USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Тбилиси
«BBC» (დიდი ბრიტანეთი): „დონალდ ტრამპი ნატოს შესახებ: სახიფათო განცხადებები სახიფათო დროს“. რამდენს ხარჯავენ თავდაცვისათვის ალიანსის წევრი ქვეყნები“
дата:  

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის BBC-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „დონალდ ტრამპი ნატოს შესახებ: სახიფათო განცხადებები სახიფათო დროს“ (ავტორები - ფრენკ გარდნერი და ადამ დურბინი), რომელშიც აშშ-ის ექს-პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ბოლოდროინდელი განცხადებები განხილული ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიმართ.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

„დაიწყო: ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნებამდე ჯერ კიდევ ცხრა თვე რჩება, რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი და აშშ-ის ექს-პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი, თავისი პროვოკაციული განცხადებებით, ნატოს ქვეყნების ლიდერებს წნევას უწევს. იმავდროულად ყოფილი პრეზიდენტის გამონათქვამები სიხარულის მომტანია მისი  მომხრეებისა და თაყვანისმცემლებისათვის.

სამხრეთ კაროლინას შტატში გამართულ წინასაარჩევნო მიტინგზე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ განზრახული აქვს აგრესიული ქვეყნები (მაგალითად რუსეთი) წააქეზოს, რათა მათ ყველაფერი გააკეთონ, რასაც კი ჩაიფიქრებენ ნატოს წევრი იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებსაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საერთო ბიუჯეტში სათანადო რაოდენობის თანხა არ შეაქვთ და თავიანთი ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 2%-ს თავდაცვის სფეროში არ ხარჯავენ, არმიის გაძლიერების მიზნით.

თეთრმა სახლმა დაუყონებლივ გამოხატა აღშფოთება: ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადებით, მსგავსი გამონათქვამები „საშინელ უგუნურებას“ წარმოადგენს იმდენად, რამდენადაც დონალდ ტრამპი თავისი მოქმედებით „მხარს უჭერს და აქეზებს სისხლიანი რეჟიმების შეჭრას ჩვენი უახლოესი მოკავშირეების ტერიტორიებზე“.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ასევე ენერგიულად უარყო აშშ-ის ექს-პრეზიდენტის განცხადება და აღნიშნა, რომ „ნებისმიერი ვარაუდი იმისა, რომ ალიანსის წევრები ერთმანეთს არ დაიცავენ და არ დაეხმარებიან, ძირს უთხრის საერთო უსაფრთხოებას, აშშ-ის ჩათვლით. ასეთი გამონათქვამები დამატებით რისკებს უქმნის ამერიკელ და ევროპელ ჯარისკაცებს“.

ჰქონდა თუ არა დონალდ ტრამპს ნამდვილად მხედველობაში ის, რაც თქვა? ალბათ, არა, რადგან ასეთი ქცევა მის ტიპიურ მოქმედებას ასახავს - თქვას რაღაც ისეთი პროვოკაციული, რომელიც მას პრესაში დიდ სათაურებს უზრუნველყოფს, კრიტიკოსებს აღაშფოთებს, მომხრეებს კი აღტაცებაში მოიყვანს.

მაგრამ ბედის ირონია იმაში გამოიხატება, რომ ნატოს გარკვეულ წრეებში დონალდ ტრამპის მიმართ დაუფარავ სიხარულს განიცდიან და მადლობას უცხადებენ დონალდ ტრამპს მსგავსი მუქარების გამო, რომლებსაც იგი გამოხატავდა ჯერ კიდევ თეთრ სახლში ყოფნის დროს. 2018 წელს იგი იმდენად უკმაყოფილო იყო ზოგიერთი ევროპული სახელმწიფოს მიერ თავდაცვის ხარჯების შეთანხმებული ქვოთების (მშპ-ის 2%) შეუსრულებლობის გამო, რომ ალიანსიდან გასვლით დაიმუქრა. იმ დროს ნატოს სამხედრო ხელმძღვანელობა შოკში ჩავარდა: აშშ-ის პრეზიდენტს რომ მართლაც აესრულებინა თავისი დანაქადნი და ევროპა ბედის ანაბარად მიეტოვებინა, ასეთ ნაბიჯი ალიანსს იმდენად დაასუსტებდა, რომ ნატო დღევანდელი სახით აღარ იარსებებდა.

მსგავსი პერსპექტივის წარმოდგენით და რუსეთის უკრაინაზე თავდასხმით ნატოს წევრი ქვეყნები (მაგალითად, გერმანია) იძულებული გახდნენ დაპირება განეცხადებინათ, რომ თავდაცვის ხარჯებს მშპ-ის 2%-მდე გაზრდიდნენ.

ცნობისათვის: ნატოს 2023 წლის ოფიციალური მონაცემებით, ალიანსის წევრი 30 წვეყნიდან 19-ის თავდაცვის ხარჯები თავისი წლიური მშპ-ის 2%-ზე დაბალია. ასეთი ქვეყნების რიცხვშია ისეთი ეკონომიკურად განვითარებული სახელმწიფოები, როგორებიცაა გერმანია (1,57%), საფრანგეთი (1,90%), ნორვეგია (1,67%) და სხვები. ამასთან, რუსეთისა და მისი მოკავშირის - ბელარუსის  მოსაზღვრე ნატოს წევრი ქვეყნების უმეტესობა 2%-იან ნორმატივს გადაჭარბებით ასრულებს: პოლონეთი ხარჯავს მთლიანი წლიური მშპ-ის 3,9%-ს (ანუ უფრო მეტს, ვიდრე აშშ, რომლის დანახარჯი 3,49%-ს შეადგენს). რაც შეეხება რუმინეთს, უნგრეთს, ფინეთს და ბალტიისპირა ქვეყნებს - ესტონეთს, ლატვიასა და ლიეტუვას, მათი ხარჯები 2,3%-დან 2,7%-მდე ვარირებს. დიდი ბრიტანეთი თავდაცვის სფეროში ხარჯავს მშპ-ის 2,07%-ს, საბერძნეთი - 3,07%-ს, ფინეთი - 2.45%-ს. ნატოს დანარჩენი წევრების ხარჯები 2%-ზე დაბალია.

დონალდ ტრამპის ჩივილი იმაზე, რომ ამერიკას სხვა ქვეყნების თავდაცვის ხარჯების გადახდა უწევს, მწვავე გამოძახილი ჰპოვა რესპუბლიკელი ექს-პრეზიდენტის მომხრეებში: „რატომ უნდა ვხარჯოთ ჩვენ, ამერიკელებმა, თანხები ევროპელების დასაცავად, როცა ისინი თვითონ არ ზრუნავენ საკუთარ სამხედრო ძლიერებაზე და უსაფრთხოების დაცვაზე?

მაგრამ ექს-პრეზიდენტის გამონათქვამები უკიდურესად საფრთხის მომტანად რჩებიან იმის გათვალისწინებით, რომ ნატოც და დასავლეთიც მთლიანობაში რთულ მდგომარეობაში იმყოფებიან. ამას ემატება ისიც, რომ უკრაინის კონტრშეტევა 2023 წლის ზაფხულში, ფაქტიურად ჩაიშალა. რუსეთის არმიას მტკიცედ აქვს დაკავებული ოკუპირებული ტერიტორიები და ნე-ნელა ავიწროვებს უკრაინის არმიას დონბასში. მოსკოვმა თავისი ეკონომიკა სამხედრო რელსებზე გადაიყვანა და ეროვნული შემოსავლების 40% სამხედრო სფეროში ხარჯავს, აწარმოებს განუზომელი რაოდენობის საბრძოლო მასალებს - დაბალხარისხიანს, მაგრამ იმ იმედით, რომ უკრაინის თავდაცვას მაინც გაარღვევს.

პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები დარწმუნებულნი არიან, რომ როგორც კი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში თავის მიზანს მიაღწევს, რუსეთის არმია ძალებს აღიდგენს და ამჯერად მათ შეუტევს - სავარაუდოდ, სამი წლის შემდეგ. მათი იმედი ძირითადად უკავშირდება ნატოს ხელშეკრულების (წესდების) მე-5 პუნქტს, რომლის თანახმად, ალიანსის წევრი ნებისმიერ ქვეყანაზე თავდასხმა მთლიანად ბლოკზე თავდასხმად განიხილება.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ მოსკოვი თავის ტანკებს ალიანსის წევრი ქვეყნისაკენ - ესტონეთისაკენ მიმართავს და მის ტერიტორიაზე შეიჭრება, კრემლის ასეთი მოქმედება  ნატოს მხრიდან მასირებულ პასუხს გამოიწვევს, რაც, პოტენციურად, პლანეტას მესამე მსოფლიო ომამდე მიიყვანს.

თუ დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი გახდება, რწმენა იმისა, რომ ნატო (ანუ აშშ - მისი ყველაზე ძლიერი წევრი) მართლაც გასცემს პასუხს რუსეთს, შესუსტდება (შესაბამისად, მესამე მსოფლიო ომის დაწყების ალბათობა მცირე იქნება). მაგრამ სწორედ ამაში გამოიხატება ექს-პრეზიდენტის განცხადების სახიფათო ხასიათი: თუ პოტენციურ აგრესორებს, თუნდაც ვლადიმერ პუტინს ევროპაში და სი ძინპინს - სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ეჭვი შეეპარებათ აშშ-ის სიმტკიცეში და მის უნარში - დაიცვას ნატოელი მოკავშირეები, დონალ ტრამპი თავისი მოქმედებით ძალიან რისკავს, რომ მასშტაბურ შეცდომას უშვებს.

მაგალითისათვის შორს წასვლა არ გვჭირდება: ორი წლის წინ რუსეთის დაზვერვამ ვლადიმერ პუტინს მოახსენა, რომ თუ მოსკოვის ჯარი უკრაინაში შეიჭრება, დასავლეთს შეეშინდება და ვერაფერს გააკეთებსო. კრემლი შეცდა შეფასებაში და კატასტროფული ომი დაიწყო.

წყარო: https://www.bbc.com/news/world-us-canada-68269354

культура
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати