USD 2.7117
EUR 3.1231
RUB 3.3487
Тбилиси
IDFI-ი: 2020-2022 წლებში აღმასრულებელი ხელისუფლების 394-მა თანამდებობის პირმა მიიღო 27.8 მლნ. ლარის ღირებულების საჩუქარი
дата:  377

2020-2022 წლებში აღმასრულებელი ხელისუფლების 394-მა თანამდებობის პირმა ან მისმა ოჯახის წევრმა მიიღო 27.8 მილიონი ლარის ღირებულების საჩუქარი. მათ შორის:

ფულადი საჩუქარი - 16,6 მილიონი ლარი
უძრავი ქონება - 9.1 მილიონი ლარი
ავტომობილები და სხვა ფასიანი ნივთები - 2.1 მილიონი ლარი

კვლევაში მოყვანილი გარემოებები, რომლებიც დაკავშირებულია საჩუქრის მიმღები თანამდებობის პირის და საჩუქრის გამცემი პირის კავშირებთან, საჩუქრისთვის საჭირო ფინანსების ბუნდოვან წარმომავლობასთან და სხვა, ეჭვებს აჩენს მთელი რიგი შემთხვევების კანონიერებასთან დაკავშირებით.

საჯარო მოსამსახურის მიერ საჩუქრის მიღება გარკვეულ რისკებს შეიცავს, რაც  დაკავშირებულია საჩუქრის სანაცვლოდ საჯარო მოსამსახურისგან  სარგებლის მიღებასთან  და საჯარო სამსახურის რეპუტაციის შელახვასთან. ასევე, საჯარო მოსამსახურის მიერ საჩუქრის მიღება შესაძლებელია დაკავშირებული იყოს კორუფციულ სქემასთან, რომელიც მიზნად ისახავს  უკანონო შემოსავლების დამალვას და მისი ძვირადღირებული საჩუქრის სახით ლეგალიზებას. 

 საჯარო მოსამსახურეების მიერ საჩუქრის მიღებასთან დაკავშირებული რისკები წარმოადგენს საკანონმდებლო რეგულირების საგანს.  „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონის მიხედვით ,„საჯარო მოსამსახურეს ეკრძალება ნებისმიერი საჩუქრის ან მომსახურების მიღება, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მისი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაზე.“  ასევე, კანონი აწესებს შეზღუდვებს საჯარო მოსამსახურის მიერ მიღებული საჩუქრის ღირებულებაზე. კერძოდ, წლის განმავლობაში მიღებული საჩუქრების ჯამური ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს მისი თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 15%-ს, ხოლო ერთჯერადად მიღებული საჩუქრის ღირებულება 5%-ს. კანონის შეზღუდვები ვრცელდება, საჯარო მოსამსახურის ოჯახის წევრებზეც. მაგალითად, ოჯახის თითოეული წევრის მიერ წლის განმავლობაში მიღებული საჩუქრების ჯამური ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 1,000 ლარს, ხოლო ერთჯერადად მიღებული საჩუქრის ღირებულება 500 ლარს.  საჯარო მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ კანონით აკრძალული საჩუქრის მიღება ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.თუმცა, საქართველოს კანონმდებლობით რაიმე სახის პასუხისმგებლობა არ არის გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის ოჯახის წევრისთვის, რომელიც მიიღებს კანონით აკრძალულ საჩუქარს. 

 „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონი, საჯარო მოსამსახურის მიერ საჩუქრის მიღებასთან დაკავშირებით  აწესებს გამონაკლისებს. მათ შორის, კანონის მიზნებისთვის საჩუქრად არ ითვლება ოჯახის წევრისგან და ახლო ნათესავისგან მიღებული საჩუქარი.   კანონის ეს დაშვება წარმოშობს საჯარო მოსამსახურეების მიერ უკანონო შემოსავლების, ოჯახის წევრის ან/და ახლო ნათესავის საჩუქრის სახით ლეგალიზების  საფრთხეებს.  ბოლო პერიოდში ამ კუთხით, მნიშვნელოვანი კითხვები გააჩინა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ მშობლებისგან მიღებულმა სოლიდურმა ფულადმა საჩუქრებმა. მაგალითად, პრემიერ-მინისტრის 2022-2021 წლების დეკლარაციების მიხედვით, მან მშობლებისგან 2 წლის განმავლობაში 300 ათასი ლარის ოდენობის ფულადი საჩუქარი მიიღო. ასევე, მიმდინარე წელს პრემიერ-მინისტრმა კერძო მიზნებისთვის  ჩარტერული რეისით იმგზავრა სამთავრობო თვითმფრინავით, ხოლო ამ რეისის  ხარჯების  დაფინანსების წყაროდ  მისი მშობლისგან მიღებული ფინანსური დახმარება დასახელდა.  საქართველოს კანონმდებლობა პრემიერ-მინისტრს მშობლებისგან მსგავსი ფულადი საჩუქრების მიღებას არ უზღუდავს, თუმცა კითხვებს აჩენს მშობლების ფინანსების  წარმომავლობის შესახებ.

 აღსანიშნავია, რომ საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურეობრივი ურთიერთობებიდან გამომდინარე  საჩუქრის მიღებასთან დაკავშირებით  დამატებით  წესებს   ადგენს საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ  საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის N200 დადგენილება.  მაგალითად, დადგენილების მიხედვით  საჯარო მოსამსახურის მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების განხორციელებაზე გავლენას არ მოახდენს შიდა წყაროდან ქველმოქმედების მიზნით (ავადმყოფობა, სტიქიური უბედურება და ა,შ,) მიღებული  საჩუქარი, სუვენირი ან სხვა სახის სიმბოლური საჩუქარი და სხვა. 


თანამდებობის პირების მიერ მიღებული საჩუქრების გამჭვირვალობა, სავალდებულოა საქართველოს კანონმდებლობით. კერძოდ, თანამდებობის პირი ვალდებულია ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში, ასახოს მისი და მისი ოჯახის წევრის მიერ მიღებული საჩუქრების შესახებ ინფორმაცია, რომლის ღირებულება აღემატება 500 ლარს.

 წინამდებარე კვლევის ფარგლებში, IDFI-მ შეისწავლა 2021-2023 წლებში თანამდებობის პირების და მათი ოჯახის წევრების მიერ მიღებული საჩუქრების შესახებ დეკლარირებული ინფორმაცია.  თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციის შევსების წესის მიხედვით, დეკლარაციაში აისახება წინა წელს მიღებული საჩუქრების შესახებ ინფორმაცია. შესაბამისად, კვლევაში გაანალიზებული მონაცემები ფარავს თანამდებობის პირების მიერ 2020-2022 წლებში მიღებული საჩუქრების შესახებ მონაცემებს.   კვლევის ფარგლებში, შესწავლილია  საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების (საქართველოს მთავრობა, სამინისტროები, სსიპ-ები და სხვა)  თანამდებობის პირების ძირითადი ნაწილის დეკლარაციები. 

 ძირითადი მიგნებები

 - 2020-2022 წლებში აღმასრულებელის ხელისუფლების 394-მა თანამდებობის პირმა ან მისმა ოჯახის წევრმა მიიღო საჩუქარი, რომლის ჯამური ღირებულება შეადგენდა 27,8 მილიონ ლარს.

- 2020-2022 წლებში  18,6 მილიონი ლარის ღირებულების საჩუქარი მიღებული აქვს უშუალოდ დეკლარანტ თანამდებობის პირს, ხოლო 9,2 მილიონი ლარის საჩუქარი - მათი ოჯახის რომელიმე წევრს.

 - თანამდებობის პირებმა საჩუქრების 90% (25.1 მლნ.) მიიღეს ოჯახის წევრებისგან/ახლო ნათესავებისგან, 8% (2.1 მლნ) ისეთი ნათესავებისგან რომელთაგან საჩუქრის მიღება შეზღუდულია კანონმდებლობით, ხოლო დანარჩენი 2% (0.6 მლნ) მეგობრებისგან, სამსახურიდან და სხვა წყაროდან.
 - თანამდებობის პირებს 16,6 მილიონი ლარის ღირებულის საჩუქარი მიღებული აქვთ ფულადი ფორმით, 9,1 მილიონი ლარის საჩუქარი -  უძრავი ქონების სახით, ხოლო დანარჩენი 2,1 მილიონი ლარის ღირებულების საჩუქრები ავტომობილების ან სხვადასხვა ფასიანი ნივთების სახით.

- აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ყველაზე მეტი საჩუქარი მიიღეს ძალოვან უწყებებში დასაქმებულმა და საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირებმა.

 - აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ძვირადღირებული საჩუქრის მიმღებ პირებს ხშირ შემთხვევაში უკავიათ მაღალი კორუფციული რისკის მქონე თანამდებობები. მაგ:  თავდაცვის სამინისტროს ხარისხის კონტროლისა და სამშენებლო ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი (საჩუქარად მიიღო 200 ათასი დოლარის ღირებულების უძრავი ქონება მამისგან), შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის მეუღლე   (მიიღო 450 ათასი ლარის ღირებულების უძრავი ქონება მშობლისგან) და სხვა.

 - პრემიერ-მინისტრი მიღებული საჩუქრების სიდიდით (300 ათასი ლარი) აღმასრულებელი ხელისუფლების თანამდებობის პირებს შორის, მე-18 ადგილს იკავებს.

 - მონიტორინგის ფარგლებში თანამდებობის პირების მიერ საჩუქრების სავარაუდოდ კანონის დარღვევით მიღების 15 საეჭვო შემთხვევა გამოვლინდა.  მაგალითად, შსს-ს ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის მოადგილემ  ბაკური გიორგობიანმა 2022 წელს მეუღლის მამიდისგან ფულადი საჩუქარი მიიღო  24-ჯერ,  ჯამში 14,690 აშშ დოლარის და 410 ევროს ოდენობით, მეუღლის მამიდაშვილის შვილისგან 3,250 აშშ დოლარი, მეუღლის მეგობრისგან 6,000 ევრო, მეუღლის დედისგან 8,450 ლარი და 2,000 აშშ დოლარი, მეუღლის სხვა ნათესავისგან 1,000 აშშ დოლარი, ხოლო საკუთარი მეგობრებისგან 12,110 ლარი და 403 აშშ დოლარი.   

 - თანამდებობის პირების  ცალკეული  დეკლარაციები,  არ იძლევა ზუსტ ინფორმაციას, საჩუქრის მიმღებსა და გამცემს შორის კავშირის შესახებ. 

 

შენიშვნა: დეკლარანტის მიერ უცხოურ ვალუტაში შეფასებული საჩუქრების ღირებულება კონვერტირებულია ლარში, საჩუქრის მიღების წლის საშუალო კურსის მიხედვით.

  დასკვნა

 თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის შედეგები აჩვენებს, რომ 2020-2022 წლებში ხშირი იყო შემთხვევები როდესაც თანამდებობის პირები იღებდნენ სოლიდური ღირებულების საჩუქრებს.  კვლევაში მოყვანილი გარემოებები, რომლებიც დაკავშირებულია საჩუქრის მიმღები თანამდებობის პირის და საჩუქრის გამცემი პირის კავშირებთან,  საჩუქრისთვის საჭირო ფინანსების ბუნდოვან წარმომავლობასთან და სხვა, ეჭვებს აჩენს მთელი რიგი შემთხვევების კანონიერებასთან დაკავშირებით.

 საჯარო სამსახურში საჩუქრის პოლიტიკის მოწესრიგების და აღსრულების კუთხით, მნიშვნელოვან პრობლემად შესაძლებელია შეფასდეს საქართველოს კანონმდებლობის არასრულფასოვანი რეგულაციები და ბუნდოვანი ჩანაწერები. მაგალითად, საქართველოს კანონმდებლობა ზღუდავს საჯარო მოსამსახურეების ოჯახის წევრების მიერ გარკვეული საჩუქრების მიღებას, თუმცა ამ ნორმის დარღვევისთვის, შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომები არ არის დადგენილი. ასევე, ცალკეული შემთხვევების კანონიერების დადგენას, მნიშვნელოვნად ართულებს თანამდებობის პირების მიერ არასრულყოფილად შევსებული დეკლარაციები, რომელიც არ იძლევა საჩუქრის გამცემსა და მიმღებს შორის არსებული ზუსტი კავშირის იდენტიფიცირების შესაძლებლობას .      

 

IDFI მიიჩნევს, რომ ბოლო წლებში თანამდებობის პირების მიერ საჩუქრების მიღების მასშტაბი, წარმოშობს საჯარო მოსამსახურეებზე საჩუქრის გაცემასთან დაკავშირებული საკანონმდებლო შეზღუდვების მონიტორინგის და მისი აღსრულების ეფექტურობის ზრდის აუცილებლობას.  ამასთან, კვლევაში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები, წარმოადგენს მნიშნელოვან საფუძველს არაერთი თანამდებობის პირის მიერ მიღებული საჩუქრის კანონიერების დასადგენად, დამატებითი მოკვლევის ჩასატარებლად.

 IDFI მოუწოდებს:

 - ანტიკორუფციულმა ბიურომ, ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის ფარგლებში უზრუნველყოს თანამდებობის პირების მიერ საჩუქრის მიღების თითოეული საეჭვო შემთხვევის შესწავლა.

- საქართველოს კანონმდებლობაში შევიდეს შესაბამისი ცვლილებები, რომელიც უზრულველყოფს, საჯარო მოსამსახურის ოჯახის წევრების მიერ საჩუქრის მიღების წესების მკაფიო რეგულირებას და ამ წესების აღსრულებისთვის შესაბამისი მექანიზმების არსებობას.   

 - დეკლარაციების მონიტორინგის ფარგლებში, უზრუნველყოფილ იქნას ყველა იმ თანამდებობის პირის დეკლარაციის დაზუსტება,  რომელიც არ იძლევა საჩუქრის გამცემსა და მიმღებს შორის ზუსტი კავშირის და ვინაობის იდენტიფიცირების შესაძლებლობას.  ასევე, დეკლარაციის შევსების  წესში, შევიდეს შესაბამისი ცვლილებები,  რომელიც თანამდებობის პირებს დაავალდებულებს დეკლარაციაში  საჩუქრის მიღების  ზუსტი თარიღის მითითებას.  

   

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати