USD 2.7061
EUR 3.0936
RUB 3.3761
Tbilisi
«BBC» (დიდი ბრიტანეთი): „რამდენი ჯარისკაცია საჭირო უკრაინაში წარმატებული სამშვიდობო ოპერაციისათვის?“ (ანალიზი)
Date:  438

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ (BBC) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რამდენი ჯარისკაცია საჭირო უკრაინაში წარმატებული სამშვიდობო ოპერაციისათვის?“, რომელშიც გაანალიზებულია უკრაინაში საერთაშორისო (ნატოს ან გაეროს ეგიდით)  სამშვიდობო ძალების გაგზავნის შესაძლებლობა. მასალაში განხილულია აგრეტვე ის პრობლემები და გამოწვევები, რომლებიც მშვიდობისმყოფელთა განთავსებასთან იქნებიან დაკავშირებულები.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

 როგორც დასავლური პრესა იუწყება, ლონდონმა და პარიზმა შეიმუშავეს ერთობლივი სამშვიდობო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს უკრაინაში არანაკლებს 30 ათასი ევროპელი მშვიდობისმყოფელი სამხედრო მოსამსახურის გაგზავნას, ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო ხელშეკრულების დადების შემდეგ.

სახმელეთო სამშვიდობო ძალების განთავსება, სავარაუდოდ, მოხდება არა უშუალოდ ფრონტის ხაზის გასწვრივ, არამედ ფრონტთან შედარებით ახლოს მდებარე ქალაქებში, ნავსადგურებში და ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვან ობიექტებზე, საიდანაც ისინი დაიწყებენ თვალის დევნებას სიტუაციისადმი - კოსმოსური ხელოვნური თანამგზავრების, სადაზვერვო თვითმფრინავებისა და დრონების მეშვეობით. მათ ასევე შესაძლებლობა ექნებათ მოიგერიონ სავარაუდო საჰაერო შეტევები.

რაც შეეხება საზღვაო აკვატორიას, შავ ზღვაში გაიგზავნება საპატრულო ხომალდები, რომლებიც უზრუნველყოფენ ზღვაზე მიმოსვლის უსაფრთხოებას.

ამერიკული გაზეთის The Wall Street Journal-ის მონაცემებით, ამ გეგმის რეალიზაციის მთავარი სიძნელე გამოხატება იმით, რომ აუცილებელია აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის დარწმუნება - იქნებ შეზღუდული სახით მაინც მიიღოს ამერიკის არმიამ მონაწილეობა ევროპულ მისიაში. მათ ევროპელების დაცვის შესაძლებლობა ექნებათ იმ შემთხვევისათვის, თუ რუსეთი სამშვიდობო ხელშეკრულების პირობებს დაარღვევს. კერძოდ, საქმე ეხება აშშ-ის ავიაციას, რომელიც დისლოცირებულია რუმინეთში და პოლონეთში.

როგორც არ უნდა იყოს, რის გაკეთება შეუძლიათ 30 ათას მშვიდობისმყოფელსრუსეთ-უკრაინის ომის პირობებში? რამდენი ძალა და საშუალება არის აუცილებელი კონფლიქტის დარეგულირებისათვის?

უპრეცედენტო ომი მშვიდობისმყოფლებისათვის

უკრაინაში ერთმანეთს ებრძვის ორი ძლიერი, კარგად შეიარაღებული არმია, რომელთა რიცხოვნობა მილიონს ჯარისკაცს აღემატება. აქტიური საომარი მოქმედებები წარმოებს 1000 ილომეტრიან ფრონტის ხაზზე, რომლის საერთო სიგრძე, უკრაინის არმიის მთავარსარდლის ალექსანდრ სირსკის განცხადებით, 3700 კილომეტრს უდრის.

ისტორიამ არ იცის ისეთი სამშვიდობო ოპერაცია, რომელიც მსგავსი სამხედრო კონფლიქტის პირობებში ოდესმე თუ განხორციელებულა.

უწინდელ სამშვიდობო მისიებში, რომელიც გაეროს ეგიდით ტარდებოდა - კონგოში, კვიპროსზე, ლიბანში, ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე - ჩვეულებრივ, მონაწილეობდა დაახლოებით 15-40 ათასი საერთაშორისო მშვიდობისმყოფელი სამხედრო მოსამსახურე - ეს იმ დროს, უშუალოდ დაპირისპირებულ მხარეებს საერთო ჯამში 300 ათასამდე მეომარი ჰყავდათ. შესაბამისად, არცთუ იშვიათად, გამოყოფილი რესურსები არასაკმარისი აღმოჩნდებოდა ხოლმე. მაგალითად, ისე როგორც სრებრენიცაში მოხდა 1995 წელს - საერთაშორისო სამშვიდობო ძალებმა (ჰოლანდიური კონტინგენტის სახით), უბედურება თავიდან ვერ აიცილეს.

უფრო მრავალრიცხოვანი იყო სამშვდობო მისიები აშშ-ის მონაწილეობით - ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნების ეგიდით, მაგრამ ეს ოპერაციები, ისევე როგორც იმავე ყოფილ იუგოსლავიაში ან ავღანეთში, ნაკლებად ჯდება „სამშვიდობო“ სტატუსში - ყოველ შემთხვევაში, პირველ ეტაპზე მაინც: სამშვიდობო ძალები მასირებულად ბომბავდნენ და აქტიურ სახმელეთო ბრძოლებს აწარმოებდნენ. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ იმდროინდელ სამშვიდობო ძალებს, დრევანდელ რუსეთის არმიასთან შედარებით, უფრო სუსტი მოწინააღმდეგე ჰყავდათ.

აშკარაა, რომ უკრაინის შემთხვევაში, თუ არ მოხდება საომარი მოქმედებების გაყინვა და  დემილიტარიზებული ზონების შექმნა ფრონტის ხაზის გასწვრივ, მშვიდობისმყოფელთა კონტინგენტის გაგზავნა ძალზე საეჭვოა. მაგრამ პრონლემა მხოლოდ ამაში არ არის.

ერთი ოცეული ერთ კილომეტრზე?

30 ათასი მშვიდობისმყოფელი 1000-კილომეტრიან ფრონტის ხაზზე, სადაც აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს - ეს თეორიულად არის დაახლოებით 30-35 ჯარისკაცი (ოცეული) ერთ კილომეტრზე. პრაქტიკულად კი ბევრად ნაკლები იქნება - ერთი მესამედი პოსტებზე თუ იქნება, ერთმა მესამედმა უნდა დაისვენოს, როტაციისათვის. დაახლოებით ერთი მესამედიც - რეზერვში. და თუნდაც 60 ათასი ჯარისკაცი იყოს - ეს რაოდენობაც ცოტაა ისეთი ომისათვის, როგორიც რუსეთ-უკრაინის ომია.

ასეთი რაოდენობის სახმელეთო ძალებისათვის ფიზიკურად შეუძლებელი იქნება თავიდან აიცილოს სავარაუდო ესკალაცია. ეს იმას ნიშნავს, რომ ვინმე შეეცადოს სპილოსა და მარტორქას გაშველებას.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ საერთაშორისო სამშვიდობო ძალები რამდენიმე ყველაზე პოტენციურ სახიფათო მონაკვეთზე განთავსდებიან, მათი რაოდენობა (თუნდაც 60 ან 80 ათასის) მაინც არასაკმარისი იქნება: ჯერ ერთი, რომ არავინ იცის, სად შეიძლება მოხდეს სიტუაციის გამწვავება, რადგან მტრული მხარეები თავიანთ გეგმებს მშვიდობისმყოფლებს არ გაუმხელენ, მეორე - თუ ერთ-ერთი მეომარი მხარე ზავს დაარღვევს, მაშინ ბუნებრივია, ეს მოხდება იმ მონაკვეთზე, სადაც მშვიდობისმყოფლები არ იქნებიან. მესამე - მშვიდობისმყოფლები გამიჯვნის ხაზზე წინასწარ წამგებიან პოზიციაზე იმყოფებიან - ორ ცეცხლს შუა, თანას არასაიმედო ლოჯისტიკით და ჰაერიდან დახმარების (მფარველობის) გარეშე.

მშვიდობა მუქარით

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი, წესით და რიგით, ალბათ, ევროპელებმა კარგად იციან და ამიტომ განზრახული აქვთ თავიანთი სამშვიდობო კონტინგენტი ფრონტის ხაზზე კი არა, არამედ უკრაინის ტერიტორიის სიღრმეში განათავსონ. ამ იდეის არსი მუქარაშია: „ჩვენ ფრონტის ხაზზე არ დავდგებით და თუ რაიმე ესკალაცია მოხდება, იცოდეთ, ყველაფერი თქვენ დაგბრალდებათ. ამიტომ ზავის პირობები უნდა დაიცვათ“.

უბრალოდ თუ ვიტყვით, გამიჯვნის ხაზის უცვლელობას უზრუნველყოფენ უკრაინისა და რუსეთის ჯარები, ხოლო საზღვაო აკვატორიისა და საჰაერო სივრცის  უსაფრთხოებას - რუსეთი, უკრაინა და ნატოს ქვეყნები - ანუ ყველა ერთად.

კიდევ უფრო მარტივად - ხმელეთზე საქმე თქვენ თვითონ მოაგვარეთ (ძალთა ბალანსი თითქმის ერთნაირი გაქვთ), მაგრამ თუ რომელიმე მეომარი მხარე სამშვიდობო-საპატრულო გემს ჩაძირავს, ან ჰაერიდან დაარტყამს მშვიდობისმყოფლებს, მაშინ საქმე გექნებათ უფრო სერიოზულ ძალასთან. გასაგებია, რომელთანაც, მაგრამ...

მოსკოვი წინააღმდეგია

რუსეთს სამშვიდობო ოპერაციის არცერთი ფორმატი არ აწყობს, თუ ისინი მთლიანად  ნატოს, ან ალიანსის წევრი რომელიმე სახელმწიფოს ეგიდით იქნება ორგანიზებული.

როგორც უკვე ცნობილია, ერ-რიადში გამართული მოლაპარაკების დროს რუსეთმა განაცხადა, რომ არ დაეთანხმება უკრაინაში ნატოს ქვეყნების არანაირი კონტინგენტის განთავსებას.

შესაბამისად, ომის დარეგულირების ერთადერთ ვარიანტად, გარეშე ძალების მონაწილეობით, რომელზედაც მოსკოვი დათანხმდება, არის კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო კონტინგენტის გაგზავნა გაეროს ეგიდით. ასეთ სიტუაციაში რუსეთი, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია, ექნება შესაძლებლობა აირჩიოს მისთვის მისაღები პირობები, საერთაშორისო ძალების განთავსების დროს.

იმდენად, რამდენადაც ევროპული სამშვიდობო ძალების გაგზავნა უკრაინაში მოსკოვთან შეუთანხმებლად არარეალური იქნება და თუ ამის გაკეთებას ბრიუსელი მაინც შეეცდება, ეს იქნება რუსეთის პირდაპირი გამოწვევა.

ასეთ შემთხვევაში აშშ-ის მხარდაჭერა, რომლის არმიის რაოდენობა (1 მლნ. 300 ათასი) ნატოს ყველა ქვეყნის ძალების ორ მეხუთედს შეადგენს, ყველაზე ბრძოლისუნარიანია და ფლობს ყველაზე თანამედროვე იარაღს (არაფერს ვამბობთ ბირთვულ ძალებზე), კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება.

ჰქონდეთ თუ არა ბრიტანელებს ამერიკელების იმედი?

ნატოს ცალკეული ევროპული წევრების სამხედრო ძალა - ისეთების, როგორიც საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, თურქეთის, პოლონეთი, ესპანეთი იტალია და სხვა ქვეყნებია, თავისთავად დიდია და თუ მათ მთლიანობაში განვიხილავთ, თითქმის უტოლდება აშშ-ის არმიის შესაძლებლობებს. მაგრამ ისეთ სამშვიდობო ოპერაციასთან დაკავშირებული რისკების საკუთარ თავზე აღებისათვის, როგორიც უკრაინის ოპერაციაა, ბევრი მათგანი აშშ-ის გარეშე მზად არ არის. აშშ კი ნატოელ მოკავშირეებს წინააღმდეგობრივ სიგნალებს უგზავნის...

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან შეხვედრისას ქება-დიდება უძღვნა გაერთიანებული სამეფოს არმიას, მაგრამ კონკრეტული პასუხი არ გაუცია დასმულ კითხვაზე - შეუძლიათ თუ არა ბრიტანელ ჯარისკაცებს ამერიკელი კოლეგების დახმარების იმედი ჰქონდეთ იმ შემთხვევაში, თუ ისინი უკრაინაში თავდასხმის ობიექტი გახდებიან?

„ბრიტანელები ყოველთვის საოცრად უშიშარი ჯარისკაცები იყვნენ და ახლაც ასეთები არიან. მე მჯერა, რომ ისინი საკუთარ თავს დაიცავენ. თუ მათ ოდესმე ვინმესაგან დახმარება დაჭირდებათ, მე გულით და სულით ბრიტანელების მხარეზე ვიქნები. მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბრიტანელებს სხვისი დახმარება არ დაჭირდებათ“, - მიკიბ-მოკიბულად თქვა დონალდ ტრამპმა.

ჟურნალისტთა კითხვაზე - მხარს უჭერს თუ არ აპრეზიდენტი ნატოს წესდების მე-5 პუნქტს, რომელიც ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმისას ყველა წევრის კოლექტიურ დახმარებას ითვალისწინებს, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ მხარს უჭერს, მაგრამ იქვე დაამატა, რომ უკრაინაში ნატოს ევროპული ქვეყნების ერთობლივი სამშვიდობო ძალების განთავსების შემთხვევაში მე-5 პუნქტის ამოქმედება საჭირო არ გახდება.  [მოკლედ, იქ სადაც ამერიკა არ იქნება, ყველამ საკუთარ თავს თვითონ უნდა მიხედოს].

 

analytics
The Daily Telegraph - ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს

ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.

დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.

აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.

კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.

უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?

როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.

რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.

ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან)  ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.

არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.

იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.

ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.

თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way