USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Tbilisi
«Newsweek» (აშშ): „უკრაინის უაზრო ომს ბოლო უნდა მოეღოს“
Date:  

 „უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების დრო დიდი ხანია მოვიდა. ვაშინგტონმა კიევს იარაღი აღარ უნდა მიაწოდოს და არც ფინანსებით აღარ უნდა უზრუნველყოს, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში შედეგი ერთი იქნება: რუსეთი ყირიმს და დონბასს მაინც შეინარჩუნებს“, - ასეთი დედააზრი აქვს ამერიკული ჟურნალის „ნიუსვიქის“ (Newsweek) საიტზე გამოქვეყნებულ სტატიას სათაურით „უკრაინის უაზრო ომს ბოლო უნდა მოეღოს“ (ავტორი -  მაიკლ რექტენვალდი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ჩვენ ვიცით, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატები ბევრი საერთაშორისო კონფლიქტის გაჩაღებაში არის ჩარეული. აზრი არ აქვს იმის მტკიცებას, რომ ვაშინგტონს ბრალი არ მიუძღვის 2014 წელს უკრაინაში მომხდარ ევრომაიდანის დაწყებაში. უბრალოდ, საკმარისია იმის თქმა, რომ ამერიკამ თავისი დიდი წვლილი შეიტანა იმ ტრაგიკული მოვლენის მომზადებაში, რომელიც ევრომაიდნიდან რვა წლის შემდეგ მოხდა - რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებაში.

არ აქვს მნიშვნელობა, რომელ სახელმწიფო პროპაგანდას აძლევთ უპირატესობას: რუსულს თუ ამერიკულს. კრემლიც და თეთრი სახლიც ცდილობენ, რომ თავიანთი პოლიტიკა გაამართლონ. რა მნიშვნელობა აქვს იმის ძიებას, თუ ვინ გადაკვეთა პირველმა „წითელი ხაზები“ ან რამდენად მართალია მოსკოვი, რომელიც თავისი უსაფრთხოებაზე ზრუნავს? მთავარი ახლა ისაა, რომ რაც შეიძლება მალე შეწყდეს ომი.

რაში გამოიხატება ომის შეწყვეტა აშშ-ის მხრიდან? გამოიხატება იმით, რომ ვაშინგტონმა უკრაინას სამხედრო და ფინანსური დახმარება უნდა შეუწყვიტოს. ასევე იმითაც, რომ აშშ-ის უშიშროების ორგანოებმა ამერიკელების მიერ თვალსაზრისისა და პოზიციების გამოხატვას ცენზურა არ უნდა დაუწესონ და არ უნდა დაბლოკონ. უნდა შეჩერდეს ინტერნეტის „წმენდის“ პროცესი ე.წ. „დეზინფორმაციისაგან“, უნდა შეწყდეს [ინტერნეტში] სხვაგვარად აზროვნებაზე ზეწოლა უკრაინის სპეცსამსახურების თხოვნით... და კიდევ, ამერიკამ არ უნდა დაუშვას, რომ აშშ-ში დაბადებული ჟურნალისტები უკრაინის საპყრობილეებში დაიღუპნონ, როგორც ეს გონსალო ლირას შემთხვევაში მოხდა (ჟურნალისტი-ბლოგერი, მწერალი და რეჟისორი გონსალო ლირა ჩილიური წარმოშობის მქონე აშშ-ის მოქალაქე იყო, რომელსაც უკრაინელი ცოლი ჰყავდა. 2023 წლის მაისში იგი ხარკოვში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა „რუსეთის აგრესიის გამართლების“ ბრალდებით. გარდაიცვალა საპყრობილეში 2024 წლის 12 იანვარს - რედ.)

ნატო რომ არ დახმარებოდა უკრაინას, ამერიკას რომ უკრაინისთვის იარაღი არ მიეცა, ამერიკელ გადასახადის გადამხდელებს რომ არ დაეფინანსებინათ უკრაინელი ჩინოვნიკების სამსახური, ეს ომი დიდი ხნის დამთავრებული იქნებოდა. ახლა, როცა აშკარა ხდება, რომ დასავლეთის მიერ მრავალჯერ გაკეთებული განცხადება - უკრაინას აქვს შანსი ტერიტორიების დასაბრუნებლადო - კვლავ შეუსრულებელი რჩება, ამერიკელებს უკრაინის ომი უკვე მობეზრდათ.

სიკვდილის ხორცსაკეპში უკვე 150 ათასი უკრაინელის ჯარისკაცის სიცოცხლე ჩაქრა, ხოლო მილიონობით უკრაინელი ქალი, ბავშვი და მოხუცი იძულებით სამშობლოდან უცხოეთში არიან გადახვეწილნი. იმის მიუხედავად, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება კონფლიქტი, მისი შედეგი უცვლელი დარჩება: რუსეთი შეინარჩუნებს ყირიმს და გააკონტროლებს დონბასს.

მაგრამ სამხედრო მოქმედებები მხოლოდ უკრაინაში არ მიმდინარეობს - ომი ამერიკელი ხალხის წინააღმდეგაც არის გაჩაღებული. ამერიკელებს ყოველდღიურად ესმით სამხედრო პროპაგანდა, მათ ყოველდღიურად მოუწოდებენ და არწმუნებენ, რომ უკრაინისადმი დახმარება კეთილი საქმის კეთებას ნიშნავს. ამასობაში კი აშშ-სა და ევროკავშირის მიერ შემოღებული სანქციებით არა იმდენად რუსეთი ზარალდება, რამდენადაც ევროპა, განსაკუთრებით გერმანია.

ისევე როგორც ერაყში, ავღანეთში, ლიბიაში, სირიაში და იემენში, უკრაინული სამხედრო პროექტი რეალობაში ისეთი არ აღმოჩნდა, როგორიც წარმოდგენილი იყო. ამჯერად ამერიკა ბირთვული ომის საფრთხის ზღურბლზე აღმოჩნდა.

დროა შეწყდეს იარაღით მოვაჭრეების გამდიდრება. დროა დასრულდეს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ქება-დიდება, რომ იგი თითქოსდა რეგიონში დემოკრატიის ერთგულ უბადლო ლიდერს და განუმეორებელ ჩირაღდანს წარმოადგენს. ბევრმა შეიძლება არ იცის, მაგრამ ფაქტია: დღეს უკრაინაში ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ აკრძალულია ოპოზიციური პარტიები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს სახელმწიფო აკონტროლებს, იზღუდება რწმენისა და რელიგიური აღმსარებლობის უფლება... ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკას აშანტაჟებს და აცხადებს, რომ თუ ვაშინგტონი კიევს დახმარებას შეუწყვეტს, ეს თეთრ სახლს ძვირად დაუჯდება.

აშშ-ის დახმარებამ (ანუ იარაღით და ფინანსებით უზრუნველყოფამ, სადაზვერვო მონაცემების გაზიარებამ და ა.შ.) ვოლოდიმირ ზელენსკი იმდენად გაათამამა, რომ მან ფრონტზე მოუმზადებელი ჯარისკაცები გაგზავნა, რომლებსაც რუსული თავდაცვის ზღუდეების გარღვევისა და ტერიტორიების დაბრუნების არავითარი შანსი არ ჰქონდათ. ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ ბევრი ახალგაზრდა ჯარში გაწვევას თავს არიდებს და საზღვარგარეთ გაქცევას ცდილობს.

ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს იმის მორალური უფლება, რომ უკრაინას მთლიანად შეუწყვიტოს დაფინანსება და იარაღის მიწოდება - არამარტო უამრავი ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად, არამედ იმისთვისაც, რომ ამერიკელ გადასახადის გადამხდელებს გაუარესებული ეკონომიკური  მდგომარეობა შეუმსუბუქოს. მართალია, ჯო ბაიდენი და ენტონი ბლინკენი გვარწმუნებენ, რომ ამერიკული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისათვის მილიარდობით დოლარის შეკვეთების მიცემა ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას აუმჯობესებსო, მაგრამ ეს სიცრუეა. დიდი ფულის ხარჯვა იმ პროდუქციის წარმოებაზე, რომელსაც მოგება კი არა, სიკვდილი და ნგრევა მოაქვს, ეკონომიკას წინ ვერ წასწევს. ფულის  ხარჯვა სამხედრო სფეროსათვის გადასახადის გადამხდელს არავითარ სარგებელს არ აძლევს.  იარაღის წარმოება არ არის იმ სასარგებლო პროდუქციის წარმოება, რომელიც ინფლაციის დონეს შეამცირებს.

ამერიკა და მისი ნატოელი მოკავშირეები არ არიან ვალდებულნი დააძალონ უკრაინას სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყება. მათი ერთადერთი მორალური და პოლიტიკური მოვალეობაა იარაღის ნაკადისა და სამხედრო მოქმედების დაფინანსების შეჩერება.

წყარო: https://www.newsweek.com/ukrainian-boondoggle-must-end-opinion-1863389

 

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way