USD 2.8082
EUR 2.9174
RUB 2.7198
Тбилиси
,, გიხაროდენ, რომელი წინაუძღვი თხოვასა" - წმინდა ნიკოლოზის მოგზაურობა მირონ-ლუკიიდან ბარიში
 642

საბერძნეთის პორტ იღუმენიცადან, იტალიაში, ქალაქ ბარიში გემით გადასვლისთვის 8  საათი და ორადგილიანი კაიუტისთვის 100 ევროა საჭირო. ამ გზას ძირითადად მანქანიანი მგზავრები იყენებენ, რომლებიც წმინდა ნიკოლოზის დღესასწაულზე ბარიში საკუთარი ტრანსპორტით ჩადიან.

რა იქნებოდა ბარი წმინდა ნიკოლოზის მირონმდინარე წმინდა ნაწილების გარეშე? ალბათ ერთი რიგითი საპორტო ქალაქი, რომელიც ერთიანი იტალიის შემადგენლობაში არც ისე შორეულ წარსულში - 1860 წელს შევიდა.

დღეს, კი ცნობილია წმინდა ნიკოლოზის მირონმდინარე წმინდა ნეშთით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ  მაღალი რადიაციით და დამატებით   ჩვენთვის,  ემიგრანტი ქართველი ქალებით, რომელთა რიცხვი ბარიში ოფიციალურად 35 ათასს აჭარბებს. ქართველი დედები, ოჯახებიდან, შვილებისგან შორს უვლიან იტალიელ მოხუცებს და ამ გზით ათეული წლებია არჩენენ საქართველოში დატოვებულ შვილებს, რომლებიც მათ გარეშე იზრდებიან.

პორტიდან წმინდა ნიკოლოზის ბაზილიკა არც ისე შორსაა. ყველა ჩამოსული ჯერ წმინდა ნაწილებისთვის პატივის მისაგებად მიიჩქარის, დანარჩენი კულინარია, კერამიკა, ნაყინი და ძველ ქალაქში ხეტიალი მერე იწყება.

ხო, მამალია ბარის სიმბოლო და ადგილობრივი კერამიკის ნიმუშებზე, ყავის ჭიქებზე, ზარებზე, მაცივარზე მისაკრავებზეც ისაა გამოსახული და კიდევ პასტა - ქუჩებშიც ხელნაკეთი, ასაწონი პასტა უხვადაა და გამომშრალი პომიდვრის ჩირი.

წმინდა ნიკოლოზის კათოლიკური ბაზილიკა უზარმაზარია, ეზოში გალავანთან წმინდანის მარტოსული  მონუმენტი  დგას, რომელიც 2003 წელს ზურაბ წერეთელმა ქალაქს აჩუქა.

11lkmhkb5xoglyz6w45asenfal0o5ubv

ბაზილიკის პირველი სართული 26 სვეტზე დგას, სვეტების ჩუქურთმები, არცერთი, ერთმანეთს არ ჰგავს. კიდევ ერთი სვეტი დგას ცალკე, ის საერთოდ განსხვავებულია და ეტყობა აქაური არ არის, ამ სვეტზე ცოტა მოგვიანებით მოგიყვებით.

წმინდა ნიკოლოზის სამყოფელში ციმციმებს ელექტროკანდელები, რომელიც მგონი ბატარეებზე მუშაობს ( ალბათ).

წმინდა ნაწილებიდან მირონი უწყვეტად გადმოედინება, ეს მეცნიერული კვლევითაც დადასტურებულია. მირონს წელიწადში რამდენჯერმე იღებენ. რადგან წმინდა ნაწილები  ღრმადაა დაფლული, კათოლიკე ბერი სპეციალურ  შპრიცს უშვებს და ამოაქვს. განზავებული მირონის შეძენა  ბაზილიკის მაღაზიაშია შესაძლებელი.

უცნაურად მოხვდა წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილები ბარიში. ის  პირდაპირ მოიტაცეს ქალაქ მირონიდან ( დღევანდელი თურქეთის ტერიტორია), სადაც 1087 წლამდე იყო დასვენებული.

მიზეზი  ერთი უბრალო მღვდლის სიზმარი გახდა, რომელსაც წმინდა ნიკოლოზმა სთხოვა ქალაქ ბარიში გადასვენება.

საპორტო ქალაქს სჭირდებოდა ძლიერი მფარველი, ამიტომ ბარის მაშინდელმა მმართველმა მირონში სამი გემი გაგზავნა. სიწმინდის დაუფლებით გენუელებიც იყვნენ დაინტერესებული,  ბარელებმა იჩქარეს, შევარდნენ ტაძარში, სადაც მხოლოდ რამდენიმე ბერი იმყოფებოდა და ძალით დაეუფლნენ სიწმინდეს. როგორც ამბობენ, სიჩქარეში წმინდა ნაწილები დაზიანდა. ის სვეტი კი, რომელიც დღეს ბარის ბაზილიკაში განცალკევებით დგას და მომლოცველების წერილებითაა სავსე, სწორედ მირონიდან გამოჰყვა წმინდა ნაწილებს ( ვიცი იტყვით, ეს ფიზიკის კანონებს ეწინააღმდეგებაო, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ წმინდა ნიკოლოზთან დაკავშირებული ბევრი რამ ეწინააღმდეგება ფიზიკის კანონებს, სვეტის ამბავი შეიძლება  სულაც არ იყოს მითი).

მოკლედ, ასე ჩამობრძანდა წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილები ქალაქ ბარიში, სადაც მის სახელზე ბაზილიკა ააგეს. 8 წლის შემდეგ 1095 წელს კი, პირველი ჯვაროსნული ომიც დაიწყო. ეხლა უკვე ვენეციელები გაემგზავრნენ ქალქ მირონში. ცნობილი იყო, რომ წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილები ყოფილი  ბიზანტიის იმპერიის პატარა ქალაქში  კიდევ დარჩა. ვენეციელებმაც დაარბიეს ტაძარი და მათაც წამოიღეს მირონმდინარე წმინდა ნაწილები, უფრო მცირე რაოდენობით, რომელიც დღესაც ვენეციაში ინახება.

1_tomba 16

სამეცნიერო კვლევა 1953 წელს დაიწყო. ბარის უნივერსიტეტის პროფესორ-ანატომს ლუიჯი მარტინოსს არც ისე მარტივი დავალება ჰქონდა.

,, სიწმინდე მირონში ცურავს" - ამ სიტყვებით აღწერა ლუიჯი მარტინომ წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილების მდგომარეობა. თუმცა ასევე აღნიშნა, რომ ნეშთი სრულყოფილი არ იყო და აკლდა სხეულის რამდენიმე ძვალი, ასევე იყო დაზიანებული.

 სამეცნიერო კვლევა მან 1953 წელს   დაიწყო, თუმცა 1992 წელს დაასრულა, როდესაც ვენეციაში დაცული წმინდა ნაწილებიც გახსნეს, სადაც სიწმინდესთან ერთად აღმოჩნდა ქვა, ბერძნული წარწერით :

,, წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილები". კვლევის შედეგად დადასტურდა, რომ ნეშთი ერთი და იმავე პიროვნებას ეკუთვნის.

,, ვენეციური ნაწილი უფრო მცირეა, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ბარიში დაცული სიწმინდე." - წერდა მეცნიერი საბოლოო დასკვნაში.

ნიკოლოზობას მართლმადიდებლები წელიწადში ორჯერ ავღნიშნავთ 19 დეკემბერს - მთავარეპისკოპოსის ხსენებას და

 22 მაისს მირონ-ლუკიიდან ბარიში წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილების  გადასვენებას.

საკვირველმომქმედი და მირონ-ლუკიის  მთავარეპისკოპოსი წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზი ითვლება საქართველოს ეკლესიის მფართველ წმინდანად.

ავტორი: ესმა ონიანი

 

голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати