USD 2.7086
EUR 3.1783
RUB 3.4210
თბილისი
«BBC» (დიდი ბრიტანეთი): „ახალი ჩინური სასწაული“ გადაიდო: რატომ არ იზრდება ეკონომიკა სი ძინპინის მმართველობის დროს და რით ემუქრება ეს რუსეთს და მსოფლიოს“
თარიღი:  

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის BBC-ის რუსულმა სამსახურმა (BBC russian) თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით „ახალი ჩინური სასწაული“ გადაიდო: რატომ არ იზრდება ეკონომიკა სი ძინპინის მმართველობის დროს და რით ემუქრება ეს რუსეთს და მსოფლიოს“. მასში გაანალიზებულია თანამედროვე ჩინეთის ეკონომიკური მდგომარეობა, რაც, წინასწარი მონაცემებით, ერთობ არასახარბიელოდ გამოიყურება.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ნახევარი წლის წინათ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარემ სი ძინპინმა სამწლიანი ლოქდაუნი გააუქმა, ქანჩების მოჭერის ათწლიანი ტაქტიკა შეარბილა და კურსი შეცვალა. მას იმედი ჰქონდა, რომ მოსახლეობის უკმაყოფილებას ჩააქრობდა და ქვეყნის ეკონომიკას გამოაცოცხლებდა, მიზანს მიუახლოვდებოდა: მსოფლიო ეკონომიკის ლიდერს - ამერიკის შეერთებულ შტატებს ჩაანაცვლებდა.

პირველ ხანებში ჩინეთის ეკონომიკის ძრავა თითქოს ახალი ძალით ამუშავდა, მაგრამ ნახევარი წლის შემდეგ ისევ რაღაც მოუვიდა. ჩინელები ფულს არ ხარჯავენ, ბიზნესი არ ვითარდება, დასავლეთთან კონფლიქტი კი უცხოელ ინვესტორებს და სავაჭრო პარტნიორებს აფრთხობს. ეკონომიკური ზრდის ძველი რეცეპტები აღარ მუშაობს, ახლების გამოყენება კი შეზღუდულია. ეს ძალიან ცუდი ამბავია როგორც ავტორიტარ სი ძინპინისათვის, ასევე ჩინეთის მოსახლეობისათვის, რომელიც მიეჩვია ცხოვრების ყოველწლიურ გაუმჯობესებას... და საერთოდ, მთელი მსოფლიოს ეკონომიკისათვის - ჩინეთი ხომ ამ მხრივ მეორეა მოცულობით, აშშ-ის შემდეგ.

და განსაკუთრებით არასასიამოვნოა ჩინეთის ეკონომიკური პრობლემები რუსეთისთვის, რომელიც უკრაინასთან ომშია ჩაბმული. გამოკვეთილია ოთხი მიზეზი, რომელიც კრემლის შეშფოთებას იწვევს:

პირველი - ჩინეთი ენერგორესურსების უდიდესი შემსყიდველია მსოფლიოში და აქედან გამომდინარე, მისი ეკონომიკური პრობლემების გამო ნავთობზე მოთხოვნა შემცირდება. ნავთობი კი რუსეთის მთავარ საექსპორტო საქონელს წარმოადგენს. კრემლი იძულებული გახდება ნავთობის ამოღება შეამციროს, რაც ნეგატიურ გავლენას მოახდენს შემოსავლებზე - დასავლური სანქციების პირობებში.

მეორე - უკრაინაზე თავდასხმით რუსეთმა დაკარგა დასავლური ბაზრები, ინევსტიციები და ტექნოლოგიები. კრემლი იმედოვნებდა, რომ დასავლეთს ჩინეთით ჩაანაცვლებდა. პირველ ხანებში მართლაც ასე იყო, მაგრამ ახლა სიტუაცია გართულდება. ასე რომ, ჩინეთის პრობლემები რუსეთის პრობლემებიც არის.

მესამე - ჩინეთის ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მუხრუჭია სავაჭრო და ტექნოლოგიური ომი აშშ-სთან. სი ძინპინის ახალი კურსი სწორედ მუხრუჭის შესამცირებლად არის მიმართული, მაგრამ ამერიკისათვის ჩინეთის დაახლოება რუსეთთან მიუღებელია. ამიტომ პეკინი იძულებული გახდება რუსეთთან დისტანცირების მანძილი გაადიდოს.

მეოთხე - რუსეთ-უკრაინის ომმა ევროპაში კრიზისი გამოიწვია, ევროპელები სულ უფრო ნაკლებად ხარჯავენ ფულს ჩინური პროდუქციის შესყიდვაზე. სახეზეა ჯაჭვური პროცესი: ომი ევროპელთა ცხოვრების გაუარესებას იწვევს, ისინი ჩინური პროდუქციას არ ყიდულობენ, ჩინეთი ყოველდღიურად ზარალდება. ამიტომაც პეკინი ომის შეწყვეტით არის დაინტერესებული.

მოკლედ, ჩინური კორონავირუსული ლოქდაუნი უპრეცედენტო იყო, მაგრამ მისი გაუქმების შემდეგ ეკონომიკაში სასწაული არ მომხდარა, ჩინური მოტორი ძველებურად მძლავრად არ ამუშავებულა. შიდა ტურიზმი თითქმის ჩაკვდა, შემცირებულია ბინების და ავტომობილების ყიდვა, რაც მოსახლეობის შემოსავლების კლების მანიშნებელია. ეროვნული ვალუტის - იუანის კურსი ეცემა და 15 წლის წინანდელ კურსს უახლოვდება. „აშკარაა, რომ ჩინეთის კომპარტიის გეგმები გადაჭარბებული აღმოჩნდა, ეკონომიკის გამოცოცლების იმედები არ გამართლდა“, - ამბობს იანჯუნ ხუანი, ექსპერტი აშშ-ის საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოდან.

რა უშლის ხელს „ჩინური სასწაულის“ გაგრძელებას

პრობლემების სია გრძელია, მაგრამ მათგან შეიძლება მთავარი გამოვყოთ:

პირველ რიგში უნდა დასახელდეს უნდობლობის ფაქტორი. ჩინელებს არ სჯერათ, რომ პარტია ცხოვრებას გააუმჯობესებს. სწორედ კომპარტიამ დააზარალა სახელმწიფო - ჩინეთში ლოქდაუნი სხვა ქვეყნებზე უფრო მკაცრი და უფრო ხანგრძლივი იყო. შესაბამისად, მისგან მიყენებული „ჭრილობები“ ნელი ტემპით ხორცდება, მოსახლეობა ამ სიმკაცრეს ვერ ივიწყებს. წინ გაურკვევლობაა. ამიტომ ჩინელები ფულს „შავი დღეებისათვის“ აგროვებენ და არ ხარჯავენ, რაც თავის მხრივ, ცუდია ეკონომიკისათვის.

მეორე მიზეზი - კონფლიქტი დასავლეთთან: ჩინეთი გლობალიზაციის წყალობით გამდიდრდა, ანუ დასავლეთთან ვაჭრობით. მაგრამ სი ძინპინმა, რომელმაც ქვეყნის შიგნით სისტემის ავტორიტარიზება განახორციელა, საგარეო პოლიტიკაშიც მოისურვა მსოფლიო ავტორიტარული ლიდერის როლის შესრულება, რაც დასავლეთისთვის მიუღებელია. სიმბიოზი კონკურენციით შეიცვალა. ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, თუ რით დასრულდება ჩინეთისა და დასავლეთის სავაჭრო-ტექნოლოგიური ომი, მაგრამ წინასწარი სიმპტომები ნეგატიურ შედეგებს მოასწავებს.

მესამე - უცხოური ინვესტიციების ნაკლებობა. ჩინეთის ერთგვარმა პრორუსუსლმა პოზიციამ უკრაინის ომის მიმართ დასავლელი ინვესტორების გეგმები შეცვალა. ისინი შიშობენ, რომ ვაითუ პეკინმა მსგავსი რამ ტაივანის მიმართ ჩაიდინოს. ამიტომ ჩინურ ბაზარს ერიდებიან და ახალ ლოკაციებს ეძებენ - ინდოეთში, ვიეტნამში, ეგვიპტეში, მექსიკაში, თურქეთში...

მეოთხე - პარტიის არასწორი სოციალურ-ეკონომიკური კურსი. ჩინეთში, სადაც მმართველ ძალას კომუნისტური პარტია წარმოადგენს, ჯერ კიდევ ბევრი გადმონაშთია შენარჩუნებული, უცხოელთა ფინანსური საქმიანობა შეზღუდულია, წინა პერიოდებში დაშვებული შეცდომების გამოსწორება არ ხდება. შობადობა კლებულობს, უმუშევრობის დონე კი, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, იზრდება. ამის მიზეზი სი ძინპინის ავტორიტარიზმია, რომლის კურსის მიხედვით, სახელმწიფოს ჩარევა ეკონომიკაში ძლიერდება. შესაბამისად, დასავლეთი თავს იკავებს ჩინეთთან ურთიერთობისაგან.

ამ ყველაფერმა საქმე იქამდე მიიყვანა, რომ ეკონომიკის ზრდის მთავარი მოტორები - ექსპორტი, კერძო ინვესტიციები და მოხმარება, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდროდ უნდა იყვნენ დაკავშირებულნი, სინქრონულად არ მუშაობენ.

ეკონომიკური ექსპერტები და ბიზნესმენები ჩინეთის ხელისუფლებას ერთხმად მოუწოდებენ, რომ გასატარებელია ახალი საბაზრო და პოლიტიკური რეფორმები, საჭიროა სახელმწიფოს დახმარება ეკონომიკისადმი დიდი მოცულობის სუბსიდიებით. რასაკვირველია, ხელისუფლება თვითონაც ხვდება, რომ  სახელმწიფო მხარდაჭერის გარეშე ეკონომიკა არ გამოცოცხლდება, მაგრამ რომელ გზას აირჩევს კომპარტია? ეს, ალბათ, ცნობილი გახდება პოლიტბიუროს სხდომაზე, რომელიც ივლისის მეორე ნახევარში გაიმართება და ეკონომიკის საკითხებს იქნება განხილული.

ექსპერტების აზრით, ჩინეთი „მოჯადოებულ წრეშია ჩავარდნილი“, საიდანაც გამოსვლა სულ უფრო ძნელი ხდება: საჭიროა სახელმწიფოსაგან მეტი დახმარება კომპანიებისადმი, მაგრამ რადგანაც სახელმწიფოს ნაკლები შემოსავლები აქვს, ის მათ ჯეროვნად ვერ ეხმარება. შესაბამისად, ეკონომიკური ეფექტი სულ უფრო მცირდება.

დაეწევა თუ არა ჩინეთი ამერიკას?

ჩინეთი გზა-გასაყარზე აღმოჩნდა: ერთი გზა მიდის მსოფლიო ლიდერობისაკენ, მეორე - მოდუნობისაკენ, ანუ ისეთი მდგომარეობისაკენ, რომელშიც პეკინის ზღვისიქითა მეზობელი - იაპონია აღმოჩნდა გასული საუკუნის ბოლოს და რომლისგანაც „აზიური დრაკონი“ ჯერაც ბოლომდე ვერ გამოკეთებულა.

რა თქმა უნდა, ჩინეთის ხელისუფლება ზოგადად, სიტყვებით, კმაყოფილია ეკონომიკის მიმდინარე 5%-იანი ზრდით, მაგრამ ეს მაჩვენებელი ბევრად მცირეა დაგეგმილზე.

„თუ ადრე, ათიოდე წლის წინ, აშკარა იყო, რომ ჩინეთი ეკონომიკის ზრის ტემპებით ამერიკას დაეწეოდა და გადაუსწრებდა კიდეც, ახლა ნათელია, რომ პეკინისათვის მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოვლენის რეალიზება გადაიდო“, - ამბობს კომპანია Bloomberg Economics-ის მთავარი ეკონომისტი ტომ ორლიკი, - შეიძლება უკვე წარმოვიდგინოთ ისეთი სცენარიც კი, როცა ჩინეთისათვის აშშ-ის დაწევა-გადასწრება შეუძლებელი იქნება და ეს არ მოხდება“.

რა რეზერვები აქვს ჩინეთს დარჩენილი? დემოგრაფიული გარღვევა - შობადობის ზრდა სახელმწიფოს მხარდაჭერით და ტექნოლოგიური გარღვევა - სახელმწიფოს მიერ ინვესტიციების ჩადებით ავტომატიზებისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროებში.

ამ დარგებში მიღწეული წარმატებები ჩინეთს ხელს შეუწყობს შინაგანი მუხრუჭების ნაწილი მოიხსნას და ხელი შეეწყოს ზრდის დაჩქარებას. მაგრამ ეს მხოლოდ საქმის ნახევარია. აუცილებელია საგარეო მუხრუჭების მოხსნაც - სი ძინპინის მთავრობამ დასავლეთთან ურთიერთობა უნდა გააუმჯობესოს. შეიძლება ითქვას, რომ ამ მიმართულებით საქმე უკვე ადგილიდან არის დაძრული: ამ რამდენიმე თვის წინ პეკინში იყვნენ ჯერ საფრანგეთის, შემდეგ გერმანიის, ესპანეთისა და ევროკავშირის ლიდერები, ახლახანს კი განახლდა კონტაქტები ამერიკელებთანაც: პეკინში ჯერ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ჩავიდა, ამ შაბათ-კვირას კი - აშშ-ის ფინანსტა მინისტრი ჯანეტ იელენი. რამდენიმე დღეში პეკინს ეწვევა თეთყრი სახლის სპეცწარმომადგენელი ჯონ ქერი.

პეკინსა და ვაშინგტონს შორის დიალოგი განახლდა, მაგრამ ყველა ელოდება მთავარ სამიტს - აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის შეხვედრას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინთან. ეს მოხდება იმ სემთხვევაში, თუ სი ძინპინი სან-ფრანცისკოში ჩავა, სადაც ნოემბერში აზია - წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტი უნდა გაიმართოს.

მაგრამ მაშინაც კი ძალიან ნაკლებ სავარაუდოა, რომ სი ძინპინი შეძლებს ან მოისურვებს ჯო ბაიდენის დარწმუნებას აშშ-ის საგარეო პოლიტიკის კონცეფციის გადახედვაში, რომლის ცენტრშია დაპირისპირება ჩინეთთან როგორც აშშ-ის მთავარ მოწინააღმდეგესთან - ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო თვალსაზრისით. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ სი ძინპინი ვლადიმერ პუტინის მხარდაჭერას გააგრძელებს.

წყარო: https://www.bbc.com/russian/articles/cgrg8dp0qg2o

 

ანალიტიკა
კრემლს ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - გიორგი კობერიძე
დღევანდელი რუსული ბეჭდური პრესა ივლისის თვეში ეკონომიკური ვითარების დამძიმებაზე საუბრობს - რაც რუსეთის დახურული სისტემის პირობებში საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. გაზეთები აღნიშნავენ, რომ: საშუალოდ 12%-ით მოხდა რუსეთში კომუნალურები გადასახადების ზრდა. გაძვირდა პურის ფასიც, არადა ხორბლის ფასი გაიაფდა. მშენებლობის ბიზნესი დაეცა და ქარხნები იხურება.
 
მიზეზი? მუშახელის კატასტროფული დეფიციტი ბაზარზე, რასაც ადამიანური რესურსების კლების ხარჯზე ემატება მოთხოვნის ბუნებრივი შემცირება - რუსების ნაწილი ფრონტზე კვდება, ნაწილი კი ქვეყნიდან გარბის. დარჩენილი კვალიფიციური მუშახელი კი სამხედრო ინდუსტრიაშია მობილიზებული. იაფ ხორბალს რუსეთი თავის მოკავშირეებს საბითუმო ფასებში ყიდის, ხოლო ბაზარზე შემოსავლის შესანარჩუნებლად კრემლთან დაახლოებული პურის მსხვილი მეწარმეები მის ფასს ზრდიან.
 
ამას კი ემატება სანქციები. დღეს ევროპის მხრიდან სანქციების მე-18 პაკეტი დამტკიცდა, რომელიც რუსეთის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას ურტყამს. 47.6 დოლარი - ესაა ის თანხა, რომელზე ძვირადაც ნავთობს არ შეიძენს ევროკავშირი და ბრიტანეთი რუსეთისაგან, რომელსაც გათვლა 60 დოლარზე ჰქონდა. კრემლს რომ მყარი მოგება ჰქონდეს 70 დოლარად უნდა ჰყიდდეს ბარელს. სანქციების მიხედვით ნორდ სტრიმების გაზსადენები აღარ ამუშავდება. ამას ემატება რუსულ ჩრდილოვან ფლოტზე დევნაც, რომელიც სხვა ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავი ხომალდების დახმარებით ცდილობდა რუსული ნავთობის ევროპაში გაყიდვას და სანქციების გვერდის ავლას.
 
ამ ფონზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსეთში ტოტალიტარული მმართველობა კიდევ უფრო უჭერს მოსახლეობას: ქვეყანაში 5500 აკრძალული საიტი, მუსიკა, საინფორმაციო საშუალება, კოდური სიტყვა, ფილმი და გამოთქმაა, რისი მოძიებაცა და ნახვაც არ შეიძლება, მათ შორის არც VPN-ის გამოყენებით. თუ ნახავ ჯერ დაგაჯარიმებენ, შემდეგ ჯერზე კი პასუხისგებაში მისცემენ შენს თავს.
 
მზარდი ინფლაციისა და ძირითადი რესურსების სამხედრო წარმოებასა თუ ფრონტზე მობილიზების ფონზე ეკონომიკური პერსპექტივა კარგად არ გამოიყურება. არსებობს ვარაუდი, რომ გვიანი შემოდგომიდან რუსეთი კიდევ უფრო მეტი ბანკნოტების დაბეჭდვას აპირებს.
 
მუშახელის დეფიციტის ფონზე ინდური პრესა საუბრობდა პოტენციურ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთი წლის ბოლომდე მილიონი ინდოელი მუშახელის რეკრუტირებას აპირებს, თუმცა ამ ამბავმა რუსეთში დადებითი რეაქცია არ გამოიწვია, რის გამოც რუსეთის შრომის მინისტრმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. მიუხედავად ამისა, მარტო წელს რუსეთში 71,817 ინდოეთის მოქალაქეზე გაიცა ოფიციალური სამუშაო ნებართვა. ეს რაც ლეგალურად ჩანს, და რაც არა ის კიდევ სხვაა. ინდოელების გარდა რუსეთში დიდი რაოდენობით არიან შუა აზიელები და ჩინელები.
 
ამ ვითარებაში ფრონტზე რუსეთის ვითარება არასახარბიელოა. დონეცკის მონაკვეთზე მომარაგების გზას უკვე ეწოდა "სიკვდილის ხაზი", სადაც უკრაინული დრონები ყველაფერს ბომბავენ რაც კი გადაადგილდება. მიუხედავად ამისა, რუსეთი არ წყვეტს ცოცხალი ძალის მობილიზებას და დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილში, პოკროვსკის სექტორზე დაწოლას. რუსეთის მხრიდან ყველა გათვლა ისეთი იყო, რომ პოკროვკი ჯერ 2024 წლის ბოლომდე უნდა აეღოთ, შემდეგ 2025 წლის მარტამდე, ახალი თარიღი 2025 წლის 9 მაისი იყო, შემდეგ კი ამ სექტორზე დაწყებული შეტევის ერთი წლის თავი, ანუ ივლისი. მაგრამ ერთი წლის თავზე რუსები ჯერ კიდევ არ არიან ქალაქის ფარგლებში შესულები. ზოგადად პოკროვკისაკენ გაჭრას რუსები 2024 წლის თებერვლიდან ცდილობენ, ავდიივკას დაცემის შემდეგ.
 
დასავლური მედია ამბობს, რომ რუსული ზაფხულის შეტევის მხოლოდ პირველი ფაზა ვიხილეთ ჯერ და რომ მეორე ფაზა ჯერ კიდევ წინააო. ისინი 150 ათას დამატებით რუს, კორეელ და სხვა ქვეყნებიდან დაქირავებულ სამხედროებზე საუბრობენ და ახალი მიმართულებით გაჭრას არ გამორიცხავენ, ან ძველ სექტორებზე მათ გადანაწილებასა და უკრაინულ პოზიციებზე დაწოლის გაძლიერებას.
 
კრემლი ტრამპის მიერ მიცემულ 50 დღიან ვადას მაქსიმალური შეტევისათვის გამოიყენებს და ამაში უცნაური არაფერია. მთავარია რამხელა იქნება მსხვერპლი და გამოფიტვა. როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, მხოლოდ წელს რუსეთს 100 ათასი მოკლული ჰყავს. მან ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ საუბარია მოკლულ სამხედროებზე და არა დაჭრილებზე, დაშავებულებზე ან ტყვეებზე. რუსეთი წლებია იმით პოზიციონირებს, რომ თითქოს ბოლო სამხედრომდე და ბოლო საკვებამდე შეუძლია იომოს. ასეთი რამ არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია, მაგრამ კრემლს რომ ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - ეს უკვე ვნახეთ. და ისიც ნათელია, რომ ახლა ომს სერიოზული გამოფიტვის სახე აქვს მიღებული, რის გამოც დამატებითი მოთამაშეებისა და სახელმწიფოების ირიბი ჩართვა კიდევ უფრო მზარდია.
 
პუტინმა ისიც კარგად იცის, რომ ომის შეწყვეტა სხვა მიზეზითაცაა საშიში - ამდენი სამხედროსა და ციხეებიდან გამოსული, თუ მობილიზებული კრიმინალის რესოციალიზაცია ძალიან რთული იქნება, მით უფრო გართულებული ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე. თუმცა ყველაფერს აქვს თავისი ზედა ზღვარი - ეკონომიკის გამძლეობასაც, მსხვერპლის რაოდენობასაც და გამარჯვების რწმენასაც.
 
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.