USD 2.6074
EUR 2.9941
RUB 3.1022
თბილისი
«BBC» (დიდი ბრიტანეთი): „ამბობენ, რომ საქართველოს ყველაზე მდიდარ ადამიანს, აშშ-ის სანქციების თავიდან ასაცილებლად, ქონება ოფშორული ზონებიდან საქართველოში გადააქვს“
თარიღი:  935

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ (BBC) ვებ-საიტზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ამბობენ, რომ საქართველოს ყველაზე მდიდარ ადამიანს, აშშ-ის სანქციების თავიდან ასაცილებლად, ქონება ოფშორული ზონებიდან საქართველოში გადააქვს“ (ავტორი - რაიჰან დემიტრი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

გასული წლის გაზაფხულზე, როცა ათიათასობით ქართველი ქუჩაში ქვეყნის მთავრობის მიერ პრორუსული პოლიტიკის გატარებას აპროტესტდებდა, საქართველოს პარლამენტმა სასწრაფოდ მიიღო შესწორებები ქვეყნის საგადასახადო კოდექსში.

იმ დროს ანტიკორუფციული ორგანიზაცია Transparency International (TI) Georgia წერდა, რომ კოდექსში შეტანილი ცვლილებები, სავარაუდოდ, ქვეყნის ყველაზე მდიდარი ადამიანის ინტერესებს ემსახურებაო - მმართველი პარტიის დამფუძნებელისა და საპატიო თავმჯდომარის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს. „ახლა გასაგებია, რომ სწორედ ასეა - ჩვენი იმდროინდელი ვარაუდი დადასტურდა“, - ამბობს TI Georgia-ს ანალიტიკოსი ბესო ნამჩავაძე.

ბიძინა ივანიშვილმა თავისი ქონება (4,9 მილიარდი დოლარი) 1990-იან წლებში რუსეთში დააგროვა და როგორც ითვლება, მისი სიმდიდრის დიდი ნაწილი ოფშორულ კომპანიებშია თავმოყრილი.

საქართველო პოლიტიკურ კრიზისშია ჩაძირული გასული წლის მაისიდან, როცა ქვეყნის პარლამენტმა სადაო კანონი მიიღო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელსაც ხშირად „უცხოური აგენტების“ კანონსაც უწოდებენ. ამ სამართლებრივი აქტის თანახმად, ის არასამთავრობო ორგანიზაციები და მასმედიის საშუალებები, რომლებიც თავიანთი ბიუჯეტის (დაფინანსების) 20%-ს უცხოეთიდან იღებენ, რეგისტრირებულნი უნდა იყვნენ შესაბამის სახელმწიფო უწყებაში, შემოწმდეს მათი შემოსავლები და თუ რეგისტრაციაზე უარს იტყვიან, დიდი თანხით დაჯარიმდებიან. ბევრმა ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯი იმის მცდელობად ჩათვალა, რომ მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ პრორუსული მთავრობა თავს არიდებს აშშ-სა და დასავლეთის სხვა ქვეყნების გავლენას საქართველოზე.

პროტესტები გაგრძელდა საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც. რომელიც ოპოზიციამ გაყალბებულად ჩათვალა. გარდა ამისა, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი აღაშფოთა მთავრობის მიერ მიღებულმა კიდევ ერთმა გადაწყვეტილებამ, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დროებით შეჩერებას ითვალისწინებდა. საპროტესტო აქციების ბევრი მონაწილე პოლიციამ დააპატიმრა და მათზე ფიზიკური ძალადობა გამოიყენა.

მთავრობის რეპრესიების საპასუხოდ გასული წლის ბოლოს აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ხელისუფლებამ (აწ უკვე ექს-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ) ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციების დააწესა. არსებობს აგრეთვე იმის რისკიც, რომ ბიძინა ივანიშვილს სანქციები გამოუცხადოს დიდი ბრიტანეთის მთავრობამაც - გასულ თვეში ლიბერალ-დემოკრატმა ჯეიმს მაკლირმა პარლამენტში შესაბამისი წინადადება შეიტანა - „საქართველოს მთავრობა ეწინააღმდეგება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ გადაჭარბებულ ძალას იყენებს, ამიტომ სანქციები უნდა დაუწესდესო“. 

TI Georgia-ს შეფასებით, თუ დიდი ბრიტანეთი მართლაც გამოაცხადებს სანქციებს, მაშინ საფრთხე შეექმნება ბიძინა ივანიშვილის მთელ ბიზნეს-იმპერიას, რადგან მისი ჰოლდინგური კომპანიები სწორედ ბრიტანულ ოკეანისიქითა ტერიტორიებზეა დარეგისტრირებულები - ვირჯინიისა და კაიმანის კუნძულებზე. ბესო ნამჩავაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახის წევრები ცდილობენ თავიდან აიცილონ სანქციების საფრთხე და თავიანთი ოფშორული კომპანიების ქონების გადაფორმება საქართველოში ახლად შექმნილ კომპანიებზე დაიწყეს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, იანვრის თვეში უცხოეთიდან ქვეყანაში ხელოვნების რამდენიმე ძვირადღირებული ნივთი შემოიტანეს - ნახატები თითქმის 500 მილიონი დოლარის ფასით. ბევრი თვლის, რომ აღნიშნული ნახატები ბიძინა ივანიშვილის კოლექციიდანაა: „ყველასათვის ცნობილია, რომ მილიარდერი თავისი სიმდიდრიდან და აქტივებიდან ყველაზე მეტად ხელოვნების ნიმუშებს აფასებს“, - ამბობს თინა ხიდაშელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი და არასამთავრობო ორგანიზაციის Civic Idea-ს ამჟამინდელი ხელმძღვანელი, - „მას თავისი ნახატები უცხოეთიდან საქართველოში შემოაქვს და გადასახადის გადახდას არ აპირებს“.

პარლამენტის ფინანსებისა და ბიუჯეტის კომისიის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე მხარს უჭერს ოფშორული ზონებიდან აქტივების თავისუფალ შემოტანას საქართველოში, ყოველგვარი გადასახადების გარეშე: „ჩვენი გადაწყვეტილება სწორედაც რომ სასიკეთოა: ის ემსახურება ოფშორული ზონებიდან კომპანიების გამოყვანას და ქვეყანაში ინვესტიციების შემოტანას“.

მმართველი პარტია უზრუნველყოფს მილიარდერის ინტერესების დაცვას, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ფინანსური დავა აქვს შვეიცარიის ბანკთან Credit Suisse-თან. ამას წინათ კი მისმა ადვოკატმა საჩივარი შეიტანა კიდევ ერთი შვეიცარიული ბანკის Julius Baer-ის წინააღმდეგ, რომელიც არასწორად ინტერპრეტირებს ამერიკულ სანქციებს და „პოლიტიკურ შანტაჟს“ მიმართავს.

ზოგიერთების ვარაუდით, მილიარდერის უნდობლობა დასავლეთისადმი გამოწვეულია პირადული რწმენით, რომ თითქოსდა მის წინააღმდეგ გლობალური შეთქმულება არსებობს, საერთაშორისო „ღრმა სახელმწიფოს“ („სახელმწიფო სახელმწიფოში“) და „გლობალური ომის პარტიის“ მიერ. „როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი საკუთარი ფინანსური პრობლემების მძევლად იქცა“, - ამბობს თინა ხიდაშელი.

ექსპერტების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილს მმართველი პარტიის მხოლოდ საპატიო თავმჯდომარის სტატუსი აქვს, არის იმის მტკიცე რწმენა, რომ იგი საქართველოში უპირველეს ფიგურად ითვლება. შესაბამისად, მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მთელი მთავრობის საწინააღმდეგოდ მიმართულ სანქციებად ითვლება.

ნიკა გილაური საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო 2009-2012 წლებში, ამჟამად იგი კერძო კომპანია Reformatics-ის ხელმძღვანელია, რომელიც კონსულტაციებით არის დაკავებული მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების საკითხში. როგორც ნიკა გილაური ამბობს, საქართველოში არსებული პოლიტიკური არასტაბილურობა ნეგატიურ გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე: „ჩვენ ვხედავთ, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მცირდება: 2024 წლის 9 თვის მონაცემებით, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ინვესტიციების დონე 40%-ით დაეცა. ასე რომ, სამომავლოდ მდგომარეობა გაუარესდება“.

მაგრამ მთავრობა სულ სხვა სურათს ხატავს: გასულ თვეში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 6 მილიარდი დოლარის საინვესტიციო ხელშეკრულება გააფორმა არაბულ კომპანია Emaar-თან არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან, რაც ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბოლო ათწლეულის უდიდეს გარიგებად შეაფასა და რომელიც ეკონომიკის 1,5%-იან ზრდას უზრუნველყოფს. თვითონ ირაკლი კობახიძის ვარაუდით, საქართველოს ეკონომიკისათვის ყოველწლიური 10%-იანი ზრდა სრულიად რეალურია.

მაგრამ ამას წინათ ქართული კვლევითი კომპანიის Policy and Management Consulting Group (PMCG) მიერ გამოქვეყნებული მოხსენება აჩვენებს, რომ ქვეყნის ეკონომიკის პერსპექტივა უახლოეს 6 თვეში „უკიდურესად ნეგატიურია“. მასში ხაზგასმულია, რომ პოლიტიკური რყევების გაგრძელება ეკონომიკაზე ნეგატიურად იქნება ასახული.

ნიკა გილაურიც ამბობს, რომ მიმდინარე 2025 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა არ გაიზრდება და ნულოვან ნიშნულზე გაჩერდება:

„სამომავლოდ დიდი საბიუჯეტო პრობლემები გვექნება, გართულდება ვალუტის გაცვლა, მოიმატებს ინფლაცია და უმუშევრობის დონე, საფრთხის წინაშე დადგება საქართველოს მოქალაქეთა კეთილდღეობა... და ეს რომ არ მოხდეს, აუცილებელია ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, რომელიც ერთადერთი სწორი გზაა როგორც ქვეყნისათვის, ასევე პირადად ბიძინა ივანიშვილისათვის“, - ამბობს ნიკა გილაური, საქართველოს ექს-პრემიერ-მინისტრი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს.

 

მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის