USD 2.7067
EUR 3.1230
RUB 3.3103
Tbilisi
«Merkur» (გერმანია): „ალბათ, მოსკოვიდან დარეკეს“: ესპერტის აზრით, ქართული კანონპროექტის უკან კრემლი დგას“
Date:  277

გერმანული ჟურნალის „მერკურის“ (Merkur) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია/კომენტარი სათაურით „ალბათ, მოსკოვიდან დარეკეს“: ესპერტის აზრით, ქართული კანონპროექტის უკან კრემლი დგას“ (ავტორი - ვიქტორია კრუმბეკი).

გთავაზობთ პუბლიკაციას:

თბილისში უკვე რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობს საპროტესტო აქციები მიმდინარეობს იმ კანონპროექტის წინააღმდეგ (სახელწოდებით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“), რომლის მიღება ხელისუფლებას აქვს დაგეგმილი: საკანონმდებლო დოკუმენტის თანახმად, არასამთავრობო ორგანიზაციები და მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან, იუსტიციის სამინისტროში უნდა დარეგისტრირდნენ და ანგარიში გააკეთონ მიღებული თანხების წარმომავლობის თაობაზე. გერმანელი ექსპერტების ვარაუდით, კანონპროექტის უკან შეიძლება კრემლი იდგეს.

„ვამბობთ კანონს, ვგულისხმობთ კრემლს?“

თბილისში დემონსტრაციების მთავარი ლოზუნგები ასეთია: „არა რუსულ მთავრობას!“, „არა რუსულ კანონს!“, „ჩვენ არ დავიღლებით, უკან არ დავიხევთ!“. პოლიციელები მიტინგის დაშლას ცრემლმდენი გაზით, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით ცდილობდნენ.

ოპონენტები საქართველოს მთავრობას რუსეთთან დაახლოების გამო აკრიტიკებენ: მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ კანონი თავისი არსით და მიზნებით ძალიან ჰგავს რუსულ საკანონმდებლო აქტს „უცხოური აგენტების შესახებ“. 

როგორც კონრად ადენაუერის ფონდის წარმომადგენელი თბილისში შტეფან მალერიუსი ამბობს, „სინამდვილეში საქართველოში ამ კანონის არანაირი საჭიროება არ არის. იგივე კანონპროექტის მიღებას ხელისუფლება შარშანაც ცდილობდა, მაგრამ შემდეგ, სახალხო პროტესტის გამო, მთავრობამ უკან გაიწვია. ახლა კი მისი ხელახლა დაბრუნება მოულოდნელად მოხდა“.

ჩარევა გარედან: „ალბათ, მოსკოვიდან დარეკეს...“

შტეფან მალერიუსს დიდი ეჭვი აქვს, რომ კანონპროექტის განმეორებითი შეტანა პარლამენტში გარედან ჩარევის შედეგად მოხდა, დიდი ალბათობით - რუსეთიდან. „ალბათ, კრემლიდან დარეკეს, რუსეთის პრეზიდენტის გარემოცვიდან... ეჭვი მაქვს, რომ ამ კანონის უკან რუსეთი და ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი დგას - იგი მილიარდერია, მმართველი პარტიის დამფუძნებელი და კულისური ლიდერი... მას რუსეთიდან უთხრეს და მიანიშნეს, რომ ეს კანონპროექტი სწორედ ახლა უნდა იქნეს მიღებული“.

კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტმა მეორე მოსმენით უკვე მიიღო. მესამე მოსმენა ორი კვირის შემდეგ გაიმართება. მოსალოდნელია, რომ საქართველოს პროევროპელი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მას ვეტოს დაადებს, თუმცა „ქართულ ოცნებას“ საკანონმდებლო ორგანოში საკმაო უმრავლესობა ჰყქვს, რომ პრეზიდენტის ვეტო გადალახონ და ისევ მიიღონ.

მმართველი პარტია კანონის ძალაში შესვლას მაისი შუა რიცხვებში გეგმავს. საქართველო ოფიციალურად ითვლება ევროკავშირის მიღების კანდიდატად გასული წლის დეკემბრიდან, თუმცა, როგორც ბუნდესტაგში გერმანიის მწვანეთა პარტიის დეპუტატი ანტონ ჰოფრაიტერი ამბობს, საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში აღნიშნული კანონის გამო ეჭვქვეშ დგება, რითაც ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას საფრთხე ემუქრება.

წყარო: https://www.merkur.de/politik/proteste-georgien-gesetz-experte-vermutung-kreml-einfluss-bidzina-iwanischwili-93053198.html

 

analytics
კრემლს ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - გიორგი კობერიძე
დღევანდელი რუსული ბეჭდური პრესა ივლისის თვეში ეკონომიკური ვითარების დამძიმებაზე საუბრობს - რაც რუსეთის დახურული სისტემის პირობებში საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. გაზეთები აღნიშნავენ, რომ: საშუალოდ 12%-ით მოხდა რუსეთში კომუნალურები გადასახადების ზრდა. გაძვირდა პურის ფასიც, არადა ხორბლის ფასი გაიაფდა. მშენებლობის ბიზნესი დაეცა და ქარხნები იხურება.
 
მიზეზი? მუშახელის კატასტროფული დეფიციტი ბაზარზე, რასაც ადამიანური რესურსების კლების ხარჯზე ემატება მოთხოვნის ბუნებრივი შემცირება - რუსების ნაწილი ფრონტზე კვდება, ნაწილი კი ქვეყნიდან გარბის. დარჩენილი კვალიფიციური მუშახელი კი სამხედრო ინდუსტრიაშია მობილიზებული. იაფ ხორბალს რუსეთი თავის მოკავშირეებს საბითუმო ფასებში ყიდის, ხოლო ბაზარზე შემოსავლის შესანარჩუნებლად კრემლთან დაახლოებული პურის მსხვილი მეწარმეები მის ფასს ზრდიან.
 
ამას კი ემატება სანქციები. დღეს ევროპის მხრიდან სანქციების მე-18 პაკეტი დამტკიცდა, რომელიც რუსეთის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას ურტყამს. 47.6 დოლარი - ესაა ის თანხა, რომელზე ძვირადაც ნავთობს არ შეიძენს ევროკავშირი და ბრიტანეთი რუსეთისაგან, რომელსაც გათვლა 60 დოლარზე ჰქონდა. კრემლს რომ მყარი მოგება ჰქონდეს 70 დოლარად უნდა ჰყიდდეს ბარელს. სანქციების მიხედვით ნორდ სტრიმების გაზსადენები აღარ ამუშავდება. ამას ემატება რუსულ ჩრდილოვან ფლოტზე დევნაც, რომელიც სხვა ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავი ხომალდების დახმარებით ცდილობდა რუსული ნავთობის ევროპაში გაყიდვას და სანქციების გვერდის ავლას.
 
ამ ფონზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსეთში ტოტალიტარული მმართველობა კიდევ უფრო უჭერს მოსახლეობას: ქვეყანაში 5500 აკრძალული საიტი, მუსიკა, საინფორმაციო საშუალება, კოდური სიტყვა, ფილმი და გამოთქმაა, რისი მოძიებაცა და ნახვაც არ შეიძლება, მათ შორის არც VPN-ის გამოყენებით. თუ ნახავ ჯერ დაგაჯარიმებენ, შემდეგ ჯერზე კი პასუხისგებაში მისცემენ შენს თავს.
 
მზარდი ინფლაციისა და ძირითადი რესურსების სამხედრო წარმოებასა თუ ფრონტზე მობილიზების ფონზე ეკონომიკური პერსპექტივა კარგად არ გამოიყურება. არსებობს ვარაუდი, რომ გვიანი შემოდგომიდან რუსეთი კიდევ უფრო მეტი ბანკნოტების დაბეჭდვას აპირებს.
 
მუშახელის დეფიციტის ფონზე ინდური პრესა საუბრობდა პოტენციურ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთი წლის ბოლომდე მილიონი ინდოელი მუშახელის რეკრუტირებას აპირებს, თუმცა ამ ამბავმა რუსეთში დადებითი რეაქცია არ გამოიწვია, რის გამოც რუსეთის შრომის მინისტრმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. მიუხედავად ამისა, მარტო წელს რუსეთში 71,817 ინდოეთის მოქალაქეზე გაიცა ოფიციალური სამუშაო ნებართვა. ეს რაც ლეგალურად ჩანს, და რაც არა ის კიდევ სხვაა. ინდოელების გარდა რუსეთში დიდი რაოდენობით არიან შუა აზიელები და ჩინელები.
 
ამ ვითარებაში ფრონტზე რუსეთის ვითარება არასახარბიელოა. დონეცკის მონაკვეთზე მომარაგების გზას უკვე ეწოდა "სიკვდილის ხაზი", სადაც უკრაინული დრონები ყველაფერს ბომბავენ რაც კი გადაადგილდება. მიუხედავად ამისა, რუსეთი არ წყვეტს ცოცხალი ძალის მობილიზებას და დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილში, პოკროვსკის სექტორზე დაწოლას. რუსეთის მხრიდან ყველა გათვლა ისეთი იყო, რომ პოკროვკი ჯერ 2024 წლის ბოლომდე უნდა აეღოთ, შემდეგ 2025 წლის მარტამდე, ახალი თარიღი 2025 წლის 9 მაისი იყო, შემდეგ კი ამ სექტორზე დაწყებული შეტევის ერთი წლის თავი, ანუ ივლისი. მაგრამ ერთი წლის თავზე რუსები ჯერ კიდევ არ არიან ქალაქის ფარგლებში შესულები. ზოგადად პოკროვკისაკენ გაჭრას რუსები 2024 წლის თებერვლიდან ცდილობენ, ავდიივკას დაცემის შემდეგ.
 
დასავლური მედია ამბობს, რომ რუსული ზაფხულის შეტევის მხოლოდ პირველი ფაზა ვიხილეთ ჯერ და რომ მეორე ფაზა ჯერ კიდევ წინააო. ისინი 150 ათას დამატებით რუს, კორეელ და სხვა ქვეყნებიდან დაქირავებულ სამხედროებზე საუბრობენ და ახალი მიმართულებით გაჭრას არ გამორიცხავენ, ან ძველ სექტორებზე მათ გადანაწილებასა და უკრაინულ პოზიციებზე დაწოლის გაძლიერებას.
 
კრემლი ტრამპის მიერ მიცემულ 50 დღიან ვადას მაქსიმალური შეტევისათვის გამოიყენებს და ამაში უცნაური არაფერია. მთავარია რამხელა იქნება მსხვერპლი და გამოფიტვა. როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, მხოლოდ წელს რუსეთს 100 ათასი მოკლული ჰყავს. მან ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ საუბარია მოკლულ სამხედროებზე და არა დაჭრილებზე, დაშავებულებზე ან ტყვეებზე. რუსეთი წლებია იმით პოზიციონირებს, რომ თითქოს ბოლო სამხედრომდე და ბოლო საკვებამდე შეუძლია იომოს. ასეთი რამ არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია, მაგრამ კრემლს რომ ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - ეს უკვე ვნახეთ. და ისიც ნათელია, რომ ახლა ომს სერიოზული გამოფიტვის სახე აქვს მიღებული, რის გამოც დამატებითი მოთამაშეებისა და სახელმწიფოების ირიბი ჩართვა კიდევ უფრო მზარდია.
 
პუტინმა ისიც კარგად იცის, რომ ომის შეწყვეტა სხვა მიზეზითაცაა საშიში - ამდენი სამხედროსა და ციხეებიდან გამოსული, თუ მობილიზებული კრიმინალის რესოციალიზაცია ძალიან რთული იქნება, მით უფრო გართულებული ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე. თუმცა ყველაფერს აქვს თავისი ზედა ზღვარი - ეკონომიკის გამძლეობასაც, მსხვერპლის რაოდენობასაც და გამარჯვების რწმენასაც.
 
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way