლით - განაცხადეს, რომ „მზად არიან გააძლიერონ კიევისადმი მხარდაჭერა“ და ხაზი გაუსვეს, რომ „მხარს უჭერენ უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას“, „რუსეთის აგრესიის“ ფონზე.

ერთობლივ განცხადებაში, ევროპის კომისიის მონაწილეობით, ასევე ნათქვამია: „ჩვენ გვსურს განვიხილოთ მომდევნო ნაბიჯები ჩვენს ამერიკელ მოკავშირეებთან ერთად... ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ უკრაინა და ევროკავშირი აუცილებლად უნდა მონაწილეობდნენ აშშ-რუსეთის მოლაპარაკებაში“.

ევროპელი ლიდერები და მინისტრები იმედოვნებენ რაღაცას მაინც გაიგებენ დონალდ ტრამპის გეგმებთან დაკავშირებით, როცა ისინი მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეიმს დევიდ ვენსს და უკრაინის საკითხებში დონალდ ტრამპის სპეცწარმომადგენელს, გადამდგარ გენერალს კიტ კელოგს შეხვდებიან

ნატოს წარმომადგენლებს იმედი არ აქვთ, რომ კიტ კელოგი მათ ყველაფერს გაანდობს და ამერიკის მიზნებზე სრულად და დაუფარავად ისაუბრებს, მაგრამ იმავდროულად ელოდებიან, რომ გენერალი უახლოეს ხანში ევროპულ დედაქალაქებსაც ეწვევა და იქაურ ლიდერებს შეხვდება.

სხვათა შორის, დონალდ ტრამპმა კიტ კელოგი რუსეთთან მომლაპარაკებელი ჯგუფის სიაში არ შეიყვანა და ამით ევროპელებში ეჭვებისა და განხეთქილების შეგრძნება გააღრმავა.

როცა დონალდ ტრამპმა მოლაპარაკების დაწყება გამოაცხადა, საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, ესპანეთის და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრები კაია კალასს - ევროკავშირის უმაღლეს წარმოამდგენელს საგარეო საკითხებში - შეხვდნენ, შემხვედრი სტრატეგიის შესამუშავებლად.

„ამ გაურკვევლობისა და ცვლილებების პერიოდში უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ევროპელებს წარმოდგენა ჰქონდეთ, თუ რა ხდება საერთოდ და მიმდინარე პროცესი გააცნობიერონ“, - განაცხადა ხოსე მანუელ ალბარესმა, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

„სამართლიანი იქნება თუ ვიტყვით, რომ ევროპის გარეშე ევროპულ უსაფრთხოებაზე მოლაპარაკება შეუძლებელია, - ხაზი გაუსვა ესპანელმა პოლიტიკოსმა, - ჩვენ უადგილოდ მიგვაჩნია ნებისმიერი იმ საკითხის განხილვა უკრაინის გარეშე, რომელიც უკრაინას ეხება“.

რუსეთთან მოლაპარაკებისათვის დონალდ ტრამპმა უკვე შექმნა ოფიციალური ჯგუფი, რომელშიც შედიან სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ჯონ რეტკლიფი, მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკიტხებში მაიკ უოლცი და სპეწარმომადგენელი სტივენ ვიტკოფი, რომელიც მოსკოვთან ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებდა ამერიკელი მასწავლებლის მარკ ფოგელის რუსული საპყრობილედან გასათავისუფლებლად. მისი მცდელობა წარმატებით დასრულდა, რუსეთმა მარკ ფოგელი ციხიდან გამოუშვა.

კიევმა იმედგაცრუება გამოხატა ევროპელი ლიდერების უმოქმედობით. „აშკარაა, რომ ყველა ელოდება, თუ როდის მოვა დონალდ ტრამპი და განკარგულებებს გასცემს“, - თქვა ერთ-ერთმა უკრაინელმა მაღალჩინოსანმა ანონიმურობის დაცვით.

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელსაც დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინთან საუბრის შემდეგ დაურეკა, მიუნჰენში გასამგზავრებლად ემზადება. მას ადრეც არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ მხოლოდ ევროპული გარანტიები უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად არასაკმარისია, აუცილებელია გარანტორებს შორის ამერიკაც იყოს.

ევროპელი პოლიტიკოსების აზრით, დონალდ ტრამპს არ სურს, რომ მისმა ქვეყანამ რაიმე როლის შესრულება იკისროს უკრაინის ომისშემდგომი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. თეთრი სახლი დარწმუნებულია, რომ ევროპული ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა თვითონ უშუალოდ ევროპელებმა უნდა უზრუნველყონ.

როგორც აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეტმა განაცხადა ბრიუსელში, „რამშტაინის“ საკონტაქტო ჯგუფის სხდომაზე, უკრაინის სამომავლო დახმარების ლომის წილი - სამხედრო და არასამხედრო თვალსაზრისით - თავის თავზე ევროპამ უნდა აიღოს. მან ასევე გამორიცხა აშშ-ს ჯარების გადასროლა უკრაინაში ნატოს სამშვიდობო მისიის ჩარჩოებში, ომის დასრულების შემდეგ. „უსაფრთხოების ნებისმიერი გარანტია განმტკიცებული უნდა იყოს ევროპული და არაევროპული ჯარების მიერ, მაგრამ ამერიკის არმიის გარეშე“.

„სცენარი იმისა, თუ როდის იტყვის ამერიკა  - „ჩვენ ზავი დავდეთ, დანარჩენი კი თქვენი საქმეა. თუ რამე გასახვეტია, თქვენ უნდა გახვეტოთ“ - ასეთი დამოკიდებულება ჩვენ არ გვაწყობს“, - თქვა ერთ-ერთმა დიპლომატმა ევროკავშირიდან, რომელიც შექმნილი სიტუაციის განხილვაში მონაწილეობდა. „არსებობს იმის ზღვარი, რის მიწოდებაც ევროკავშირს მარტო თვითონ შეუძლია - ფულის, იარაღის და გარკვეულ მომენტში, ალბათ, სახმელეთო ქვედანაყოფებისაც“, - დაამატა მან.

ევროკავშირის დიპლომატები სულ უფრო ძალიან ნერვიულობენ იმ სიძნელეების გამო, რომლებსაც მაღალჩინოსანი თანამდებობის პირები აწყდებიან, თვით ევროკომისიის ხელმძღვანელის ურსულა ფონ დერ ლაიენის ჩათვლითაც კი, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წევრებთან შეხვედრების ორგანიზების საკითხში.

ევროკავშირის ქვეყნების მთავრობებს არცთუ იშვიათად უწევთ ხოლმე ინფორმაციების მოპოვება დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმაზე მხოლოდ პირადი კონტაქტების მეშვეობით, რასაც შემდეგ პარტნიორებს უზიარებენ.

„ევროპულ ინსტიტუტებს ჯერ კიდევ არ ჰყავთ ისეთი ადამიანი, რომელსაც დონალდ ტრამპთან პირდაპირი კონტაქტები ექნება, მოლაპარაკების მიზნით“, - აღიარა საქმეში ჩახედულმა ერთ-ერთმა დასავლელემა ჩინოვნიკმა.

ჯეიმს დევიდ ვენსი და ურსულა ფონ დერ ლაიენი ერთმანეთს სამშაბათს შეხვდნენ, მაგრამ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ევროკომისიის ხელმძღვანელთან უკრაინასთან დაკავშირებულ სამომავლო მოლაპარაკების ირგვლივ თითქმის სიტყვა არ დასცდენია, - თქვა ერთ-ერთმა წყარომ და დასძინა, რომ ამ მხრივ, დონალდ ტრამპის აზრით, კიტ კელოგი უფრო მნიშვნელოვან მოსაუბრედ ითვლება.

„აშშ-ის წინა ადმინისტრაციები ვაშინგტონ-ბრიუსელის დიალოგს, როგორც ტრანსატლანტიკური ალიანსის ერთიანობის გამოხატვის სიმბოლოს, მაღალ დონეზე აფასებდნენ“, - აღნიშნა ჯერემი შაპირომ, ევროსაბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კვლევების პროგრამების დირექტორმა, - „მაგრამ დონალდ ტრამპს და მის გუნდს ამ მხრივ დღემდე რაიმე ინტერესი არ გამოუჩენია. როლი, რომელიც ტრამპმა მოუმზადა ევროპელებს, არის ის, რომ ყველაფრის ფასი ევროპამ უნდა გადაიხადოს. ტრამპი გვეუბნება: „არავითარი დაფნის გვირგვინი არ გექნებათ, შეხვედრებზეც კი არ დაგიძახებთ... და საერთოდ, ხმა არ ამოიღოთ“.

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way