USD 2.7433
EUR 2.8862
RUB 2.7214
Tbilisi
«BBC» (დიდი ბრიტანეთი): „რუსებმა უგლედარი დაიპყრეს. რას ნიშნავს ქალაქის დაკარგვა უკრაინისათვის?“
Date:  336

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის BBC-ის რუსულენოვანი სამსახური (BBC russian) აქვეყნებს სამხედრო მიმომხილველის ილია აბიშევის სტატიას სათაურით „რუსებმა უგლედარი დაიპყრეს. რას ნიშნავს ქალაქის დაკარგვა უკრაინისათვის?“, რომელშიც რუსეთ-უკრაინის ომის  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა განხილული.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

უკრაინის არმიამ ქალაქი უგლედარი დატოვა და უკან დაიხია - რუსეთის სამხედრო ქცედანაყოფებმა დონეცკის ოლქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქი ხელში ჩაიგდეს, რაც დღეს ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენს რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტიდან.

უგლედარის სამხედრო-სტრატეგიულ მნიშვნელობაზე დიდი ხანია ყველა ლაპარაკობს, მაგრამ რამდენად შეესაბამება ნათქვამი სინამდვილეს? ქალაქის დაკარგვა რომ ჯერ კიდევ ერთი წლის წინათ მომხდარიყო, დიახაც დიდი დარტყმა იქნებოდა უკრაინის არმიისათვის, რომელიც იძულებულია რთული კომბინაციის ტავდაცვითი ბრძოლები ეწარმოებინა როგორც სამხრეთის, ასევე აღმოსავლეთის ფრონტზე. „უგლედარის ციხე-სიმაგრე“ უკრაინის არმიის გამაგრებული ხაზის - ტორეცკ-ნიუ-იორკ-მარინკა-ნოვოსელკას - ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ელემენტი იყო და რუსეთის არმია მის დაუფლებას 2022 წლის ნოემბრიდან ცდილობდა. მაგრამ მოსკოვის ყოველი შეტევა წარუმატებლად და უამრავი მსხვერპლით მთავრდებოდა.

უკრაინის არმია უგლედარს 2023 წლის ზაფხულის კონტრშეტევისათვის ერთ-ერთ საყრდენ პუნქტს წარმოადგენდა მარიუპოლისაკენ გასაჭრელად, მაგრამ როგორც ცნობილია, შარსანდელი კონტრშეტევა ჩაიშლა და კიევისათვის წარუმატებელი აღმოჩნდა.

2024 წლის განმავლობაში სამხედრო სიტუაცია დონბასში მნიშვნელოვნად შეიცვალა. უკრაინამ ზედიზედ დაკარგა ქალაქები და დაბები ავდეევკა, მარინკა, კრასნოგოროვკა, ნიუ-იორკი... ძლივს დგას ფეხზე ტორეცკი, რუსეთის არმია პოკროვსკის კედლებთან არის მიმდგარი, უტევს ჩასოვ იარს და ცდილობს უკრაინის თავდაცვა კუპიანსკის მიმართულებით გაარღვიოს.

უფლედარმა კი ამასობაში თავდაცვით ჯაჭვში თავისი მნიშვნელობა დაკარგა. ის, რომ ქალაქი განწირულია, ნათელი გახდა სექტემბრის შუახანებში, როცა რუსეთის არმიის ნაწილებმა თითქმის ერთდროულად გაანადგურეს უკრაინელთა პოზიციები როგორც მარცხენა, ისე მარჯვენა ფლანგებზე, რკალი ქალაქის ირგვლივ თანდათან იკვრებოდა, რუსულმა არტილერიამ და დრონებმა ყველა სატრანსპორტო-ლოჯისტიკური კომუნიკაცია კონტროლქვეშ აიყვანეს. „ქვაბის“ კონტურები თანდათან რეალური ხდებოდა - შეიძლებოდა უგლედარის გარნიზონის ასეულობით უკრაინელი ჯარისკაცი ტყვედ ჩავარდნილიყო (დაახლოებით ორი ათასი კაცი).

„გეგმაზომიერი უკანდახევა“ თუ...

როგორც სამხედრო ექსპერტები და ბრძოლის მონაწილე უკრაინელი ოფიცრები თვლიან, უკრაინის არმიის სარდლობამ საკმაოდ დააგვიანა გარნიზონისადმი ქალაქიდან გასვლის ბრძანების მიცემა (თუმცა ეს თვალსაზრისი შეიძლება სუბიექტური იყოს). არის ისეთი ცნობებიც, რომლებიც აჩვენებენ, რომ უკრაინის ჯარის ქვედანაყოფები ქალაქიდან გეგმაზომიერდ გადიოდნენ და ქაოსური უკანდახევა არ მომხდარა (ამაზე ქვემოთ).

პირველ ოქტომბერს დასავლეთმა ნახა, რომ უგლედარის ცენტრალური ქუჩის ჭურვებით ნახევრად დანგრეულ შენობებზე რუსეთის დროშა ფრიალებდა, ხოლო ქალაქში რუსი ჯარისკაცების თავისუფალი სიარული იმას მიუთითებდა, რომ უკრაინული გარნიზონი უგლედარიდან უკვე გასული იყო.

თუ რა მოხდება უახლოეს ხანში უგლედარის დაპყრობის შემდეგ ამ მიმართულებით, ამის პროგნოზირება რთული არ არის: ერთი რამ უკვე მკაფიოდ შეიძლება დავაფიქსიროთ: დონეცკის ოლქის ადმინისტრაციული საზღვრამდე, რომლის გაკონტროლებას რუსეთის არმია ცდილობს, ჯერ კიდევ 30 კილომეტრია დარჩენილი, თუმცა საზღვრამდე მეტი მსხვილი დასახლებული პუნქტი აღარ არსებობს.

...“ქაოსური გასვლა“ უგლედარიდან?

„უგლედარიდან უკანდახევა ქაოსურად მოხდა“ - ამბობენ „ბიბისის“ კორესპონდენტთან აბდუჯალილ აბდურასულოვთან საუბრისას უკრაინის შეიარაღებული ძალების 72-ე ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც უგლედარიდან გამოვიდნენ და ახლი პოზიციები დაიკავეს. მათი მტკიცებით, ბოლო დღეებში ქალაქის გარნიზონის ჯარისკაცები იძულებუნი იყვნენ ბრძოლით გამოსულიყვნენ თითქმის ალყაში მოქცეული ქალაქიდან. ბევრი სამხედრო მოსამსახურე რუსული დრონებისა და არტილერიის ინტენსიური სროლების შედეგად ნანგრევებში ჩაიმარხა.

გზა, რომლითაც გარნიზონი იარაღითა და სხვა მასალებით მარაგდებოდა, სექტემბერის მეორე ნახევრიდან რუსების მიერ კონტროლდებოდა: არტილერია ბომბავდა და ანადგურებდა ყველაფერს, რაც კი მოძრაობდა: „რა თქმა უნდა, არმიის სარდლობა ცდილობდა, რომ მომარაგება განეხორციელებინა,  გამოგზავნა ავტომანქანები „ტვირთ-200“-ისა და „300“-ის (ანუ დაღუპულებისა და დაჭრილების) გასაყვანადაც, მაგრამ უშედეგოდ. რუსებმა ავტომანქანები ააფეთქეს და ამიტომ სარდლობის მცდელობა წარუმატებლად დასრულდა“.

როცა რუსებმა უგლედარის გარეუბნებიდან ცენტრისაკენ გადაადგილება და შენობების დაკავება დაიწყეს, ქალაქის გარნიზონის მებრძოლები, ბრძანების არქონის მიუხედავად, იძულებულნი გახდნენ უკან დაეხიათ.

„როცა უკანდახევა ორგანიზებულად არ ხდება, იწყება ქაოსი და პანიკა. ეს ომის ბუნებრივ თანმდევ მოვლენას წარმოადგენს“, - ამბობენ უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები, - „ზოგიერთი ქვედანაყოფი დეზორიენტირებული იყო, რადგან მათ რადიოკავშირი არ ჰქონდათ და თვითნებურად უწევდათ უკანდახევის შესახებ გადაწყვეტილების მიღება“. მათი თქმით, რუსულმა ძლიერმა ბომბებმა, ჭურვებმა და რაკეტებმა თითქმის ყველა თავდაცვითი ზღუდე დაანგრია და ასეთ სიტუაციაში უკანდახევა გარდაუვალი აღმოჩნდა.

„როგორ იომებ, როცა პოზიციაზე მხოლოდ შენ ხარ დარჩენილი და ყველას სამიზნეში ჰყავხარ ამოღებული? ან უნდა დაიღუპო, ან უკან უნდა დაიხიო“, - ამბობს ერთ-ერთი სამხედრო. თითქმის ალყაშემორტყმული ქალაქის დატოვებაც უკიდურესად სახიფათო იყო - დღისით აუცილებლად სიკვდილით დასრულდებოდა (უგლედარის ირგვლივ სრულიად მოშიშვლებული სტეპური რელიეფია), მხოლოდ ღამით თუ შეიძლებოდა შეუმჩნევლად გასვლა, ისიც დანაღმულ ადგილებზე.

„არ ვიცით, რა მოხდა: იქნებ ეს უგლედარის გარნიზონის უფროსის შიში იყო სარდლობის წინაშე, რომ მან ვერ გაუბედა კიევს რეალური სიტუაცია მოეხსენებინა? ან იქნებ სარდლობა აჭიანურებდა უკანდახევის ბრძანებას და ამით ჯარისკაცების სისხლისღვრას აგრძელებდა?, - ამბობენ უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები.

წყარო: https://www.bbc.com/russian/articles/ce3wk1404gdo

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way