USD 2.6080
EUR 2.9721
RUB 3.0937
Tbilisi
«BBC» (დიდი ბრიტანეთი): „ტრამპი პუტინივით ფიქრობს“: დადგა თუ არა ლიბერალური მსოფლიო წესრიგის დასასრული?“
Date:  975

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის BBC-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია ვრცელი ანალიტიკური სტატია სათაურით „ტრამპი პუტინივით ფიქრობს“: დადგა თუ არა ლიბერალური მსოფლიო წესრიგის დასასრული?“, რომელშიც განხილულია თანამდროვე მსოფლიო წესრიგის ტენდენციები და მისი დარღვევის რისკები. „თუ ადრე, 1990-ინი წლებიდან დაწყებული, აშშ მსოფლიოს ჰეგემონი იყო, ხოლო რუსეთი - რევიზიონისტი, ახლა ამერიკა რუსეთივით მოქმედებს“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

ბოლო სამი წლის განმავლობაში აშშ და მისი მოკავშირეებს სურდათ, რომ რუსეთი საერთაშორისო პოლიტიკიდან განედევნათ და გაერიყათ. ამ მიზნით დასავლეთმა კრემლი საერთაშორისო სამართლისა და ლიბერალური მართლწესრიგის დამრღვევად გამოაცხადა... მაგრამ დასავლეთის ბურჯმა - აშშ-მ და მისმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნელ-ნელა მოსკოვთან ურთიერთობის აღდგენა დაიწყო და უარს აცხადებს რუსეთს აგრესორი უწოდოს, ხოლო უკრაინას - რუსული აგრესიის მსხვერპლი.

ჩვენ ვკითხეთ საერთაშორისო სამართლის სპეციალისტებს - ნიშნავს თუ არა ეს ყველაფერი იმას, რომ 1990-იან წლებში ჩამოყალიბებული მსოფლიო წესრიგის დასასრული ახლოვდება?

ლიბერალური ჰეგემონიის ეპოქა

2023 წელის თებერვალში, ვარშავაში ვიზიტის დროს, აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, სამეფო სასახლეში გამოსვლისას, რუსეთ-უკრაინის ომს „თავისუფლების უდიდესი ბრძოლა“ უწოდა, რომელიც მიმდინარეობს ორ წესრიგს შორის - სამართალზე დაფუძნებულსა   და უხეშ ძალაზე დაფუძნებულს შორის.

დაიწყო რა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი, რუსეთმა არამარტო დაარღვია საერთაშორისო სამართალი - მსოფლიოს უმეტესი ქვეყნის თვალსაზრისით - არამედ მან ბრძოლაში გამოიწვია ის საერთაშორისო-სამართლებრივი სისტემა, რომელიც მსოფლიოში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ იყო ჩამოყალიბებული.

რას ნიშნავს ლიბერალური მსოფლიო წესრიგი

ლიბერალური მსოფლიო წესრიგი (მას ასევე უწოდებენ „წესებზე დამყარებულ მსოფლიო წესრიგს“ - rules-based order) არის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის ისეთი სისტემა, რომლის ბაზას წარმოადგენს ვალდებულებები, პრინციპები და ნორმები. მის საფუძველია საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო ინსტიტუტები - მაგალითად, გაერო, გაეროს გენერალური ასამბლეა და უშიშროების საბჭო.

გაეროს წესდებით (ხელშეკრულებით) დადგენილია ქვეყნებს შორის ურთიერთობების ფუნდამენტური წესები, რომლებიც მოიცავს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი პატივისცემას, კონფლიქტების მშვიდობიან გადაწყვეტას და უარს ძალის გამოყენებაზე. მათში გათვალისწინებულია აგრეთვე ადამიანის უფლებების დაცვაც. ამ ხელშეკრულების მონაწილეები არიან გაეროს ყველა წევრი ქვეყანა - 193 სახელმწიფო.

მაგრამ ლიბერალური მსოფლიო წესრიგი გულისხმობს  ფასეულობების სპეციალურ ნაკრებსაც - ისეთებისას, როგორებიცაა თავისუფალი ვაჭრობა და მისი თანმხლები დამატებითი ინსტიტუციები - ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი.

ლიბერალური მსოფლიო წესრიგში შედის იდეოლოგიური ზედნაშენიც, რომლის თანახმად, დასავლური ლიბერალური დემოკრატია მსოფლიოში მმართველობის იდეალურ ფორმას წარმოადგენს.

ლიბერალური მსოფლიო წესრიგის აყვავების პერიოდი დაიწყო 1990-იანი წლებიდან, როცა ცივი ომის დასრულების შემდეგ ათობით ქვეყანამ ეკონომიკაში საბაზრო რეფორმების განხორციელება დაიწყო. გატარდა დემოკრატიული რეფორმებიც (ყოველ შემთხვევაში, ფორმალურად მაინც). 

ბევრი მათგანი ლიბერალურ ფასეულობებს მხოლოდ სიტყვით ერთგულობდნენ, თუმცა განვითარებადი ქვეყნები მეტ-ნაკლებად მაინც გამდიდრდნენ - გლობალურ ბაზრებზე თავისუფალი დაშვების წყალობით - დაწყებული ჩინეთიდან, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) ათეული წლების განმავლობაში ყოველწლიურად თითქმის 9-10%-ით იზრდებოდა და დამთავრებული ირლანდიით, ინდოეთით, სამხრეთ კორეით, ჩილით, ბრაზილიითა და არგენტინით.

  ლიბერალური მსოფლიო წესრიგის ეპოქასთანაა დაკავშირებული ბევრი სისხლიანი და რთული კონფლიქტის დასრულებაც - ბასკი სეპარატისტების ნახევარსაუკუნოვანი დაპირისპირება ესპანეთის მთავრობასთან, 30-წლიანი კონფლიქტი ჩრდილოეთ ირლანდიაში, 30-წლიანი ომი ერიტრეიში, 15-წლიანი სამოქალაქო ომი ლიბანში და ა.შ. ბევრი მათგანი პირდაპირ თუ ირიბად უკავშირდებოდა აშშ-სა და საბჭოთა კავშირის მეტოქეობას ცივი ომის ჩარჩოებში.

ცივი ომის დასრულების შემდეგ დედამიწაზე მხოლოდ ერთი ზესახელმწიფო დარჩა, რომელმაც მხარეთა შორის მიმდინარე კონფლიქტებში შუამავლის როლის შესრულება დაიწყო. სულ 1990 წლიდან 2015 წლამდე მსოფლიოში გაფორმდა 1100-ზე მეტი სამშვიდობო-საზავო ხელშეკრულება.

როგორც ცნობილია, საერთაშორისო სამართლის ნორმის დარღვევის დაფიქსირება ხდება გაეროს გენასამბლეის რეზოლუციებით ან გაეროს საერთაშორისო სასამართლოს  გადაწყვეტილებით. ამას შეიძლება მოჰყვეს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილება ეკონომიკური სანქციების დაწესების თაობაზე. გამორიცხული არ არის სამხედრო ძალის გამოყენებაც მსოფლიო წესრიგის დამრღვევის მიმართ.

მაგრამ რეალურად სანქციები და სამხედრო ინტერვენციები (გაეროს ეგიდით მოქმედი სამშვიდობო-სამხედრო ძალების სახით) ხშირად ხორციელდება გაეროს მანდატის გარეშეც - ეს ის პრაქტიკაა, რომელსაც რუსეთი მრავალი წელია აკრიტიკებს. 2007 წელს, როცა ვლადიმერ პუტინი მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციაზე თავისი ცნობილი სიტყვით გამოვიდა, განაცახდა: „ძალის გამოყენება ლეგიტიმურად მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს, როცა ის მიღებულია გაეროს წესდების საფუძველზე და მის ჩარჩოებში. არ შეიძლება გაეროს ჩანაცვლება არც ნატოთი და არც ევროკავშირით“.

რა დაარღვია რუსეთმა

თუმცა 2014 წლიდან ვლადიმერ პუტინმა თვითონ გამოიყენა ძალა გაეროს სანქციების გარეშე. შესაბამისად, დასავლეთის თვალსაზრისით, სწორედ უკრაინის წინააღმდეგ მიმართული რუსეთის აგრესია იქცა მსოფლიო წესრიგის ყველაზე უხეშ დარღვევად ცივი ომის დასრულებიდან.

„რუსეთმა დაარღვია [ლიბერალური მსოფლიო წესრიგის] სამი ძირითადი პრინციპი: პირველი - ძალის გამოუყენებლობა ტერიტორიული საზღვრების შესაცვლელად, მეორე - ძალადობის როგორც ომის ინსტრუმენტის სახით გამოყენება სამოქალაქო მოსახლეობის მიმართ და მესამე - არ შეიძლება ბირთვული იარაღით მუქარა. ვლადიმერ პუტინმა პირველი ორი პუნქტი შეასრულა და მსოფლიოსმესამეთი დაემუქრა. ასე რომ, ეს არის ნამდვილი კრიზისი ისეთი წესრიგისათვის, რომელიც სავალდებულო წესებზეა დამყარებული““, - განმარტავს „ფაინენშელ თაიმსისათვის“ (Financial Times - FT) მიცემულ ინტერვიუში ჯონ აიკენბერი, პრინსტონის (აშშ) უნივერსიტეტის პროფესორი.

რა დაარღვია დასავლეთმა

დასავლეთის ბრალდებების საპასუხოდ რუსულმა დიპლომატიამ ლიბერალური მსოფლიო წესრიგის კრიტიკა თავის საყვარელ თემად გადააქცია. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი თვლის, რომ ლიბერალური მსოფლიო წესრიგის მოყვარულებმა თანდათანობით დაიწყეს გაეროსა და მისი ინსტიტუტების უგულვებელყოფა (იგნორირება) და დაწერილი წესების ნაცვლად დაუწერელი წესებით მოქმედება დაიწყეს - ისეთებით, რომლებიც არცერთი წესდებით და არცერთი ხელშეკრულებით არ არიან განმტკიცებულები.

მოსკოვი ხშირად ახსენებს დასავლური საზოგადოების წარმომადგენლებს და ლიბერალური მსოფლიო წესრიგის დამცველებს იუგოსლვიის დაბომბვას 1999 წელს, ერაყში შეჭრას 2003 წელს და კოსვოს დამოუკიდებლად აღიარებას 2008 წელს, რომლებიც აშშ-მა და ნატომ განახორციელეს ისე, რომ არ ჰქონდათ გაეროს უშიშროების საბჭოს მანდატი და რომლებმაც თავიანთი მოქმედებით ორგანიზაციის წესდება უხეშად დაარღვიეს.

ლიბერალური მსოფლიო წესრიგის ერთ-ერთ თანამედროვე ტესტად იქცა აშშ-ის პოზიცია ისრაელისა და „ჰამასის“ კონფლიქტის მიმართ: ბევრმა ქვეყანამ მკვეთრად გააკრიტიკა ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ცალმხრივ მოქმედებაში, როცა ვაშინგტონი აქტიურად ეხმარებოდა ისრაელს იარაღით და ამ დროს ყურადღებას არ აქცევდა ათობით ათასი პალესტინელის დაღუპვას. „ეს არის სრულიად მკაფიოდ გამოხატული თვალთმაქცობა, ეს არის ორმაგი სტანდარტისა და რასიზმის გამოვლენა“, - ამბობდა გაზეთ „ვაშინგტონ პოსტისათვის“ (The Washington Post) მიცემულ ინტერვიუში თურქეთის (ნატოს წევრი ქვეყნის) პარლამენტის სპიკერი ნუმან კურტულმუში, - თუ პალესტინელთა მსხვერპლი არ ითვლება უკრაინელთა მსხვერპლის თანასწორად,  მაშინ ეს იმას ნიშნავს, რომ კაცობრიობის შიგნით რაღაც იერარქია იქმნება: ზოგიერთი [ეროვნების] ადამიანის სიკვდილი მოსათმენია, ზოგიერთისა კი არა. ასეთი რამ დაუშვებელია“.

ლიბერალური მსოფლწესრიგის წამყვანი თეორეტიკოსი, პროფესორი ჯონ აიკენბერი აღიარებს, რომ თანამედროვე ლიბერალური მსოფლიო წესრიგი „მიბმულია აშშ-ზე, ამერიკულ დოლარზე, ამერიკის ეკონომიკაზე“ და ყველაზე მეტად ორინტირდება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსზე და იმ ორგანიზაციებზე, რომლებშიც ამერიკა უპირველეს როლს ასრულებს, ვიდრე გაეროს უშიშროების საბჭოზე. პროფესორი ამ ყველაფერს „აშშ-ის ლიბერალურ ჰეგემონიას“ უწოდებს.

აშშ: იყო ჰეგემონი, ხდება რევიზიონისტი

იმ სახელმწიფოებს, რომლებსაც არსებული საერთაშორისო ურთიერთობების წესების შეცვლა-გადახედვა სურთ, ტრადიციულად რევიზიონისტებს უწოდებენ. ჩვეულებრივ, ამერიკელი პოლიტიკოსები და ექსპერტები ასეთ ქვეყნებად თვლიან რუსეთს და ჩინეთს, რომლებიც მსოფლიოს არენაზე ამერიკის როლის შემცირებას ესწრაფვიან. ისინი მიიჩნევენ, რომ სწორედ რევიზიონისტულ სახელმწიფოებთან არსებული კონკურენცია არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა და ხელშემშლელი ფაქტორი აშშ-ის აყვავებისათვის. სხვათა შორის, ასე არის ჩაწერილი დონალდ ტრამპის პირველი ვადით პრეზიდენტობის დროს მიღებულ „ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში“: „ჩინეთს და რუსეთს სურთ ისეთი მსოფლიო იყოს, როგორიც მათ ავტორიტარულ მოდელებს შეესაბამება. მათ უნდათ, რომ ვეტოს უფლება ჰქონდეთ სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებებზე ეკონომიკის, დიპლომატიისა და უსაფრთხოების სფეროებში“, - ნათქვამია დოკუმენტში.

„მაგრამ, როგორც ბოლო მოვლენები და ფაქტები გვაჩვენებს, მსოფლიო არენაზე მთავარ რევიზიონისტულ ქვეყნად სწორედ აშშ გამოდის“, - ამბობს პროფესორი ჯონ აიკენბერი FT-სთან ინტერვიუში, - დონალდ ტრამპის გეგმებშია ლიბერალური მსოფლწესრიგის პრაქტიკულად ყველა ელემენტის გადახედვა - ვაჭრობიდან და მოკავშირეებთან ურთიერთობიდან დაწყებული, დამთავრებული არადემოკრატიულ ქვეყნებისადმი სოლიდარობით და ადამიანის უფლებების დაცვით”.

„ჩემს ადმინისტრაციას განზრახული აქვს გაწყვიტოს ყოველგვარი კავშირი წინა ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკურ ჩავარდნებთან და საერთოდ, გულახდილად გეტყვით, მთლიანად წარსულში დაშვებულ დიპლომატიურ შეცდომებთან“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა, რომელსაც ამ საკითხში ვერც კონგრესი და ვერც სასამართლო ხელისუფლება ვერ შეაჩერებს: სხვა სფეროებისაგან განსხვავებით, საგარეო პოლიტიკის გატარება უმთავრესად პრეზიდენტის უფლებამოსილებაშია.

იანვარში სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარკო რუბიომ მკაცრად გააკრიტიკა ისინი, ვინც ფიქრობდა, რომ ლიბერალურ მსოფლწესრიგს იმ საგარეო პოლიტიკის ჩანაცვლება შეუძლია, რომელიც ეროვნულ ინტერესებზეა დაფუძნებული: „ეს არამარტო მათი ფანტაზიაა, არამედ სახიფათო შეცდომაც“, - განაცხადა მარკო რუბიომ კონგრესის ზედა პალატაში - სენატში გამოსვლისას.

სწორედ ეროვნული ინტერესების ლოგიკით ხსნის ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთთან დაახლოებისაკენ სწრაფვას. „უკრაინასთან ომის გაგრძელება ცუდია რუსეთისთვისაც და უკრაინისთვისაც, ცუდია მთლიანად ევროპისათვის... მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ ომი ცუდია ამერიკის შეერთებული შტატებისთვისაც“, - წერს ვიცე-პრეზიდენტი ჯეიმს დევიდ ვენსი „იქს-ქსელში“.

იანვარში, თავის საინაგურაციო გამოსვლაში დონალდ ტრამპი აშშ-ის მოქალაქეებს დაპირდა, რომ აღადგენდა ამერიკის როგორც ყველაზე ძლიერი ქვეყნის სტატუსს, დაიბრუნებდა კონტროლს პანამის არხზე და გაზრდიდა აშშ-ის ტერიტორიის ფართობს.

თუმცა ჯერ-ჯერობით დონალდ ტრამპის დიპლომატიური რევოლუცია ყველაზე ნაკლებად პოპულარულ თემად რჩება. ამას წინათ „გელაპის“ გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამერიკელები ყველაზე პოზიტიურად აფასებენ 47-ე პრეზიდენტის იმიგრაციულ პოლიტიკას და ყველაზე ნეგატიურად - უკრაინის ომისა და პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის მიმართ გამოხატულ პოზიციას. თანაც ამერიკელთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ (ან მეგობრულად განწყობილ ქვეყნად) თვლის, ხოლო 47% - დადებითად აფასებს ვოლოდიმირ ზელენსკის საქმიანობას.

მიუნჰენის გარიგება თუ იალტის კონფერენცია?

„2025 წლის თებერვლის მდგომარეობით, სწორედ აშშ ემუქრება ისეთ მსოფლიო წესრიგს, რომელიც წესებზეა დამყარებული“, - ამბობს ჯული ნიუტონი, ოქსფორდის უნივერსიტეტის რუსული და ევრაზიული კვლევების ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი „BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში, - „სწორედ ამერიკის ლიდერი ითხოვს უკრაინისგან ბუნებრივი რესურსების გამოყენების უფლების მიცემას, სწორედ ამერიკის პრეზიდენტი ახდენს ავტორიტარულ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას, სწორედ დონალდ ტრამპი გამოდის უკრაინის პრეზიდენტის წინააღმდეგ და კეთილი დამოკიდებულება აქვს ევროპელ ულტრამემარჯვენეების მიმართ“.

საოცარი დიპლომატიური მოვლენა მოხდა 24 თებერვალს, რუსეთისმიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების მესამე წლისთავზე: აშშ წინააღმდეგი გამოვიდა გაეროს იმ რეზოლუციის მიმართ, რომელიც გმობს რუსეთის აგრესიას და უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციას. მის ნაცვლად ამერიკელმა დიპლომატებმა წარმოადგინეს საკუთარი რეზოლუციის პროექტი, რომელშიც გამოხატულია წუხილი „რუსეთ-უკრაინის ომში ადამიანების ტრაგიკული სიკვდილის გამო“. დონალდ ტრამპმა კი განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან ვაშინგტონ-მოსკოვის ეკონომიკური კავშირების აღდგენის საკითხს იხილავს.

„ამჟამინდელი სიტუაცია ვიღაცეებს მიუნჰენის 1938 წლის გარიგებას ახსენებს, ვიღაცეებს კი - მოლოტოვ-რიბენტროპის 1939 წლის პაქტს... მაგრამ აშკარაა, რომ დონალდ ტრამპის დიპლომატიური რევოლუცია არღვევს ჰელსინკის შეთანხმების პრინციპებს და ამერიკას თავისი მოკავშირეების თვალში მოწინააღმდეგედ აქცევს“, - ამბობს ჯული ნიუტონი.

ჰელსინკის 1975 წლის შეთანხმება წარმოადგენს აშშ-ის საბჭოთა კავშირისა და ევროპის ქვეყნებს შორის ხელმოწერილ დოკუმენტს, რომელშიც ხაზგასმულია ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვევობისა და ერთმანეთის საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპების დაცვა.

„დონალდ ტრამპი უკვე ვლადიმერ პუტინივით ფიქრობს“, - ამბობს პროფესორი სერგეი რადჩენკო, აშშ-ის ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში არსებული ჰენრი კისინჯერის სახელობის მსოფლიო პოლიტიკის შემსწავლელი ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. იგი დრევანდელი მოვლენების შეფასებისას უპირატესობას ანიჭებს იმას, რომ ისინი შეადაროს იალტის 1945 წლის კონფერენციაზე მომხდარ მოვლენებ, როცა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საბჭოთა კავშირის ლიდერებმა მოილაპარაკეს ევროპის გავლენის სფეროებად გაყოფაზე. თუმცა ისტორიკოსი გვახსენებს, რომ იმ დროს ევროპის დიდი ნაწილი დანგრეული იყო, ახლა კი ევროპა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქვეყნების რეგიონს წარმოადგენს, სადაც ბირთვული სახელმწიფოებიც არიან (საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი).

„ევროპას აქვს ეკონომიკური ძალა და ინსტრუმენტები რუსეთზე ზეწოლის მოსახდენად’, - აღნიშნავს სერგეი რადჩენკო BBC-სთან საუბარში, - „როგორც შორს არ უნდა წავიდეს დონალდ ტრამპი თავის დიალოგში ვლადიმერ პუტინთან, ძნელია იმის წარმოდგენა, რომ ამ ყველაფრის პარალელურად, ევროპის ქვეყნებისა და რუსეთის ურთიერთობის ნორმალიზება მოხდება“.

თუმცა, როგორც Atlantic Council-ის ევრაზიული ცენტრის დირექტორის მოადგილე შელბი მაგიდი ამბობს, „ხმები ლიბერალური მსოფლიო წესრიგის დასრულებაზე გაზვიადებულია“. იგი გვახსენებს, რომ აშშ-ის მიერ წინა წლებში შემოღებული ყველა სანქცია ჯერ-ჯერობით თავის მოქმედებას აგრძელებს და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლების თქმით, მათი გაუქმება მხოლოდ უკრაინის ომის შეწყვეტის შემთხვევაში მოხდება.

„მე ვეთანხმები იმ აზრს, რომ არსებობს რისკი [რუსეთთან] ნაჩქარევი და სახიფათო ნორმალიზებისა, თუმცა ჯერ-ჯერობით ეს არ მომხდარა, - აღნიშნავს შელბი მაგიდი, - საბოლოო ჯამში მსოფლიო წესრიგზე გრძელვადიანი გავლენა განისაზღვრება უფრო იმით, თუ როგორ დასრულდება ომი და როგორ იქნება მშვიდობა უზრუნველყოფილი და არა იმით, თუ როგორ და რა გზებით მივალთ ომის შეწყვეტამდე“.

World
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way