USD 2.6080
EUR 2.9721
RUB 3.0937
Tbilisi
«Newsweek» (აშშ): „ითვლება თუ არა ისევ ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის ლეგიტიმურ პრეზიდენტად?“
Date:  474

„20 მაისიდან ვოლოდიმირ ზელენსკი შეიძლება არალეგიტიმურ პრეზიდენტად ჩაითვალოს. მისი გადაწყვეტილება - არ მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავისი სტატუსის ლეგიტიმურობის დასადასტურებლად - დასავლეთში პრეზიდენტის ავტორიტეტს შებღალავს. უკვე არის იმის ნიშნები, რომ ბევრ დასავლელ პოლიტიკოსს უკრაინის ლიდერმა თავი მოაბეზრა. ისინი ეძებენ საბაბს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრებს თავი აარიდონ“, - ნათქვამია ამერიკული ჟურნალის „ნიუსვიქის“ (Newsweek) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატიაში სათაურით „ითვლება თუ არა ისევ ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის ლეგიტიმურ პრეზიდენტად“ (ავტორი - სერგეი მაიდუკოვი, უკრაინელი მწერალი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

„ომი რომ არ მიმდინარეობდეს, უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები მარტში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ასე არ მოხდა.

განა შეეძლო ვოლოდიმირ ზელენსკის არჩევნებში გამარჯვება მას შემდეგ, რაც უკვე ხუთი წელი მართავდა ქვეყანას? განა შეეძლო წარმატების მიღწევა მას შემდეგ, რაც მან მთელ მსოფლიოს აჩვენა თავისი უუნარობა - ან სურვილის არქონა - ებრძოლა იმ კორუფციის წინააღმდეგ, რომელიც უკრაინას შიგნიდან ჭამს? კორუფციისა, რომელივ მშვიდობიან პერიოდში  ბატონობდა, ახლა კი, სამხედრო პერიოდშიც გრძელდება?

ერთმნიშვნელოვანი პასუხი ამ კითხვებზე შეუძლებელია იმდენად, რამდენადაც ისტორიული ფაქტისათვის შეუთავსებელია კავშირებითი კილოს გამოყენება - ანუ ისეთი მოქმედება, რომელიც სასურველია, შესაძლებელია ხდებოდეს, მოხდეს ან მომხდარიყოს. თუმცა შეიძლება ვივარაუდოთ: ვოლოდიმირ ზელენსკი თვითონვე დარწმუნდა, რომ დამარცხდებოდა და ამიტომ არჩევნები გააუქმა.

იანვარში, როცა უკრაინა მოუთმენლად ელოდებოდა ვაშინგტონის კაპიტოლიუმიდან ამბავს დახმარების პაკეტის თაობაზე, ვოლოდიმირ ზელენსკი ამტკიცებდა, რომ არჩევნების ჩატარება შეუძლებელია ქვეყანაში გამოცხადებული სამხედრო მდგომარეობის გამო, რომლის იურიდიული გაუქმება მხოლოდ აგვისტოში იქნება შესაძლებელიო. ბრიტანული ტელეარხის Channel 4 News-თვის მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტი ხაზს უსვამდა, რომ კანონი კრძალავს ომის დროს არჩევნების ჩატარებას.

ინტერვიუმ მძაფრი დისკუსია გამოიწვია მასობრივ მედიაში და სოციალურ ქსელებში. მრავალრიცხოვანი პოლიტოლოგები და ექსპერტ-მიმომხილველები ხაზს უსვამდნენ, რომ უკრაინაში გამოცხადებული სამხედრო მდგომარეობა და არჩევნები კონსტიტუციას არ შეესაბამება. საბოლოო ჯამში მივიდნენ კომპრომისამდე: დავა საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს. მაგრამ 25 თებერვალს ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ოპოზიციის მოთხოვნა საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების თაობაზე კრემლის იდეოლოგიურ დივერსიად ითვლება. მან არჩევნების შესაძლებლობა არამარტო „ცუდ იდეად“ შერაცხა, არამედ უფრო შორს წავიდა - განაცხადა, რომ არჩევნების ჩატარების მხარდამჭერები „ქვეყნის ყველაზე დიდი მოღალატეები არიან“.

სახელმწიფოს ღალატის ბრალდება ომის დროს სერიოზულ დანაშაულს წარმოადგენს, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების მომხრეები ამან ვერ შეაჩერა. ვოლოდიმირ ზელენსკის პოლიტიკურმა ოპონენტებმა სულ უფრო ხშირად დაიწყეს იმის განცხადება, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა 20 მაისის შემდეგ ამოწურული იქნება, ანუ ქვეყნის მეთაურის შემდგომი ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

იუსტიციის მინისტრი დენის მალიუსკა შეეცადა არ დაეშვა რეჟიმის „პოლიტიკური ნავის შექანავება“ და 10 მაისს ბრიტანული BBC News-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ამჟამინდელი მომენტი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმართვისათვის ხელსაყრელი და მიზანშეწონილი არ არის. „რთული სიტუაციისა და უსაფრთხოების გათვალისწინებით, ამჟამად პრეზიდენტის ლეგიტიმურობის მიმართ ეჭვების გაჩენა ოფიციალურად და საჯაროდ დიდ შეცდომად მიმაჩნია, ამიტომაც ვფიქრობ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვა უაზრობა იქნებოდა“. მინისტრმა აღიარა, რომ პრეზიდენტის მიმართ შესაძლოა სერიოზული კრიტიკული დამოკიდებულება გაჩნდეს, მაგრამ ამგვარ მომენტებს ხელისუფლება მხედველობაში არ მიიღებს.

მე პირადად მხარს არ ვუჭერ არჩევნების დაუყონებლივ ჩატარების იდეას, მაგრამ ვთვლი, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილება - არ მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიქტის გამოსატანად - სერიოზულ რისკს წარმოადგენს როგორც თვითონ მისთვის, ასევე მთელი უკრაინელი ხალხისთვისაც.

საკითხები, რომლებიც უკრაინის პრეზიდენტის ავტორიტეტს უკავშირდება, ისეთია, რომ უცხოელი ლიდერების თვალში შეიძლება ვოლოდიმირ ზელენსკი ე.წ. „კოჭლ იხვად“ გადაიქცეს (ანუ პრეზიდენტად, რომელსაც თანამდებობის შენარჩუნების შანსი არ აქვს. უფრო მარტივად კი - უფუნქციო და ლეგიტიმაციაგალეულ პრეზიდენტად). ზოგიერთი უცხოელი უმაღლესი რანგის პოლიტიკოსი უკრაინის პრეზიდენტს კომპრომისების ხელის შემშლელ ადამიანად თვლის: მსოფლიოს სულ უფრო მეტი ქვეყნების ლიდერებ მიიჩნევენ, რომ ომის შეწყვეტის ყველაზე კარგ გამოსავლად სამშვიდობო მოლაპარაკების გამართვა წარმოადგენს. თუმცა არის ერთი პრობლემა - მთავარ შუამავლებად თურქეთი და ჩინეთი გამოდიან, რომლებიც კრემლის პოზიციების მომხრენი არიან (ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნების საკითხში), რაც, თავის მხრივ, უკრაინას არ აწყობს.

თურქეთისა და ჩინეთის ლიდერების - რეჯეფ ერდოღანისა და სი ძინპინის გააქტიურებას ამ მიმართულებით იზიარებენ სხვა ევროპელი ლიდერებიც, მაგალითად, უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი. საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონის კი იმედი აქვს, რომ „ოლიმპიურ ზავს“ მიაღწევს - პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების პერიოდში. ასევე შვეიცარიაში უახლოეს ხანში უნდა დაიწყოს საერთაშორისო კონფერენცია, რომლის ორგანიზატორები და მონაწილეები მიზნად ისახავენ უკრაინისათვის მშვიდობის ფორმულის შემუშავებას.

ამასთან, ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის სავარაუდო შეხვედრას ხელს უშლის ქვეყნის შიგნით არსებული ზეწოლის რისკი - არ არის გამორიცხული, რომ საპროტესტო აქციები დაიწყოს, რომლებსაც პრეზიდენტის დამხობა შეიძლება მოჰყვეს. მეორე მხრივ, პრეზიდენტის რადიკალური უარი მოლაპარაკების გამართვაზე შეიძლება საკვანძო მოთამაშეებისათვის [ჩათვალე - დასავლეთისათვის] მიუღებელი აღმოჩნდეს და ასეთ სიტუაციაში ისინი შეეცდებიან ვოლოდიმირ ზელენსკის გადადგომას მიაღწიონ - პოლიტიკური და სამართლებრივი არალეგიტიმურობის საბაბით და იმ იმედით, რომ პრეზიდენტის სავარძელს ვინმე უფრო მორჩილი პერსონაჟი დაიკავებს.

რუსეთის ბოლოდროინდელი შეტევა უკრაინისათვის სახიფათოა იმ მხრივაც, რომ კიევი კიდევ უფრო მეტად დამოკიდებული ხდება უცხოურ სამხედრო და ფინანსურ დახმარებაზე, მისგან გამომდინარე კი, დასავლელ მფარველებზე. სხვგვარად რომ ვტქვათ, უკრაინის პრეზიდენტი მათ დაუკითხავად ნაბიჯსაც ვერ გადადგამს. თუ საკონსტიტუციო სასამართლო მის ლეგიტიმურობას დაადასტურებს, მაშინ მითქმა-მოთქმა ხელისუფლების უზურპაციისა და მოწოდებები არჩევნების შესახებ ნელ-ნელა ჩაცხრებოდა.

უკრაინისათვის პოლიტიკური სტაბილურობა თავისი მნიშვნელობით პირველხარისხოვან საკითხს წარმოადგენს, განასაკუთრებით რუსეთის აგრესიის დროს, მაგრამ არანაკლებ სერიოზულია პოლიტიკური ლეგიტიმურობის პრობლემაც. ამ უკანასკნელის არარსებობის შემთხვევაში ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელმაც ომის წლებში ვერაფერი გაიგო დიპლომატიისა და პოლიტიკური კომპრომისების შესახებ, შეიძლება სამუდამოდ წაერთვას შანსი იმისა, რომ ქვეყნისთვის რაღაც კარგი გააკეთოს.

წყარო: https://www.newsweek.com/volodymyr-zelensky-still-ukraines-legitimate-president-opinion-1901538

 

World
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way