USD 2.7117
EUR 3.1231
RUB 3.3487
Tbilisi
G ჰაპლოჯგუფის მემკვიდრეობა შეიძლება იყოს საქართველოში კოვიდ-19-ის ნაკლებად გავრცელების წინაპირობა
Date:  10180

 

დიდი მსჯელობებია COVID-19-ის გავრცელება-არგავრცელების შესახებ. არის ვერსია, რომ სამხრეთ ნახევარსფეროში იმიტომაა ცოტა შემთხვევა, რომ ვირუსებზე, როგორც წესი, სიცხე მოქმედებს.

ასევე, არის ვერსია, რომ სუსურუკუში და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში ტუბერკულოზის საწინააღმდეგო სავალდებულო აცრა მოქმედებს, როგორც დამცავი და შემარბილებელი, ამიტომაა, რომ 40წელს გადაცილებულებს ყოფილი სუსურუკუს ქვეყნებიდან ვირუსი ვერ ერევა. თუმცა, ამ ვერსიის რეალურობა - აცრა 20-30 და მეტ წელს მოქმედებდეს, საეჭვოა, და ა.შ.
 

არის ასევე ვერსია, რომ რამდენიმე წამლის კომბინაცია, მათ შორის მალარია/ციების საწინააღმდეგო წამლის - სრულიად კურნავს ვირუსისგან.

 ვფიქრობ, რომ ყველა ზემოდ ჩამოთვლილი გზა მუშაობს, გამონაკლისებით, მაგრამ მუშაობს. არა მგონია, რომ ვირუსის ნაკლებად/მეტად გავრცელებას და სირთულე/სიიოლეს ყველგან ერთი მიზეზი ჰქონდეს. დღეს კიდევ ერთი „არგავრცელების ვერსია“ მინდა შემოგთავაზოთ, იმ მონაცემებზე დაყრდნობით, რაც საყოველთოდ ხელისაწვდომია.
 

ვირუსის გავრცელების რუკა დღევანდელ აღმოსავლეთ ნახევარსფროში ასეთია:

 
  

დასავლეთ ნახევარსფეროში ასეთი სურათია:

 
 
 
  

https://www.voanews.com/science-health/coronavirus-outbreak/armenia-reports-first-death-related-coronavirus

ევრაზიიდან დასავლეთ ნახევარსფეროში გავრცელება შეიძლება კონტაქტების ნაკლებობა-მეტობას დავაბრალოთ და ასევე, ამით ავხსნათ აშშ აღმოსავლეთ სანაპიროზე ვირუსის შემთხვევების დიდი რაოდენობა. ამ არგუმენტითვე იხსნება კორონავირუსის სამხრეთ ამერიკაში გავრცელების სიმცირე.

 აფრიკაში და ინდოეთში დაავადებების მცირე რაოდენობა ადვილად აიხსნება მაღალი ტემპერატურით, ხოლო დაავადებების დიდი წილის სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში თავმოყრა (5000-ზე მეტი შემთხვევიდან 1280 - სამხრეთ აფრიკაშია) ჩინელების წარმოების და ჩაინა თაუნების არსებობით. თუმცა, ბოლოს ვნახავთ, რომ შეიძლება მთლად ასე არც იყოს.
 მაგრამ, როგორ შეიძლება აიხსნას ევრაზიის კონტინენტზე ვირუსის არათანაბარი გავრცელების ამბავი?
 ყველაზე უცნაური ჩემთვის იტალიის სურათია: მისაღები ამბავია, რომ ჩინელები დიდი რაოდენობით ცხოვრობენ/მუშაობენ ბერგამოში, რომ იყო ბევრი ტურისტი, მაგრამ, მაინც გაუგებარია დღევანდელი სურათი, რომლის მიხედვითაც ჩრდილოეთ იტალიაში დაავადების დიდი წილია კონცენტრირებული, ხოლო, რაც უფრო მიდიხართ სამხრეთისკენ, დაავადების კვალი სულ უფრო და უფრო მცირდება:
 
 
 
 
 

https://en.wikipedia.org/wiki/2020_coronavirus_pandemic_in_Italy

 ჩემთვის ასევე რთული ასახსნელია საქართველოს ძალიან მცირე რაოდენობის შემთხვევა (103, 0 გარდაცვლილი), და ასევე, ძალიან მცირე რაოდენობის შემთხვევები სომხეთსა (424, 3 გარდაცვლილი) და აზერბაიჯანში (209, 4 გარდაცვლილი).
 მიუხედავად იმისა, უმეტესობა მოწოდებულია ქართული ვირუსის საქმე ექიმების და მთავრობის ოპერატიულობით ახსნას, მე არ მჯერა საზღვრის ჩაკეტვის ეფექტურობის, მით უმეტეს, რომ ვიცით, რომ უკონტროლო შემოსვლის შემთხვევები იყო. თანაც, პანდემიიის პირველ დღეებში საზღვარი ისე არ კონტროლდებოდა, როგორც ახლა. ასევე, საქართველო არც ჩინელი მომუშავეების ნაკლებობას უჩიოდა, რკინიგზის ხაზების მშენებლობისას, და არც ჩინური მრეწველობის პროდუქციას.
 ასევე, მიუხედავად იმისა, რომ ბნელი პროგნოზებია, ძალიან ცოტა შემთხვევაა ავღანეთში (120 შემთხვევა, 4 სიკვდილი), როდესაც მის მეზობელ პაკისტანში - 1500ზე მეტი შემთხვევაა და 14 გარდაცვლილი. ბევრი ამ და მსგავს შეუსაბამობას აღწერის სიდუხჭირეს აწერს, და ამ არგუმენტსაც აქვს არსებობის უფლება.
 როგორც ზემოდ დავწერე, მაღალი ტემპერატურა და ტუბერკულოზის საწინააღმდეგო აცრა, შესაძლებელია, ხსნიდეს ვირუსის შედეგებში განსხვავებას, მაგრამ არა სრულად: მაგალითად, ეს არ ხსნის რუსეთის ვითარებას, საიდანაც ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმციაა, ხოლო დანამდვილებით ვიცით ის, რომ კარანტინის ზომები ყოველდღიურად მკაცრდება, არც ბელორუსიის ვითარებას, არც შვედეთის ვითარებას დ ა.შ.
 ამ ფონზე საქართველო 0 სიკვდილით, სომხეთი და აზერბაიჯანი 3 და 4 სიკვდილით, ავღანეთი 4 სიკვდილით და 120 შემთხვევით, ირანის გარშემო, რომელსაც 38000 შემთხვევა და 2600 სიკვდილი აქვს, ძალიან უცნაურად გამოიყურება.

ამიტომ, ხომ არ არის რაიმე სხვა სხვაობა ამ ქვეყნებს/ხალხებს შორის, რომელიც ვირუსის ასეთ არათანაბარ შედეგებს განაპირობებს?

 განსხვავება მართლაც არის, და ეს არის G ჰაპლოჯგუფის (ჰაპლოჯგუფი - არის ადამიანების გენეტიკური პოპულაციის ჯგუფი, რომლებიც იზიარებენ საერთო წინაპარს დედის ან მამის ხაზით. G ჰაპლოჯგუფი Y ქრომოსომის ჰაპლოჯუფია) გავრცელების რუკა:
 
 
 
 https://indo-european.eu/wp-content/uploads/2019/08/haplogroup-g-m201.png?fbclid=IwAR17UzW1yZgeCl_MhcBdrEYguL6NpkTLmvIJT7_VdU5w3USyk7jNSlpuStE
 

როგორც ხედავთ, G ჰაპლოჯგუფის გავრცელების რუკა დაახლოებით ემთხვევა ვირუსის ე.წ. ადვილი შემთხვევების რუკას. თუმცა, ეს ეს რუკა არ არის ზუსტი, რადგან, გენეტიკური კვლევისას მასალის აღება არ ხდება ისეთი რეპრეზენტატიული სიზუსტით, როგორც მაგალითად, შინამეურნეობის კვლევისას, და მეორეც - პირდაპირ ჰაპლოჯგუფიდან გამომდინარე, შეუძლებელია იმსჯელო ადამიანების ჯგუფის ამა-თუ-იმ თვისებაზე ან იმუნიტეტზე.

 დღეისათვის არსებული მონაცემებით, ქვეყნების დონეზე G ჰაპლოჯგუფის ყველაზე დიდი კონცენტრაცია საქართვლოშია (30-40%), ეთინკური და სუბ-ეროვნული ჯგუფების დონეზე - საქართველოს დასავლეთში და ასევე, ჩრდილო-დასავლეთის კავკასიაში. სომხეთში - 11%ია, აზებრბაიჯანში - 18%. ავღანეთში - ჰაზარებში ძალიან მაღალი პროცერნტია, როდესაც მათ მეზაობლად - პაკისტანში - 3%მდე.
 

ხედვის ასეთი კუთხე საინტერესო ინფორმაციას გვაძლევს იტალიის შესახებ: იტალიის ჩრდილოეთში G ჰაპლოჯგუფის წილი 3%მდეა, როდესაც სამხრეთში ეს წილი 10%-ს აღწევს.

 თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, შეგროვებული ინფორმაცია სტატისტიკურ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს და ამიტომ, მხოლოდ მიახლოებითად და დიდი სიფრთხილით შეიძლება ვილაპარაკოთ რაიმე დასკვნებზე და გამომდინარეობებზე.
 

მაგრამ, სავსებით შესაძლებელია დავუშვათ, რომ G ჰაბლოჯგუფის ადამიანებისათვის, რომლებიც 26 000 წელია რეგიონში სახლობენ და ზოგიერთი ვერსიით, ამ რეგიონში წარმოიშვნენ კიდეც, COVID-19 ვირუსი არ არის პირველი ეპიდემია, რომელთანაც მათ მოუწიათ შეხვედრა. ისევე როგორც დღეს, 26 000 წლის განმავლობაშიც შესაძლებელია ეპიდემია ჩინეთიდან გავრცელებულიყო - ყველაზე ოპტიმალური გზა დასავლეთისკენ მაშინ ცენტრალურ კავკასიაზე გადიოდა: ერთ-ერთი ვერსიით, რომ შავი ჭირის ეპიდემია (ბაქტერიული, არა ვირუსული, მაგრამ მაინც), რომლემაც 1346-1352 წლებში 25 მილიონი ევროპელი შეიწირა, ჩინეთი-ცენტრალური კავკასია-შავი ზღვის გზით გავრცელდა. ამიტომ, ასევე შესაძლებელია, რომ G ჰაბლოჯგუფის ადამიანებს აქვს სპეციფიკური იმუნიტეტი, რომელიც მსგავსი ვირუსების გავრცელებას წარმატებით ეწინააღმდეგება. და ასევე, შესაძლებელია, რომ ამ იმუნიტეტის გამომუშავება-ფლობამ გადააქცია ისინი დომინანტურ ჰაპლოტიპურ ჯგუფად ცენტრალურ კავკასიაში (ანუ, სხვა ჰაპლოჯგუფის წევრები ეპიდემიებმა დახოცა). მით უმეტეს, საქართველოს დასავლეთის სუბ-ეროვნული ჯგუფები ცნობილები არიან მალარიასთან და ჭაობის ციების წინაამღდეგ გამომუშავებული იმუნიტეტით.

 გარდა ზემოდთქმულისა, ამ ჰიპოთეზის არგუმენტაციისათვის საინტერესო მხარდამჭერია 1918-1919 წლების ესპანური გრიპის გავრცელება საქართველოში: როგორც წყაროები აჩვენებენ (არაზუსტი, მაგრამ მაინც), საქართველოში ესპანური გრიპი ბევრად უფრო რბილი ფორმებით მიმდინარეობდა, ვიდრე აშშ-ში, ევროპაში ან თუნდაც ინდოეთში. ასევე, საქართველოს მოსახლეობის ზეპირ ისტორიებში ძალიან ცოტაა შემორჩენილი ამბები ესპანური გრიპით ახლობლების და ნათესავების გარდაცვალების შესახებ.

  

 
 
 https://en.wikipedia.org/wiki/Haplogroup_G-M201#/media/File:Haplogrupo_G_(ADN-Y).PNGG ჰაბლოტიპის გავრცელების რუკა 26000 წლის წინათ. ზოგიერთი მკვლევრის აზრით, ის საქართველოს დღევანდელ ტერიტორიაზე წარმოიშვა, თუმცა ყველა მკვლევარი უთითებს მის წარმოშობის ადგილად ჩრდილო კავკასიის და ანატოლიის შუა მდებარე რეგიონს.

 ასე რომ, მართალია, ამას შემდგომი ბევრი კვლევა სჭირდება, მაგრამ, შესაძლებელია დასაწყისისთვის, ძალიან ფრთხილად ვივიარაუდოთ, რომ G ჰაბლოჯგუფით მჭირდოდ დასახლებულ რეგიონებში ვირუსის ნაკლები და ნაკლებად ტრაგიკული გავრცელებაა, ვიდრე იქ, სადაც ამ ჰაპლოჯგუფის წარმომადგენელი ან ძალიან ცოტაა, ან საერთოდ არ არის.

 ახლა გადავდგათ კიდევ ერთი ნაბიჯი და შევხედოთ მსოფლიოში სხვადასხვა ჰაპლოჯგუფების განაწილების რუკას:
 
 
 
 
 
 

https://view.genial.ly/59501f939391795cf4abf204/interactive-content-world-haplogroups?fbclid=IwAR1xHzC__O6X3bMwNJ6DM_L4f3S_MFYHagZixjbJ_HtiYl6XVxBfie7FooA

 

ეს საკმაოდ უხეში რუკაა, და ჰაპლოჯგუფების გავრცელების მთელ რიგ მცირე ნიუანსებს არ ითვალისწინებს. მაგრამ, რომ დააკვირდეთ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პანდემიის სირთულე-სიიოლე თითქმის ემთხვევა ჰაპლოჯგუფების განაწილებას: R1b ჰაპლოჯგუფისთვის პანდემიით გამოწვეული შედეგები მძიმეა (იტალია, ესპანეთი, გერმანია, აშშ, კანადა...), და ასევე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ იქ, სადაც ჯერ არ არის ვირუსი გავრცელებული, მძიმე შედეგები ექნება. მონღოლეთში და ყაზახეთში თითქმის ერთნაირი მსუბუქი სურათია, საქართველოში და ჩრდილო კავკასიის ნაწილში სურათი განსხვავებულია, ასევე, სიიოლის თვალსაზრისით. იაპონიაში სხვა სურათი უნდა იყოს ვიდრე დანარჩენ მსოფლიოში და ასევე - აფრიკაშიც პანდემიის სხვა სურათს უნდა ველოდოთ. ცხადია, ამას ერთვის ტემპერატურული სხვაობები, რომლებიც ამძაფრებენ/არბილებენ ვირუსის ზემოქმედებას და შესაძლებელია, კიდევ ბევრი სოციო-ბიოლოგიური ფაქტორი. ამ სურათით სავარაუდოთ გასაგებია, რატომაა რუსეთში, ბელორუსიაში და სხვა სლავურ ქვეყნებში ნაკლები სიკვდილიანობა. სავარაუდოთ, ვიმეორებ.

 

არ ვამბობ, რომ ეს ერთადერთი ფაქტორია, რომელიც ხსნის ვირუსის გავრცელება-არგავრცელებას, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ბედნიერი/უბედური შემთხვევების უკან უფრო ასეთი განაწილება უნდა იდგეს, ვიდრე დღეს შემოთავაზებული ‘წინდახედულიქვეყნები versus წინდაუხედავიქვეყნების“ ამბავი.

 

ისევ ვამბობ, ჰაპლოჯგუფები დაჯგუფების მოხერხებული ხერხია (ჰმ, ტავტოლოგია), და რაღაც ანტი-ვირუსული იმუნიტეტის არსებობა შეიძლება ადვილად ავხსნათ ჩინეთთან, როგორც პანდემიების ისტორიულ და პრე-ისტორიულ სამშობლოსთან სიახლოვე-სიშორით და ასევე, კონკრეტული ხალხების კონკრეტულ ტერიტორიებზე ცხოვრების ისტორიულ-პრეისტორიულ განგრძობითობასთან კავშირით.

 

არ ვიცი, რამდენად შეიძლება ამ ხედვამ დამაჯერებლობა მოიპოვოს, თუ, ის ისევე ჩაიკარგება დღევანდელი ჰიპოთეზების მრავალფეროვნებაში, როგორც მაგალითად, ტუბერკულოზის აცრის ჰიპოთეზა მინავლდა. მაგრამ, ვფიქრობ, რომ დამატებითი დასაბუთებების მოპოვების შემთხვევაში, ასეთი ხედვა ბევრ რამეს შეცვლის.

 

ამის შესახებ - შემდეგ.

 

ავტორი: სოციოლოგი და ფილოსოფოსი  გიგი თევზაძე

წყარო: "კრიტიკული აზროვნების სკოლის" გვერდი

 

 

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way