დღეს ქირურგიული ოპერაციები ანესთეზიის გარეშე წარმოუდგენელია, ისევე როგორც მწვავე ფიზიოლოგიური დარღვევების მართვა რეანიმაციული ღონისძიებების გარეშე. გვინდა, რუბრიკით "დაუვიწყარი სახელები" ამჯერად კლინიკური მედიცინის შედარებით ახალგაზრდა, თუმცა განუყოფელი დარგის – ანესთეზიისა და რეანიმატოლოგიის – ბერმუხაზე გიამბოთ.
გიორგი (ჟორჟი) ცანავა კომერსანტ ალექსი ცანავასა და მშვენიერი თამარ უბერის ოჯახში დაიბადა. ჰყავდა ოთხი ძმა: ბუხუტი, ნიკოლოზი, ალექსანდრე, გივი, – და ერთი და – ნორა.
დედა განათლების დიდი დამფასებელი ყოფილა. სწორედ მისი მონდომებით შეუყვანიათ ჟორჟი ჯერ ზუგდიდის პირველ საშუალო სკოლაში, მერე – ოჩამჩირის სასწავლებელში, ბოლოს კი თბილისის ჰიდროგეოლოგიურ ტექნიკუმში, რომელიც მომავალმა აკადემიკოსმა 1935 წელს წარჩინებით დაამთავრა. გიორგი ცანავას მთელი გულით უყვარდა გეოლოგია და პედაგოგებიც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ 1934 წელს ფილტვების ანთებით მამის მოულოდნელმა გარდაცვალებამ ექიმობა გადააწყვეტინა.
ომამდე
განკულაკებული ოჯახის შვილი უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარების დროს დიდ წინააღმდეგობას წააწყდა. მოგვარე მელიტონი რომ არა (რომელიც საბუთებში მის მამად მიუთითეს), გიორგი თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში ალბათ ვერ მოხვდებოდა.
სწავლის პერიოდში აკადემიკოს პავლოვის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს. სწორედ მაშინ დაინტერესდა ქირურგიით და აკადემიკოს გრიგოლ მუხაძის ყურადღება მიიპყრო. მისი და პროფესორ თამარ ჟვანიას ხელმძღვანელობით გიორგიმ სტუდენტობის წლებში არაერთი ნაშრომი დაწერა.
გიორგი ცანავა მუდამ პატივისცემით იგონებდა თავის მასწავლებლებს: პროფესორებს დავით იოსელიანს, ნიკოლოზ ანთელავას და გიორგი ხუნდაძეს. განსაკუთრებით ემადლიერებოდა აკადემიკოსებს ნინო ჯავახიშვილს და ეგნატე ფიფიას. სწორედ ეგნატე ფიფიამ, ქართული ქირურგიის მეფედ წოდებულმა, შეასრულა გადამწყვეტი როლი მის პროფესიულ არჩევანში.
– სტუდენტობის წლებზე საუბრისას სიამაყით აღნიშნავდა, რომ მისი კურსი გამოირჩეოდა დისციპლინით და ეთიკით, – იგონებს გიორგი ცანავას უფროსი ქალიშვილი, ქალბატონი რუსუდანი, – მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტების უმრავლესობა ხელმოკლე ოჯახიდან იყო და ბევრს ფეხით უწევდა კლინიკიდან კლინიკაში სიარული, არ ყოფილა შემთხვევა, რომელიმეს ლექციაზე დაეგვიანოს ან მეცადინეობა გაეცდინოს. სახელმძღვანელოები ჭირდა, მაგრამ კარგი ლექციებისა და პრაქტიკული მეცადინეობების წყალობით მამა და მისი თანაკურსელები სიღრმისეულად შეისწავლიდნენ მედიცინას და სამეცნიერო საქმიანობაშიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი.
საბედისწერო შეხვედრა
1940 წელს გიორგი ცანავამ წარმატებით დაამთავრა სამედიცინო ინსტიტუტი და ტოპოგრაფიული ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის კათედრის ასპირანტი გახდა. მალე ომი დაიწყო და, ექიმთა უმრავლესობის მსგავსად, მასაც შეეხო მობილიზაცია. მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან დასრულებამდე გიორგი ცანავა მესაზღვრეთა ჯარის ათასეულის სამედიცინო-სანიტარული სამსახურის უფროსი იყო.
რუსუდან ცანავა:
– 1944 წელს მამა დაიჭრა და რეაბილიტაციისთვის საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროს სანატორიუმში გაგზავნეს. სწორედ იქ, კისლოვოდსკში, შემთხვევით გაიცნო დედა.
მამას მოსანახულებლად ჩასული ბებია და მამიდა იქაური ქართველების – მინა გავაშელისა და ოლღა ლობჟანიძის ოჯახში დაბინავებულან. ვინაიდან სტუმრები ქალაქს არ იცნობდნენ, მასპინძლების ქალიშვილს, თამარს, გაუწევია მათთვის მეგზურობა, სანატორიუმში წაჰყოლია და ჟორჟის პოვნაში დახმარებია. ასე შეხვდა მამა მომავალ მეუღლეს. მათ შორის მიმოწერა დაიწყო... ჯარის გადაადგილების კვალდაკვალ მამა დედას ლამაზ ბარათებს უგზავნიდა პოლონეთიდან, ჩეხოსლოვაკიიდან, გერმანიიდან. ვარდისფერი ლენტით შეკრული ეს წერილები ახლაც სათუთად ინახება ჩვენს ოჯახში.
ოჯახი და კარიერა
– ბავშვობაში კრილოვის ქუჩაზე, პატარა ბინაში ვცხოვრობდით. მამას პირადი კაბინეტი კარადით გადატიხრულ დიდ ოთახში ჰქონდა მოწყობილი. ეს ოთახი ერთდროულად კაბინეტის, სასტუმრო ოთახის და მშობლების საძინებლის ფუნქციას ასრულებდა, რადგან მეორე, უფრო პატარა, ბავშვებისთვის იყო განკუთვნილი. თავის საწერ მაგიდასთან მამას ყოველგვარ პირობებში შეეძლო მუშაობა: ჩართული ტელევიზორის ფონზე, სტუმრების და უბრალოდ სასაუბროდ შემოსული მეზობლის თანდასწრებითაც კი. მერეც, როცა ყველაფერი ჩაწყნარდებოდა, ღამის 3-4 საათამდე იჯდა და თავჩაღუნული მუშაობდა. ეს საწერი მაგიდა ახლაც დგას მის კაბინეტში, როგორც ერთგვარი რელიკვია.
წიგნები და ჟურნალები მისი სულიერი საზრდო იყო. მედიცინის სიახლეებს არასდროს ჩამორჩებოდა. სიღრმისეულად იცნობდა არა მხოლოდ საკუთარ, არამედ სხვა დარგებსაც. რაც მთავარია, მთელი არსებით ცდილობდა, თავისი ცოდნა სტუდენტებამდე და კოლეგებამდე მიეტანა. საზღვარგარეთიდან სამედიცინო ლიტერატურით დატვირთული ბრუნდებოდა. იმხანად უცხოური ჟურნალების გამოწერა შეზღუდული იყო და მამა, თანამშრომლების – პროფესორების ვ. ქურდოვანიძის, ს. კახიანის, გ. აბაშიძის – ნებართვით, მათი სახელით იწერდა რუსულ, ინგლისურ და გერმანულ სამედიცინო გამოცემებს.
შრომისმოყვარეობა, სწავლისადმი მუდმივი ლტოლვა, ადამიანების თანაგრძნობა და სიყვარული წითელ ხაზად გასდევდა მის ცხოვრებას. პროფესიის ასეთი უსაზღვრო ერთგულების შემყურეებმა, მე და ჩემმა დამაც მედიცინა ავირჩიეთ. მით უმეტეს, დედაც ექიმი, ოფთალმოლოგი იყო. ჩემი და, ნანა, კარდიოლოგია, მე კი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი გახლავართ.
საოცრად თბილი და ყურადღებიანი ადამიანი იყო, გამარჯობას ვერ დაასწრებდი. ხალხს რანგით და თანამდებობით არ არჩევდა ერთმანეთისგან, პროფესორის, ახალგაზრდა ორდინატორის, სანიტრისა თუ კლინიკის მებაღის მიმართ თანაბრად კეთილგანწყობილი გახდათ. ქუჩაში მის გვერდით მიმავალს, შეუძლებელი იყო, არ გაგღიმებოდა, იმდენჯერ იწეოდა მისალმების ნიშნად ჰაერში მისი ქუდი. ნებისმიერ მაღაზიაში შესვლისას ისე ესალმებოდა გამყიდველს, როგორც კარგ ნაცნობს. იქნებ ამის დამსახურებაც იყო, რომ 60-იანებში, როცა თეთრი პურის შოვნა ჭირდა და მხოლოდ ნოტიო, ნახევრად გამომცხვარი შავი პური იყიდებოდა, მამას, თითქოს ჯადოსნური ჯოხის აქნევით, თბილ-თბილი ფრანგული პური მოჰქონდა ჩვენთვის.
მეტისმეტად კეთილი იყო. ცდილობდა, ადამიანებში მხოლოდ კარგი დაენახა, ამიტომ ზოგჯერ ცდებოდა. ხშირად მინახავს იმედგაცრუებული, თუმცა გულღვარძლიანი არასოდეს ყოფილა – ოპტიმიზმი და კაცთმოყვარეობა ამის უფლებას არ აძლევდა. მთელი მისი ცხოვრება მაგალითი გახლდათ იმისა, რომ წყენის საუკეთესო წამალი პატიებაა. მისი საყვარელი გამონათქვამები იყო: "ყველა თეორია რუხია, ჩემო მეგობარო, მაგრამ არსებობს რაღაც, რაც მუდამ მწვანეა და მას სიცოცხლის ხე ჰქვია" (გოეთე) და “რასაცა გასცემ, შენია, რას არა – დაკარგულია".
პროფესორი ნოდარ ლებანიძე:
– როცა ავტორთა გუნდი ანესთეზიოლოგიისა და რეანიმატოლოგიის სახელძღვანელოზე მუშაობდა, ყველამ ერთხმად გადაწყვიტა, ეს წიგნი გიორგი ცანავას ხსოვნისთვის მიეძღვნათ. არა მხოლოდ იმიტომ, რომ მან შექმნა და განავითარა საქართველოში ანესთეზიოლოგიისა და რეანიმატოლოგიის სამსახური, არამედ იმიტომაც, რომ ის იყო ღირსეული პიროვნება, რომელსაც ადამიანების მიმართ უდიდესი პატივისცემა, უაღრესი ინტელექტი, კაცთმოყვარეობა და შეუპოვრობა გამოარჩევდა.
ჩვენი მრავალწლიანი ურთიერთობიდან მახსენდება პირველი შეხვედრა, როცა ბატონი გიორგი საქართველოში ანესთეზიოლოგებისა და რეანიმატოლოგების საზოგადოების სხდომას უძღვებოდა. დარბაზში შემოსულს, ყველა ფეხზე წამოდგომით შეეგება, – არა მხოლოდ თანამდებობის, არამედ განსაკუთრებული ავტორიტეტის გამოც.
საოცარი უნარი ჰქონდა, კოლეგებისთვის პირადი და პროფესიული ღირსების შელახვის გარეშე მიეთითებინა შეცდომებზე. ერთხელ ვკითხე, რატომ აქებთ ამ ადამიანს, ის ხომ ასეთი არ არის-მეთქი. უბრალოდ მიპასუხა: მინდა, რომ ასეთი იყოსო.
ყოველი მისი შემოვლა, შემთხვევის კლინიკური განხილვა, ლექცია თუ სემინარი ისტორიული ცნობების გახსენებით იწყებოდა. მაშინ ჩვენ, ჯერ კიდევ ახალგაზრდა კლინიცისტები, ვერ ვხვდებოდით, რა საჭირო იყო ამაზე საუბარი. მერე და მერე მივხვდით, რომ ბატონ გიორგის სურდა, ჩვენში პატივისცემა გაეღვივებინა მედიცინის ისტორიისა და იმ ადამიანების მიმართ, ვინც თავი პროფესიას მიუძღვნა.
ნებისმიერთან შეეძლო საერთო ენის გამონახვა, მაგრამ, სულით ახალგაზრდა, უმეტეს დროს ახალგაზრდებს უთმობდა. როცა ბატონ გიორგისთან ერთად კუბაში ვიყავით, მან თავისი დრო ორ ნაწილად გაყო: დღის პირველ ნახევარს მხცოვან პროფესორებთან ერთად ატარებდა, ხოლო მეორეს – ახალგაზრდა ანესთეზიოლოგებთან ერთად.
ერთხელ, ჰავანიდან წამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე, გაახსენდა, რომ ზოოპარკის მონახულება ვერ მოასწრო და მარტო გაეშურა მის დასათვალიერებლად. მისმა არყოფნამ საშინელი ალიაქოთი გამოიწვია და შედეგად თვითმფრინავის გაფრენა ერთი საათით დაგვიანდა, მაგრამ შენიშვნა ვერავინ შებედა -ყველამ ვიცოდით, რაოდენ ცნობისმოყვარე და უშრეტი ენერგიის პატრონი იყო.
ერთ დღეს სასტუმროში, ჩვენს ნომერში, კიბორჩხალა შემოძვრა. ბატონმა გიორგიმ დაუპატიჟებელი სტუმარი მშვიდად აიყვანა ხელში და ჩვენი დელეგაციის ხელძღვანელს მალულად ჩაუსვა ჩემოდანში. რა თქმა უნდა, ატყდა აურზაური, მაგრამ ჯგუფის ახალგაზრდა წევრებმა მაშინვე "ჩვენიანად" ვაღიარეთ და მას შემდეგ უკვე არცერთი ახალგაზრდული შეხვედრა არ გამართულა მისი აქტიური მონაწილეობის გარეშე.
ოპტიმიზმი – ეს იყო გიორგი ცანავას ცხოვრების არსი. მისთვის არ არსებობდა არც უიმედო პაციენტი და არც გამოუვალი მდგომარეობა. კოლეგებს ყოველთვის მოუწოდებდა, ბოლომდე ებრძოლათ ავადმყოფის სიცოცხლის გადასარჩენად, რადგან უზომოდ უყვარდა პაციენტებიც და სიცოცხლეც.
მუშაობის გარეშე ცხოვრება არ შეეძლო, მის გენებში ჩადებული იყო პროგრამა "პერპეტუუმ მობილე". როგორც კი მუშაობა ვეღარ შეძლო, ამ ქვეყნიდან ღირსეულად წავიდა.
ბაბუა და კოლეგა
თამარ მელია, გიორგი ცანავას უფროსი შვილიშვილი:
– ბაბუას დაბადების დღეს ყოველთვის კისლოვოდსკში, მეგრულ სუფრასთან, რაჭველი ნათესავების გარემოცვაში აღვნიშნავდით.
მეზობლის ბავშვი ოთახში რომ შემოვიდოდა, ფეხზე ადგებოდა და ხელს ისე ჩამოართმევდა. თუ ვინმე ცუდად იყო, მისვლას და დახმარებას არასდროს დაიზარებდა. მახსოვს, ნაოპერაციევი პაციენტებისთვის თაფლს და ბებიას გაკეთებულ კომპოტებს ეზიდებოდა. ტყვიასავით მძიმე პორტფელით დადიოდა, რომელშიც, თოვლის ბაბუასავით, მუდამ კანფეტები ეწყო ბავშვებისთვის, კარისკაცებისა და სხვებისთვის. როცა ფეხი მოიტეხა და წარუმატებელი ოპერაციის გამო ლოგინად ჩაწვა, როლები შეიცვალა და ტკბილეულით შვილიშვილები ვამარაგებდით. მაშინ ვკითხე, ბაბუ, პორტფელი შოკოლადებით რომ გქონდა სავსე, ამდენს მართლა პაციენტები გჩუქნიდნენ-მეთქი? ღიმილით მიპასუხა, არა, ბაბუ, ვყიდულობდიო.
სადაც უნდა წასულიყო დასასვენებლად, შვილიშვილებს წერილებს ყოველთვის გვწერდა. ყველა შენახული მაქვს. ტელეფონით მიკითხავდა იმ საგნის ლექციებს, რომელსაც სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლის დროს გავდიოდი. მეამაყებოდა, მისი დაწერილი სახელმძღვანელოთი რომ ვსწავლობდით რეანიმატოლოგიასა და ანესთეზიოლოგიას.
ერთხელ მეგობრის მეუღლემ მკითხა, იცი, ბაბუაშენი ენციკლოპედიაში რომ არის შეყვანილიო? არ ვიცოდი. მივედი ბაბუასთან და ვკითხე. მორიდებულად დამიდასტურა. ისიც შემთხვევით გავიგე, რომ აკადემიკოსის წოდება მიანიჭეს.
რამდენიმე წლის წინ, გამოკვლევამდე, სედაცია დამჭირდა. ახალგაზრდა გოგონა შემოვიდა, გამეცნო, ანეთეზიოლოგი ვარო და დამამშვიდა. ვუთხარი, რომ მის პროფესიას განსაკუთრებით ვაფასებდი, რადგან დეიდა ანესთეზიოლოგი მყავდა. ბაბუა არ მიხსენებია, ვიფიქრე, ახალგაზრდაა, არ ეცოდინება-მეთქი. დეიდის გვარი მკითხა. როცა ვუთხარი, გაოცებულმა შემომხედა: ჟორჟი ცანავას შვილიშვილი ბრძანდებითო? ოცი წუთის შემდეგ გავიღვიძე, უფროსი ანესთეზიოლოგიც თავზე მედგა. ბაბუას მოსწავლე ყოფილა. მაშინ კიდევ ერთხელ ვიგრძენი მისი მფარველობა.
******
დაიბადა 1915 წლის 16 აგვისტოს ქალაქ ზუგდიდში.
1940 წელს დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი.
1940-1950 წლებში იყო ტოპოგრაფიული ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის კათედრის ასპირანტი, შემდეგ – ასისტენტი.
1949-1957 წლებში – ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის პირველი ქირურგიული კათედრის ასისტენტი და შემდგომ – დოცენტი.
1957-1970 წლებში – თბილისის ანესთეზიოლოგიისა და ქირურგიის კათედრის დოცენტი, პროფესორი.
1970 წელს სათავეში ჩაუდგა ახალდაარსებულ ანესთეზიოლოგიისა და რეანიმატოლოგიის კათედრას, რომელსაც 1988 წლამდე ხელმძღვანელობდა.
1951 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე "პლევრის ანატომიური თავისებურებები";
1967 წელს – სადოქტორო დისერტაცია თემაზე “ბრონქოსკოპია პნევმოლოგიასა და პნევმოქირურგიაში".
1966-1980 წლებში იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი.
1980-1990 წლებში – რესპუბლიკის მთავარი რეანიმატოლოგი.
წლების განმავლობაში იყო საქართველოს ანესთეზიოლოგთა და რეანიმატოლოგთა სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარე.
მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტრაქეობრონქიალური ხის არქიტექტონიკის გამოკვლევაში, ფილტვის კიბოსა და ფილტვის ქრონიკული არასპეციფიკური ჩირქოვანი დაავადებების შესწავლაში.
პროფესორ გიორგი ხუნდაძესთან ერთად საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ანესთეზიოლოგიასა და რეანიმატოლოგიას.
დაამუშავა ბრონქოლოგიაში საერთო გაუტკივარებისა და ოპერაციის შემდგომ პერიოდში ანალგეზიისა და ანესთეზიის მეთოდები. მისი ხელმძღვანელობით დაინერგა რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის არაერთი მეთოდი.
დაწერილი აქვს 200-მდე სამეცნიერო ნაშრომი, მათგან ორი სახელმძღვანელო და სამი მონოგრაფია.
იყო სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, მედიკო-ბიოლოგიური აკადემიის აკადემიკოსი, ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ომის, შრომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანი, "წითელი ვარსკვლავისა" და სამამულო ომის II ხარისხის ორდენის კავალერი, მრავალი საბრძოლო მედლის მფლობელი.
გარდაიცვალა 2002 წლის 10 იანვარს. დაკრძალულია მუხათგვერდის პანთეონში.
მარი მარღანია
წყარო: ჟურნალი ავერსი