USD 2.7356
EUR 3.2376
RUB 3.2938
Tbilisi
«BBC» (დიდი ბრიტანეთი): „ბედი სარკოზისა: პარიზის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით, საფრანგეთის ექს-პრეზიდენტი საპყრობილეში ნახევარ წელს გაატარებს“
Date:  

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ბიბისი“ (BBC) აქვეყნებს სტატიას სათაურით  „ბედი სარკოზისა: პარიზის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით, საფრანგეთის ექს-პრეზიდენტი საპყრობილეში ნახევარ წელს გაატარებს“ (ავტორი - ლარა გოცი), რომელშიც გადმოცემულია 2012 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს ნიკოლა სარკოზის მიერ ჩადენილი დანაშაულის გარემოებები და ის რეაგირება, რომელიც ფრანგულმა მართლმსაჯულებამ მოახდინა დანაშაულის მიმართ.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

პარიზის სააპელაციო სასამართლომ ოთხშაბათს, 14 თებერვალს, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დამნაშავედ სცნო 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ჩადენილ დანაშაულში - წინასაარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსებაში და ამით ქვედა ინსტანციის სასამართლოდ გადაწყვეტილება დაადასტურა.

ნიკოლა სარკოზის 2021 წელს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს საპყრობილის რეჟიმით, როცა იგი პირველად იქნა აღიარებული დამნაშავედ, თუმცა სასჯელის აღსრულება აპელაციის განხილვის დროს შეჩერებული იყო.

პატიმრობა ბრასლეტით? არა, განაჩენი გასაჩივრებულია...

სააპელაციო სასამართლომ დადასტურებით კი დაადასტურა 2021 წლის განაჩენი, მაგრამ იმავდროულად გარკვეულწილად შეარბილა - ყოფილი პრეზიდენტი საპყრობილეში ნახევარ წელიწადს გაატარებს, ხოლო სასჯელის ვადის მეორე ნახევარი მას შეუძლია შინაპატიმრობაში მოიხადოს - ოღონდ ელექტრონული სამაჯურით (ბრასლეტით).

ნიკოლა სარკოზის თავისი ერთვადიანი პრეზიდენტობის დროს - 2007-2012 წლებში - უამრავი იურიდიული პრობლემები ჰქონდა: მას წაუყენეს ბრალდებები კორუფციაში, მექრთამეობაში, წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების წესების დარღვევაში,  სასამართლოს ზეწოლაში და ა.შ.

2021 წელს 69 წლის ნიკოლა სარკოზის ერთი წლით ციხეში პატიმრობა მიუსაჯეს იმ ბრალდებით, რომ 2012 წელს მისი პარტია PR-კომპანია Bygmalion-თან თანამშრომლობდა, რეალურად დახარჯული სახსრების დამალვისათვის, პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევის მიზნით. შესაბამისად, ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის ბრალდება „ბიგმალიონის საქმის“ სახელწოდებით გახდა ცნობილი.

ნიკოლა სარკოზი გახდა საფრანგეთის პირველი პრეზიდენტი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რომელსაც პატიმრობა მიესაჯა არა პირობითი, არამედ რეალური ვადით.

პარიზის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ექს-პრეზიდენტის ადვოკატებმა იმავე დღესვე - 14 თებერვალს - საფრანგეთის უმაღლეს სასამართლოში გაასაჩივრეს. საფრანგეთის კანონმდებლობის თანახმად, ეს ნიშნავს, რომ განაჩენის აღსრულება შეჩერდება და შესაბამისად, ნიკოლა სარკოზი საპყრობილეში არ იქნება გაგზავნილი. იგი თავისუფალი იქნება და ჩვეულებრივი მოქალაქის უფლებებით ისარგებლებს.

„ჩემი ბრალი არ არის...“

რასაკვირველია, საფრანგეთის ყოფილი მეთაური ყველანაირ სამართალდარღვევას უარყოფს. ექს-პრეზიდენტის თქმით, ყველაფერში დამნაშავეა პიარკომპანია „ბიგმალიონი“, რომელიც მის ზურგს უკან მოქმედებდა და უკანონო საქმიანობით გამდიდრდა. როგორც პროკურორები აცხადებენ, ნიკოლა სარკოზიმ თავის წინასაარჩევნო კამპანიაში 2012 წელს თითქმის 43 მილიონი ევრო დახარჯა, ანუ თითქმის ორჯერ გადააჭარბა კანონით ნებადართულ თანხას - 22,5 მილიონ ევროს.

საფრანგეთში წინასაარჩევნო კამპანიების ჩატარების პერიოდში მკაცრი შეზღუდვებია დაწესებული ხარჯების საკითხში.

სასამართლომ დამნაშავედ აღიარა კიდევ 13 ადამიანი - მათ შორის ნიკოლა სარკოზის პარტიის „რესპუბლიკელების“ (ყოფ. „სახალხო მოძრაობის კავშირის“) წევრები, ბუხჰალტრები და კომპანია „ბიგმალიონის“ ხელმძღვანელები, რომლებსაც ბრალი ჰქონდათ წაყენებული სხვადასხვა კანონდარღვევაში - დაწყებული დოკუმენტების გაყალბებიდან და თაღლითობიდან, დამტავრებული წინასაარცევნო კამპანიის უკანონო დაფინანსებაში მონაწილეობით.

სააპელაციო პროცესი გასული წლის ნოემბერში დაიწყო, მანამდე კი ნიკოლა სარკოზიმ წააგო აპელაცია იმ განაჩენზე, რომელიც მას 2021 წლის მარტში გამოუტანეს, კორუფციის  და მოსამართლის მოსყიდვის მცდელობის ბრალდებით.

მუამარ კადაფის აჩრდილი...

2025 წელს ნიკოლა სარკოზის ახალი სასამართლო პროცესი ელოდება - იგი ფრანგული თემიდის წინაშე იმ ბრალდებით წარსდგება, რომლის თანახმად, ექს-პრეზიდენტმა, სანამ იგი საფრანგეთის მეთაური გახდებოდა, 2007 წლის საპრეზიდენტო წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების მიზნით, ფული აიღო ლიბიის დიქტატორისაგან - აწ გარდაცვლილ (დაღუპულ) მუამარ კადაფისგან. საბოლოო ჯამში ითვლება, რომ ნიკოლა სარკოზი ელისეის სასახლეში მუამარ კადაფის დახმარებით მივიდა.

საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტზე ყოფნისას ნიკოლა სარკოზი მკაცრ ანტიმიგრაციულ პოლიტიკას ატარებდა და ცდილობდა ქვეყნის ეკონომიკის რეფორმირებასაც, რომელიც საკმაოდ დაზარალდა მსოფლიო ფინანსური კრიზისისაგან.

... და ემანუელ მაკრონთან მეგობრობა

სხვათა შორის, ნიკოლა სარკოზის ახლო ურთიერთობები აკავშირებს საფრანგეთის ამჟამინდელ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისთან. ფრანგული მასმედიის მტკიცებით, ისინი ხშირად ხვდებიან ერთმანეთს - ერთად ვახშმობენ და პოლიტიკურ მოვლენებს იხილავენ.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყაროები:

https://www.bbc.com/news/world-europe-68293760 https://www.bbc.com/russian/articles/cv295d976d0o

tbilisi
გლდანის რაიონში სანდრო ახმეტელის (ყოფილი აკაკი ვასაძის) რეაბილიტირებული ქუჩა გაიხსნა
გლდანის რაიონში სანდრო ახმეტელის (ყოფილი აკაკი ვასაძის) რეაბილიტირებული ქუჩა გაიხსნა. პროექტზე ადგილობრივმა გამგეობამ მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად იმუშავა.
რეაბილიტირებული ქუჩა თბილისის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილეებთან, ანდრია ბასილაიასთან და ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა.
„გლდანის რაიონში კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა. სანდრო ახმეტელის ქუჩაზე, საკმაოდ მძიმე მდგომარეობა იყო. პირველ რიგში, განახლდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომელიც ამორტიზებული იყო და სერიოზულ პრობლემას უქმნიდა ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ კორპუსებს. მოეწყო სადრენაჟე სისტემა, სანიაღვრე ქსელი, შეიცვალა წყლის, წყალარინებისა და გაზმომარაგების ქსელები. ყველაფერი, რაც კი აუცილებელი იყო, გამოცვლილია. გარდა ამისა, ელექტროგადამცემი ხაზები მიწისქვეშა კაბელარხებში განთავსდა. პარალელურად, მიმდინარეობს სამი სკვერის სარეაბილიტიაციო სამუშაოები. აქაც ყველაფერი სრულად მოწესრიგდება. ძალიან მიხარია, რომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სამუშაოების ფარგლებში, სრულად შეიცვალა სანიაღვრე ქსელი და 15 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო. გზის საფარის მოწესრიგებამდე, ტერიტორიაზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მიწისქვეშა კომუნიკაციები შეცვალა, შესაბამისმა კომპანიებმა კი არსებული ქსელები რეაბილიტაციის შემდეგ, მიწისქვეშა კაბელარხებში განათავსეს.
გარდა ამისა, ახმეტელის ქუჩაზე შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ მოაწყო გარე განათების ქსელი და დამონტაჟდა ენერგოეფექტური LED სანათები. განთავსდა 30 ერთეული დიდი ზომის ნაგავშემკრები კონტეინერი.
ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ გზის სავალი ნაწილიდან გამოყო საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ზოლი, დაიხაზა საგზაო მონიშვნები და ზებრა გადასასვლელები, დამონტაჟდა შუქნიშნები და მოეწყო საპარკინგე ადგილები. მოეწყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელები.
ახმეტელის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში, გამწვანების მასშტაბურ სამუშაოებს გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ახორციელებს. კერძოდ, გზის მიმდებარედ არსებულ თარგებში, რომელთა საერთო ფართობი 3 700 კვადრატული მეტრია, მოეწყო სარწყავი სისტემები, შეტანილია ნოყიერი მიწის ნაზავი და მიმდინარეობს სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეების დარგვა. ამ ეტაპზე, დარგულია 419 ძირი მწვანე ნერგი. გარდა ამისა, ტერიტორიაზე დაიგება ბალახის საფარი.
პარალელურად, ხორციელდება გზის მიმდებარედ არსებული სამი სკვერის რეაბილიტაცია. ჯამში, 5 404 კვადრატულ მეტრ ფართობზე უკვე მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.
რეაბილიტაციის პროექტის საერთო ღირებულებამ 5 327 846 ლარი შეადგინა.
დედაქალაქის მერთან ერთად სანდრო ახმეტელის ქუჩაზე გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე, მერიის შესაბამისი სამსახურების უფროსები და საკრებულოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way