USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
«BBC» (დიდი ბრიტანეთი): „მდიდრები და ღარიბები: როგორ ცხოვრობენ ქართული სოფლები - ჭორვილა და შუქრუთი"
თარიღი:  1057

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ (BBC) რუსულენოვანმა სამსახურმა (BBC russian) მოამზადა ვრცელი ვიდეორეპორტაჟი საქართველოდან სათაურით „მდიდრები და ღარიბები: როგორ ცხოვრობენ ქართული სოფლები - ჭორვილა და შუქრუთი" (ავტორი - ოლღა ივშინა, კორესპონდენტი).

გთავაზობთ 25-წუთიანი ვიდეომასალის მოკლე შინაარსს:

„იმ მიზნით, რომ გაგვეგო როგორ ცხოვრობენ ადამიანები საქართველოში, გადავწყვიტეთ თბილისიდან შორს გავმგზავრებულიყავით და საპარლამენტო არჩევნებიდან რამდენიმე დღის შემდეგ გავემართეთ ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ (უბედურ) და ყველაზე  უპრობლემო (ბედნიერ) სოფლებში“, - ამბობს რეპორტაჟის დასაწყისში ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის ჟურნალისტი.

“ბედნიერ სოფელში - ჭორვილაში -  ბიძინა ივანიშვილია დაბადებული, მილიარდერ-ოლიგარქი და მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ დამაარსებელი. ჭორვილაში კარგი გზებია, სახლები შეკეთებულია, მოსახლეობის კომფორტით ცხოვრება უზრუნველყოფილია. ჭორვილელები სიამოვნებით საუბრობენ იმაზე, თუ რა დიდი მხარდაჭერა აქვს საჩხერის მუნიციპალიტეტს ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული საქველმოქმედო ფონდებიდან და სახელმწიფოსაგან. „ჭორვილაში, შეიძლება ითქვას, ცხოვრება საამურია“, - ხაზს უსვამს რეპორტაჟის ავტორი.

უბედურ სოფელში - შუქრუთში - მარგანეცის მადნის საბადოა. შუქრუთელები საპროტესტო აქციებს აწყობენ და ცდილობენ თავიანთ სიტუაციას სახელმწიფო ორგანოების ყურადღება მიაპყრონ. საქმე იმაშია, რომ ამ სოფელში საცხოვრებელი სახლები ავარიულ მდგომარეობაშია, მიწაში ნაპრალებია გაჩენილი, ნაგებობები ინგრევა. მიზეზი - მიწისქვეშ არსებული მარგანეცის მომპოვებელი ძველი, მიტოვებული  მაღაროების ნგრევის გამო ნიადაგის ჩაწოლა ხდება. სოფლის მცხოვრებელები დიდი ხანია ჩივიან, რომ ხელისუფლება მათ პრობლემის მოგვარებას სათანადო ყურადღებას არ აქცევს. მართალია, კომპენსაციები ზოგიერთმა შუქრუთელმა მიიღო, მაგრამ არა იმდენი, რამდენიც საჭირო იყო. ისისნი იძულებულნი გახდნენ სოფელი მიეტოვებინათ და ქალაქში დასახლებულიყვნენ. ამჟამად სოფელში დარჩენილი უკმაყოფილო შუქრუთელები საქმეში ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს თანამშრომლების ჩართვას და ობიექტური დასკვნის მომზადებას ითხოვენ.

კომპანია „ქართული მარგანეცის“ მტკიცებით, მარგანეცის მოპოვება საქართველოს ეკოლოგიური კანონმდებლობის და საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით ხდება, სახლების ნგრევა კი საბჭოთა პერიოდში მადნის მოპოვების წესების დარღვევითაა გამოწვეული.

კომპანია მსახლეობას კომპენსაციას უხდის, რათა შუქრუთელების სოციალურ-ეკონომიური პრობლემა როგორმე მოაგვაროს, თუმცა შეთავაზებული თანხა ძალიან მცირეა და რეალობას არ ითვალისწინებს.

წყარო: https://www.bbc.com/russian/articles/cvgxdlv1n42o

თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის