USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Tbilisi
«Reuters»: რუს კანონმდებლებს უკრაინისათვის ყირიმის გადაცემის საბჭოური დადგენილების გაუქმება სურთ
Date:  364

ბრიტანულმა საინფორმაციო-ანალიტიკურმა სააგენტომ „როიტერმა“ (Reuters) გაავრცელა სტატია სათაურით „რუს კანონმდებლებს უკრაინისათვის ყირიმის გადაცემის საბჭოური დადგენილების გაუქმება სურთ“.

გთავაზობთ პუბლიკაციის ტექსტს:

რუსეთის დუმის კანონმდებლებმა წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც აუქმებს 1954 წელს, საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას ყირიმის რუსეთის მიერ უკრაინისთვის გადაცემის შესახებ. ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს რუსეთისთვის საკანონმდებლო საფუძვლის შექმნას იმის დასამტკიცებლად, რომ ყირიმი, რომლის ანექსიაც მოსკოვმა 2014 წელს მოახდინა, არასოდეს ყოფილა უკრაინის ნაწილი.

კანონპროექტი, რომელიც წარმოდგენილია რუსეთის პარლამენტის ორივე პალატის დეპუტატის მიერ, აღწერს 1954 წლის გადაცემას, როგორც თვითნებობას და უკანონობას, რადგან არ ჩატარებულა რეფერენდუმი და საბჭოთა ხელისუფლებას არ ჰქონდა უფლება გადაეცა ტერიტორია ერთი დამფუძნებელი რესპუბლიკიდან მეორესთვის, თანხმობის გარეშე.

წარსულში, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაგმო 1954 წელს საბჭოთა ლიდერის ნიკიტა ხრუშჩოვის მიერ, ყირიმის უკრაინისთვის გადაცემა და ნაბიჯი შეაფასა, როგორც იმ დროს არსებული სამართლებრივი ნორმების დარღვევა.

ყირიმის მცხოვრებლებმა უკრაინის დანარჩენ ნაწილებთან ერთად რეფერენდუმში უკრაინის დამოუკიდებლობას დაუჭირეს მხარი, საბჭოთა კავშირის დაშლისას და შემდგომში რუსეთმა და უკრაინამ აღიარეს ერთმანეთის საზღვრები.

რუსეთმა ყირიმი საყრდენად გამოიყენა, 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრისას და მას შემდეგ კიდევ ოთხი უკრაინის პროვინციის ანექსია გამოაცხადა. უკრაინა ხშირად ახორციელებს თავდასხმებს ყირიმში რუსეთის ობიექტებზე და პირობას დებს, რომ დაიბრუნებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ მთელ ტერიტორიას.

წყარო: https://www.reuters.com/world/europe/russian-lawmakers-seek-nullify-soviet-transfer-crimea-ukraine-2024-03-11/

tbilisi
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
By the way