USD 2.7102
EUR 3.1127
RUB 3.3361
Тбилиси
«The Daily Telegraph» (დიდი ბრიტანეთი): „უკრაინას შეუძლია რღვევის პროცესში მყოფ რუსეთის რეჟიმს ბოლო მოუღოს“
дата:  498

ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) დაბეჭდილია სტატია სათაურით „უკრაინას შეუძლია რღვევის პროცესში მყოფ რუსეთის რეჟიმს ბოლო მოუღოს“ (ავტორი - ჰემიშ ბრეტონ-გორდონი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ალბათ, ერთადერთი, რაც შეიძლება დარწმუნებით ითქვას „ვაგნერის“ მხრიდან გადატრიალების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ის არის, რომ რუსეთს არათუ მსხვილი ქალაქების, არამედ საკუთარი საზღვრების დაცვაც არ შეუძლია. შესაბამისად, დასავლეთმა ერთი მნიშვნელოვანი დასკვნა უნდა გააკეთოს: უკრაინას იმდენი თავისუფლება და ინსტრუმენტები უნდა მისცეს, რომ კიევმა რუსეთის სისუსტით ისარგებლოს და ვლადიმერ პუტინის რეჟიმი საბოლოოდ დაამხოს.

მთელი ამ ომის განმავლობაში პუტინი ეყრდნობოდა იმ ვარაუდს, რომ უკრაინის საომარი მოქმედებები მხოლოდ მისივე ტერიტორრით იქნებოდა შემოფარგლული. კრემლს ეგონა, რომ ომს თითზე ცამოსათვლელე დღეებში დაასრულებდა. ახლა პუტინი ფიქრობს, რომ დასავლეთი უკრაინის არმიას თავისი საზღვრების გარეთ გასვლის ნებას არ მისცემს. რუს დიქტატორს ჰგონია, რომ ნატოს ეშინია და ამიტომ უკრაინის ჯარის რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრას არ დაუშვებს.

მაგრამ რატომ არ უნდა შეიჭრას უკრაინის არმია რუსეთის ტერიტორიაზე? მოსკოვი უკვე დასავლეთიდან ეკონომიკურად იზოლირებულია, მისი არმია ძლივ-ძლივობით იცავს თავს და აქედან გამომდინარე, აღორძინების პროცესში მყოფი დასავლეთისადმი მას წინააღმდეგობის გაწევა უჭირს.

რა თქმა უნდა, უკრაინის არმიას აქვს შესაძლებლობა ღია მასიური დარტყმა მიაყენოს საკუთრივ რუსეთის ტერიტორიას. გასული დღეების მოვლენები ექსტრაორდინალური იყო: რამდენიმე ათასმა დაქირავებულმა ჯარისკაცმა იოლად გაიარა ასობით კილომეტრი და მოსკოვს მიუახლოვდა. და ამ დროს, თქვენ წარმოიდგინეთ, რას იზამს ბრძოლებში გამოწრთობილი უკრაინის რეგულარული არმია, რომელიც უახლესი დასავლური იარაღით არის შეიარაღებული?

რუსეთის მიერ განცდილმა დანაკარგებმა სიტუაცია იქამდე მიიყვანა, რომ მისი არმია ახალწვეულებისა და იმ ქვედანაყოფების იმედზეა, რომლებიც დიდი მანევრირებულობით არ გამოირჩევიან. შესაბამისად, უკრაინას უჩნდება შესაძლებლობა, რომ მან კონტრშეტევა, კარგი მომზადების წყალობით, უფრო შედეგიანად წარმართოს და გაარღვიოს მოწინააღმდეგის გამაგრებული ზღუდეები, რომლებსაც რუსეთი თითქმის ერთი წელი აშენებდა.

დასავლურ საზოგადოებაში ჯერ კიდევ აქვთ იმის შიში, რომ თუ ვლადიმერ პუტინი მარცხს იგრძნობს, ის „ბირთვული იარაღის ჟღარუნს დაიწყებს“. ამბობენ, რომ ჯერ კიდევ არის დიდი რისკი მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებისა, მაგრამ განა რუსეთში ყველას სურს ბირთვული ომის დაწყება?

და თუ ვლადიმერ პუტინს ბირთვულქობინებიანი რაკეტების გაშვება სურს, მას ამის საბაბი დიდი ხანია აქვს - რუსული სამხედრო დოქტრინა პრეზიდენტს უფლებას აძლევს ბირთვული იარაღით ისარგებლოს, თუ მოწინააღმდეგე მის ტერიტორიას შეუტევს. კრემლმა ოკუპირებული დონბასი თავის ტერიტორიად იურიდიულად გამოაცხადა და როცა უკრაინის არმია ახლა დონბასს უტევს, მოსკოვს შეუძლია ზემოთხსენებული უფლება გამოიყენოს. მაგრამ მას დღემდე არაფერი არ გაუკეთებია. და არც მაშინ არ გააკეთებს, როცა უკრაინა 2014 წელს ოუპირებული ტერიტორიის (ყირიმის) გათავისუფლებას დაიწყებს.

გავიხსენოთ, რომ კრემლი იმუქრებოდა - თუ უკრაინა ნატოს ქვეყნების მიერ მიცემულ იარაღს რუსეთის წინააღმდეგ გამოიყენებდა, რუსეთის ამგვარ ქმედებას ნატოს აგრესიად ჩათვლიდა. ბელგოროდში შეჭრილმა უკრაინის დაქვემდებარებაში მყოფმა „რუსულმა ლეგიონმა“ ჩეხური და ბელგიური იარაღი გამოიყენა. რა გააკეთა საპასუხოდ რუსეთმა? არაფერი.

ვფიქრობ, არ არსებობს ისეთი გარემობები, რომლის დროსაც ვლადიმერ პუტინი ბირთვულ ირაღს გამოიყენებს. უბრალოდ, მას არ შეუძლია ამის გაკეთება. მან კარგად იცის, რომ თუ იგი წითელ ღილაკზე თითით დაჭერას შეეცდება, ეს ფიზიკურად მის სასიკვდილო განაჩენსაც ნიშნავს, გარანტირებული განადგურების ან შიდასასახლის გადატრიალების სახით. პუტინი ის კაცი არ არის, რომელიც ასეთ რისკზე წასვლად გადაწყვეტს. „ვაგნერის“ ამბოხებამ მის ავტორიტეტს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა: ჩვენ პირველად ვნახეთ მისი ხელისუფლების საფრთხე რუსეთის შიგნით, თუ როგორ დაიხია უკან ე.წ. „ძლიერმა კაცმა“.

იმდენად, რამდენადაც, როგორც ჩანს, მისი ხელისუფლება მართლაც დასუსტდა, ჩვენ არავითარი სინდისის ქენჯნა არ უნდა გვქონდეს, თუ მისი დამხობისათვის მოვლენებს დავაჩქარებთ. ზოგიერთები მოგვიწოდებენ, რომ სიფრთხილე დავიცვათ, რადგან შეიძლება პუტინის მემკვიდრე უფრო უარესი აღმოჩნდესო. მაგრამ ჩვენ უკვე ერთხელ დავუშვით მსგავსი შეცდომა, როცა ერაყის პირველი ომის დროს სადამ ჰუსეინს ხელისუფლებაში დარჩენის უფლება მივეცით. თუ დიქტატორი მეზობლების წინააღმდეგ ომს იწყებს, ასეთ სიტუაციაში ყველა ალტერნატივა უკეთესია. მისი მემკვიდრე უფრო უარესი რუსეთისათვის იქნება და არა ჩვენთვის.

წყარო: https://www.telegraph.co.uk/news/2023/06/27/ukraine-can-now-end-putins-crumbling-regime/

 

 

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати