USD 2.7207
EUR 2.9509
RUB 2.8314
თბილისი
«BBC» (დიდი ბრიტანეთი): „ჩემი სახლის ირგვლივ ყველაფერი გადამწვარია. მეზობლები დაიღუპნენ“
თარიღი:  104

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ბიბისი“ (BBC) აქვეყნებს რეპორტაჟს ფრონტისპირა ქალაქ პოკროვსკიდან სათაურით „ჩემი სახლის ირგვლივ ყველაფერი გადამწვარია. მეზობლები დაიღუპნენ“ (ავტორი - იოგიტა ლიმაიე, სანჯაი განგული, ანასტასია ლევჩენკო).

გთავაზობთ პუბლიკაციას:

„ბიბისის“ გადამღები ჯგუფი დონეცკიდან 60 კილომეტრზე მდებარე მეშახტეთა ქალაქ პოკროვსკთან ახლოს დისლოცირებული უკრაინის შეიარაღებული ძალების 25-ე განსაკუთრებული საჰაერო-სადესანტო ბრიგადას ეწვია. „ფრონტის ეს ხაზი ყველაზე სახიფათოა“, - ამბობს ალექსანდრე,  სამედიცინო პუნქტის უფროსი, - რუსეთი ძალიან გვაწვება. ჩვენ ვერ შევძელით ფრონტის ხაზის სტაბილიზება. ყოველთვის, როცა ფრონტის ხაზი გადაადგილდება, ჩვენც მას მივსდევთ“.

ექიმები ამბობენ, რომ ამას წინათ დღეში 50 დაჭრილ ჯარისკაცს იღებდნენ, რაც, პრაქტიკულად, სარეკორდო მაჩვენებელია მთელი ომის პერიოდში. დაჭრილები ღამით მოჰყავთ, რომ რუსების დრონებმა არ შენიშნონ და მათი დარტყმის ქვეშ არ მოჰყვნენ.

პოკროვსკი ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ შედარებით უსაფრთხოდ ითვლებოდა - აქ ცხოვრობდა 60 ათასამდე ადამიანი, მუშაობდნენ რესტორნები, კაფეები, ბაზრები. უკრაინელი სამხედროები ხშირად მოდიოდნენ ფრონტის ხაზიდან ამ ქალაქში „სულის მოსათქმელად“ და დასასვენებლად.

მაგრამ ამჟამად პოკროვსკი თანდათან ქალაქ-მოჩვენებას ემსგავსება.

თებერვალში რუსებმა ავდეევკა დაიპყრეს, რომლის შემდეგ ისინი სწრაფად წინ მიდიან  დონბასიდან დასავლეთის მიმართულებით. ოქტომბრის დასაწყისში რუსებმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი უგლედარი დაიკავეს, რომლისთვისაც ბრძოლები თითქმის ორ წელიწადს გრძელდებოდა. უგლედარს უკრაინელები „ციხე-სიმაგრეს“ უწოდებდნენ, მაგრამ საბოლოოდ მაინც რუსებმა ჩაიგდეს ხელში.

უკრაინის ხელისუფლება ეთანხმება იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც თვლიან, რომ ახლა ყველაზე ცხელ მიმართულებად პოკროვსკი ხდება. კიევში აცხადებენ, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში აქ დისლოცირებული სამხედრო ქვედანაყოფები რუსების 150 შემოტევას იგერიებდნენ.

ფრონტიდან 10 კილომეტრის დაშორებით, საველე ჰოსპიტალში ექიმი ტანია ჯარისკაც სერგეის სახიდან გასისხლიანებული ბინტს ხსნის და საოპერაციოში შეჰყავს. „მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა“, - ამბობს იგი. სერგეის ჭურვის ნამსხვრევი თვალში მოხვდა, დაამსხვრია თავის ქალას ნაწილი და ტვინი დააზიანა. 

მალე ახალი დაჭრილები მოჰყავთ - მათ არ იციან, როგორ მოხვდნენ რუსული დრონების დარტყმის ქვეშ, რომლებიც ძალიან ხშირად მოულოდნელად გამოჩნდებიან ხოლმე. „აქ სახიფათო ადგილია. გადავიღალეთ ფიზიკურადაც და მორალურადაც, მაგრამ სიტუაციას როგორღაც მაინც ვუმკლავდებით“, - ამბობს იური, სამედიცინო ასეულის მეთაური.

ჯარისკაცები ჯერ კიდევ დილით დაიჭრნენ, მაგრამ ისინი საღამოს, შებინდებისას მოიყვანეს, როცა შედარებით უსაფრთხო დრო დადგა. სამწუხაროდ, ასეთი დაგვიანებები სიკვდილის რისკს და ინვალიდობის შანსებს ზრდის.

ერთ-ერთმა ჯარისკაცმა, სახელად ტარასმა, დაჭრილ ფეხზე, სისხლდენის შესაჩერებლად, 10 საათის წინ  თასმა მოიჭირა, მაგრამ ახლა მისი ფეხი დასივდა და გათეთრდა, შეგრძნება დაკარგა.  ექიმი ამბობს, რომ ტარასს, დიდი ალბათობით, ფეხის ამპუტაცია მოუწევს.

იმას, რასაც ჩვენ საველე ჰოსპიტალში ვხედავთ, პოკროვსკის ბრძოლების სიმწვავეს მოწმობს. ქალაქი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძია და უკრაინის ჯარებისათვის დონბასის ფრონტზე სასიცოცხლოდ აუცილებელ ლოჯისტიკურ პუნქტად რჩება. უკრაინისათვის ცნობილია, თუ როგორი მაღალია ფსონები.

რუსული დრონები ომით გაწამებულ პოკროვსლელებს ემუქრებიან. შენობათა ფანჯრები ყრუდ არის დაკეტილი და შეფიცრული, რომ დრონებმა სახლის შიგნით არ შეიხედონ. მაგრამ როგორც კი ადამიანი ქუჩაში გამოვა, იმავწუთს დრონების სამიზნე ხდება. ერთ-ერთი დრონი პირდაპირ ჰოსპიტლის წინ იყო ჰაერში დაკიდებული. დრონებს აგდებენ, აფეთქებენ, მაგრამ მათ ადგილზე სხვა მოფრინავს, რაც დაჭრილთა ევაკუაციას ართულებს.

„დრონების ხმა ძილშიც გვესმის... გაიხედავ ფანჭრის ჭრილიდან და ჰაერში გაჩერებული თითქოს გელოდება“, - ამბობს 50 წლის ვიქტორია ვასილევსკაია. მას ევაკუაცია არ უნდოდა, მაგრამ დათანხმდა.

ვიქტორია ძალიან გაკვირვებულია იმით, რომ ფრონტის ხაზი მოულოდნელად ქალაქს ძალიან სწრაფად მოუახლოვდა: „ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. არავინ იცის, ხვალ აქ რა მოხდება. ნერვები მღალატობს, პანიკური შეტევები მაქვს. ევაკუაციაზე კი დავთანხმდი, მაგრამ ფული თითქმის აღარ მაქვს, ცხოვრების თავიდან დაწყება მომიწევს... მინდა, რომ ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, მალე დაიწყოს მოლაპარაკებები. ის მიწა, რომელიც რუსებმა დაიკავეს, არაფრად აღარ ვარგა, ყველაფერი განადგურებულია“, - ამბობს იგი.

იმ მოქალაქეების მორალური სული, რომლებსაც ჩვენ გავესაუბრეთ, დარღვეულია. მათ ასე ცხოვრება არარ შეუძლიათ - ქალაქის უდიდეს ნაწილს არც ელექტროენერგია და არც წყალი არ მიეწოდება. ერთ-ერთი სკოლის ახლოს მოქალაქეთა გრძელ რიგს ვხედავთ, რომლებსაც „კანისტრები“ უჭირავთ და ონკანიდან წყლით ავსებენ.

პოკროვსკის შენობათა მნიშვნელოვანი ნაწილი დაზიანებულია, მაგრამ ნგრევა შედარებით მცირეა. რუსები ჯერ-ჯერობით ისე დაუნდობლად არ ბომბავენ ქალაქს, როგორც ბახმუტს, ავდეევკას ან უგლედარს ბომბავდნენ.

ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე 69 წლის ლარისას ვხვდებით, რომელიც ერთ-ერთ შემორჩენილ კიოსკში კატროფილს ყიდულობს. „ეს საშინელებაა. მე უკვე დამამშვიდებელი წამლები მჭირდება, შიშისაგან ვერ ვიძინებ“, - ამბობს იგი.

ლარისა თვლის, რომ დადგა რუსეთთან მოლაპარაკების დრო. სიტყვა „მოლაპარაკება“ სულ ცოტა ხნის წინათ წარმოუდგენელი იყო უკრაინელებისათვის, მაგრამ აქ, ფრონტის ხაზთან ახლოს, ბევრი ფიქრობს, რომ ომი დასრულების საკითხი მოლაპარაკებით უნდა გადაწყდეს.

„ძალიან ბევრი ჩვენი მებრძოლი იღუპება. როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე? სიცოცხლე გვინდა. რაში ჭირდება პუტინს ჩვენი ტერიტორი, ნუთუ მას თავისი არ ჰყოფნის? რამდენი ხალხი დაიხოცა...“, - კვნესაშერეულად გველაპარაკება საევაკუაციო მიკროავტობუსში მჯდომი 80 წლის ნადეჟდა. მას გადაადგილება არ შეუძლია.

პოკროვსკელთა შორის არიან ისეთები, რომლებიც ქალაქის დატოვებას არ აპირებენ. ელექტრომონტიორ ვიტალის მოვალეობაა მცხოვრებთა ელექტროენერგიით უზრუნველყოფა, თუმცა როგორც იგი ამბობს, მისი სახლის ირგვლივ ყველაფერი გადამწვარია, მეზობლები დაიღუპნენ... „მაგრამ ალაქის დატოვება უბრძოლველად არ შეიძლება“. არიან ისეთებიც, რომლებსაც საპირისპირო პოზიცია აქვთ და თვლიან, რომ მებრძოლების სიცოცხლეს უნდა გაუფრთხილდნენ და ქალაქი უნდა დატოვონ.

დილით ფრონტის ხაზზე გავდივართ. ჭურვებით ორმოებგაჩენილ გზაზე ვცდილობთ მაღალი სიჩქარით ვიმოძრაოთ, რომ რუსული დროების სამიზნეში არ მოვხვდეთ. გზის ორივე ნაპირზე თვალში საცემია დამჭკნარი მზესუმზირების ველი.

რაც უფრო ვუახლოვდებით ფრონტის ხაზს, ქვემეხების გრიალი და აფეთქებების ხმა სულ უფრო მკაფიოდ ისმის.

უკრაინელი არტილერისტი ვადიმი ჭურვებს საბჭოთა ქვემეხით ისვრის, რომელიც ისეთ გამაყრუებელ ხმას გამოსცემს, რომ მიწიდან მტვერს აყენებს. ვადიმმა იცის, რომ რუსები აუცილებლად უპასუხებენ, ამიტომ იგი მიწისქვეშა ძელმიწურში იმალება.

„მათ [რუსებს] უფრო მეტი ცოცხალი ძალა და იარაღი აქვთ. მათი მეთაურები ჯარისკაცებს საზარბაზნე ხორცად იყენებენ“, - ამბობს არტილერისტი. მან კარგად იცის, რომ თუ პოკროვსკი დაეცემა, ამით კარი გაიღება დნეპროპეტროვსკის ოლქისაკენ, რომელიც 32 კილომეტრით არის დაჭორებული ფრონტისპირა ქალაქს.

„დიახ, ჩვენ დავიღალეთ, ბევრი ადამიანი იღუპება, მაგრამ ბრძოლა მაინც აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში კატასტროფა გველოდება“, - ამბობს ვადიმი.

წყარო: https://www.bbc.com/russian/articles/cd6q93p4w85o

 

რეგიონი
რუსთავის ჭალის ტყის აღდგენა-გაშენების მასშტაბური პროექტის განხორციელება იწყება

ქალაქ რუსთავის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტის, რუსთავის ჭალის ეკოსისტემის აღდგენა დავიწყეთ. პროექტი გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შედეგად აკუმულირებული თანხებიდან დაფინანსდება, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს არის პირველი პრეცედენტი მას შემდეგ, რაც ამოქმედდა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ ახალი კანონი, რომელმაც მოგვცა შესაძლებლობა და დანერგა ეს პრინციპი.

მისივე თქმით, ჭალის ტერიტორიის აღდგენა, ერთი მხრივ, დადებითად იმოქმედებს რუსთავის ჰაერის ხარისხზე, რაც ჩვენთვის პრიორიტეტულია და, ამავდროულად, რუსთაველებს და რუსთავის სტუმრებს ექნებათ ძალიან ლამაზი, მოწესრიგებული და მასშტაბური რეკრეაციული სივრცე.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსთავის ჭალის ტერიტორიაზე, 160 ჰა ფართობზე მოეწყობა ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურა - საფეხმავლო და ველობილიკები, მოსასვენებელი სივრცეები, საგუშაგო კოტეჯები, საპრეზენტაციო სივრცე, დამონტაჟდება ფრინველებსა და ცხოველებზე დაკვირვების პროცესისთვის საჭირო ფოტოხაფანგები, მტკვარზე მოეწყობა მყარი ნარჩენებისგან წყლის გამწმენდი ბარიერი; 24 ჰა ფართობზე კი, 60 ათასი ხის ნერგი დაირგვება. პარკი ვიზიტორებს ფიზიკური აქტივობებისთვის უსაფრთხო და ხელსაყრელ გარემოს შესთავაზებს, სადაც საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ხელმისაწვდომი იქნება გარემოს დაცვის საკითხებზე შემეცნებითი შეხვედრების მოწყობა.

პროექტის პრეზენტაციას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტის წევრები მაია ბითაძე და ირაკლი შატაკიშვილი ესწრებოდნენ.

რუსთავის მერმა სამოქალაქო აქტივისტებს, საქართველოს პარლამენტს და სამთავრობო გუნდს მადლობა გადაუხადა პროექტის მხარდაჭერისთვის და რუსთავის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვისთვის.

„ეს სივრცე ჩვენი ქალაქის ფილტვებია, რომელიც, სამწუხაროდ, 90-იან წლებში იყო განადგურებული. დღეს ჩვენს თაობას, ჩვენს გუნდს გვაქვს შესაძლებლობა, ყველამ ერთად მივიღოთ მონაწილეობა, აღვადგინოთ უნიკალური ჭალის ტყე, რომელიც გააჯანსაღებს და გააუმჯობესებს ქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობას. ეს არის უპრეცედენტო, ძალიან მასშტაბური პროექტი, რომელსაც რუსთაველები დიდი ხანია ველოდებით“, - აღნიშნა ნინო ლაცაბიძემ.

საქართველოს პარლამენტის წევრმა მაია ბითაძემ პროექტის მასშტაბურობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენის პროექტის განხორციელება ქალაქის რეკრეაციულ განვითარებას შეუწყობს ხელს, რომელიც მიმზიდველი იქნება როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე ტურისტებისთვის.

„გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და რუსთავის მერიის ერთობლივი ძალისხმევით აღდგება და განახლდება 160 ჰა რუსთავის ტყის ჭალების ტერიტორია. ეს არის უპრეცედენტო პროექტი, რომელიც გარემოს დაცვით ფონდში აკუმულირებული თანხებით განხორციელდება“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

„პროექტის განსახორციელებლად საჭირო თანხები გარემოსდაცვითი ფონდის ბიუჯეტიდან გამოიყო, რომელიც გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფულადი ანაზღაურების შედეგად გადახდილი თანხებით შეიქმნა. გარემოსდაცვითი ფონდები თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაში არსებობს, თუმცა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში საქართველო პირველია, რომელმაც მსგავსი ფონდი შექმნა. აღნიშნული ფონდის მიზანი გარემოს მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სხვადასხვა მუნიციპალიტეტში საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელებაა. აღსანიშნავია, რომ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენის პროექტი გარემოსდაცვითი ფონდიდან დაფინანსებული პირველი პროექტია.

ჭალის ტყე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საზღვრებში, მტკვრის ორივე სანაპიროზე, ძველსა და ახალ ხიდს შორის არსებულ სივრცეში მდებარეობს. ჭალის ტყის განვითარების სტრატეგიის დოკუმენტის თანახმად, ამჟამად ეს მონაკვეთი გამოუყენებელ სივრცეს წარმოადგენს,სადაც ეკოსისტემა დეგრადირებულია და დაბინძურებულია სხვადასხვა ტიპის ნარჩენით“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.