USD 2.6994
EUR 3.1318
RUB 3.3536
თბილისი
დიტო ცინცაძე: ქართველები არაფრით ჩამოუვარდებიან ევროპელ მსახიობებს... თუ ცოტა გიჟი არ ხარ, ვერ იქნები რეჟისორი
თარიღი:  
საქართველოში, როდესაც ყველაზე რთული პერიოდი იყო, მოვახერხე გადამეღო ფილმი “ზღვარზე”, რომელმაც ლოკარნოს კინოფესტივალზე გაიმარჯვა. ამან მომცა შესაძლებლობა, შემდგომი პროექტებისთვის მიმეღო ორი გერმანული სტიპენდია და ევროპელ პროდიუსერებთან ერთად გადამეღო პირველი გერმანული ფილმი, რომელიც კანის კინო ფესტივალზე იყო წარდგენილი. დიდი დახმარება გამიწია ოთარ იოსელიანმა. 2001 წელს შტუდგარტში სამუშაო სტუდია დამითმეს და ახალ პროექტზე დავიწყე მუშაობა. სწორედ მაშინ გადავწყვიტეთ მე და ჩემმა მეუღლემ გერმანიაში დარჩენა, რადგან აზრი არ ჰქონდა აქეთ-იქით სიარულს.
 
გერმანული ენა არ ვიცოდი, ბევრს ვწვალობდი. პროდიუსერებთან ურთიერთობისას მქონდა პრობლემები. იყო შემთხვევები, როდესაც სცენარი მე სასაცილო მეგონა და მათ არ ეცინებოდათ, ან პირიქით, ისინი იცინოდნენ და მე არ მესმოდა. მიუხედავად ენის ბარიერისა, გერმანულად 7 ფილმი გადავიღე. პრინციპში, ყველა სცენარი ჩემი დაწერილია და ვიცი, რაზეც საუბრობენ. ვიზუალურ მხარეს ოპერატორებთან ერთად ვალაგებ. მუშაობისას ყოველთვის ვუსმენ ჩემს პარტნიორებს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას მე ვიღებ. მიყვარს მსახიობებთან ერთად მუშაობა, მათ დიდ თავისუფლებას ვაძლევ. მსახიობმა უნდა იგრძნოს, რომ თავისუფალია. მე არ ვარ ის ტიპი, რომელიც ბოჭავს, თუ დავინახე, რომ ისე აკეთებს, როგორც არ მინდა, შემდეგ ვუსწორებ. კუბრიკის ცნობილ გამონათქვამის არ იყოს, მე არ ვიცი რა მინდა, მაგრამ ის ვიცი, რა არ მინდა..
 
ისეთ დიდ მსახიობებთან მიმუშავია, როგორიც ქრისტოფ ვალცია, კლაუს მარი, მერაბ ნინიძე, გიორგი ნაკაშიძე. ქართველები არაფრით ჩამოუვარდებიან ევროპელ მსახიობებს. დღეს ქართული კინო ევროპის ყურადღების ცენტრშია, მაგრამ მეტი ხელშეწყობა სჭირდება. საჭიროა გაიზარდოს დაფინანსება, რათა ახალგაზრდა რეჟისორებს ჰქონდეთ საშუალება, აწარმოონ ფილმები და გაიტანონ ფესტივალებზე. მაგალითად, ანა ურუშაძემ 5-6 წლის წინ გადაიღო საინტერესო ფილმი, მას კიდევ სჭირდება მუშაობა და განვითარება. კარგი იქნებოდა, მალევე გადაეღო მეორე ფილმი, რომ სამუშაო რიტმში ყოფილიყო. გერმანიაში საზოგადოებრივი მაუწყებელი დებს ფულს ფილმების წარმოებაში, იგივე უნდა ხდებოდეს საქართველოში, უნდა გაიზარდოს ბიუჯეტი ამ მიმართულებით.
 
ევროპული კოპროდუქცია საინტერესოა იმ მხრივ, რომ ძალიან ბევრი ფული აქვთ, განსაკუთრებით გერმანელებს. თუმცა, აქვთ თავისი წესები: ფილმის ბიუჯეტი ისე ნაწილდება, რომ თანხები ისევ თავიანთ ქვეყანაში დაიხარჯოს. ჩემი ბოლო ფილმი გერმანულ-ბელგიური კოპროდუქციაა. ბელგიის მხარის მოთხოვნა იყო, რომ ფილმის ნაწილი მათ ქვეყანაში გადამეღო და მონტაჟი აუცილებლად ბრიუსელში გამეკეთებინა. ამ სირთულეებს ხშირად აწყდებიან პროდიუსერები. არასდროს მიფიქრია კინოზე, როგორც ბიზნესზე.ჩემი ფილმები კომერციულად მომგებიანი არ არის.. მათ პრიზები მოუტანიათ, მაგრამ ფინანსურად არ ყოფილა წარმატებული.
 
გერმანული კინო თავისი ისტორიით ძალიან საინტერესოა, მაგრამ თანამედროვე კინო არ მომწონს, ძალიან მოსაწყენი გახდა. იუმორი არ არის, თვითირონია ძალიან ცოტაა. დღევანდელი გერმანული კინო ევროპაში ყველაზე უინტერესო იმიტომ არის, რომ პოლიტკორექტულია, კარგი ადამიანია ისტორიაში ყოველთვის მთავარი.
 
ამჟამად პაუზა მაქვს, მაგრამ ვგეგმავ, ჩემი ახალი სცენარის, რომლის მთავარი გმირი გერმანელი იქნება, გაგზავნას პროდიუსერებთან. გადაღებები ევროპაშია გათვლილი, ფინანსები კი გერმანული მხარის .
 
ეს პროფესია გიჟების პროფესიაა, თუ ცოტა გიჟი არ ხარ, ვერ იქნები რეჟისორი.. იყო მომენტები, როდესაც ვფიქრობდი, რომ არაფერი გამომივიდოდა… რამდენჯერმე იმედი სრულად გამიქრა, მაგრამ ძალიან თუ გინდა რამე, საიდუმლოებით მოცული ენერგია ყველაფერს დაალაგებს. უნდა გქონდეს რისკის უნარი და მზად იყო თავგანწირვისთვის. მინდა, რომ ქართველ რეჟისორებს გქონდეთ წარმატება, გჯეროდეთ საკუთარი თავის! სჯობს გულწრფელად აკეთოთ ის, რასაც ფიქრობთ, ვიდრე მიბაძოთ სხვას. ვიღაცას გამოსდის, ვიღაცას არ გამოსდის. ყველას ვურჩევდი, თავის თავი მოძებნონ, გააკეთონ ის, რასაც ხედავენ და დაივიწყონ მიმბაძველობა.
 
თუ ფიქრობ, რომ ის საქმე, რასაც აკეთებ, სწორია და ბედნიერს გაგხდის, მაშინ მიენდე გულის ძახილს და მამოძრავებელ სურვილს. როცა ინტუიცია გეუბნება, რომ მართალი ხარ, მაშინ ყველაფერი გამოგივა!
მიყევი ბმულს - Speech • სფიჩი
 
მსოფლიო
დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს, - ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი ავრცელებს.

„ხვალ საღამოს 9 საათზე (თბილისის დროით ხუთშაბათი, 5:00 საათი), პრეზიდენტი ტრამპი ერს მიმართავს, რათა მათ მნიშვნელოვანი სიახლე გააცნოს“, - წერს ლევიტი X-ზე.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომი, ძალიან მალე დასრულდება.

„ძალიან მალე დავტოვებთ. ვიტყოდი, რომ შესაძლოა ორ კვირაში. ორ კვირაში, შესაძლოა სამ კვირაში. რეჟიმის შეცვლა მოგვიწია. რეჟიმის შეცვლა არ იყო ერთ-ერთი იმ მიზნებს შორის, რაც მე მქონდა. მე მქონდა ერთი მიზანი: მათ არ ჰქონოდათ ბირთვული იარაღი და ეს მიზანი მიღწეულია. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. მაგრამ ვასრულებთ სამუშაოს და ვფიქრობ, შესაძლოა ორ კვირაში, შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღეში, შევასრულოთ ეს სამუშაო. მაგრამ გვინდა, რომ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც მათ აქვთ“, - განაცხადა ტრამპმა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის