USD 2.7242
EUR 3.1925
RUB 3.4779
Tbilisi
ეფრემ ზაქარაია – დიდი ქირურგი, დიდი მეცნიერი
Date:  471

უბადლო ქირურგს, ფენომენური ნიჭის პატრონს, უიღბლობა დაჰყვა. თუმცა მისი სიდიადისთვის ამას ხელი არ შეუშლია. ის ჯერ კიდევ ახალგაზრდა, 57 წლისა გარდაიცვალა. მანამდე კი იყო დიდი პედაგოგი, უბადლო ლექტორი, დახვეწილი კლინიცისტი და ქირურგი.

ეფრემ ზაქარაიას შესახებ ორი მონოგრაფია არსებობს: 1984 წელს პროფესორ თინა სირიას მიერ დაწერილი და 1996 წელს გამოცემული თინა სირიასა და ზაზა კახიანის ავტორობით. ამ წიგნებიდან და სხვა წყაროებიდან ამოკრებილი ინფორმაცია დიდი ექიმისა და მეცნიერის საინტერესო, რთული და ნაყოფიერი ცხოვრების შესახებ გაგვიზიარა თსსუ ცენტრალური კლინიკის ამბულატორიის ექიმმა გასტროენტეროლოგმა ხუტა პაჭკორიამ, რომელიც ქართული მედიცინის ისტორიითაა გატაცებული და ზედმიწევნით იცნობს ამ დარგში მოღვაწე ბევრი სახელოვანი ქართველის ბიოგრაფიას.

სახელოვანი მამა

ეფრემი მარტვილის მუნიციპალიტეტში, ქუთაისის გუბერნიის სენაკის მაზრის სოფელ ნაჯახავოში დაიბადა 1889 წლის 16 თებერვალს. მამამისი, ფარნაოზი (ფარნა), სახალხო მკურნალი გახლდათ და, როგორც ჩანს, ძალიან კარგიც. ბევრი ისეთი პაციენტი მოურჩენია, რომლებთანაც დიპლომირებულ პრაქტიკოს ექიმებს ვერაფერი გაუწყვიათ.

ფარნა იყო ძვლების, ჭრილობების, ჩირქოვანი პროცესების უბადლო მცოდნე, მას ხშირად იწვევდნენ იმერეთსა და აფხაზეთში, აკითხავდნენ შორეული რეგიონებიდანაც. თავის დროზე მისი წინაპრებისთვის მკურნალობის საიდუმლო თურმანიძეებს გაუნდვიათ, ფარნაოზმა კი შემდგომ მათი მეთოდები დახვეწა და სრულყო.

 

გაწბილებული პროფესორი

– მეოცე საუკუნის დამდეგს, ერთ შემოდგომაზე, პრინცი ოლდენბურგელი გაგრაში, თავის აგარაკზე ჩავიდა სტუმრებთან ერთად. მასპინძლობის ორგანიზება 29 წლის ახალგაზრდას იაკობ მიმინოშვილს დაავალეს. სტუმრებს შორის იყო ნიკოლოზ მეორის კარის ექიმი, პროფესორი სერგეი ფიოდოროვიც – მართლაც მსოფლიო დონის ქირურგი, რუსეთში უროლოგიის ფუძემდებელი. ამერიკელი ძმები მეიოები, ცნობილი კლინიკის დამაარსებლები, მას დიდად აფასებდნენ.

ბანკეტის მეორე დღეს იაკობი მებაღემ ფანჯრის ქვეშ გრძნობადაკარგული იპოვა – როგორც ჩანს, მეორე სართულიდან გადმოვარდა. პროფესორმა ფიოდოროვმა გასინჯა დაშავებული და თქვა: ხელ-ფეხის ძვლები ისეა დამსხვრეული, თუ არ მოვკვეთეთ, განგრენა დაეწყება და მოკვდებაო.

მეუღლემ და მშობლებმა ახალგაზრდა კაცის დასახიჩრებაზე ცივი უარი თქვეს. ფიოდოროვს, ცოტა არ იყოს, სწყენია მისდამი უნდობლობა, ხოლო როდესაც გაუგია, ავადმყოფს ნაჯახავოდან ვიღაც ექიმბაში მოუყვანესო, განრისხებულა. ჩოხაში გამოწყობილი, რქისტარიანი დანებითა და ყავრით აღჭურვილი ფარნას დანახვაზე სულ მთლად გადარეულა – ამ ველურს როგორ ანდობენო ასეთი მძიმე პაციენტის მკურნალობას.

რამდენიმე საათი სინჯავდა ფარნაოზი პაციენტს. ბოლოს უთქვამს, მორჩება, ოღონდ მარჯვენა ფეხი დაუმოკლდება და მარჯვენა ხელს ლავიწთან ვერ მიიტანსო, სამკურნალოდ კი ერთი წლის ვადა უთხოვია. იაკობი ზუსტად ერთი წელიწადში მომჯობინებულა, თანაც ზუსტად “ექიმბაშის” მიერ ნაწინასწარმეტყველევი შედეგით.

ამ საარაკო ამბავს ფიოდოროვის ყურამდეც მიუღწევია. სახელგანთქმულ ექიმს ზაქარაიას გაცნობა მოუსურვებია, პეტერბურგში მიუწვევია და ორასკაციანი სამხედრო სამედიცინო აკადემიის ქირურგიულ კლინიკაში რამდენიმე პალატის დათმობას დაპირებია: შენს პაციენტებს შენი მეთოდით უმკურნალე, ჩვენ არ ჩავერევით, ოღონდ ცოდნა სტუდენტებსაც გაუზიარეო. საუბედუროდ, შემდგომი მოვლენების – ომისა და რევოლუციის გამო ამ ჩანაფიქრს ახდენის საშუალება არ მიეცა.

 

უმადურობის მსხვერპლი

– ფარნაოზი სოფლისთვის სხვა საქმეშიც თავადადებული იყო. დააარსა ოთხწლიანი სკოლა, ცხენისწყალზე ბორანი ააგო, ხიდი ააშენა... პირველი მსოფლიო ომის დროს, როცა ხალხს ძალიან გაუჭირდა, სოფელში სიმინდი დაარიგეს, მაგრამ ფარნაოზის ოჯახს არ მისცეს, აქაოდა მდიდარიაო. ამაზე დარდმა გადაიყოლა და 1916 წელს, 56 წლისა, გარდაიცვალა.

ფარნაოზი ცდილობდა, შვილებისთვის საუკეთესო განათლება მიეცა. ეფრემს ექვსი და-ძმა ჰყავდა. თვითონ ყველაზე უფროსი იყო. დედა, ლუბა საბახტარაშვილი, ადრე გარდაეცვალა და დედინაცვალი, ქეთევან თოფურია ზრდიდა, რომელსაც დედას ეძახდა. ეფრემის ერთ-ერთი ძმა, პარმენი (ნაპო), ცნობილი მეცნიერი, თსსუ-ს ხელოვნების ისტორიისა და თეორიის კათედრის გამგე გახლდათ, მრავალი სასიკეთო საქმის წამომწყები და აქტიური მოღვაწე, რომელმაც დიდი როლი შეასრულა ქართული ძეგლების რესტავრაცია-კონსერვაციაში.

დამალული ჯილდოები

– ეფრემმა დაწყებითი განათლება მშობლიურ სოფელში მიიღო. სწავლა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში გააგრძელა. მასთან ერთად სწავლობდა ვლადიმერ მაიაკოვსკიც, რომელთანაც მეგობრობდა. გიმნაზია ოქროს მედალზე დაამთავრა და ოდესის (ნოვოროსიის) უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე ჩაირიცხა. პეტერბურგს ოდესა სიახლოვის გამო არჩიეს – ფოთიდან გემი ერთ-ორ დღეში ჩადიოდა იქ, პეტერბურგამდე მატარებლით მგზავრობას კი ერთი კვირა სჭირდებოდა.

ეფრემმა სტუდენტობის დროსაც გამოიჩინა თავი. ცნობილმა ქირურგმა, პროფესორმა ნიკოლოზ საპეჟკომ, მას თავიდანვე დიდი მომავალი უწინასწარმეტყველა და ეფრემი საფაკულტეტო ქირურგიული კლინიკის ორდინატორად დატოვა. განზრახული ჰქონდა, მომავალში მისთვის კათედრაც ჩაებარებინა. მაგრამ დაიწყო პირველი მსოფლიო ომი და ეფრემი ფრონტზე წავიდა. მოწინავე ხაზზე მუშაობდა სამხედრო ექიმად, არაერთი მეომარი გადაარჩინა სიკვდილს და საბრძოლო დამსახურებისა და სიმამაცისთვის სამჯერ მიიღო წმინდა გიორგის ჯვარი.

1915 წელს გერმანელებმა ალყა შემოარტყეს პოლონეთის ტერიტორიაზე, ნოვოგეორგევსკის ციხეში, განთავსებულ ჰოსპიტალს და ეფრემიც ტყვედ ჩავარდა. როგორც ქირურგს, სხვა ტყვეებზე მეტ თავისუფლებას ანიჭებდნენ, ისე რომ, ეფრემი თავის თანამებრძოლებსაც მკურნალობდა და გერმანელებსაც, თუმცა უსამართლობას ვერ იტანდა და ერთხელ ტყვე რუსი ჯარისკაცის გამოსარჩლებისთვის კარცერშიც მოხვდა. წითელი ჯვრის დახმარებით ეს ამბავი მთელმა მსოფლიომ გაიგო. ნიკოლოზ მეორემ მამაცი ექიმი წმინდა გიორგის მეოთხე ჯვრითა და წმინდა ანას ორდენით დააჯილდოვა.

მოგვიანებით ეფრემ ზაქარაია ამ ჯილდოებს საგულდაგულოდ მალავდა, რადგან კომუნისტები პირველ რიგში მეფის დროს პრივილეგირებულებს იშორებდნენ თავიდან. მათი ამბავი მხოლოდ 50 წლის შემდეგ გაიგეს ახლობლებმა.

სამშობლოში

– ომის შემდეგ ეფრემმა კვლავ ოდესის უნივერსიტეტში განაგრძო მუშაობა, 1921 წელს კი საქართველოში დაბრუნდა. რამდენიმე თვე მშობლიურ რაიონს ემსახურებოდა. მერე თბილისში, თსუ-ს პროპედევტიკულ-ქირურგიულ კლინიკაში მიიღეს ასისტენტად. რვა წლის განმავლობაში ცნობილ ქირურგთან ნიკოლოზ კახიანთან ერთად მუშაობდა, რამაც კლინიცისტის, პედაგოგისა და მკვლევრის დიდი გამოცდილება შესძინა. ამავე პერიოდში დაწერა რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომი. სამწუხაროდ, ნიკოლოზ კახიანი ძალიან ადრე, 44 წლის ასაკში, ფილტვების ანთებით გარდაიცვალა.

მისი დაკრძალვის დღეს, როცა პროცესიამ რკინიგზის საავადმყოფოს ჩაუარა, ეფრემმა, როგორც კათედრის გამგის მემკვიდრემ, აივნიდან ანგარიში ჩააბარა ნიკოლოზ კახიანს – რამდენი პაციენტი ჰყავდათ, რამდენი მძიმე შემთხვევა ჰქონდათ, რამდენი ოპერაცია ჩატარდა... მისი გამოსვლა გულისშემძვრელი იყო.

კათედრის გამგის თანამდებობა, წესითა და რიგით, ეფრემს ეკუთვნოდა, მაგრამ რატომღაც სხვა დანიშნეს.

ეფრემ ზაქარაია ბრწყინვალე ორატორიც იყო. უყვარდა მაგალითების ილუსტრირება სურათებით, ცხრილებით, რენტგენოგრამებით და პაციენტებით. თუ საჭიროდ მიიჩნევდა, დაფაზეც დახატავდა ხოლმე – ხატვაც ეხერხებოდა. მისი თანამედროვენი იხსენებენ, ეფრემი ოპერაციას კი არ აკეთებდა – თითქოს ხელოვნების ნიმუშს ქმნიდა და ამ დროს მის ყურებას არაფერი სჯობდაო.

იყო მხატვრული ლიტერატურის ჩინებული მცოდნე. ზეპირად იცოდა “ვეფხისტყაოსანი”, ადგილები შექსპირის ტრაგედიებიდან, სხვადასხვა პოეტის ლექსები. ლექციის დროს, თუ აუდიტორიას დაღლას და ყურადღების მოდუნებას შეატყობდა, ისე ჩაურთავდა თხრობაში მხატვრულ ნაწარმოებს, თითქოს ლექციის ბუნებრივი გაგრძელებააო.

უყვარდა ფილოსოფიური მსჯელობაც, იუმორიც, სტუდენტებში კი განსაკუთრებით აფასებდა აზროვნების სისხარტეს. უხაროდა, როცა რომელიმე მათგანი ლოგიკური მსჯელობით პოულობდა სწორ პასუხს.

ეფრემი პოლიგლოტიც იყო. სრულყოფილად იცოდა რუსული, ფრანგული და გერმანული ენები, კარგად – ინგლისური და ლათინური.

მის ბინაში იმართებოდა ლიტერატურული საღამოები, სადაც მწერლები და მეცნიერები იკრიბებოდნენ: შალვა ნუცუბიძე, სერგი დანელია, არნოლდ ჩიქობავა, კონსტანტინე გამსახურდია, გერონტი ქიქოძე, გიორგი ლეონიძე, სიმონ ჩიქოვანი, ლეო ქიაჩელი, ლევან ასათიანი...

ოჯახური ცხოვრება კი ვერ აეწყო. მეუღლე, ტატიანა გაბუნია, 1940 წელს, 38 წლის ასაკში გარდაეცვალა. შვილები არ დარჩენია.

ძალიან პატრონობდა თავის სოფელს. ჩადიოდა, უანგაროდ ეხმარებოდა ხალხს... მამასავით, ნამდვილი სახალხო მკურნალი იყო.

ნაყოფიერი მოღვაწეობა

– 1929 წელს ეფრემი ლენინგრადში მიავლინეს დიდ მეცნიერებთან, პროფესორებთან ალექსანდრე სპერანსკისა და სერგეი ფიოდოროვთან. აქ მან თავი გამოიჩინა, დიდი ავტორიტეტი მოიპოვა და კიდევ უფრო ღრმად განსწავლული დაბრუნდა სამშობლოში.

თავდაპირველად საფაკულტეტო ქირურგიის კლინიკაში გადაიყვანეს, ორი წლის შემდეგ კი წითელი ჯვრის საავადმყოფოში მიიწვიეს ქირურგიული განყოფილების გამგედ. სხვადასხვა დროს იყო პედიატრიული ფაკულტეტის ზოგადი ქირურგიის, პედიატრიისა და სანიტარია-ჰიგიენის ფაკულტეტის საფაკულტეტო ქირურგიის და სამკურნალო ფაკულტეტის ზოგადი ქირურგიის კათედრების გამგე.

ექიმებისგან ბევრს მოითხოვდა. მის განყოფილებაში მოხვედრილი ყველა ახალბედა თავდაპირველად კლინიკის შინაგანაწესს ეცნობოდა, ზოგადი ქირურგიის თეორიულ კურსს პირადად აბარებდა ეფრემს. მხოლოდ ამის შემდეგ მიამაგრებდნენ პაციენტებს, რომელთა ავადმყოფობის ისტორიაც უნდა დაეწერა. შემოვლისას ეფრემი ამოწმებდა, რამდენად სრულყოფილად ჰქონდა ახალგაზრდა ექიმს შესწავლილი ესა თუ ის შემთხვევა. თუ მოეწონებოდა, კმაყოფილებით აღნიშნავდა, თუ არადა უმცროს კოლეგას კაბინეტში იბარებდა და შეცდომას შეუსწორებდა.

თავად არცთუ იშვიათად ერთი შეხედვით სვამდა დიაგნოზს, რითაც ახალგაზრდა ექიმებს აოცებდა. ადამიანის ფსიქიკის რთულ ნიუანსებშიც შეუცდომლად ერკვეოდა.

გამოუცდელ ექიმს ოპერაციაზე არ დაუშვებდა, სანამ ის კარგად არ გაიზეპირებდა თეორიის შესაბამის ნაწილს. შემდეგ რამდენჯერმე დაახმარდა პროფესორს ან სხვა გამოცდილ კოლეგას ოპერაციის დროს. თუ ახალბედა ყველაფერ ამას თავს გაართმევდა, ეფრემი ოპერაციის გაკეთების უფლებასაც აძლევდა, პირველ ჯერზე – აუცილებლად პროფესორის თანდასწრებით. ოპერაციის შემდეგ კი მასა და სხვა ახალგაზრდა ექიმებთან ერთად არჩევდა დეტალებს.

სპეციალური ლიტერატურა, წიგნები და ჟურნალები, ეფრემს თავად მოჰქონდა ახალგაზრდა კოლეგებისთვის.

გარდა მუცლის ღრუსი, მაღალ დონეზე ატარებდა გულმკერდის, ნეიროქირურგიულ, ონკოლოგიურ, ორთოპედიულ და ტრავმატოლოგიური ოპერაციებს. საბჭოთა კავშირში პირველმა მან გაუკეთა ოპერაცია კრონის დაავადების მქონე პაციენტს. ეს მოხდა 1937 წელს თბილისში. ამერიკაში ამ დაავადების აღწერიდან სულ ხუთი წელი იყო გასული.

პიონერი იყო ნეიროქირურგიაშიც – საქართველოში პირველმა მანვე ჩაატარა ოპერაციები თავისა და ზურგის ტვინზე.

აკადემიკოს სპერანსკის თქმით, ეფრემმა ფაქტობრივად გადაჭრა ტროფიკული წყლულის პათოგენეზის პრობლემა. აკადემიკოსი ძალიან დარდობდა, რომ ეფრემს ლენინგრადის კლიმატი არ მოუხდა და იქ არ დარჩა.

 

სხვებზე მზრუნველი

– ხელქვეითების მიმართ ეფრემი საოცრად ყურადღებიანი იყო. სანიტარიც რომ მოესაკლისებინა, მოიკითხავდა, თანამშრომელს გაგზავნიდა მასთან – გაიგეთ, რამე ხომ არ უჭირსო. თუ მისი კლინიკის ექიმი სხვაგან მოხვდებოდა პაციენტად, აუცილებლად მოინახულებდა. ყვირილი არ იცოდა. თუ რამე ეწყინებოდა, შეიკეტებოდა კაბინეტში, წერას წამოიწყებდა, ემოციებს დაიოკებდა და მერე ჩვეულებრივ გააგრძელებდა მუშაობას.

პაციენტებისგან გასამრჯელოს იშვაითად იღებდა, ამბობდა, გაჭირვებული კაცისთვის ექიმი ღმერთია; თუ შეგიძლია, უშველე, თუ არადა ზარალში მაინც ნუ ჩააგდებო.

ზრუნავდა ახალგაზრდა თაობის დაწინაურებისთვის. ირაკლი ფაღავა, შემდეგში – ცნობილი პედიატრი, 27 წლისა იყო, როცა ეფრემმა ირაკლი ტატიშვილთან ერთად სამედიცინო საბჭოს წინაშე დასვა საკითხი მისი დოცენტად არჩევის შესახებ. ამ ასაკისთვის ასეთი თანამდებობა იმხანად უჩვეულო იყო.

ცნობილი პათანატომი პროფესორი თამარ დეკანოსიძეც თავის პროფესიულ არჩევანს ეფრემს უკავშირებს. როგორც ბევრ სხვა სტუდენტს, მასაც ქირურგობა უნდოდა, მაგრამ ეფრემ ზაქარაიამ ის პათანატომიის კათედრაზე გაგზავნა და ქირურგიაში მოგვიანებით დაჰპირდა გადაყვანას. საბოლოოდ, ეფრემისავე დამსახურებით, თამარმა პათანატომიის კათედრაზე დარჩენა გადაწყვიტა.

ომის დროს ეფრემმა კლინიკაში საკუთარი ინიციატივით გახსნა სამედიცინო ინსტიტუტის თანამშრომელთა მოსამზადებელი კურსები, სადაც თავადვე კითხულობდა ლექციებს სამხედრო-საველე ქირურგიაში. პარალელურად დაუღალავად ეხმარებოდა დაჭრილ მეომრებს, რომლებიც საქართველოში არსებულ ჰოსპიტლებში იწვნენ.

 

მეცნიერებათავდაუზოგავად იღვწოდა ქართული მედიცინის წარმოსაჩენად. მაგალითად, ითხოვდა სამედიცინო ჟურნალის გამოცემას, რომელშიც სამ ენაზე დაიბეჭდებოდა ნაშრომები და რომლის გაცნობაც მთელ საბჭოთა კავშირში და მის საზღვრებს გარეთაც შეეძლებოდათ.

1935 წლიდან აკადემიკოს ივანე ბერიტაშვილთან ერთად მუშაობდა ფიზიოლოგიის ინსტიტუტში. საზოგადოდ, უყვარდა ექსპერიმენტები, შეეძლო, გვიანობამდე დარჩენილიყო ლაბორატორიაში, საკითხის კვლევის ახალ გზებსა და ხერხებზე ეფიქრა. იმდენად კარგი მეცნიერული ალღო ჰქონდა, რომ ივანე ბერიტაშვილსაც კი, რომელიც ძალიან ძუნწად იმეტებდა საქებარ სიტყვებს, მისი ქება წამოსცდებოდა ხოლმე.

ყველას ეკითხებოდა აზრს, ყველას რჩევას მიუგდებდა ყურს, გონივრულს აუცილებლად გაითვალისწინებდა.

მსოფლიომ მისი სახელი ტეტანუსთან დაკავშირებით გაიცნო. ნაშრომში “ტეტანუსის მკურნალობის ირგვლივ” ეფრემ ზაქარაია ექსპერიმენტულად ადასტურებს, რომ ტეტანუსის სინდრომი ცენტრალური წარმოშობისა არ არის და კუნთების რიგიდულობა ნერვკუნთოვანი აპარატის ტოქსინით მოშხამვითაა განპირობებული.

საინტერესოა მისი სხვა ნაშრომებიც, მათ შორის – მსხვილი ნაწლავის ანატომიური თავისებურებებით გამოწვეული გაუვალობის მკურნალობის ხერხების შესახებ. მისი სამეცნიერო მემკვიდრეობის დიდი ნაწილი ნეიროქირურგიული, პათოფიზიოლოგიური და ფიზიოლოგიური ხასიათისაა.

ეფრემ ზაქარაია უდავოდ უდიდესი მეცნიერი გახლდათ პრაქტიკოს ქირურგებს შორის. ამიტომ იყო, რომ უზარმაზარი სახელი ჰქონდა სიცოცხლეშიც და მის შემდეგაც, სამშობლოშიც და საზღვრებს გარეთაც.

1943 წელს მას მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა.

 

უეცარი აღსასრული

– სამწუხაროდ, დიდ ადამიანებს მოშურნეც ბევრი ჰყავთ. 1937 წელს ვიღაცამ დააბეზღა, პოლიტიკურ ანეკდოტებს ჰყვებოდაო, მაგრამ ლავრენტი ბერიამ მის საქმეს მსვლელობა რატომღაც არ მისცა. როგორც ამბობენ, ერთ-ერთი ნაშრომის გამო, რომელიც ჭაობიან ადგილებში ევკალიპტის გაშენების სარგებელს ეხებოდა.

ამდენმა ნერვიულობამ მის ჯანმრთელობასაც დააჩნია კვალი. თირკმელების არეში ტკივილს უჩიოდა. რამდენჯერმე შეკრებილმა კონსილიუმმა მიზეზი ვერ დადგინა. მხოლოდ გრიგოლ მუხაძეს გამოუთქვამს ეჭვი პიელონეფრიტზე. სხვები თირკმლის კიბოს ან სარკომას ეჭვობდნენ. ოპერაცია გაუკეთეს და, მართლაც, ჩირქოვანი პიელონეფრიტი აღმოაჩნდა.

მოგვიანებით სტენოკარდიული შეტევებიც დაეწყო. თავს არ უფრთხილდებოდა. იყო შემთხვევები, როცა მძიმე ავადმყოფის გამო ღამითაც გაქცეულა კლინიკაში.

1946 წლის 18 დეკემბერს ლექციები წაიკითხა. როგორც ამბობდნენ, განუმეორებლად. საღამოს მონაწილეობა მიიღო მეგობრის – არნოლდ ჩიქობავას გამო შეკრებილ კონსილიუმში, შინ დაბრუნებული კი ცუდად გახდა. ახლოს მცხოვრები მეგობარი ექიმები მაშინვე მასთან გაჩნდნენ, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

იმავე დღეს, გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სხდომაზე, ეფრემ ზაქარაია აკადემიის წევრ-კორესპონდენტად აირჩიეს. სხდომა გვიან დამთავრდა და ღვაწლმოსილი ქირურგისა და მეცნიერის შეწუხება მოერიდათ. გადაწყვიტეს, ეს ამბავი მეორე დღეს ეხარებინათ მისთვის... ისე გარდაიცვალა, ვერ გაიგო, რომ ამ დიდი პატივის ღირსად მიიჩნიეს.

ეფრემ ზაქარაია ვაკის სასაფლაოზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონშია დაკრძალული.

მარი აშუღაშვილი

ჟურნალი ავერსი

analytics
«The Times» : „ნატოს პოტიომკინური სამიტი სიკვდილის სიგნალებს გზავნის. რა აჩვენა ალიანსის ჰააგის შეხვედრამ“

„ნატოს უმაღლესი დონის შეხვედრამ ჰააგაში, სადაც პროგრამის მთავარ მშვენებად დონალდ ტრამპი გახდა, ევროპის განხეთქილება და გაუბედაობა მხოლოდ მიჩქმალა. ცხადი გახდა, რომ ალიანსი საერთოდ არაფრად არ ღირს აშშ-ის ხელმძღვანელობისა და მხარდაჭერის გარეშე.. და ეს მხარდაჭერა რომ მიიღოს ვაშინგტონიდან, ყველა მისი დანარჩენი წევრი მზად არის მუხლებზე დაიჩოქოს“, - ნათქვამია ბრიტანულ გაზეთ „თაიმსში“ (The Times) დაბეჭდილ სტატიაში სათაურით „ნატოს პოტიომკინური სამიტი სიკვდილის სიგნალებს გზავნის. რა აჩვენა ალიანსის ჰააგის შეხვედრამ: ევროპელი წევრების გაუბედაობა და განხეთქილება მათ რიგებში“ (ავტორი - ედვარდ ლუკასი, პოლიტოლოგი, ჟურნალისტი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

სამხედრო ალიანსს სიმხდალე და მშიშრობა არ შეშვენის, მაგრამ სწორედ ეს სუფევდა ჰააგაში გამართულ ნატოს სამიტზე. ჰოლანდიურ ქალაქში შეკრებილმა ლიდერებმა აჩვენეს, რომ მათ დონალდ ტრამპის წინაშე უფრო მეტ შიშს განიცდიან, ვიდრე ვლადიმერ პუტინის მიმართ.

აშშ-ის პრეზიდენტისათვის რომ ეამებინათ, ნატოს ლიდერებმა შეამოკლედ დღის წესრიგი, უკან დასწიიეს უკრაინა, შეარბილეს რუსეთისადმი კრიტიკული დამოკიდებულება და თავი დაიძვრინეს გადაუდებელი გადაწყვეტილებების მიღებისაგან. ამ მეთოდმა, სამწუხაროდ, იმოქმედა - გარკვეული დროით მაინც.

რუსი თავადი გრიგოლ პოტიომკინი ასეთ მდგომარეობას მოიწონებდა. შთაბეჭდილება რომ მოეხდინა რუსეთის იმპერატორ ეკატერინე II-ზე და სასახლის მუქთამჭამელ გარემოცვაზე, 1787 წელს ოსმალეთისგან წართმეულ ყირიმისაკენ მოგზაურობის დროს, რუსმა დიდებულმა, რომელიც იმ დროს ნოვოროსიის (ყირიმის და ტავრიის) გუბერნატორი იყო, ლეგენდის თანახმად, ბუტაფორული გადასატანი სოფლების იდეა მოიფიქრა. გზის პირას ლამაზ-ლამაზი სახლები ჩაამწკრივა და დედოფალს ასიამოვნა, თუმცა, როგორც ამბობენ, სახლების მიღმა ცარიელი ველ-მინდვრები იყო. დღეს გრიგოლ პოტიომკინის თანამედროვე კოლეგები ნატოს სამიტზე ცდილობდნენ შთაბეჭდილება მოეხდინათ სხვა მბრძანებელზე - იმპერატორ დონალდ I-ზე.

დონალდის თაყვანისმცემლებში ნატოს გენმდივანი მარკ რიუტე ლიდერობს. თავისი პირფერობა-პირმოთნეობით აშშ-ის პრეზიდენტის მიმართ ნიდერლანდების ყოფილმა პრემიერმა თავისი ქვეყნის ეროვნული დამახასიათებელი ნიშანი აჩვენა - პრაგმატიზმი, თანაც ჯერ არნახულ დონეზე. მისი პირადი მისალმება დონალდ ტრამპისადმი (რომელიც ძლევამოსილმა ადრესატმა ჩვეული ფორმით გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში), თითქმის პაროდიად გადაიქცა პრეზიდენტის გამოსვლის ფონზე. მასში გენმდივანმა მადლობა უთხრა „დონალდ I“-ს იმისათვის, რომ მან მოკავშირეებს თავს მოახვია თავდაცვის ხარჯების ახალი დონე, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 5%-ის მოცულობით და აღფრთოვნებით განაცხადა: „ევროპა გადაიხდის იმდენს, რამდენიც საჭიროა და ეს ყველაფერი თქვენი გამარჯვება იქნება“.

იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსეთის საფრთხეს განსაკუთრებით მწვავედ გრძნობენ (მეზობლები - ბალტიისპირეთი, პოლონეთი...), თავიანთ ბიუჯეტში დიდი ხანია 5%-იანი და მეტი ხარჯვა აქვთ სამხედრო სფეროში, მაგრამ მათ არ შეუძლიათ ფული სხვების ნაცვლად იხადონ. „ლიეტუვას შეუძლია 100%-ის გადახდაც, მაგრამ მისი ფული მაინც არ იქნება საკმარისი, რათა დააბალანსოს იმ ქვეყნების ხარჯები, რომლებიც თავიანთ ვალდებულებებს არ ასრულებენ“, - აღნიშნავს ქვეყნის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი.

მათთვის (და ვლადიმერ პუტინისთვის) საბედნიეროდ, სამანევრო სივრცე საკმარისზე მეტია: ამ 5%-ში შევიდა 1,5%-იანი თანმდევი ხარჯები უსაფრთხოებისათვის. წესით და რიგით, ეს თანხა უნდა დაიხარჯოს უკრაინის დასახმარებლად - სამოქალაქო თავდაცვის განსამტკიცებლად და რუსი ჯაშუშების გამოვლენა-დასაჭერად, რაც ნამდვილად ქება-დიდებას იმსახურებს. მაგრამ ამ თანხების ხარჯვის დროს შეიძლება საბუხჰალტრო წიგნების გაყალბებაც... და რაც ყველაზე მთავარია, 5%-იანი ხარჯების ზრდის საბოლოო ვადაა შორეული 2035 წელი, როცა დღევანდელი პოლიტიკოსებისაგან, რომლებიც ჰააგის სამიტში მონაწილეობდნენ, ცოტა ვინმე თუ იქნება ხელისუფლების საჭესთან.

რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, გაზრდილი სამხედრო ხარჯები პოლიტიკურად არაპოპულარულია და ეკონომიკურად დამანგრეველი. „საბჭოთა კავშირს ძირი სწორედ ასეთმა ხარჯებმა გამოუთხარა, როცა ბიუჯეტმა, სამხედრო ასიგნებების ზრდის კვალობაზე,  ვეღარ შეძლო მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და მათი კეთილდღეობის დონის ზრდა“, - ჩაფიქრებულმა ჩაილაპარაკა სამიტის ერთ-ერთმა მონაწილემ. კაცმა რომ თქვას, ნატოს ევროპელი წევრები ერთობლიობაში რუსეთთან შედარებით ათჯერ უფრო მდიდრები არიან. მათ რომ სწორად დახარჯონ დღეს არსებული სამხედრო ბიუჯეტები, ყველაფერი კარგად იქნებოდა, მაგრამ ისინი ვერ ხედავენ, ან განგებ არ ამჩნევენ სახიფათო ხვრელებს თავდაცვაში და იმედს სამომავლო ხარჯებზე ამყარებენ.

სამიტის ოპტიმისტური ტონი ნაკარნახევი იყო ძირითადად იმის გაცნობიერებით, რომ თავიდან იქნა აცილებული კიდევ უფრო დიდი კატასტროფა. ჯერ ერთი, რომ სამიტი, პრინციპში, შედგა, თუმცა რამდენიმე თვის წინათ მისი ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა; მეორე - დონალდმა კეთილი ინება და ჰააგაში ჩაბრძანდა. საბედნიეროდ, სკანდალიც კი არ აუტეხავს. ნათელი გახდა, რომ დონალდი და მისი ადმინისტრაცია ევროპის ტავდაცვას ძველებურად მხარს უჭერს - უკიდურეს შემთხვევაში, სიტყვით მაინც. ვლადიმერ პუტინთან მისი  მეგობრული ურთიერთობის მიუხედავადა, სამიტის ერთობლივ კომუნიკეში რუსეთი მაინც ნეგატიურად არის მოხსენიებული - „გრძელვადიან საფრთხედ“ (თუმცა ეპითეტი „უშუალო“ რომ გამოეყენებინათ, უფრო კარგი იქნებოდა). დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას თავი აარიდა ასეთი შეფასების პირდაპირ დადასტურებას და მხოლოდ იმით შემოიფარგლა, რომ თქვა - „რუსეთის ლიდერი შეცდომებს უშვებსო“.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წინა სამიტების დროს გამოთქმული დაფიცებები და დაპირებები ჰააგის სამიტის დეკლარაციაში აღარ განმეორებულა, თუმცა არც გაუქმებულა. ვოლოდიმირ ზელენსკის ნატოს ლიდერების შეხვედრაზე უკვე აღარ დაუძახეს, მაგრამ მისთვის ტაშისკვრა არ შეუწყვეტიათ. მისი შეხვედრა „ტეტ-ა-ტეტ“ აშშ-ის პრეზიდენტთან ძალიან ზრდილობიანად გაიმართა. „რა თქმა უნდა, მას არ შეეძლო სიყვარულის გამომხატევლი ყოფილიყო“, - შეაფასა დონალდ ტრამპმა მისი მდგომარეობა და მიანიშნა, რომ შეიძლება მიჰყიდოს უკრაინას კიევისათვის უკიდურესად აუცილებელი ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემები, კერძოდ, „პეტრიოტის“ საზენიტო-რაკეტული კომპლექსი.

ეს სასიამოვნო ახალი ამბავი იმ პრეს-კონფერენციაზე გაჟღერდა, რომელზეც დონალდ ტრამპი პირდაპირ სხივებს აფრქვევდა თვითკმაყოფილებისაგან. მან აღიარა, რომ მისმა ნატოელმა კოლეგებმა ალიანსის მიმართ დამოკიდებულება შეცვალეს და აჩვენეს, რომ „მათ ნამდვილად უყვართ თავიანთი ქვეყნები და რომ სამხედრო ხარჯები ზრდა ვიღაცის აჩემებული საკითხი არ არის“. ნატოს მიმართ მისი მრავალწლიანი უგულებელყოფა და „აბუჩად აგდება“ ამჟამად აღტაცებული მოწონებით შეიცვალა.

თუმცა მანამდე სულ რაღაც რამდენიმე საათის წინ დონალდ ტრამპმა ევროპა თითქმის ისტერიკამდე მიიყვანა, როცა ეჭვის ქვეშ დააყენა ნატოს ძირითადი ვალდებულება კოლექტიური თავდაცვის თაობაზე: მან თქვა, რომ აშშ-ის ერთგულება ნატოს ხელშეკრულების მე-5 პუნქტის მიმართ დამოკიდებულია მის ინტერპრეტაციებზე და განმარტებებზე, რომლებიც საკმაოდ ბევრიაო. როგორც ხშირად ხდება ხოლმე დონალდ ტრამპის განცხადებების ირგვლივ, ამაში არის რაღაც სიმართლე₾ ატლანტიკური ქარტიის ყველაზე ხმაურიანი პუნქტი ალიანსის წევრებს მხოლოდ მოუწოდებს ერთმანეთს დაეხმარონ უცხო ქვეყნის თავდასხმის შემთხვევაში, მაგრამ არამც და არამც არ ავალდებულებს.

თუ განსვსჯით პრობლემის ჭეშმარიტ მასშტაბებს (და არა კატასტროფას, რომლის თავიდან აცილება მოხერხდა), სამიტის შედეგები სრულიად სხვაგვარად გამოიყურება: ასეთი დაჟინებული ყურადღება დონალდ ტრამპის განწყობების მიმართ და სიტყვების გულდასმით შერჩევა ხაზს უსვამს ალიანსის მოწყვლადობას პრეზიდენტის კაპრიზების წინაშე. ნატოს მთლიანობაში მაინც აშშ-ის იმედი აქვს, მის სიმძლავრეს ეყრდნობა, მისი დახმარებით და ხელშეწყობით ცდილობს მრავალრიცხოვანი ბზარების ამოქოლვას. ეს არის საბრძოლო მასალებისა და სათადარიგო ნაწილების მწირი რეზერვები, ჰაერსწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისუსტე, მცირე რაოდენობის შორსმსროლელი ქვემეხები და სუსტი ლოჯისტიკა, დაზვერვის ჩათვლით. ევროპაში რეზერვები თითქმის ფსკერზეა დასული: „ყველაფერი მხოლოდ თითო-თითო დარჩა“, - მითხრა ამას წინათ ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილმა სარდალმა, გენერალმა ფრედერიკ ბენ-ჰოჯესმა. მოკავშირეები გაოგნებულნი არიან დონალდ ტრამპის ქცევით და მის ჭეშმარიტ ზრახვებზე მკითხაობენ. პოზიტიური ისაა, რომ ალბათ, ვლადიმერ პუტინიც იგივე მდგომარეობაში იმყოფება ტრამპთან მიმართებით. სხვათა შორის, ზოგჯერ ორაზროვნებას უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ნათლად გარკვევას.

მაგრამ საქმების გაჭიანურება და გაუბედაობა არ გამქარალა: როგორც გაბრიელიუს ლანდსბერგისმა შენიშნა, „უკრაინა ყურადღებიდან გამორჩათ“. სანამ სამიტზე ყვედობდნენ და ხმაურობდნენ, რუსული დრონებისა და რაკეტების თავდასხმამ ათობით უკრაინელი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. ევროპა ასეთ სიტუაციას იმდენად მიეჩვია, რომ დაბომბვის ფაქტები  სტატიების სათაურებშიც აღარ  ხვდება. ზოგიერთებისათვის სიმხდალე და გაუბედაობა იაფი ჯდება მაშინ, როცა მის ფასს სხვები იხდიან. 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way