USD 2.5971
EUR 2.9090
RUB 3.2237
Tbilisi
«BBC» (დიდი ბრიტანეთი): „არჩევნები, რომელიც საქართველოს ევროპულ მომავალს გადაწყვეტს“
Date:  877

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბი-ბი-სი“-ს (BBC) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „არჩევნები, რომელიც საქართველოს ევროპულ მომავალს გადაწყვეტს“ (ავტორი - პოლ კირბი), რომელშიც განხილულია საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის ბოლო ეტაპის მოვლენები - როგორც მმართველი და ოპოზიციური პარტიების მიტინგები, ასევე ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია და მოსალოდნელი პერსპექტივა.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ქართველებს რუსეთთან ომების დიდი გამოცდილება აქვთ. რამდენიმე წლის წინ, სანამ რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა, 2008 წლის აგვისტოში, კრემლის არმიამ საქართველოს წინააღმდეგ ომი დაიწყო, რომელიც ხუთ დღეს გაგრძელდა. რუსეთის ჯარებმა დაბომბეს ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქი გორი და შემდეგ მისი ოკუპირება მოახდინეს. გორის ჩრდილოეთით, სოფელ შინდისის რკინიგზის სადგურთან, ქართული არმიის ქვედანაყოფებმა გააფთრებული წინააღმდეგობა გაუწიეს რუსულ სამხედრო ნაწილებს. სადგურის შენობა დაინგრა, ხოლო თვითონ რკინიგზაზე მას შემდეგ მოძრაობა შეწყვეტილია.

ამრიგად, როცა ოთხი ქართული ოპოზიციურ-პარტიული დაჯგუფება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ევროპასა და რუსეთს შორის გადამწყვეტ არჩევანად თვლიან, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ მიზანს პარტია „ქართული ოცნების“ 12-წლიანი მმართველობის დასრულება წარმოადგენს - პარტიისა, რომელსაც საქართველოს რუსეთის ორბიტაზე დაბრუნებაში ადანაშაულებენ. ოპოზიციას სურს ახალი ენერგია შთაბეროს საქართველოს განაცხადს ევროკავშირში შესვლის სურვილის შესახებ, რომელიც ამჟამად ჩიხშია შესული.

„აი, ამ ქუჩებში 2008 წელს რუსი ჯარისკაცები დადიოდნენ“, - ამბობს მინდია გოდერძიშვილი, რომელიც გორში ოპოზიციური ჯგუფის „კოალიცია ცვლილებებისათვის“ წინასაარჩევნო კამპანიას ხელმძღვანელობს, - „აქაურებს რუსებთან ომის საშინელება კარგად ახსოვთ, მთავრობა კი ომისადმი ნეგატიურ დამოკიდებულებას საკუთარი ინტერესებისათვის იყენებს და გორელების ემოციაზე თამაშობს. იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლების შენარჩუნება სურს“.

თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ და მისი გავლენიანი დამაარსებელი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი კატეგორიულად უარყოფენ ოპოზიციის მტკიცებებს, ვითომცა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ევროპასა და რუსეთს შორის არჩევანს წარმოადგენს. „ოცნების“ წევრების თქმით, მათი პარტია მშვიდობის პარტიაა, ოპოზიციას კი, რომელსაც მხარს გამოუცნობი „გლობალური ომის პარტია“ უჭერს, საქართველოს ჩათრევა სურს რუსეთ-უკრაინის ომში.

შინდისის დაბომბილი რკინიგზის სადგურთან ახლოს 17 ქართველი გმირი ჯარისკაცია დაკრძალული, რომლებმაც გორის დაცვას სიცოცხლე შესწირეს. აქ არსებული სადემარკაციო ხაზი მიღმა სამხრეთ ოსეთი მდებარეობს, საქართველოს ერთ-ერთი სეპარატისტული რეგიონი, რომელიც ჯერ კიდევ რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იმყოფება.

„მე არ ვფიქრობ, რომ დღეს ვინმეს საქართველოს უსაფრთხოების დაცვისათვის გარანტიის მოცემა შეუძლია“, - ამბობს BBC-თან ინტერვიუში მაკა ბოჭორიშვილი, საქართველოს პარლამენტის ევროკავშირთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, „ქართული ოცნების“ ახალ შტაბ-ბინაში, თბილისში, - „სამწუხაროდ, ჩვენ ნატოს წევრი არ ვართ, შესაბამისად, ალიანსის ქოლგა საფრთხისაგან არ გვიფარავს. კარგად ვიცით, თუ რა შედეგს მოგვიტანს რუსეთთან ომი. გვაქვს ამის გამოცდილება 2008 წელს“.

მაკა ბოჭორიშვილის პარტია „ქართული ოცნება“ ისევ აცხადებს, რომ გააგრზელებს ევროკავშირთან ინტეგრაციის კურსს, რომელიც 2030 წლისათვის საქართველოს ევროკავშირში მიღებას უზრუნველყოფს, მაგრამ ეს ვალდებულება დღეს ყალბ დაპირებას ჰგავს, რადგანაც ბრიუსელმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერა. ამის მიზეზი ისაა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რამდენიმე ანტიდემოკრატიული კანონი მიიღო, მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ, რომლის მეშვეობით არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის უფლებების შეზღუდვა ხდება.

და თუ ამას კიდევ ერთ ამას წინათ მიღებულ კანონს დავამატებთ, რომელიც მიმართულია „ლგბტ-საზოგადოების“ წევრთა წინააღმდეგ, მაშინ გასაკვირი არ უნდა იყო, თუ რატომ აკრიტიკებს ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი საქართველოს მთავრობას: „დაახლოების ნაცვლად საქართველო ევროკავშირს უფრო შორდება“.

პროდასავლელი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილმა ღიად მოუწოდა ამომრჩევლებს მხარი დაუჭირონ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს მის გეგმას ქვეყნის ტექნოკრატიული მთავრობის შესახებ, რომელიც, ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, ერთი წლის ვადით შეიქმნება.

ამ არცევნებში ყურადღება უმეტესად ბიძინა ივანიშვილისკენაა მიპყრობილი, ქვეყნის ყველაზე მდიდარ ადამიანზე, რომელმაც ქონება 1990-იან წლებში რუსეთში საქმიანობით დააგროვა და რომელიც მმართველი პარტიის ხელმძღვანელ ძალად ითვლება და მის უკან დგას. 

ბიძინა ივანიშვილი აქტიურად მონაწილეობს „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიაში და აცხადებს, რომ გამარჯვების შემდეგ ოპოზიციურ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას აკრძალავს - იმის გამო, რომ პარტია დანაშაულებრივ საქმიანობას ეწეოდა 2004-2012 წლებში. „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ლიდერი, ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამჯამად სასჯელს იხდის, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ სხვა ოპოზიციონერების დევნაც სურს - აკრძალვა შეიძლება მხოლოდ ერთი პარტიას არ შეეხოს და სხვებზეც გავრცელდეს.

თავისი მიზნების განსახორციელებლად „ოცნებას“ სურს, რომ ხმების აბსოლუტური უმრავლესობა მიიღოს, თუმცა ეს ნაკლებად სავარაუდოდ მოჩანს - საქართველოში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვები მაინცდამაინც საიმედო არ არის. ასევე კითხვები არსებობს ფარული კენჭისყრის ნამდვილობასთან მიმართებით, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ ხმის მიცმის ელექტრონული სისტემა შემოიღო.

ბიძინა ივანიშვილი გორს წინასაარცევნო კამპანიის დროს ეწვია და ქალაქში გამართულ მიტინგზე განაცხადა, რომ მისი მთავრობა ბოდიშს მოუხდის სამხრეთ ოსეთს 2008 წლის ომის გამო. მან ომის გაჩაღებაში (ანუ ე.წ. სამხრეთ ოსეთზე თავდასხმაში) იმდროინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაადანაშაულა და არა რუსეთი, რომლის ავიაციამ 2008 წლის აგვისტოში გორი დაბომბა.

მილიარდერმა უფრო მეტი ძალისხმევა გამოიჩინა თბილისში, 23 ოქტომბერს გამართულ დასკვნით, სემაჯამაებელ მიტინგზე. დამცავი მინის მიღმა მყოფმა ბიძინა ივანიშვილმა თავის მომხრეებს განუცხადა, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ სახელმწიფო ღალატი ჩაიდინა. ამ ნათქვამის ლოგიკა, როგორც ჩანს, იმაში გამოიხატება, რომ ქართველი ამომრჩევლები მხარს არ დაუჭერენ არც ქვეყნის მოღალატე პარტიას და არც მის მსგავსებს.

შინდისელი ამომრჩევლისათვის - 30 წლის ალექსანდრესათვის იდეა, რომ ომი მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო, აბსურდულია. ბევრმა მისმა მეგობარრმა გორი მიატოვა, რადგან ქალაქში მუშაობის შესაძლებლობები არ არსებობს. ალექსანდრე თვლის, რომ უმჯობესი იქნებოდა მთავრობამ ყურადღება დაუთმოს რკინიგზის ხაზის აღდგენას და ქართველების დაცვას „მცოცავი ოკუპაციისაგან“, რომლის მიზანს რუსების მიერ დამატებითი ქართული მიწების დაკავება წარმოადგენს.

კრემლი არ მალავს, რომ არჩევნებში უპირატესობას „ქართული ოცნების“ გამარჯვებას ანიჭებს. რამდენიმე თვის წინ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა აშშ საქართველოში უკრაინული სტილის რევოლუციის მომზადებაში დაადანაშაულა, „ქართული ოცნების“ მეოთხე ვადით არჩევაში ხელის შეშლის მიზნით. რუსულ დაზვერვას რაიმე მტკიცებულებები არ გამოუქვეყნებია. რა თქმა უნდა, ამერიკამ ბრალდებები უარყო.

ახლა რუსეთი თავისებურად სარგებლობს „ქართული ოცნების“ დამაარსებლის ბიძინა ივანიშვილის მიერ გაჟღერებულ ამბავს, რომლის თანახმად, ერთ-ერთ ამერიკელ ოფიციალურ პირს თითქოსდა ყოფილი პრემიერ-მინისტრისათვის ირაკლი ღარიბაშვილისათვის უთხოვია, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ომში „სამი-ოთხი დღით მაინც ჩართულიყო“.

„ვერავითარ მიზეზს ვერ ვხედავ, რომ ამ ინფორმაციას არ დავუჯერო“, - განაცხადა თავის მხრივ სერგეი ლავროვმა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გორი მცხოვრებთა მახსოვრობა მხოლოდ იმას არ ასახავს, რაც ქალაქში 2008 წელს ჩრდილოელი მეზობლის მონაწილეობით მოხდა. გორში დაიბადა ყველასათვის ცნობილი საბჭოთა ლიდერი იოსებ სტალინი და ამიტომ ქალაქში ბევრი უცხოელი ტურისტი ჩადის, რათა მისი ბავშვობისდროინდელი სახლი და მუზეუმი დაათვალიერონ. იქვე დგას იოსებ სტალინის პირადი სარკინიგზო ვაგონიც. ამასთან, მეგზურები, როცა ლაპარაკობენ საბჭოთა ლიდერის დამსახურებაზე, არაფერს არ ამბობენ იმაზე, თუ როგორ გზავნიდა სტალინი ათასობით უდანაშაულო მოქალაქეს „გულაგის“ ბანაკებში სასიკვდილოდ.

ოპოზიციური პარტიების წინასაარჩევნო კამპანიების მონაწილეეები აცხადებენ, ზოგიერთ გორელ ამომრჩეველს საბჭოთა პერიოდზე ჯერ კიდევ აქვს ნოსტალგია, თუმცა ადგილობრივ მცხოვრებთა უმეტესობა წინ იყურება.

გორში და საერთოდ, მთელი საქართველოს მასშტაბით, ფართო კონსენსუსი იმაში გამოიხატება, რომ ამომრჩეველთა აბსოლუტური უმრავლესობა თვლის - ქვეყნის მომავალი ევროკავშირშია და არა მის მიღმა. ამასთან, გაურკვეველია, თუ ვინ მისცემს საქართველოს ამის შანსს.

წყარო: https://www.bbc.com/news/articles/c0lp8wen9zgo

 

World
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way