USD 2.7076
EUR 3.1560
RUB 3.3425
Тбилиси
„ერთი გმირის ისტორია“ - ირაკლი ჯანელიძე
дата:  2109
დაიღუპა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, 11 აგვისტოს, სოფელ შინდისთან.
 
ირაკლი ჯანელიძე დაიბადა 1987 წლის 19 დეკემბერს, ქუთაისში. 2006 წლიდან იყო საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, კონტრაქტით მსახურობდა სენაკის მეორე ბრიგადაში, კავშირგაბმულობის ასეულში. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში გმირულად დაიღუპა სოფელ შინდისთან. 9 კლასის ფრიადებზე დამთავრების შემდეგ, სწავლა პოლიტექნიკურ ინსტიტუტთან არსებულ კოლეჯში გააგრძელა. 18 წლის გახდა თუ არა, უკვე 2006 წლის აგვისტოში, კოლეჯი არც დაუმთავრებია, ისე წავიდა საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში. დაიღუპა 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომში, 11 აგვისტოს, სოფელ შინდისთან.
 
შინდისის ბრძოლა, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ეპიზოდია. 11 აგვისტოს, სოფელ შინდისის სარკინიგზო სადგურთან, საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული, რუსულ მოტომსროლელ ასეულთან, რომელიც სადგურის ახლოს იყო ჩასაფრებული, უთანასწორო ბრძოლაში ჩაება. ბრძოლამ, დაახლოებით, ერთ საათამდე გასტანა, რომლის განმავლობაში, მოწინააღმდეგემ, დახმარება ორჯერ გამოიძახა. მტერი, ქართველი ჯარისკაცების მიმართულებით, თითქმის, ყველა სახის იარაღიდან ისროდა, მათ შორის, ტანკებიდან და რეაქტიული ცეცხლმტყორცნებიდან. 17-მა ქართველმა მებრძოლმა, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლა და გმირულად დაიღუპა, მათ შორის იყო ირაკლი ჯანელიძეც...
 
გიგა მურვანიძე, შინდისის ბრძოლის გადარჩენილი გმირი: " ყველა ვიცნობდით ერთმანეთს... ერთი, რაც შემიძლია ვთქვა ისაა, რომ იმ დღეს, ყველა ჩვენგანმა დაივიწყა საკუთარი სიცოცხლე. ეს იყო თავგანწირვა. ისეთი ცეცხლის ქვეშ მოვყევით, იქ გადარჩენა შეუძლებელი იყო. ყველამ ვიცოდით, რომ დავიღუპებოდით. ჩვენი ერთადერთი მიზანი იყო, მტერი ჩაგვეძაღლებინა და სანამ ყველას მოგვკლავდნენ, რაც შეიძლება მეტი მოგვეკლა.. გადარჩენაზე არავინ ვფიქრობდით. ამიტომაც დაინთო იქ ასეთი თავგანწირვის ცეცხლი... მებრძოლი რომ თავს და სიცოცხლეს გადადებს, მერე რასაც გააკეთებს კი იცით... ასე მოხდა მაშინაც.
 
11, 12 და 13 აგვისტო_ 3 დღის განმავლობაში, მეც მიცვალებულთა შორის ვიყავი, უგონო მდგომარეობაში. დრო და დრო მოვდიოდი გონზე, მაგრამ მერე, ისევ ვკარგავდი გონებას... როგორც იცით, შემდეგ ადგილობრივმა, ახმეტა ხუციშვილმა გამოგვიყვანა, ვინც ცოცხლები გადავრჩით."
 
ვაჟა ჯანელიძე, მამა: „2 აგვისტოს სახლში მოვიდა, მაგრამ ისე იყო დაღვრემილი და ჩაფიქრებული, რომ სიტყვას არავის ეუბნებოდა. მგონი, იცოდა, რომ ომი იწყებოდა. 6 აგვისტოს, ბიძაშვილი ჩამოიყვანა ჭიათურიდან ქუთაისში, საავადმყოფოში დააწვინა. მეორე დილას, 7 აგვისტოსაც ჩამოაკითხა და წავიდა. საერთოდ არაფერი უთქვამს. მე სახლში არ ვიყავი, საჩხერეში ვმუშაობდი იმ პერიოდში, დედასა და დებს უთხრა, ხვალ ჩამოვალო. მე ტელეფონით ველაპარაკე, არც ჩემთვის გაუმხელია არაფერი, არც ვიცოდი, რომ ომში იყო წასული. არც 9 აგვისტოს გამიმხილა, რომ ომში იყო, მითხრა, პოლიგონზე ვარო. ტელეფონზე ხშირად ველაპარაკებოდი და სულ გვამშვიდებდა. ბოლოს, 10 აგვისტოს, ღამის 2 საათზე ველაპარაკე. ვკითხე, სად ხარ, ცუდ ამბებს აცხადებენ-მეთქი. პანიკას ნუ აჰყვები, პოზიციებზე ვდგავართ და მალე ჩამოვალო. ეს იყო ჩვენი უკანასკნელი საუბარი; ბოლოს ვუთხარი, შენი თავი ჩამომიყვანე ცოცხალი, სხვა არაფერი მინდა-მეთქი. ამის შემდეგ, ვეღარ ვუკავშირდებოდით. 11-ში, 12-ში, 13-ში რომ აღარ დარეკა, უკვე ვგრძნობდი, რომ ცოცხალი აღარ იყო.
 
ირაკლი ისეთი იყო, ჩიტს დაიჭერდა და გამოატანდა ამბავს. ერთი დღე, მეორე დღე, მესამე დღე, რომ გავიდა და არაფერი ისმოდა, მივხდი, რომ დაღუპული იყო,მაინც ვეძებდი, ხან ბორჯომში წავედი, ხან – ბაკურიანში, მერე გზები ჩაიკეტა. ნათესავებს ვთხოვე, თბილისის საავადმყოფოებში ეძებნათ – დაჭრილებში, მიცვალებულებში, ყველგან. 17-ში საღამოს, ნათესავმა დამირეკა_ ერთ-ერთ თუთიის კუბოს, ჯანელიძე აწერიაო... ამასობაში მთავრობიდანაც დამირეკეს და თავდაცვის სამინისტროში ამოცნობაზე დამიბარეს.
 
19 აგვისტოს გადმოვასვენეთ და დავკრძალეთ ქუთაისში. რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ცხოვრება დასრულებულია. იმისთვის ვცოცხლობ, რომ მის ტყუპ დებს, ჩემს ქალიშვილებს მივაქციო ყურადღება."
 
ირაკლი ჯანელიძე (სიკვდილის შემდეგ) დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, მედლით - "მხედრული მამაცობისთვის" და, ასევე, მედლით- "სამშობლოსათვის თავდადებული".
общество
1 ნოემბერს ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის დეკლარაციების წარდგენის ვადა იწურება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საზოგადოებას შეახსენებს, რომ მიმდინარე წლის 1 ნოემბერს იწურება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა.

„ქონების გადასახადის (მათ შორის მიწის) გადამხდელი ფიზიკური პირები ვალდებული არიან, წარმოადგინონ ფიზიკური პირის ქონების გადასახადის 2025 წლის წლიური (2024 წელს მიღებული შემოსავლების მიხედვით) დეკლარაცია არა უგვიანეს, მიმდინარე წლის 1 ნოემბრისა და გადაიხადონ კუთვნილი გადასახადი არა უგვიანეს 15 ნოემბრისა.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, იხილოთ ბმულები:
https://rs.ge/PersonsTaxFAQ?cat=5&tab=1
https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=1589

ვიდეო ინსტრუქცია:

https://www.youtube.com/watch?v=9iMXptuh5ro

სასურველი ინფორმაციის მისაღებად ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ციფრული სერვისებით - “RS ჩათი“ და “RS ბოტი“ ან დაუკავშირდეთ საკონსულტაციო სატელეფონო ცენტრს 2 299 299

საერთო ჯამში 250 ათასზე მეტ ფიზიკურ პირს, დეკლარაციის წარდგენის ვადის შესახებ, საინფორმაციო ხასიათის მოკლე ტექსტური შეტყობინება გაეგზავნება შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულ მობილურ ნომრებზე", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати