USD 2.5994
EUR 2.9066
RUB 3.1011
Tbilisi
«BBC» (დიდი ბრიტანეთი): „ჯეი დი ვენსის ავისმომასწავებელი ვოიაჟი გრენლანდიაში“
Date:  785

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ (BBC) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ჯეი დი ვენსის ავისმომასწავებელი ვოიაჟი გრენლანდიაში“ (ავტორი - ენდრიუ ჰარდინგი), რომელშიც გაანალიზებულია აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ყოფნა არქტიკულ კუნძულზე. აშშ-ის დელეგაცია გრენლანდიაში დანიის მთავრობის ნებართვის გარეშე ჩავიდა.

გთავაზობთ პუბლიკაციის შემოკლებულ ვერსიას:

პარასკევს, გვიან საღამოს, გრენლანდიის ავტონომიის დედაქალაქი ნუუკი უჩვეულოდ ელვარე ჩრდილოეთის ციალმა გაანათა - თითქოსდა ცაში მომწვანო ნათების მქონე ფარდა იყო დაკიდებული.

ჩრდილოეთის ციალი (ნათება) არქტიკაში, სადაც გრენლანდია მდებარეობს, ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ უჩვეულო ის იყო, რომ მისი მკვეთრი ნათება კუნძულზე მომხდარ ასევე მკვეთრ პოლიტიკურ მოვლენას დაემთხვა, რომელმაც მთელი სიმწვავით გამოავლინა ყინულებით შებოჭილი გრენლანდიის პრობლემები და იმედები.

ამ დღეს სიმდიდრეს დახარბებულმა უცხო სახელმწიფომ მსოფლიოს ყველაზე დიდ კუნძულზე დელეგაცია მისი მფლობელის ოფიციალური ნებართვის გარეშე გაგზავნა, თანაც ძალზე არასასიამოვნო განზრახვით.

აშშ-ის ვიცე-პრეზდენტი ჯეიმს დევიდ ვენსი, თავისი ხანმოკლე ვიზიტის დროს ამერიკის სამხედრო ბაზაზე, რომელიც გრენლანდიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს, ალბათ, შეეცადა დონალდ ტრამპის სკანდალური განცხადება შეერბილებინა გრენლანდიის - დანიის კუთვნილი ავტონომიური ტერიტორიის - ანექსირების თაობაზე. „ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ოდესმე სამხედრო ძალის გამოყენება დაგვჭირდება“, - განაცხადა ჯეი დი ვენსმა, რომელიც ხაზგასმული სიმშვიდით ცდილობდა დარწმუნებინა გრენლანდიელები და დანიელები.

მაგრამ ვიცე-პრეზიდენტის გზავნილის საერთო ხასიათი მკაცრი და შემაშინებელი დარჩა: მსოფლიო, კლიმატი და არქტიკის რეგიონი გრენლანდიისათვის ძალიან იცვლება; კუნძულის მოსახლეობა უნდა გამოფხიზლდეს და თვალი უნდა გაუსწოროს იმ მუქარა-საფრთხეებს, რომლებსაც ჩინეთს არქტიკული გეგმები ითვალისწინებს; უსაფრთხოების სფეროში არსებულმა ძველმა დასავლურმა პარტნიორობამ საკუთარი თავი ამოწურა; თავდაცვისა და საკუთარი სიმდიდრის - სასარგებლო წიაღისეულის დაცვის ერთადერთი მეთოდი ის არის, რომ გრენლანდიელებმა უარი უნდა თქვან თავიანთი ძუნწი და სუსტი დანიელი მბრძანებლისაგან (მეფისგან) და მფარველობისათვის მძლავრკუნთიან ამერიკას მიმართოს.

„ჩვენ გონს უნდა მოვეგოთ 40-წლიანი ჩაშლილი კონსენსუსის შემდეგ, რომელმაც ვერ გაამართლა და რომელმაც მიგვაჩვია იმას, რომ ყურადღებას არ ვაქცევდით ზოგიერთი სახელმწიფოს ამბიციების გაფართოებას. ჩვენ სირაქლემასავით თავი ქვიშაში - აქაური გაგებით, თოვლში - არ უნდა ჩავყოთ და არ უნდა მივიღოთ ისეთი სახე, რომ ჩინელები გრენლაბდიით არ არიან დაინტერესებულები“, - თქვა ჯეიმს ვენსმა აშშ-ის სამხედრო ბაზის - პითუფიკის - სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრისას.

თუ მსოფლიოს რუკას ისეთი რაკურსით შევხედავთ, რომლის ცენტრში ჩრდილოეთი პოლუსი ჩანს და არა ეკვატორი, ადვილად დავინახავთ, თუ როგორ შეიძლება თითქმის დაუსახლებელი გრენლანდია იმ სტრატეგიული ბრძოლის ბრძოლის ცენტრში მოიექცეს, რომელსაც აშშ, ჩინეთი და რუსეთი იწყებენ არქტიკის გასაკონტროლებლებლად, მისი ულევი სასარგებლო წიაღისეულისა და საზღვაო გზების გამოსაყენებლად.

მაგრამ ამერიკის მხრიდან ბოლო დროს გამოვლენილმა გულგრილმა დამოკიდებულებამ ნატოს მიმართ მისი პარტნიორები „კალაპოტიდან ამოაგდო“.

„ეს მიუღებელი ზეწოლაა“, - გაღიზიანებით გასცა პასუხი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა, როცა გაიგონა, თუ როგორი არასასიამოვნო სიტყვებით მოიხსენიებდა დანიის კუთვნილ მიწაზე მდგარი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი დანიის ხელისუფლებას.

რა სურთ ინუიტებს

მაგრამ პიტუფიკიდან 1500 კილომეტრით სამხრეთით მდებარე ნუუკში სრულიად სხვა, საწინააღმდეგო მოვლენა ხდებოდა - გრენლანდიელები საზეიმოდ ესალმებოდნენ თავიანთი კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას: „ჩვენ გავიმარჯვებთ“, - მღეროდნენ მომიტინგეები. მათი განწყობა ოპტიმისტური იყო.

ნუუკში ჩატარებული საზეიმო ცერემონია  იმის მინიშნება იყო, რომ ადგილობრივი აბორიგენი კუნძულელები - ინუიტები - უფრთხილდებიან თავიანთ ფასეულობებს და თვლიან, რომ ყველაფერი კონსენსუსით  და ტანამშრომლობით უნდა გადაწყდეს. უნდა იყოს დაცული მათი კულტურა და ტრადიციები უცხოტომელთა (ამერიკელთა) ზეწოლისაგან. მათ სურთ, რომ ადგილობრივ ისტორიულ მოსახლეობას პატივი სცეს ყველა უცხოელმა, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი - შორეული დანიელები თუ ახლოს მდებარე ამერიკელები.

„ბევრი ხერხი და მეთოდი არსებობს სურვილის გამოსახატავად, მაგრამ როგორც დონალდ ტრამპი ლაპარაკობს, ასე არ უნდა იყოს. მისი ნათქვამი მუქარასა და ულტიმატუმს ჰგავს“, - ამბობს 43 წლის ლისბეთ პოულსენი, გრენლანდიელი მხატვარი, რომელიც მთავრობის ჩამოყალიბების ცერემონიას ესწრებოდა. მისი რეაქცია, როგორც ჩანს, გრენლანდიელთა უმრავლესობის აზრს ასახავს. ამას წინათ ჩატარებულმა საზოგადოებრივმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ აშშ-სადმი მიერთებას მხარს უჭერს მოსახლეობის მხოლოდ 6%.

გზა დამოუკიდებლობისაკენ

ახალი მთავრობის ხელმძღვანელობით და ადგილობრივი მოსახლეობის უპირატესი მხარდაჭერით გრენლანდია ფრთხილ მოძრაობას იწყებს სრული დამოუკიდებლობისაკენ. ეს პროცესი, როგორც ჩანს, მრავალწლიანი იქნება და ხანგრძლივ დიალოგს მოითხოვს როგორც კოპენჰაგენთან, ასევე ვაშინგტონთან.

ბოლოსდაბოლოს, გრენლანდიელებსაც მშვენივრად ესმით, რომ მათი ეკონომიკა უფრო განვითარებული უნდა იყოს, რათა დამოუკიდებლად არსებობას წარმატების შანსი ჰქონდეს. მაგრამ მათ მოუწევთ კუნძულის განვითარება დააბალანსონ, რათა არ მოხდეს მტაცებლური სარგებლობა სასარგებლო წიაღისეულით, გარე ძალების მიერ. ასეთ რეალობას ჩვენ მივყავართ ფუნდამენტალურ საკითხამდე როგორ ც გრენლანდიაში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოზიციის გამო.

რა სურს თეთრ სახლს?

ჯეიმს ვენსმა გრენლანდიური ვოიაჟის დროს კუნძულელების დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვა ახზენა და განაცხადა, რომ ამერიკის რეალური განზრახვა გრენლანდიის უეცარი ანექსია კი არ არის, არამედ რათაც უფრო ნელი, მოსათმენი და გრძელვადიანი მოქმედება.

„ჩვენი გზავნილი ზალიან მარტივია: დიახ, გრენლანდიელი ხალხი მიიღებს თვითგამორკვევის უფლებას. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ისინი აშშ-სთან პარტნიორობას აირჩევენ - იმიტომ, რომ ჩვენ დედამიწის ზურგზე ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელიც პატივს სცემს თქვენს სუვერენიტეტს და თქვენს უსაფრთხოებას უზრუნველყოფს“, - თქვა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა.

თუ ნამდვილად ასეთია აშშ-ის პოზიცია - მაგრამ დონალდ ტრამპი სრულიად განსხვავებულ აგრესიას ამჟღავნებს, ვიდრე ჯეიმს ვენსი - მაშინ გრენლანდიელები უნდა დაწყნარდნენ. კაცმა რომ თქვას, კუნძულელები ამერიკის მიმართ მტრობას არ ამჟღავნებენ, აქ არის ადგილობრივ ბიზნესმენთა დაინტერესება ამერიკული კომპანიების მიმართ.

რაც შეეხება უსაფრთხოებას, დანიასთან 74 წლის წინ ხელმოწერილი შეთანხმების ძალით, ამერიკას უფლება აქვს ნებისმიერ შემტხვევაში გააფართოვოს თავისი სამხედრო კონტინგენტის რაოდენობა გრენლანდიაზე - ახალი ბაზებით დაწყებული, ნავსადგურების მშენებლობით დასრულებული. ეს ნიშნავს, რომ ვაშინგტონის შიშები - სანამ კუნძული ჩემი არ არის, ჩინეთი მომასწრებს შესვლასო - ზედმეტია და თითიდან გამოწოვილი, ცივი ომის გადმონაშთის სახით.

ამიტომ გასაკვირია დონალდ ტრამპის მოუთმენლობა - ზუსტად ისევე, როგორსაც იგი უკრაინის ომის დასრულების საკითხში ამჟღავნებს. ბოლოს და ბოლოს, ნორმალურად თუ მოიქცევა, ამერიკის პრეზიდენტს რაც სურს, კუნძულიდან ყოველგვარი ზედმეტი აგრესიის გამოვლენის გარეშეც მიიღებს. გრენლანდიელები თვლიან, რომ ამერიკის ლიდერი მათ აგდებულად ექცევა.

ასეთი მოქმედება კონტრპროდუქტიულია. ამერიკის მხარე იძულებული გახდა ჯეიმს ვენსის ცოლის - უშას - კულტურული ტური გაეუქმებინა, ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის ფონზე.

ალბათ, კარგი იქნებოდა უფრო ნელი და ურთიერთპატივსაცემი და კულისური ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც უეჭველია უფრო მეტ პოზიტიურ შედეგს მოიტანდა... მაგრამ ასეთი ნაბიჯების გადადგმა ბევრი პოლიტიკოსის გემოვნებაში არ შედის.

წყარო: https://www.bbc.com/news/articles/cp3y3vdvdggo

World
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way