USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
თბილისი
«BBC» (დიდი ბრიტანეთი): „ტერორიდან - ტურიზმისაკენ: როგორ შეცვალა საქართველოს პანკისის ხეობამ თავისი ისტორია“
თარიღი:  324

„საქართველოს პანკისის ხეობა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ექსტრემისტთა გავლენის ადგილს წარმოადგენდა, ამჟამად ტურისტებს და მოგზაურებს მიესალმება - თავისი სუფიური რიტუალებით, მთის ბილიკებით და ქისტური სამზარეულოთი“, - ასე იწყება ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ (BBC) მიერ გამოქვეყნებული სტატია სათაურით „ტერორიდან - ტურიზმისაკენ: როგორ შეცვალა საქართველოს პანკისის ხეობამ თავისი ისტორია“ (ავტორი - ელოიზ სტარკი).

ვრცელ პუბლიკაციაში (რუბრიკით „მოგზაურობა“) გადმოცემულია პანკისის ხეობის ახლო წარსული და დღევანდელობა, ისლამის მიმდევარი ადგილობრივი მოსახლეობის განწყობები, მათი პოზიციები, ყოფა-ცხოვრება და ადათ-წესები.

ავტორი მკითხველს აცნობს პანკისის ხეობის სოფელ დუისს (ახმეტის მუნიციპალიტეტი), სადაც იგი აღწერს „ზიქრს“ - სუფიურ რიტუალს, რომელიც არაბული სიტყვაა და „გახსენებას“, „მოგონებას“ ნიშნავს. „ზიქრის“ დროს ადამიანის სული ალაჰს უახლოვდება. „დუისი, პანკისის ხეობის ერთ-ერთი სოფელი, კავკასიაში ერთადერთ ადგილს წარმოადგენს, სადაც „ზიქრს“ მეჩეთში ქალებიც ასრულებენ მამაკაცებთან ერთად. იქვე უცხოელები - ამერიკელი, ევროპელი და ახლოაღმოსავლელი ტურისტები დგანან, რომლებიც რიტუალს თვალს ადევნებენ“.

ორი ათეული წლის წინათ პანკისის ხეობაში წასვლას ვერცერთი ტურისტი ვერ გაბედავდა. კავკასიის მთების სამხრეთ კალთებზე მდებარე მწვანე ხეობაში ეთნიკურ ქისტები ცხოვრობენ - ჩეჩნური წარმოშობის მუსლიმანური თემის წარმომადგენლები. პანკისმა 1990-იან და მომდევნო წლებშიც ურყევი ავბედითი რეპუტაცია მოიპოვა: მას „უკანონობის ხეობას“ უწოდებდნენ და უცხოელებს ურჩევდნენ, იქით არ გაეხედათ და არ მიახლოებოდნენ. დღეს კი ადგილობრივ მოსახლეობა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი წარსულის სტერეოტიპები შეცვალონ და ტურისტებს ნამდვილი პანკისის ხეობა მთელი თავისი სილამაზით, ბრწყინვალებით და მიმზიდველობით აჩვენონ - ცხენებზე ჯირითით, ხინკალით, სიმღერებით, ცეკვებით...

პანკისის საეჭვო რეპუტაცია მას შემდეგ გაჩნდა, როცა აქ ჩრდილოეთ კავკასიიიდან რუსეთის ჯართან საომარ მოქმედებას გამორიდებული ჩეჩნები გადმოვიდნენ. იმის გამო, რომ ადგილობრივი ქისტები ჩეჩნური ენის დიალექტზე საუბრობენ, ხოლო ხეობის ჩრდილოეთი ნაწილი თითქმის პირდაპირ ჩეჩნეთს ესაზღვრება, ამ გარემობების გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ პანკისი ჩეჩენი ლტოლვილებისათვის ლოგიკურ თავშეფარს წარმოადგენს.

სამოქალაქო ლტოლვილებს შორის რამდენიმე საველე მეთაური და „ბოევიკი“ - მებრძოლიც აღმოჩნდა: გავრცელდა ხმები, რომ ხეობაში ტერორისტული ორგანიზაციის „ალ-ქაიდას“ წევრები და თვით უსამა ბენ-ლადენიც კი იმალებოდა. აშშ-სა და რუსეთის ზეწოლით საქართველოს მთავრობამ მარგინალიზებულ რეგიონში ანტიტერორისტული ოპერაცია განახორციელა, თუმცა, რადგანაც ხეობის მოსახლეობა ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებს განიცდიდა (ლტოლვილების გამო ისედაც მწირმა რესურსებმა კიდევ უფრო მეტი დატვირთვა მიიღო), მთავრობის ძალისხმევამ ჯეროვანი შედეგი ვერ გამოიღო.

ე.წ. „პანკისის კრიზისი“ თითქმის განეიტრალდა, როცა ბევრი ჩეჩენი ლტოლვილი ევროპაში წავიდა, მაგრამ 2010 წლიდან პანკისის ხეობაში თავი იჩინა მორიგმა საფრთხემ - „ისლამური სახელმწიფოს“ გავლენამ. იმდროინდელი ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომების წყალობით, პანკისის ხეობამ კარი გაუღო „დაიშის“ ემისრებს, დაიწყო პროპაგანდისტული მანქანის მუშაობა, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან და საქართველოდანაც, კონკრეტულად კი პანკისის ხეობიდანაც დაუსაქმებელ ახალგაზრდებს იზიდავდა. 2010-2016 წლებში, სხვადასხვა მონაცემებით, პანკისის ხეობიდან სირიაში 50-დან 200-მდე ახალგაზრდა წავიდა, რომელთაგან ზოგიერთი ცნობილი საველე მეთაურები გახდნენ - მაგალითად, აბუ ომარ ალ-შიშანი პანკისელი იყო. ამ ფაქტის გამო ხეობას ისევ „ტერორიზმის ბუდედ“ მოიხსენიებდნენ. მართალია, ბოლო წლებში პანკისის ხეობაში დამნაშავეობამ მნიშვნელოვნად იკლო, მაგრამ მისი სახიფათო იმიჯი დღემდე არ გამქრალა“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.

ავტორი ესაუბრება ადგილობრივ ექსკურსიამძღოლს, დუისში მცხოვრებ გიდ ფატიმას, რომელიც იხსენებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის პერიოდს, როცა პანკისის ხეობა არასახარბიელო სახელით სარგებლობდა. „ამჟამად იმდროინდელი პრობლემები წარსულს ჩაბარდა. ხეობაში სოციალურ-ეკონომიკური სიტუაცია უმჯობესდება, ვითარდება ტურისტული ინფრასტრუქტურა“, - ამბობს ფატიმა.

პუბლიკაციაში ჩამოთვლილია ადგილობრივი ღირსშესანიშნაობები, რომლებიც საინტერესოდ და მიმზიდველად არის აღწერილი: „ფატიმა მათვალიერებინებს დუისს და ჯოყოლოს. ირგვლივ სიმწვანე და სიწყნარეა, მთები ტყეებით არის დაფარული, შორს კი თოვლიან-ყინულიანი კავკასიის მწვერვალებიც მოჩანს. სოფლებში ლამაზი სახლებია საოცარი ჩუქურთმებით... აქ ყველაფერი ნატურალურია. პანკისის ხეობის სამხრეთით კახეთია, ალაზნის ველი, რომელიც საქართველოს უმთავრეს მეღვინეობა-მევენახეობის რეგიონს წარმოადგენს.

„აქაურებს ძალიან უყვართ გარეთ, ბუნებაში ყოფნა - ეწყობა ცხენით ჯირითი და უამრავი დღესასწაულები“, - ამბობს ფატიმა, - მე პირადად ქალაქში ცხოვრება არ შემიძლია, როცა ასეთი მშობლიური სოფელი მაქვს“.

მე კარგად მესმის ფატიმას პოზიცია: პანკისის ხეობა იდილიური ადგილია. ხეობის ბოლო სოფელში გზა წყდება. იქმნება შთაბეჭდილება, რომ კავკასიის მაღალი მთების კედელს მივადექით. თითქოსდა მსოფლიოს დასალიერში ვარ. „ბევრი ტურისტი საქართველოში ადგილობრივი სტუმართმოყვარეობის გამო ჩამოდის. პანკისის ხეობა ქვეყნის ის კუთხეა, სადაც ჯერ-ჯერობით ყველაფერი პირველყოფილი და ხელუხლებელია - ბუნების, კულტურის, ტრადიციების და სამზარეულოს თვალსაზრისით“, - ამბობს ემილი ლუში, საქართველოს შესახებ ტურისტული რესურსის Wander-Lush-ის შემქმნელი.

ქისტები, რომლებიც საქართველოში მე-19 საუკუნეში დასახლდნენ, ისლამური (სუფიზმის) მიმდევრები არიან და ამით ისინი საქართველოს მართლმადიდებელი ქრიტიანულ მოსახლეობისაგან, თავიანთი ტრადიციებით, ძალიან განსხვავდებიან. კულტურის უნიკალურობის მიუხედავად, ხეობაში ტურისტების მიზიდვა ძალიან ზნელი იყო. არადა, ხეობა თბილისიდან ორსაათნახევრის სავალზე იმყოფება და მუნიციპალიტეტის ცენტრს - ახმეტას მხოლოდ 20 კილომეტრი აშორებს. ახმეტის სოფლების მოსახლეობა უამრავ უცხოელ ტურისტს მასპინძლობს და განთქმულნი არიან თავისი ვენახებით და ღვინით“, - წერს ავტორი.

„ნაზი ყურაშვილი პირველი იყო, რომელმაც უცხოელი ტურისტები და მოგზაურები პანკისში მიიყვანა. 2013 წელს მან გახსნა რეგიონში პირველი სასტუმრო Nazy's Guesthouse, თუმცა ბევრი დრო დაჭირდა, რათა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას თავის ვებ-გვერდზე პანკისის შესახებ ინფორმაცია განეთავსებინა. 2018 წელს ნაზი ყურაშვილმა დააარსა პანკისის ხეობაში ტურიზმის განვითარების ასოციაცია, რათა სხვებს დახმარებოდა წარმატების მიღწევაში. ნელ-ნელა ამ თვალწარმტაცი კუთხის არსებობა ბევრმა გაიგო“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.

ავტორი ესაუბრება ხათუნა მარგოშვილს, რომელმაც საზღვარგარეთში ყოფნის დროს გარკვეული რაოდენობის თანხა დააგროვა, სამშობლოში დაბრუნდა და ტურისტულ ბიზნესს მიჰყო ხელი - იგი საკუტარი წარმატების „საიდუმლოებაზე“ ლაპარაკობს.

„ქისტური სამზარეულო, ისევე როგორც მათი კულტურა, ჩეჩნური და ქართული გავლენის ნარევს წარმოადგენს. აქ ყველა საკვები ნატურალურია - ბოსტნეული, რძის ნაწარმი, თაფლი, ასკილზე მომზადებული ლუდი...ძალიან პოპულარულია ადგილობრივი საჭმელები - ქისტური ჯიჯიგ გალანიში და ქართული ხინკალი. საღამოობით სტუმრებს საერთო მაგიდა ელოდებათ, სადაც ისინი ერთმანეთს უზიარებენ შთაბეჭდილებებს... მოკლედ, ეწვიეთ საქართველოს პანკისის ხეობას“, - ნათქვამია ვრცელი პუბლიკაციის დასასრულს.

საზოგადოება
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.