ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ (BBC) ვებ-საიტზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ისრაელს იმედი აქვს, რომ ირანელები მმართველ რეჟიმს აუჯანყდებიან. რამდენად შესაძლებელია ასეთი სიტუაცია?“. პუბლიკაციაში განხილულია საინტერესო ვერსიები იმისა, თუ ვინ შეიძლება მოვიდეს ირანის ხელისუფლებაში და საერთოდ, არიან თუ არა ირანის თეოკრატიული ხელისუფლების მოწინააღმდეგე პოლიტიკური ძალები ქვეყანაში.
გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:
ირანის წინააღმდეგ ისრაელის შეტევების მასშტაბით თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ისრაელის მიზანს არამარტო ბირთვული საფრთხის ლიკვიდაცია წარმოადგენს, არამედ ისლამური რესპუბლიკის მმართველი რეჟიმის შეცვლაც. მაგრამ რამდენად რეალისტურია სიტუაციის ასეთი განვითარება? რამდენად შესაძლებელია ირანში აიათოლების ხელისუფლების დასრულება?
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მრავლისმეტყველი განცხადება გააკეთა - ირანელებს ვიდეოგამოსვლით ფაქტიურად თავიანთი ლიდერების წინააღმდეგ საპროტესტო აქციების დაწყებისა და თეოკრატიული რეჟიმის დამხობისაკენ მოუწოდა: „ისრაელის სამხედრო ოპერაციის მიზანია თავიდან აიცილოს ირანიდან მომდინარე ბირთვული და რაკეტული საფრთხე. ჩვენი მიზნების რეალიზებით თქვენ, ირანელ ხალხს, გზა გეხსნებათ თავისუფლებისაკენ“.
ანალიტიკოსები თვლიან, რომ ირანზე ისრაელის შეტევის ერთ-ერთ მთავარ მიზანს სწორედ ქვეყნის თეოკრატიული მმართველი რეჟიმის დამხობა და მისი ახლით შეცვლა წარმოადგენს. „ისრაელს სურს, რომ ირანელი ხალხი ხელისუფლების წინააღმდეგ გამოვიდეს და დაამხოს - ისე, როგორც შაჰის მთავრობის დროს მოხდა“, - განუცხადა სააგენტო „როიტერს” (Reuters) მაიკლ სინგხმა ვაშინგტონის ახლოაღმოსავლური პოლიტიკის ინსტიტუდან, რომელიც ჯორჯ ბუშ - უმცროსის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი იყო.
„ისრაელს იმედი აქვს, რომ მისი დარტყმებით ირანის მმართველები დასუსტდებიან, ხალხი აჯანყდება და მთავრობას დაამხობს... მაგრამ ეს ძალიან სარისკო სცენარს წარმოადგენს“, - აღნიშნავს ამირ აზიმი, „ბიბისის“ სპარსული სამსახურის რედაქტორი, - „არავინ ზუსტად არ იცის, დაიწყება თუ არა რეალურად მსგავსი ჯაჭვური რეაქცია“.
როგორც „ბიბისის“ ახლოაღმოსავლური სამსახურის კორესპონდენტი ჰიუგო ბაჩეგა აღნიშნავს, ბუნებრივია, რომ ირანის ხელისუფლება დღეს სერიოზულ ზეწოლას განიცდის: საზოგადოება უკმაყოფილოა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობით, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვით, ქალების უფლებათა დარღვევით და სხვა ბევრი პრობლემით.
ისრაელის მიერ განხორციელებულმა დარტყმებმა ირანს დიდი ზიანი მიაყენა - ფიზიკურად განადგურდა „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ სარდლობა, არმიის გენშტაბის ზოგიერთი წევრი და სხვა სამხედრო მაღალჩინოსნები. პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ირანს კიდევ უფრო მეტი ზარალს მიაყენებს და არა არის გამორიცხული ქვეყნის უმაღლესი ლიდერის - აიათოლა ალი ჰამენეის ფიზიკური ლიკვიდაციაც.
მაგრამ ჯერ კიდევ გაურკვეველია: შესაძლებელია თუ არა, რომ მომხდარმა ამბებმა შიდაპოლიტიკური არეულობა და ფართო ანტისამთავრობო პროტესტები გამოიწვიოს? ამ ეტაპზე არ არსებობს დამარწმუნებელი მონაცემები იმისა, რომ შიდა მადესტაბილიზებელი პროცესები უკვე დაიწყო, ან იმის ნიშნები, რომ დაიწყება. სიტუაცია არაპროგნოზირებადია.
ირანში რეალური ძალაუფლება იმათ ხელშია მოქცეული, ვინც არმიასა და ეკონომიკას აკონტროლებს, ანუ პირველ რიგში - ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სტრუქტურებსა და ზოგიერთ არაარჩევით ორგანოებში. როგორც „ბიბისის“ სპარსული სამსახურის რედაქტორი ამირ აზიმი აღნიშნავს, ამ ძალებს სახელმწიფო გადატრიალება არ ჭირდებათ, ისინი უკვე დიდი ხანია ხელისუფლებაში არიან და თავიანთი სურვილის მიხედვით, შეუძლიათ ქვეყანა უფრო კონფრონტაციული მიმართულებით წაიყვანონ.
ბენიამინ ნეთანიაჰუსათვის, ალბათ, სასურველი იქნება მოხდეს სახალხო აჯანყება, რომლის შედეგად ირანის ხელისუფლებაში ისრაელისადმი მეგობრულად განწყობილი ძალა მოვა... მაგრამ იბადება საკვანძო კითხვა: ვინ შეიზლება იყოს ამჟამინდელი რეჟიმის რეალური ალტერნატივა?
ირანის ოპოზიცია ბოლო წლებში დაქუცმაცებული და დაშლილი რჩება. 2022 წლის მღელვარების შემდეგ მოძრაობა „ქალი. სიცოცხლე. თავისუფლება“, რომელიც მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილს მოიცავდა, შეეცადა კოალიციის ჩამოყალიბებას ანტიისლამურ და რესპუბლიკურ აქტივისტებთან ერთად, მაგრამ შიდა უთანხმოებამ - მათ შორის ლიდერობის საკითხის გამო - გაერთიანების ძალისხმევას ძირი გამოუთხარა.
იმ ფიგურებს შორის, რომლებსაც ისრაელისთვის სავარაუდო ალტენატივის როლის შესრულება შეუძლიათ, არის ყოფილი მემკვიდრე პრინცი მოჰამედ რეზა ფეჰლევი, ბოლო შაჰის ვაჟი. იგი დევნილობაში ცხოვრობს, ცდილობს დასავლეთის ქვეყნების ნდობის მოპოვებას და ამ მიზნით ისრაელშიც კი ჩავიდა... მაგრამ მიუხედავად მისი გარკვეული პოპულარობისა ირანელთა შორის, ჯერ-ჯერობით არანაირი ნიშანი არ არის, რომ მისი ფიგურა შეიძლება ოპოზიციური მოძრაობისათვის მიმზიდველი გახდეს.
არის აგრეთვე დაჯგუფება „მოჯაჰედინ ჰალკი“ (MEK) - მემარცხენე რადიკალური ოპოზიცია დევნილობაში, რომელიც ისლამური მმართველობის წინააღმდეგ გამოდის, მაგრამ ის ასევე წინააღმდეგია, რომ მონარქიის რესტავრაცია მოხდეს. „მოჯაჰედინებმა“ 1980-იან წლებში, ირან-ერაყის ომის დროს, მხარი დაუჭირეს სადამ ჰუსეინს, რითაც ძალიან შეილახეს თავიანთი რეპუტაცია ირანელების თვალში. დაჯგუფებას ჰყავს მომხრეები აშშ-ში, რომლებიც ახლოს არიან დონალდ ტრამპის ბანაკთან, მაგრამ მათი გავლება ამერიკის ამჟამინდელ ადმინისტრაციაზე საკმაოდ დაბალია.
„არსებობენ კიდევ სხვა პოლიტიკური ძალებიც - საერო დემოკრატიის მომხრეებიდან საპარლამენტო მონარქიის მხარდამჭერებამდე - მაგრამ დღეს არცერთს ამ ჯგუფებიდან არ აქვს საკმარისი მხარდაჭერა ხელისუფლებაში მოსასვლელად“, - ამბობს ამირ აზიმი.
მაიკლ სინგჰის აზრით, დღეისათვის არავინ არ იცის, თუ როგორი პირობებით არის შესაძლებელი ოპოზიციის გაერთიანება საერთო მიზნის მისაღწევად.
ჯერ-ჯერობით ნაადრევია ისრაელის სეტევების ყველა შედეგზე საუბარი და პროგნოზების გაკეთება. გასული წლის ირან-ისრაელის დაპირისპირების ესკალაციის დროს ირანულ საზოგადოებაში რაიმე მნიშვნელოვანი ანტისამთავრობო განწყობები არ შემჩნეულა, თუმცა, რა თქმა უნდა, დღევანდელი სიტუაცია შარშანდელს არ შეედრება - დღეს უფრო მეტი საფუძველი არსებობს, რომ ირანელმა ხალხმა უკმაყოფილება უფრო ძლიერად გამოხატოს.
და მაინც, როგორც მაიკლ სიგჰი ამბობს, ირანისათვის მიყენებული ზიანის მიუხედავად, ისლამური ხელისუფლების მიერ ათწლეულობით წარმოებულმა ანტიებრაულმა და ანტიისრაელურმა პროპაგანდამ და რიტორიკამ - არამარტო ხელისუფლებაში, არამედ ირანის შიიტური მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილში - ისეთი განწყობა შექმნა, რომ საეჭვოა მოსახლეობის ფართო მასები საკუთარი თეოკრატიული მთავრობის წინააღმდეგ გამოვიდეს.
კიდევ ერთი სავარაუდო სცენარი - „ისრაელის დარტყმები იწვევს მმართველი რეჟიმის კრახს, რომლის შედეგად ქაოსი დაიწყება“. მაგრამ ასეთ სიტუაციაში ისეთ რელიგიურ ქვეყანაში, როგორიც ირანია და რომლის მოსახლეობა 90 მილიონს აღწევს, ქაოსი კატასტროფული იქნება მთელი რეგიონისათვის.
სამხედრო ექსპერტის მიკ რაიანის აზრით, ირანის რეჟიმისათვის ხელისუფლების შენარჩუნება, როგორც ჩანს, რუსეთს და ჩინეთს შეუძლიათ. „თუ გავითვალისწინებთ ირან-რუსეთის ურთიერთობის დონეს და კომუნისტური ჩინეთის ინტერესებს, მოსკოვს და პეკინს შეუძლიათ მხარდაჭერა გამოუცხადონ ირანის მმართველ რეჟიმს. არც ვლადიმერ პუტინს და არც სი ძინპინს არ სურთ, რომ მათი თანამოქალაქეები მოწმენი გახდნენ იმისა, თუ როგორ ემხობიან ავტორიტარული რეჟიმები“, - ამბობს მიკ რაიანი.
რჩება კითხვა: როგორია თვითონ ირანის მიზნები მიმდინარე ეტაპზე? ობიექტურად რომ ვთქვათ, თეირანს მაინცდამაინც დიდი არჩევანი არ აქვს.
ერთ-ერთი ვარიანტია აშშ-სთან მოლაპარაკებისა და დეესკალაციის კურსის გაგრძელება, მაგრამ თეირანის ხმამაღალი ანტიდასავლური და ანტიისრაელური განცხადებების ფონზე ასეთი ნაბიჯი სისუსტის აღიარების მაჩვენებელი იქნება, განსაკუტრებით დონალდ ტრამპის მოთხოვნების სემდეგ. ასეთი უკანდახევა ირანის ხელმზღვანელებს ზალიან ძვირი დაუჯდებათ, - აღნიშნავს ამირ აზიმი.
ალტერნატივა - შეტევების გაგრძელებაა. სწორედ ამას პირდებიან ირანელი ლიდერები თავიანთ მომხრეებს. მაგრამ ირანის ყოველ შეტევას ისრაელის პასუხი (და ბევრად უფრო ძლიერი) მოჰყვება.
ირანი გამაფრთხილებლად აცხადებს, რომ დარტყმები შეიძლება შეეხოს აშშ-ის ბაზებს, საელჩოებს და სხვა ამერიკულ ობიექტებს რეგიონში, მაგრამ მათი განხორციელება იოლი არ იქნება - ირანს ძალები არ ეყოფა, რადგან საელჩოებისა და ბაზების დაცვა გაძლიერდება. გარდა ამისა, აშშ-ის კუთვნილ ობიექტებზე თავდასხმა ნიშნავს იმას, რომ ამერიკა პირდაპირ ჩაებმება ომში, რაც ირანს ყველაზე ნაკლებად სურს.
„ჰამენეის რეჟიმი და მის გვარდიელები ფაქტიურად დამარცხდნენ, ახლა ყველაფერი ირანელ ხალხზეა დამოკიდებული“ - ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორია რიჩარდ კემპი, სამხედრო ექსპერტი. პუბლიკაციაში ნაჩვენებია ისრაელ-ირანის კონფლიქტის სავარაუდო პერსპექტივა, რომელიც, ალბათ, ირანში ხელისუფლების ცვლილებით დასრულდება.
გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:
ისრაელის მიერ განხორციელებული ოპერაციით ირანი ყველაზე მკაცრად დაისაჯა - ისე, როგორიც შესაძლებელია ახლოაღმოსავლურ კულტურაში: დამცირებით. აიათოლების მცდელობამ - აღედგინათ შელახული „ღირსება“, სიტუაცია კიდევ უფრო დაამძიმა: თეირანის მოკრძალებული „პასუხი“ ხმამაღლა დაპირებულს არაფრით არ ჰგავს და კიდევ უფრო მეტ დამცირებას ნიშნავს.
ბუნებრივია, ირანულმა რაკეტებმა ისრაელს გარკვეული ზიანი მიაყენეს, დაინგრა შენობები და დაიღუპნენ ადამიანები - თითოეული სიკვდილი ტრაგედიაა. მაგრამ ფაქტია, რომ ეს ის ნგრევა ნამდვილად არ არის, როგორითაც აიათოლა ალი ჰამენეი და მისი დამქაშები ისრაელს არაერთგზის ემუქრებოდნენ. ისრაელის თავდაცვის ძალებმა ირანის ტერიტორიიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების 90% ჩამოაგდეს და მხოლოდ 10%-მა მიაღწია ქვეყნის მსხვილ ქალაქებამდე.
იქმნება შთაბეჭდილება, რომ ირანის თეოკრატიულ ხელისუფლება ასობით რაკეტისა და დრონის გაშვებით არაიმდენად რეალური შედეგის - ანუ ისრაელისთვის სერიოზული ზიანის მიღწევას იმედოვნებდა, არამედ უფრო მეტად ის სურდა, რომ ირანელებისათვის ეჩვენებინა - აი, პასუხად რა ძლიერ დარტყმას ვაყენებ მტერსო.
ირანელ აიათოლებს დღეს უკიდურესად ჭირდებათ თავიანთი ძალის დემონსტრირება, რადგან ბოლო დრომდე მხოლოდ სისუსტეს იჩენდნენ. მაგრამ როგორ? ისრაელის ავიაციას სრული უპირატესობა აქვს და ირანის საჰაერო სივრცეში გაბატონებული მდგომარეობა უკავია. „ცახალის“ თვითმფრინავები თავისუფლად დაფრინავენ თეირანისა და სხვა ქალაქების თავზე - ისე, როგორც მშობლიურ თელ-ავივში. აიათოლების ხელისუფლებამ ვერ დაიცვა თავისი უმაღლესი სარდლობის წარმომადგენლებიც კი, რომლებიც პრაქტიკულად ელვისებურად იქნენ განადგურებულნი. ეს ომების ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევას წარმოადგენს.
იგივე შეიძლება ითქვას ბირთვული პროგრამის რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვან და წამყვან მეცნიერ ფიზიკოსზეც, რომლებიც ერთ-ერთ ყველაზე საიმედოდ დაცული ადამიანები უნდა ყოფილიყვნენ ირანში. ბირთვული ობიექტები, რომლებიც წესით, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებით გაძლიერებულად უნდა ყოფილიყვნენ დაცული, არაერთხელ გახდნენ ისრაელის ავიაციისა და რაკეტების დაბომბვის ობიექტები. პარალიზებული იქნა ირანის რადარები და ის ბალისტიკური რაკეტები (დრონების ჩათვლით), რომელთა გაშვება „ისლამური რევოლუციის გუშაგების კორპუსმა“ (გვარდიამ) თავისი ბაზებიდან ვერ მოასწრო. ისრაელის სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფები დაუსჯელად მოქმედებენ ირანის ტერიტორიაზე - ნადვილად განსაცვიფრებელი მოვლენის მომსწრენი ვართ.
ისრაელმა თეირანის მოსახლეობას გამოუცხადა - იცოდეთ, ქალაქი უნდა დავბომბო და თავს უშველეთო. ანუ ისრაელის ბრძანებით, მცხოვრებლები იძულებულნი გახდნენ სახლები მიეტოვებინათ და ქვეყნის სხვადასხვა ადგილებში გაქცეულიყვნენ. მოკლედ რომ ვთქვათ, აიათოლების რეჟიმმა საკუთარი ტერიტორიის მიმართ სუვერენული მართვის უფლება დაკარგა. იბადება კითხვა: შეძლებს თუ არა ირანის მთავრობა მომდევნო ძლიერი დარტყმების გადატანას?
როგორც ჩანს, ისრაელს ჯერ კიდევ არ მიუღწევია თავის შეტევის კულმინაციისათვის, ამ დროს კი ირანის ქალაქების ქუჩებში უკვე გაისმის ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების მონაწილეთა ხმა - „სიკვდილი ალი ჰამენეის“ და „სიკვდილი ისლამური რევოლუციის გუშაგებს“. ირანის სამთავრობო შენობებთან რამდენიმე დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა.
ისრაელი უარყოფს, რომ ირანის შიდაპოლიტიკურ სიტუაციაში ჩარევას ახორციელებს, მაგრამ მაშინ ვინ არიან პროტესტების ორგანიზატორები?
ცნობილია, რომ ირანში მრავალი იატაკქვეშა არალეგალური ჯგუფი მოქმედებს, სხვადასხვა საზოგადოებრივი ფრაქციების წარმომადგენლები, რომლებიც, უეჭველია, რეჟიმის დასუსტებით გამხნევდებიან. ირანის რეგულარული არმია, როგორც ამბობენ, მაინცდამაინც თავს არ მოიკლავს აიათოლების რეჟიმის დაცვით. არმია უკმაყოფილოა იმით, რომ აიათოლები უპირატესობას „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს“ (IRGC - Islamic Revolutionary Guard Corps) ანიჭებენ. არ არის გამორიცხული, რომ არმიამ თეოკრატიული ხელისუფლების დაცვაზე უარი განაცხადოს.
ისრაელს არ სურს ირანის მოსახლეობას თავს მოახვიოს ახალი მთავრობა, მაგრამ როგორც გვერდითი მოვლენა, ირანელებს 1979 წლიდან პირველად უჩნდებათ შესაძლებლობა შეცვალონ საძულველი დიქტატორული რეჟიმი ნებისმიერი ხელისუფლებით, რომელსაც თვითონ ისინი აირჩევენ. ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს მიმართვამ ირანელებისადმი - გაერთიანდით და მჩაგვრელი რეჟიმისაგან გათავისუფლდითო - ფართო ენთუზიაზმი გამოიწვია ქვეყნის მოსახლეობაში.
მსოფლიოს წამყვანმა ლიდერებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ ხელი შეუწყონ აიათოლების მმართველობის დასრულებას. სწორედ თეოკრატიული ხელისუფლებაა პასუხისმგებელი სისხლისღვრის დაწყებაში, რეპრესიებში და ეკონომიკურ არასტაბილურობაში. ირანის ბირთვული პროგრამის საფრთხეზე ცარიელი საუბრებისა და განცხადებების ნაცვლად, დასავლეთმა ქმედითი რადიკალური ნაბიჯები უნდა გადადგას.