USD 2.7127
EUR 3.1386
RUB 3.3552
Tbilisi
«BBC» (დიდი ბრიტანეთი): „ის, რასაც „კაგებემაც“ კი ვერ მიაღწია“: რა ხდება „ამერიკის ხმისა“ და „რადიო თავისუფლების“ ირგვლივ“
Date:  510

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ (BBC) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სარედაქციო სტატია სათაურით „ის, რასაც „კაგებემაც“ კი ვერ მიაღწია“: რა ხდება „ამერიკის ხმისა“ და „რადიო თავისუფლების“ ირგვლივ“, რომელშიც გაანალიზებულია სიტუაცია ორი ამერიკული მასობრივი ინფორმაციის საშუალების - რადიოსადგურების შესაძლო დახურვასთან დაკავშირებით.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

რადიოსადგურები „თავისუფლება“ და ამერიკის ხმა“ დახურვის საფრთხის წინაშე დადგნენ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასცა განკარგულება იმ ფედერალური სააგენტოს საშტატო ერთეულების (თანამშრომელთა) სერიოზულად შემცირების თაობაზე, რომელიც ამ რადიოკომპანიებს მართავს. „ამერიკის ხმამ“ უკვე შეწყვიტა მუშაობა და ჟურნალისტების გათავისუფლება დაიწყო, ხოლო „თავისუფლება“ ფინანსების გარეშე დარჩა.

„დაუყონებლივ შეწყვიტეთ მუშაობა“

14 მარტს დონალდ ტრამპმა განკარგულება გასცა აშშ-ის შვიდი ფედერალური სააგენტოს თანამშრომელთა შემცირების თაობაზე, მათგან ერთ-ერთია გლობალური მედიის სააგენტო (USAGM), რომელიც „რადიო ამერიკის ხმას“ და „რადიო თავისუფლება//თავისუფალ ევროპას“ მართავს. რადიოკომპანიების ჟურნალისტები, მათ შორის რუსული და სხვადასხვაენოვანი სამსახურების თანამშრომლები დარტყმის ქვეშ აღმოჩნდნენ და უკვე საკუტარ თავზე იგრძნეს დონალდ ტრამპის განკარგულების შედეგები. პრობლემის წინაშე ყველაზე მეტად აღმოჩნდა „ამერიკის ხმის“ - მულტიმედიური კორპორაციის კოლექტივი, რომელიც მსოფლიოს 45 ენაზე მაუწყებლობს.

15 მარტს „ამერიკის ხმამ“ ფაქტიურად საქმიანობა შეწყვიტა. კორპორაციის დირექტორმა მაიკლ აბრამოვიცმა განაცხადა, რომ ასეთი რამ პირველად ხდება „ამერიკის ხმის“ დაარსებიდან 83 წლის განმავლობაში. მისი თქმით, 1,3 ათასმა თანამშრომელმა ჯერ მიიღო შეტყობინება, რომ მათ ადმინისტრაციულ შვებულებაში უშვებენ, თუმცა მათ უკვე მომდევნო დღეს გამოუცხადეს სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე. „შაბათს დილით შვებულებებში გაგვიშვეს, კვირა საღამოს კი სამსახურიდან გაგვათავისუფლეს. აი, მუშაობის როგორი სტილი აქვს ახალ ადმინისტრაციას!“, - ამბობს „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი ქსენია თურქოვა. მისი კოლგა მიხეილ კომადოვსკი - რუსული სამსახურის ასევე გატავისუფლებული ჟურნალისტი მწარედ ხუმრობს - „ამერიკის ხელისუფლებამ თავისი ხელით გააკეთა ის, რაც „კაგებეს“ ოცნება იყო“.

წერილში, რომელიც „ამერიკის ხმის“ ყველა თანამშრომელმა პერსონალურად მიიღო, ნათქვამია, რომ მათ „დაუყონებლივ უნდა შეწყვიტონ მუშაობა და მათ უფლება აღარ აქვთ ისარგებლონ გლობალური მედიის სააგენტოს კუთვნილი შენობებით და სისტემებით“.

პრეტენზიები, რომლებიც აშშ-ის ხელისუფლებას გაუჩნდა „ამერიკის ხმის“ მიმართ, აშკარად არის დაკავშირებული არამარტო საბიუჯეტო თანხების ხარჯვის შემცირებასთან, რომელიც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, არამედ პოლიტიკურ საკითხთან: 15 მარტს თეტრი სახლის საიტზე გამოქვეყნდა ინფორმაცია სათაურით „რადიკალური ამერიკის ხმა“, რომელშიც რადიოს ჟურნალისტები დადანაშაულებულები არიან „რადიკალური პროპაგანდის“ გარცელებაში.

როგორც ჩანს, თეთრი სახლი ყველაზე ძალიან იმ მასალებმა გააცეცხლა, რომლებშიც ჟურნალისტებმა დონალდ ტრამპი გააკრიტიკეს. თავის მხრივ, თეთრი სახლის საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ციტირებულია აშშ-ის კონსერვატიული გამოცემების ის მასალები, რომლებშიც „ამერიკის ხმის“ მიკერძოებული საქმიანობაა მხილებული. გარდა ამისა, ილონ მასკმა, რომელიც სახელმწიფოს ეფექტიანობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს, ჯერ კიდევ თებერვალში განაცხადა, რომ „ამერიკის ხმას“ და თავისუფლებას“ არავინ აღარ უსმენს“, ხოლო თანამშრომლები „უგუნურ რადიკალურ მემრცხენეებად“ შერაცხა.

აშშ-ის ხელისუფლების გეგმებზე „ამერიკის ხმის“ მიმართ ჯერ-ჯერობით არაფერია ცნობილი. როგორც ჩანს, ამ ეტაპზე მას მთლიანად არ დახურავენ. გლობალური მედიის ფედერალური სააგენტოს უფროსმა მრჩეველმა ქერი ლეიკმა (იგი დონალდ ტრამპის მტკიცე მხარდამჭერია) განაცხადა, რომ მალე დაიწყება სააგენტოს საკვანძო მისიის მოდერნიზების პროცესი.

„დიდი საჩუქარი ამერიკის მტრებს“

„ამერიკის ხმისაგან“ განსხვავებით, „რადიო თავისუფალი ევროპა//თავისუფლება“ (RFE/RL) და მასთან დაკავშირებული პროექტები ჯერ-ჯერობით მუშაობას აგრძელებენ, „მაგრამ დიდი სიძნელეებით“.

დონალდ ტრამპის ბრძანებულების გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათის შემდეგ კორპორაციის ხელმძღვანელობამ მიიღო წერილი, რომ შეჩერებულია აშშ-ის კონგრესის გრანტის მოქმედება, საიდანაც RFE/RL ფინანსდება. წერილს ხელს აწერს იგივე ქერი ლეიკი. მასში ნათქვამია, რომ გრანტი მოქმედება წყდება 15 მარტიდან, ხოლო ის თანხა, რაც ჯერ არ არის დახარჯული, სახელმწიფოს უნდა დაუბრუნდეს.

პრაქტიკულად ეს იმას ნიშნავს, რომ უახლოეს ხანში RFE/RL არსებობისთვის აუცილებელი თანხების გარეშე დარჩება. ასეთი მიდგომა, რადიოკორპორაციის პრეზიდენტი სტივენ კაპუსის აზრით, „ამერიკის მტრებისათვის დიდ საჩუქარს წარმოადგენს“.

„ირანელი აიათოლები, ჩინელი კომუნისტი ლიდერები, მოსკოველი და მინსკელი ავტოკრატები „რადიო თავისუფლების“ გარდაცვალებას, ანუ გამარჯვებას იზეიმებენ. ეს ჩვენს მეტოქეებს გააძლიერებს, ამერიკას კი დაასუსტებს“, - თქვა სტივენ კაპუსმა.

როგორც ცნობილი გახდა, „რადიო თავისუფლებამ“ გადაწყვიტა კონგრესის გრანტის მოქმედების შეჩერება სასამართლოში გაასაჩივროს. ხელმძღვანელობამ თანამშრომლებს აღუთქვა, რომ ყველა იურიდიულ ზომას გამოიყენებს „უსამართლო გადაწყვეტილების“ გასაუქმებლად. მსგავსი პრეცედენტები უკვე არის: მაგალითად, „დემოკრატის მხარდამჭერმა ეროვნულმა ფონდმა“ სასამართლოში თავისი დაფინანსების განახლებას მიაღწია.

ამჟამად „რადიო თავისუფლება“ და მასთან დაკავშირებული პროექტები მუსაობას განაგრძობენ, მაგრამ ჟურნალისტები რთული პრობლემების წინაშე დგებიან არამარტო დაფინანსების შეწყვეტის, არამედ კიდევ ერთი მიზეზის გამო: გლობალური მედიის სააგენტომ კონტრაქტები გაწყვიტა მსოფლიოს საინფორმაციო სააგენტოების „დიდ სამეულთან“ – „ესოშეითედ პრესთან“, „როიტერთან“ და „ფრანს-პრესთან“. ეს იმას ნიშნავს, რომ რადიო თავისუფლებას აღარ ექნება თავისუფალი წვდომა აღნიშნული სააგენტოების მიერ მომზადებულ ახალ ამბებთან, ვიდეო და ფოტომასალებთან, რის გარეშეც ნებისმიერი თანამედროვე მასმედიის სრულფასოვანი საქმიანობა შეუძლებელია.

USAGM: რატომ გაჩნდა პრობლემა?

აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტო (U.S. Agency for Global Media – USAGM), „ამერიკის ხმისა და „თავისუფლების“ გარდა, კურირებს აგრეთვე მასმედიის ისეთ საშუალებებს, როგორებიცაა რადიო „თავისუფალი აზია“, რადიო „ხოსე მარტი“ (კუბელი მსმენელებისათვის) და ა.შ. - სულ 50 ენაზე, რომელთა ყოველკვირეული აუდიტორია 361 მილიონ ადამიანს მოიცავს.

ფორმალურად USAGM დამოუკიდებელი სააგენტოა და არ ექვემდებარება აშშ-ის პრეზიდენტს, ხოლო მის დაფინანსებას კონგრესი უზრუნველყოფს - სწორედ ეს აძლევს ჟურნალისტებს დონალდ ტრამპის ბრძანებულების გასაჩივრების უფლებას სასამართლოში. სააგენტოს ხელმძღვანელს სენატი ამტკიცებს აშშ-ის პრეზიდენტის წარდგენით. 2025 წლის ბიუჯეტისთვის შარშან USAGM-მმა კონგრესს 950 მილიონი დოლარი სთხოვა ყველა პროექტის დასაფინანსებლად.

აშშ-ის ხელისუფლებამ რადიოსადგური „ამერიკის ხმა“ მეორე მსოფლიო ომის დროს, 1942 წელს შექმნა, გერმანიის ნაცისტური ხელისუფლების პროპაგანდის წინააღმდეგ. რაც სეეხება რადიოსადგურებს „თავისუფლებას“ და „თავისუფალ ევროპას“, ისინი ცივი ომის დასაწყისში, 1950-იანებში ჩამოყალიბდნენ. „ამერიკის ხმა“ თავიდანვე არსებობდა როგორც აშშ-ის სახელმწიფო მასობრივი ინფორმაციის საშუალება, ანუ შექმნის დღიდანვე ის სახელმწიფოს კუთვნილებას წარმოადგენდა. 1976 წელს პრეზიდენტმა ჯერალდ ფორდმა ხელი მოაწერა რადიოსადგურის ქარტიას, რომელიც ავალდებულებს „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტებს აუდიტორიას მიაწოდონ „დაბალანსებული და ყოვლისმომცველი ინფორმაცია, ამერიკული იდეებისა და ინსტიტუტების ჩათვლით“.

რაც შეეხება „თავისუფალ ევროპას“ და „თავისუფლებას“, ფორმალურად ისინი ისეთ ამერიკული ოფიციალურ ინსტიტუტებს წარმოადგენდნენ, რომლებიც კომუნიზმის გავრცელებას ეწინააღმდეგებოდნენ, თუმცა სინამდვილეში მრავალი წლის განმავლობაში ფარულად ფინანსდებოდნენ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) მიერ. 1972 წელს ორივე რადიოსადგური გაერთიანდა და მისი საქმიანობის გაკონტროლების უფლება კონგრესს გადაეცა.

საბჭოთა კავშირში „ამერიკის ხმა“ და რადიო თავისუფლება“ ერთ-ერთ ალტერნატიულ საინფორმაციო წყაროებს წარმოადგენდნენ. კრემლი მუდმივად ცდილობდა მათ ჩახშობას სხვადასხვა ტექნიკური საშუალებებით (იგივეს აკეთებდა ბრიტანული „ბიბისის“ მიმართაც).

ცივი ომის დასრულების შემდეგ ევროპის ყოფილი სოციალისტური ბანაკის ქვეყნების მოსახლეობისათვის „ამერიკის ხმისა“ და „თავისუფლების“ მაუწყებლობა შემცირდა, თუმცა გრძელდებოდა რუსეთისა და პოსტსაბჭოთა სივრცეში მდებარე რესპუბლიკებისათვის. ასევე აქტიურად შუქდებოდა სიტუაცია იმ რეგიონებში, სადაც სიტყვის თავისუფლება იზღუდებოდა - ავღანეთში, ირანში, ჩინეთში, ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში.

ბოლო წლებში „ამერიკის ხმა“ და „თავისუფლება“ რუსეთში მუშაობდნენ არა როგორც რადიოსადგურები, არამედ როგორც ინტერნეტ-საიტები. „ტავისუფლებამ აქტიურად განავიტარა პროექტების „ჩრდილოეთი - რეალიები“, „კავკასია - რეალიები“, „ეხო კავკაზა“ და ა.შ.

რუსეთში „ამერიკის ხმას“ და „თავისუფლებას“ პრობლემები ჯერ კიდევ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე გაუჩნდათ: 2017 წელს მათ მიიღეს „უცხოური აგენტის“’ სტატუსი. 2022 წელს „რადიო თავისუფლება“ რუსეთში არასასურველ ორგანიზაციად აღიარეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მასთან კონტაქტი სისხლის სამართლის დანასაულად ითვლება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის შემდეგ „ამერიკის ხმისა“ და „თავისუფლების“ ბევრი ჟურნალისტი იძულებული გახდნენ რუსეთიდან წასულიყვნენ, სისხლის სამართლებრივი დევნის გამო. ბევრ მათგანს პირადად აქვს მინიჭებული „უცხოელი აგენტის“ სტატუსი.

დონალდ ტრამპის ბრძანებულების ფონზე ჟურნალისტების საქმიანობის დაფინანსებით ევროპაშიც დაინტერესდნენ. ეს საკითხი განიხილებოდა ამას წინათ საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტზეც. ჩეხეთის ხელისუფლებამ, სადაც „რადიო თავისუფლება//თავისუფალი ევროპის“ შტაბ-ბინა მდებარეობს, გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ უნდა მოიძებნოს თანხა რადიოსადგურის საქმიანობის გასაგრძელებლად. ჯერ-ჯერობით უცნობია, რამდენი ქვეყანა შეუერთდება ამ განცხადებას.

„ამერიკის ხმისა“ და „თავისუფლების“ ჟურნალისტების დასაცავად ბევრი ამერიკული და საერთაშორისო ჟურნალისტური ორგანიზაცია გამოვიდა - „აშშ-ის ეროვნული პრეს-კლუბი“, „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“, „ჟურნალისტების დაცვის კომიტეტი“ და ა.შ.

კრემლში, დონალდ ტრამპის ბრძანებულების კომენტირებისას, დაზარალებულ რადიოსადგურებს „პროპაგანდისტული საშუალებები“ უწოდეს, ხოლო მათი სავარაუდო დახურვა „აშშ-ის საშინაო საქმედ“ შეაფასეს.

 

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way