USD 2.6080
EUR 2.9721
RUB 3.0937
თბილისი
«BBC» (დიდი ბრიტანეთი): „უკრაინის ენდშპილი: როგორ შეიძლება ომის დასრულება 2025 წელს“
თარიღი:  1425

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ (BBC) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „უკრაინის ენდშპილი: როგორ შეიძლება ომის დასრულება 2025 წელს“ (ავტორი - პოლ ადამსი).

გთავაზობთ მცირე შემოკლებით:

ორიოდე თვის შემდეგ რუსეთ-უკრაინის ომის მესამე წელი დასრულდება. დაღუპულებისა და დაჭრილების რაოდენობამ, მიახლოებითი შეფასებებით, ერთ მილიონს გადააჭარბა. ფრონტზე არსებულ სიტუაციას ისეთი პირი უჩანს, რომ უკრაინა ომს აგებს.

რუსეთის სამხედრო მანქანა ნელა, მაგრამ განუხრელად წინ მიდის - აღმოსავლეთ უკრაინის სტეპებში მდებარე სოფლებსა და ქალაქებს ზედიზედ იპყრობს.

ამასობაში კი შორეულ ვაშინგტონში, თერ სახლში შესასვლელად ემზადება დონალდ ტრამპი, რომლის ქცევა და გადაწყვეტილების მიღება უპროგნოზოა და რომლის მომავალ მოქმედებას წინასწარ ვერავინ გამოიცნობს. გარდა ამისა, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტს  თავისი უკრაინელი კოლეგის მიმართ მაინცდამაინც თბილი დამოკიდებულება არ აქვს.

შემობრუნებითი მომენტი, როგორც ჩანს, ახლოვდება. მაგრამ შეჩერდება თუ არა ომის ნამდვილად 2025 წელს? და თუ შეჩერდება, როგორი ენდშპილი ექნება საომარი მოქმედებების დასრულებას?

მოლაპარაკება - ილუზია თუ რეალობა?

დონალდ ტრამპი აცხადებდა, რომ ომს 24 საათში დაამთავრებდა ინაუგურაციის შემდეგ. შესაძლოა იგი ტრადიციულად ტრაბახობდა, თუმცა ეს სიტყვები იმ კაცის ბაგეთაგან ისმის, რომელსაც აშკარად მობეზრდა ომში აშშ-ის მიერ გაწეული უზარმაზარი ხარჯები

„საშინელებაა, რომ ომი უამრავ ახალგაზრდას სიცოცხლეს უსპობს. საშინელებაა, რაც რუსეთ-უკრაინის ფრონტზე ხდება“, - ამბობს დონალდ ტრამპი.

მაგრამ როგორც აშშ-ის კარნეგის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, სამხედრო ანალიტიკოსი მაიკლ კოფმანი ამბობს, ომის დასრულების გზაზე აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ორმაგი პრობლემის წინაშე აღმოჩნდება.

„პირველი - დონალდ ტრამპს ომის მძიმე მემკვიდრეობის მიღება მოუწევს, რომელსაც ძალიან უარყოფითი ტრაექტორია ექნება. დონალდ ტრამპს დრო არ ეყოფა იმ ომისშემდგომი სტაბილიზაციისათვის. მეორე მომენტი - ამერიკის ახალ ადმინისტრაციას ძალიან გაუჭირდება წარმატების მკაფიო სტრატეგიის შემუშავება“, - ამბობს მაიკლ კოფმანი.

დონალდ ტრამპმა რამდენჯერმე მიანიშნა სხვადასხვა ინტერვიუებში, თუ რას გააკეთებს რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებით: ჟურნალ „თაიმს“ (TIME) მან განუცხადა, რომ კატეგორიულად არ ეტანხმება ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, უკრაინას ნება მიეცა რუსეთის ზურგის ტერიტორიაზე განლაგებული ობიექტები ამერიკული რაკეტებით დაბომბოს; „ჩვენ ამით ხელს შევუწყობთ ომის ესკალაციას და უარეს სიტუაციას მივიღებთ“, - თქვა არცეულმა პრეზიდენტმა ჟურნალის რედაქტორთან საუბრისას.

ტელეარხ „ენბისისთვის“ (NBC) მიცემულ ინტერვიუში, როცა ჰკითხეს, მოემზადოს თუ არა უკრაინა ამერიკული დახმარების შემცირებისთვისო, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ დახმარების შემცირება სრულიად შესაძლებელია.

იმავ დროულად, არჩეული პრეზიდენტი ისეთ განცხადებებსაც აკეთებს, რომლებიც უკრაინის ბევრ მხარდამჭერს დამაიმედებლად შეიძლება მოეჩვენოს, რომ აშშ უკრაინას არ მიატოვებს: „ჩემი აზრით, უკრაინის მთლიანად მიტოვება არ შეიძლება. სხვაგვარად ჩვენ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ“, - აღნიშნა ამას წინათ თეთრი სახლის მომავალმა ბინადარმა. მოკლედ, დონალდ ტრამპის განზრახვასთან დაკავშირებით მკაფიო წარმოდგენები არ არის.

რაც შეეხება უკრაინის ხელმძღვანელობას, კიევი უარყოფს, რომ მასზე ტრამპი ზეწოლას ახორციელებს და რომ ინაუგურაციის შემდეგ აშშ-ის ზეწოლით ზელენსკი სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.  „ბევრს ლაპარაკობენ მოლაპარაკების დაწყებაზე, მაგრამ ეს ილუზიებია. მოლაპარაკების პროცესის დაწყება შეუძლებელია მანამ, სანამ რუსეთი ამ ომისათვის საკმაო ფასს არ გადაიხდის და არ დაისჯება“, - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი მიხეილ პოდოლიაკი.

„ზელენსკის გონივრული სტრატეგიული ნაბიჯი?“

უკრაინის პრეზიდენტს აშკარად სურს თავი ისეთ ადამიანად წარმოაჩინოს, რომელსაც დონალდ ტრამპთან ლაპარაკი შეუძლია. მან არჩევნების შემდეგ რესპუბლიკელ კანდიდატს გამარჯვება მიულოცა და დრო არ დაკარგა - თავისი წარმომადგენელი ტრამპის გუნდთან მოსალაპარაკებლად დაუყონებლივ გაგზავნა

შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკი თვითონ შეხვდა დონალდ ტრამპს - პარიზში. შეხვედრა განხორციელდა საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის დახმარებით, რომელმაც ორივე ნოტრ-დამის ტაძრის გახსნაზე მიიწვია რესტავრაციის შემდეგ.

„ჩვენ მოწმენი ვართ ძალიან გონივრული სტრატეგიული ნაბიჯისა, რომელიც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გადადგა“, - განაცხადა დეკემბერში უკრაინის საგარეო საქმეთა ექს-მინისტრმა დიმიტრო კულებამ, როცა აშშ-ის საგარეო ურთიერთობების საბჭოში მოხსენებით გამოდიოდა.

იმის ნიშნები, რომ კრემლიც მზად არის მსგავსი ჟესტების გასაკეთებლად, ჯერ არ ჩანს, ამიტომ კიევი აშკარად ცდილობს მოსკოვს ყველაფერში დაასწროს.

„დონალდ ტრამპი არ განმარტავს, თუ როგორ იმოქმედებს ომის შესაწყვეტად. უკრაინელები ცდილობენ არჩეულ პრეზიდენტს თავიანთი იდეები მიაწოდონ, რომლებიც მას შეუძლია „თავისად გაასაღოს“. უკრაინელებმა იციან, თუ როგორ იმუშავებს ტრამპის ბაგეთაგან წარმოთქმული კიევური იდეები“მ - ვარაუდობს ორისია ლუცევიჩი, ბრიტანული „ჩეთემ-ჰაუზის“ უკრაინული ფორუმის ხელმზღვანელი.

„გამარჯვების გეგმა“ და ენდშპილის ვარიანტები

დონალდ ტრამპი ცნობილია საქმოსან-ბიზნესმენის მენტალიტეტით და სურვილით, რაც შეიძლება ცოტა გადაიხადოს აშშ-მა ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ეს კარგად იცის ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ცდილობს მას უკრაინა შესთავაზოს, როგორც ამერიკისათვის პოტენციურ- პრიორიტეტული პარტნიორი.

თავის „გამარჯვების გეგმაში“, რომელიც მან ოქტომბერში გამოაქვეყნა, ვოლოდიმირ ზელენსკი ვარაუდობს, რომ რუსეთთან ომის დროს ბრძოლებში გამოწრთობილი უკრაინის არმია ევროპაში სამომავლოდ აშშ-ის ჯარებს შეცვლის. გარდა ამისა, უკრაინის ლიდერი დასავლელ მოკავშირეებს ქვეყნის სასარგებლო წიაღისეულის ერთბლივ მოპოვებას სთავაზობს, მათ შორის ურანის, გრაფიტისა და ლითიუმის ამოღებას. „ეს სტრატეგიული რესურსები ან რუსეთის გაძლიერებას მოხმარდება (თუ კრემლი უკრაინის ოკუპირებას მოახდენს), ან უკრაინისა და მთელი დემოკრატიული მსოფლიოს გაძლიერებას (თუ უკრაინა ომში გაიმარჯვებს)“ - აცხადებს ზელენსკი.

„გამარჯვების გეგმის“ სხვა პუნქტები - უკრაინის მიღება ნატოში და მის ტერიტორიაზე არაბირთვული სტრატეგიული შემკავებელი ძალების განლაგება - მოკავშირეებმა ცივად მიიღეს.

ყველაზე მეტი უთანხმოებაა უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მიღების საკითხში. კიევისათვის ნატოში გაწევრიანება ნიშნავს უსაფრთხოების ერთადერთ სრულ გარანტიას, რომლითაც იგი გადარჩება და რუსეთის „ლუკმა არ გახდება“. მაგრამ თვითონ ალიანსი, რომელიც, მართალია, დეკლარირებს, რომ „უკრაინის ნატოში ინტეგრაცია გარდაუვალია და მას უკუქცევითი ხასიათი არ აქვსო“, იმავდროულად ყოყმანობს და ერთიანი აზრი არ აქვს: აშშ და გერმანია (სხვებიც) შეთავაზებისაგან თავს იკავებენ.

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ თუ ნატო უკრაინას წევრად 1991 წლის საზღვრებით მიიღებს, იგი ვალდებულებას აიღებს, რომ ნატოს წევრობა მხოლოდ კიევის კონტროლქვეშ არსებულ ტერიტორიაზე გავრცელდება. „ეს საშუალებას მოგვცემს ომი დავასრულოთ და მოლაპარაკება დავიწყოთ, თან უკრაინის საზღვრების საკითხიც განვიხილოთ, თუ სად უნდა გადიოდეს გამმიჯნავი ხაზი“, - თქვა მან ნოემბერში ბრიტანული „სქაი ნიუსისათვის“ მიცემულ ინტერვიუში.

უკრაინის მყიფე მდგომარეობა

თუ არა ნატო, მაშ რა? დონალდ ტრამპის ინიციატივით სამშვიდბო მოლაპარაკების პერსპექტივა სულ უფრო მკაფიო ხდება, უკრაინა ფრონტზე უკან იხევს. ახლა მთავარია იმის განსაზღვრა, თუ როგორ შეიძლება დასრულდეს ომი.

„ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია ომის სამართლიანად დასრულება, რომ რუსეთმა ვეღარ გაბედოს ახალი თავდასხმა“, - ამბობს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი ერმაკი 12 დეკემბრის ტელეინტერვიუში

როგორც კომენტატორები აღნიშნავენ, რუსეთის განმეორებული თავდასხმა რომ არ მოხდეს, აუცილებელია კონკრეტული მექანიზმები, ნატოს წესდების მე-5 პუნქტის მსგავსი. „ვოლოდიმირ ზელენსკი არ უნდა დათანხმდეს მხოლოდ ცეცხლის უბრალო შეწყვეტაზე, რაც თვითმკვლელობა იქნებოდა. აუცილებელია „ომის შეწყვეტა პლუსებით“, ანუ მთავარია, რით იქნება უკრაინა დაცული“, - ამბობს ორისია ლუცევიჩი.

ექსპერტები ევროპულ ფორუმებზე მსჯელობენ იმაზე, თუ როგორი ფორმით შეიძლება გამხორციელდეს უკრაინის უსაფრთხოების დაცვა.

ვარიანტებს შორისაა ევროკავშირის სამშვიდობო ძალების განლაგება (ემანუელ მაკრონის ინიციატივით) ან საქსპედიციო კონტინგენტის შეყვანა ჩრდ. ევროპის ქვეყნების, ბალტიისპირეთისა და ნიდერლანდების მონაწილეობით, რომლებსაც დიდი ბრიტანეთი უხელმძღვანელებს.

მაიკლ კოფმანი თვლის, რომ ასეთი გარანტიები არასაკმარისი იქნება - მათგან ერთ-ერთი აშშ უნდა იყოს. მას ეთანხმება მიხეილ პოდოლიაკი. მისი თქმით, „რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ როგორც აგრესიას გაიმეორებს, კრემლი მნიშვნელოვან დარტყმებს მიიღებს“.

დიდი ბრიტანეთი, ჯო ბაიდენი და დასავლეთის როლი

სანამ უკრაინის მომავალზე შეთანხმება არ არის, მისი მოკავშირეები რაც შეუძლიათ, ყველაფერს აკეთებენ ქვეყნის თავდაცვის გასამტკიცებლად.

ჯო ბაიდენი, სანამ საბოლოოდ წავიდოდეს თეთრი სახლიდან, ცდილობს უკრაინას მისცეს ის, რიც მიცემაც შეუძლია და რაც კონგრესის მიერ არის გამოყოფილი - ფული, იარაღი, ჰუმანიტარული დახმარება. თუმცა ამბობენ, რომ მან შეიძლება ყველაფრის მიცემა ვერ მოასწროს.

უკრაინის მოკავშირეებს, აგრძელებენ რა კიევის დახმარებას, იმედი აქვთ, რომ რუსეთი საბოლოოდ ომის სიმძიმეს ვერ გაუძლებს და მისი სამხედრო რელსებზე გადაყვანილი ეკონომიკა საბოლოოდ დაინგრევა. თუმცა ჯერ-ჯერობით ის დანგრევას არ აპირებს.

ამასთან, ბოლო დროს რუსულ ეკონომიკაში პრობლემები მომრავლდა. გაუძლებს თუ არა რუსეთის სანქციებს, ინფლაციას და მაღალ საკრედიტო განაკვეთებს?

ვლადიმერ პუტინი ირწმუნება, რომ რუსეთის ეკონომიკაში საქმე კარგად მიდის. გასული წლის შემაჯამებელ პრეს-კონფერენციაზე მან თქვა, რომ დასავლური სანქციები გარკვეულ ნეგატიურ გავლენას ახდენს, მაგრამ არა გადამწყვეტს.

თუმცა როგორც ექსპერტები ამბობენ, რუსეთს დიდი დანაკარგები აქვს ფრონტზე: საშუალედ, ყოველდღიურად ბრძოლებში 1,5 ათასი რუსი სამხედრო იღუპება და სახიჩრდება.

მთლიანობაში ომის სიმძიმემ შეიძლება ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომაზე აიძულოს... მაგრამ საკითხავი ისაა, თუ რამდენ ტერიტორიას და რამდენ მებრძოლს დაკარგავს უკრაინა, სანამ კრემლი მოლაპარაკების დაწყების სურვილს გამოამჟღავნებს.

წყარო: https://www.bbc.com/news/articles/c2ldpnyewx1o

მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის