USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Тбилиси
«ZDF Heit» (გერმანია): საქართველო - „ქვეყანა, რომელიც ევროკავშირს და რუსეთს შორის მერყეობს“
дата:  850

„საქართველოს მთავრობა ბრიუსელს სიტყვით ერთგულებას ეფიცება, მაგრამ საქმით მოსკოვისაკენ უხვევს“, - ამბობს ქართული პოლიტიკის ექსპერტი მარსელ რეტიგი. ასეთი კურსი საფრთხეს უქმნის ქვეყნის სავარაუდო გაწევრიანებას ევროკავშირში, - ნათქვამია გერმანული ტელეარხის ZDF Heit-ის მიერ ეთერში გადაცემულ სიუჟეტში, სათაურით „საქართველო - „ქვეყანა, რომელიც ევროკავშირს და რუსეთს შორის მერყეობს“.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოში ყველაფერი დუღს. ხალხი ქუჩაშია გამოსული პარლამენტის მიერ სკანდალური კანონპროექტის - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ - მიღების გამო, რომელსაც „უცხოური აგენტების“ კანონპროექტსაც უწოდებენ. დოკუმენტი ავალდებულებს არასამტავრობო ორგავნიზაციებს და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს გაამჟღავნონ თავიანთი საზღვარგარეთული დაფინანსების თაობაზე და თუ ამას არ გააკეთებენ, მათ უცხოური გავლენის აგენტებად შერაცხავენ და მოზრდილ ჯარიმებსაც გადაიხდიან. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები შიშობენ, რომ კანონპროექტი შეზღუდავს აზრის გამოხატვის თავისუფლებას და საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სწრაფვას ევროპისაკენ.

როგორც მარსელ რეტიგი - გერმანული ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთკავკასიური განყოფილების ხელმძღვანელი - ამბობს, კანონპროექტში ჩადებული „გამჭვირვალეობის“ მოთხოვნა მხოლოდ წინასწარ შენიღბულ მიზეზს წარმოადგენს: „საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების 90% მხოლოდ უცხოეთის ქვეყნებიდან გადმორიცხული თანხებით არსებობენ. კანონპროექტის ძალაში შესვლის შემდეგ ისინი მიიღებენ ისეთი ორგანიზაციების სტატუსს, რომლებიც უცხოური გავლენის გამტარებლები იქნებიან. მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ეს ორგანიზაციები „სამშობლოს გამყიდველებად“ შერაცხა“, - ამბობს მარსელ რეტიგი.

ქართული კანონპროექტი, რომელიც რუსულს ჰგავს

ექსპერტი ქართულ კანონში 2012 წელს მიღებული რუსული კანონის კვალს ხედავს, რომელსაც რუსეთის მმართველი რეჟიმი საკუთარი სამოქალაქო საზოგადოების მიმართ ზეწოლისათვის იყენებს. „ჩვენ ვიცით, თუ როგორ ახშობს და ზღუდავს კრემლი რუსული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას“, - ამბობს მარსელ რეტიგი.

საქართველოს ხელისუფლება, თავის მხრივ, უარყოფს რუსეთის რაიმე გავლენას ქარტულ პოლიტიკაზე და კერძოდ, კანონპროექტის შემუშავება-მიღების დროს. „საქართველო მთავრობა, რასაკვირველია, რუსეთის მარიონეტულ რეჯიმს ნამდვილად არ წარმოადგენს“, - ხაზს უსვამს მარსელ რეტიგი, - „მოსკოვის პირდაპირი გავლენა თბილისზე, ალბათ, არ არის. მე ვერ ვიტყვი, რომ მოსკოვიდან დარეკეს და თბილისს ამ კანონის მიღება უბრძანეს... ალბათ, უფრო მეტად მიზეზი ისაა, რომ მმართველ პარტიას ეშინია, რომ ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების შედეგად ძალაუფლებას დაკარგავს. ამიტომ „ქართული ოცნება“ ცდილობს ქვეყნის საზოგადოების დანაწილებას მომხრეებად („მეგობრებად) და მოწინააღმდეგეებად („მტრებად“). მოწინააღმდეგეები („მტრები“) კი ყველა ისინია, რომლებიც დასავლეთთან თანამშრომლოებენ. ამრიგად, იქმნება პოლარიზების ატმოსფერო“.

კიდევ ერთ მოტივად ითვლება საქართველოს მუდმივი შიში რუსეთთან კონფლიქტის სავარაუდო გამწვავების მიმართ. თბილისს ეშინია, რომ რუსეთი საქართველოს ეკონომიკურ ომს გამოუცხადებს და ამის გამო კრიზისი დაიწყება. გარდა ამისა, არ არის გამორიცხული, რომ კრემლმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების - აფხაზეთისა და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ ანექსია მოახდინოს და მეტიც - დამატებითი ტერიტორიები მიიტაცოს. ესე იგი, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კანონპროექტის მიღება თბილისის სიგნალს წარმოადგენს მოსკოვისათვის, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხში „ძალიან ღრმად შესვლა არ სურს“.

საერთაშორისო დემოკრატიულმა საზოგადოებამ ქართული კანონპროექტი მკვეთრად გააკრიტიკა და თბილისს მისი უკან გაწვევისაკენ მოუწოდა. ევროკომისია და ევროპარლამენტი დოკუმენტს განიხილავენ როგორ პირდაპირ დარღვევად იმ პირობებისა, რომელთა შესრულება საქართველომ ივალდებულა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების დროს. „აი, სწორედ ამის გამო გამოხატავს უკმაყოფილებას ხალხი. თბილისის მიზნები სცილდება კანონპროექტის ჩარჩოებს, საკითხი ეხება პრინციპულ გადაწყვეტილებას - გააგრზელებს თუ არა ევროპულ კურსს საქართველოს ხელისუფლება“, - განმარტავს მარსელ რეტიგი.

საქართველო რყევისა და გაურკვევლობის პერიოდში შედის - როგორი იქნება მომავალში ქართული სახელმწიფო? მისი პერსპექტივა რამდენიმე თვეში უნდა გადაწყდეს. გაგრძელდება თუ არა პროტესტები? იქნება თუ არა ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი? დაემორჩილება თუ არა საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის ზეწოლას და კანონპროექტს უკან გაიწვევს? ქუჩაში გამოსული ადამიანები მკაფიო მიმართულებას ითხოვენ: „შორს რუსეთისაგან და ახლოს ევროკავშირთან“.

„საქართველოს შეიძლება ვუწოდოთ ქვეყანა, რომელიც ევროკავშირსა და რუსეთს შორის მერყეობს: ერთი მხრივ, „თვალების ციმციმით უყურებს“ ბრიუსელს, მეორე მხრივ კი შეიძლება სახე კრემლისაკენ მიაბრუნოს“, - ასეთ დასკვნას აკეთებს მარსელ რეტიგი.

წყარო: https://www.zdf.de/nachrichten/politik/ausland/georgien-interview-roethig-100.html

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати