USD 2.5994
EUR 2.9066
RUB 3.1011
Тбилиси
«BBC» (დიდი ბრიტანეთი): „რატომ აყენებს დონალდ ტრამპი სავაჭრო დარტყმას ჩინეთს და რა შეიძლება მოხდეს შემდეგ“
дата:  997

„ბრძოლა ჩინეთთან - „მსოფლიოს ფაბრიკასთან“, რომელმაც ამერიკელ მუშებს მომავალი წაართვა - დონალდ ტრამპის საყვარელ სასაუბრო თემას წარმოადგენს, ჯერ კიდევ მისი პირველი პრეზიდენტობის საარჩევნო კამპანიიდან მოყოლებული“, - წერს ჯონ სადვორტი, „ბიბისის“ (BBC) კორესპონდენტი ვაშინგტონში, რომელიც ცხრა წელი ცხოვრობდა პეკინში „ბიბისის“ კორესპონდენტად, ანალიტიკურ სტატიაში სათაურით „რატომ აყენებს დონალდ ტრამპი სავაჭრო დარტყმას ჩინეთს და რა შეიძლება მოხდეს შემდეგ“.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

დონალდ ტრამპმა ამ დღეებში ფოკუსი მოულოდნელად დაავიწროვა: მისი სავაჭრო ომი მთელ მსოფლიოსთან უცებ გადაიქცა ომად ერთ კონკრეტულ და კარგად ცნობილ ფრონტზე - ჩინეთის წინააღმდეგ. 

აშშ-ის პრეზიდენტმა 90-დღიანი პაუზა გამოაცხადა ათობით ქვეყნის საიმპორტო ტარფიების შემოღებაზე, თუმცა დატოვა საბაზო 10%-იანი ბაჟი ყველასათვის.

მაგრამ ჩინეთისათვის, რომლის პროდუქცია შეერთებული შტატების იმპორტის 15%-ს წარმოადგენს, აიფონებიდან დაწყებული და საბავშვო სათამაშოებით დამთავრებული, საბაჟო გადასახადის შთამბეჭდავი დონე - თითქმის 125% დაწესდა (ბოლო დაზუსტებული მონაცემებით, - 145%-მდე).

დონალდ ტრამპის განცხადებით, მან იმიტომ გაზარდა ტარიფები დამატებით ჩინურ პროდუქციაზე, რომ პეკინმა 84%-იანი ბაჟი დაუწესა ამერიკულ საქონელს: „პეკინმა ვაშინგტონის მიმართ „უპატივცემლობა“ გამოავლინა“.

დონალდ ტრამპი: „ვაგრძელებთ იმას, რისთვისაც დრო არ გვეყო“

დონალდ ტრამპის სახით ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ იგი ის პოლიტიკოსია, რომელიც თეთრ სახლში პირველად სწორედ ანტიჩინური დაპირებებით შევიდა და მისი ჟინის საფუძველი უფრო დიდია, ვიდრე უბრალო სურვილი დარტყმაზე დარტყმით უპასუხოს.

დონალდ ტრამპისათვის ყველაფერი ჩინეთთან დაკავშირებული ის საქმეა, რომელიც მას დაუმთავრებელი დარჩა პირველი ვადით პრეზიდენტობის დროს. „ჩვენ მაშინ დრო არ გვეყო საქმის გასაკეთებლად, ახლა კი ვაგრძელებთ დაწყებულს“, - განაცხადა პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან.

მისი მიზანია მთლიანად „ამოატრიალოს“ საერთაშორისო ვაჭრობის სისტემა ჩინეთთან, როგორც „მსოფლიოს ფაბრიკის“ როლის შემსრულებელთან, აგრეთვე ამ სისტემის საფუძველი - მსოფლმხედველობა, რომლის თანახმად, „რაც უფრო მეტია ჩინეთთან ვაჭრობა, მით უკეთესია მსოფლიოსათვის“.

რით დაიწყო დონალდ ტრამპმა

იმისათვის, რომ გავიგოთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს პუნქტი პრეზიდენტის აზროვნებაში, იმ დროში უნდა გადავიხედოთ, როცა არავინ არ ფიქრობდა მასზე როგორც პრეზიდენტობის შესაძლო კანდიდატზე და მით უმეტეს, როგორც არჩევნებში გამარჯვებულზე.

2012 წელს, როცა მე პირველად დავიწყე რეპორტაჟების გადაცემა ჩინეთის საქმიანი დედაქალაქიდან - შანხაიდან, პრაქტიკულად ყველა - მსოფლიო ბიზნესის ლიდერები, ჩინელი ჩინოვნიკები, უცხოური სამთავრობო და სავაჭრო დელეგაციის წევრები - ჩინეთთან ვაჭრობის გაფართოების აუცილებლობას ყველა თავისთავად და ბუნებრივად მიიჩნევდა.

ჩინეთთან ვაჭრობა ხელს უწყობდა მსოფლიო ეკონომიკის ზრდას, უზრუნველყოფდა იაფი საქონლის მიწოდებას, ამდიდრებდა ჩინეთის მოსახლეობას, ამტკიცებდა ჩინეთის მნიშვნელობას მიწოდების გლობალურ ჯაჭვში და მაცდუნებელ პერსპექტივებს უქმნიდა საერთაშორისო კორპორაციებს თავიანთი პროდუქციის მიწოდებაში ჩინეთის ახლად ჩასახული და სულ უფრო გაფართოებული საშუალო ფენის წარმომადგენლებისათვის.

შანხაიში ჩემი ჩასვლიდან რამდენიმე წლის შემდეგ ჩინეთმა რიგ დარგებში შეერთებულ შტატებს გაუსწრო და მსოფლიოს უდიდესი ბაზარი გახდა ბრიტანული „როლს-როისის“, ამერიკული „ჯენერალ მოტორსის“ და გერმანული „ფოლკსვაგენის“ ავტომობილებისთვის.

ჩინეთთან ვაჭრობის დასაბუთება უფრო ღრმა მსჯელობითაც იყო განპირობებული, რომლის თანახმად, ჩინელები როცა გამდიდრდებიან, ქვეყნის კომუნისტურ ხელისუფლებას დემოკრატიული რეფორმების გატარებას მოსთხოვენო. გარდა ამისა, ჩინელი მოქალაქის სოციალური ხარჯების სტრუქტურაში მომხდარი ცვლილებები ქვეყნას მომხმარებელთა საზოგადოებად გადააქცევსო.

დასავლეთის იმედგაცრუება ჩინეთის მიმართ

დღეს აშკარაა, რომ დასავლეთის პირველი ოცნება არ ასრულდა - ჩინეთის კომპარტია თავის ხელისუფლებას კიდევ უფრო აძლიერებს.

მეორე ოცნება არც ისე სწრაფად ხორციელდება, როგორც დასავლეთი ოცნებობდა: ჩინეთი ძველებურად არამარტო დამოკიდებულია თავისი პროდუქციის ექსპორტზე, არამედ ღიად გეგმავს თავისი დომინირებული მდგომარეობის განმტკიცებას ამ სფეროში.

ცნობილ ჩინურ სტრატეგიულ გეგმაში, რომელიც 2015 წელს გამოქვეყნდა და სათაური ასეთი ჰქონდა -„დამზადებულია ჩინეთში - 2025“, გადმოცემული იყო ჩინეთის როგორც მსოფლიოს ლიდერის ხედვა რიგ საკვანძო სამრეწველო სექტორებში - აეროკოსმოსური დარგიდან დაწყებული, გემებისა და ელექტრომობილების წარმოებით დამთავრებული.

და იმ დროიდან სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ, აშშ-ის საპრეზიდენტო რბოლაში ჩაერთო პოლიტიკაში ყველასათვის უცნობი აუტსაიდერი, რომელიც მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ამომრცევლებს უყვებოდა, თუ როგორ გაანადგურა ჩინეთის ეკონომიკურმა აღმავლობამ აშშ-ის ეკონომიკა, გააცამტვერა აშშ-ის ე.წ. „ჟანგიანი სარტყელი“ (ანუ იმ ადგილების ეკონომიკა, სადაც მძიმე მრეწველობის ობიექტები იყო განლაგებული) და ამერიკელ მუშებს ხელფასები შეუმცირა და ადამიანური ღირსება შეულახა.

დონალდ ტრამპმა, გააჩაღა რა სავაჭრო ომი თავისი პრეზიდენტობის პირველ ვადაში, დაამსხვრია სტერეოტიპები და დაარღვია კონსენსუსი. მისმა მემკვიდრემ ჯო ბაიდენმა ჩინურ პროდუქციაზე თავისი წინამორბედის მიერ მიღებული ბევრი გადიდებული ტარიფი შეინარჩუნა და თავისიც დაამატა.  მაგრამ ეს საბაჟო ტარიფები, მართალია, მტკივნეული იყო ჩინეთისათვის, მაგრამ შედეგი არ მოუტანია - ჩინელმა კომუნისტებმა თავიანთი ეკონომიკური მოდელი არ შეცვალეს.

ამჟამად ჩინეთის წილი მსოფლიოში ელექტრომობილების წარმოებაში 60%-ს შეადგენს, თანაც მათი უდიდესი ნაწილი საკთარი, ჩინური მარკისაა და 80%-ით უზრუნველყოფლია ჩინური წარმოების აკუმულატორებით.

და აი, დონალდ ტრამპი დაბრუნდა და მან ჩინეთთან ტარიფების ზრდით თამაში დაიწყო, რაც, ალბათ, შეიძლება ისტორიაში ყველაზე უძლიერესი დარტყმა გახდეს მსოფლიოში ჩამოყალიბებული სავაჭრო სისტემის წინააღმდეგ (თუმცა ბოლო დღეებში ტრამპის მოქმედება პრინციპით „ვაწესებთ - ვაუქმებთ“ გაკვირვებას იწვევს).

აშშ-ჩინეთი: სამი საკვანძო საკითხი და... „ჩინური ოცნება“

რა იქნება შემდეგ, ეს დამოკიდებულია ორ საკვანძო საკითხზე.

პირველი - მისაღები იქნება თუ არა ჩინეთისათვის აშშ-ის მიწვევა მოლაპარაკების მიზნით ასეთ სიტუაციაში.

მეორე - თუ მისაღები იქნება, მაშინ წავა თუ არა ჩინეთი ისეთ დიდ დათმობებზე, რომლებსაც აშშ ითხოვს - ჩინური ეკონომიკური მოდელის სრული გადახედვით, რომელიც ექსპორტზეა აგებული.

ამ კითხვებზე პასუხის გაცემის მცდელობის დროს უპირველესად უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ, დასავლეთი (აშშ-ის სახით) სრულიად „უცნობ და გამოუკვლევ ტერიტორიაზე“ აღმოვჩნდით, ამიტომაც ყველას, ვინც კი ამტკიცებს, რომ იცის, თუ როგორ რეაგირებას მოახდენს პეკინი, ფრთხილად და ეჭვის თვალით უნდა შევხედოთ.

არის კიდევ რამდენიმე მიზეზი სიფრთხილის გამოჩენისათვის.

ჩინეთი ამჟამად მჭიდროდ აკავშირებს თავის ეკონომიკურ ძალას - ექსპორტზე დაფუძნებულს და მკაცრად დაცულს შიდა ბაზარაზე - ეროვნული აღორძინებისა და ერთპარტიული სისტემის უპირატესობის იდეებთან. ეროვნული აღორძინება გამოიხატება ე.წ. „ჩინური ოცნების“ პროგრამაში, რომელიც ქვეყნის კომუნისტმა ლიდერმა სი ძინპინმა 2012 წელს გააჟღერა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეთაური მკაცრ კონტროლს უწევს საინფორმაციო სფეროს და საეჭვოა მან რაიმე ბარიერი გააუქმოს, ვთქვათ, ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების რეკლამირებაში.

მაგრამ არის მესამე საკითხიც და მასზე პასუხი თვითონ აშშ-მა უნდა გასცეს: მხარს უჭერს  თუ არა ამერიკის ხელისუფლება თავისუფალი ვაჭრობას?

დონალდ ტრამპი ხშირად აკეთებს ისეთ განცხადებებს, რომელთა თანახმად, ტარიფები კარგია თავისთავად და არა მხოლოდ როგორც რაიმე მიზნის მიღწევის საშუალებად. იგი მსჯელობს პროტექციონიზმის (შიდა ბაზრის დაცვის პოლიტიკის) დადებით სარგებლობაზე ამერიკისათვის. მისი აზრით, პროტექციონიზმმა სტიმული უნდა მისცეს შიდა ინვესტიციებს, აიძულოს ამერიკული კომპანიები, რომ დაუბრუნდნენ საკუთარი ქვეყნის შიგნით მიწოდების ჯაჭვურ სისტემას, შეძლებისდაგვარად თავი აარიდნონ ჩინეთიდან იმპორტს, გაზარდონ საგადასახადო მოსაკრებლები და აქტიურად ისარგებლონ ეროვნული რესურსებით.

თუ პეკინი ჩათვლის, რომ სწორედ ეს არის დონალდ ტრამპის მიერ ტარიფების შემოღების მიზანი (ანუ ჩინეთიდან იმპორტის შემცირება), მაშინ შეიძლება გადაწყვიტოს, რომ აშშ-სთან მოლაპარაკებას აზრი არ აქვს.

მსოფლიოს ორი უდიდესი ეკონომიკური სახელმწიფო, იმის ნაცვლად, რომ უპირატესობა მიანიჭონ ეკონომიკურ თანამშრომლობას, ერთმანეთთან შეტაკებისთვის ემზადებიან ეკონომიკური უპირატესობისათვის პრინციპით „გამარჯვებული ყველაფერს იღებს“.

და თუ მართლაც ასე მოხდება, ეს ნიშნავს ძველი კონსენსუსის დასასრულს და სრულიად ახალი, სავარაუდოდ, ძალიან სახიფათო მომავლის დადგომას.

წყარო: 

мир
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати