დავით არსენიშვილი, ქვეყნისთვის თავდადებულ მოღვაწე, რომელსაც საბჭოთა საქართველოში სათანადოდ არ აფასებდნენ. მიუხედავად ამისა, ისტორიამ მაინც შემოენახა ამ დიდებული ადამიანის სახელი, მისი ღვაწლი სამშობლოს წინაშე. დავით არსენიშვილის ბიოგრაფიისთვის თვალის გადავლებაც კი საკმარისია, რომ კარგად დაინახო მისი დიდი დამსახურება ეროვნული კულტურის წინაშე.
1905 წლის 11 იანვარს, დაბა ტყიბულში, ილია არსენიშვილსა და პრისკილე აბზიანიძეს ვაჟი, დავითი, შეეძინათ, იგი 1913 წელს ჯერ ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში ჩაირიცხა, მოგვიანებით კი სწავლა გააგრძელა გაგრის, ბაქოსა და თბილისის სკოლებში. 1921-1923 წლებში განათლება მიიღო თბილისის ინდუსტრიულ ტექნიკუმში. 1922 წელს დაამთავრა მოსკოვის სამხატვრო თეატრის დრამატული სტუდია მსახიობ მ. ლ. როქსანოვას ხელმძღვანელობით.
1923 წლიდან კი როგორც რეჟისორმა მუშაობა დაიწყო პროლეტკულტის ქართულ სექტორში. ამავე პერიოდში, 1921-1923 წლებში ,დავით არსენიშვილი აქტიურად თანამშრომლობდა გაზეთ „ტრიბუნასთან“. 1924-27 წლებში იგი თბილისის თანამედროვე თეატრ-სტუდიის სამეცნიერო ნაწილს ხელმძღვანელობდა და თეატრის ისტორიის შესახებ ლექციებსაც კითხულობდა.
დავით არსენიშვილი თავის ავტობიოგრაფიაში საგანგებოდ აღნიშნავდა: „სტუდიაში მუშაობის პერიოდში დავიწყე ქართული თეატრის ისტორიის შესწავლა. ამის შედეგია 1927 წელს სამხატვრო მეცნიერებათა სახელმწიფო აკადემიის თეატრის სექციაზე წაკითხული ნაშრომი, რომელსაც ა. ა. ბახრუშინი თავმჯდომარეობდა“.
1927 წელს დავით არსენიშვილის ცხოვრებაში გარდამტეხი მნიშვნელობა ჰქონდა. სწორედ ამ წელს მის მიერ შეგროვებული უნიკალური საარქივო დოკუმენტებისა თუ სხვა ექსპონატების ბაზაზე თეატრალური გამოფენა გაიხსნა, რამაც პირველ სათეატრო მუზეუმს დაუდო საფუძველი.
როგორ ჩამოიტანა ქართველმა მოღვაწემ ფასდაუდებელი ისტორიული თეატრალური ფარდა მოსკოვიდან თბილისში
1922 წელს ცნობილმა თეატრალმა ქალბატონმა, ელენე სუხოდოლსკაიამ, (ჭავჭავაძე), მოსკოვში კოტე მარჯანიშვილის მიერ დაარსებული “თავისუფალი თეატრის“ ფარდა საქართველოს უსახსოვრა. დავით არსენიშვილმა უნიკალური ხელოვნების ნიმუშის სამშობლოში ჩამოსატანად უამრავი დაბრკოლება გადალახა. მან 1930 წელს დაიწყო ბრძოლა შედევრის გადასარჩენად! ბრძოლა საქართველოდან შორს, საბჭოეთის დედაქალაქში უნდა მოეგო. მოსკოვიდან უნდა წამოეღო ის, რაც თითქოს ქართველებს არც ეკუთვნოდათ. რუსეთიდან ძვირფასი განძი უნდა ჩამოეტანა, ეს კი თითქმის წარმოუდგენელი იყო. დავით არსენიშვილი იბრძოდა იმ უძვირფასესი თეატრალური ფარდისთვის, რომელიც დიდმა რუსმა მხატვარმა, კონსტანტინ სომოვმა, კოტე მარჯანიშვილის “თავისუფალი თეატრისთვის” შექმნა.
კოტე მარჯანიშვილიც კარგად უწყოდა, რომ სპექტაკლის დაწყებამდე მაყურებელზე უდიდესი გავლენის მოხდენა ფარდას შეეძლო, სწორედ ფარდა უნდა ყოფილიყო თეატრის ერთგვარი სავიზიტო ბარათი. ამიტომ ქართველმა რეჟისორმა ფარდის დამზადება კონსტანტინ სომოვს დაუკვეთა, მხატვარს, რომელიც თეატრისთვის საერთოდ არ მუშაობდა, მაგრამ მისი ხელოვნება საზეიმო დეკორაციულობითა და ეფექტური თეატრალიზაციით გამოირჩეოდა.
აპლიკაციებით გაფორმებული ფარდა მართლაც ხელოვნების გამორჩეული ქმნილება იყო. შემორჩენილია თანამედროვეთა აღფრთოვანებული გამოხმაურებებიც, მას “გასაოცარ ნამუშევრად” მიიჩნევდნენ.
აი, სწორედ ამ ძვირფასი შედევრის შენარჩუნება და საქართველოში ჩამოტანა სურდა დავით არსენიშვილს. ფარდის ზომები 7 X 11 მეტრს შეადგენდა, მხოლოდ ესკიზში “თავისუფალი თეატრის” მფლობელმა 15 ათასი რუბლი გადაიხადა და მის შესაქმნელად 50-მდე მკერავმა რამდენიმე თვე დახარჯა. როგორც რუსი ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი ელენა იაკოვლევა ,მიიჩნევს, ფარდის მნიშვნელობას ისიც აორმაგებდა, რომ მის შეკერვაში სავარაუდოდ, თავად მხატვარი და მისი და ,ანა სომოვა, მონაწილეობდნენ. ასე რომ, შედევრად ქცეულ ფარდას მემორიალური მნიშვნელობაც ჰქონდა.
1920 წლიდან ხელოვნების ეს ნიმუში ხმარებიდან ამოიღეს და მოსკოვის სანახაობათა სამმართველოს საწყობში ინახებოდა. დავითი წერილებით საქართველოს განათლების კომიტეტსა და საკავშირო ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტს მიმართა, იგი ითხოვდა, ყოფილი თავისუფალი თეატრის ფარდა სათეატრო მუზეუმისთვის გადმოეცათ, რადგან “ფარდა საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობის ფერწერულ დოკუმენტს წარმოადგენდა”.
მრავალი მცდელობისა და წვალების შემდეგ, არსენიშვილმა ხელისუფალთაგან თანხმობა მიიღო.
დოკუმენტში ეწერა: “საბჭო მიიჩნევს, რომ ყოფილი თავისუფალი თეატრის ფარდის ადგილი საქართველოს სათეატრო მუზეუმშია, რომელიც ისტორიულად რეჟისორ კოტე მარჯანიშვილის შემოქმედებას უკავშირდება, რისთვისაც გთხოვთ, აღნიშნული ფარდა საქართველოს სათეატრო მუზეუმს გადასცეთ განკარგვაში”.
შეიქმნა ფარდის საქართველოსთვის გადაცემის კომისია. მასში შევიდნენ რესპუბლიკის სახალხო არტისტი ვლადიმირ ნემიროვიჩ-დანჩენკო მოსკოვის სამხატვრო თეატრიდან, პაველ კოგანი- სამხატვრო მეცნიერებათა სახელმწიფო აკადემიიდან, ალექსანდრ ტაიროვი- კამერული თეატრიდან, დავით არსენიშვილი- საქართველოს თეატრალური მუზეუმიდან, ვლადიმირ ვლადიმიროვი -მცირე თეატრიდან, ოსვალდ გლაზუნოვი- ვახტანგოვის სახელობის თეატრიდან და ევსეი ლიუბიმოვ-ლანსკოი -მოსკოვის ოლქის პროფკავშირთა თეატრიდან.
კომისიას საკითხი ფორმალურად უნდა შეესწავლა და დადებითად გადაეწყვიტა. მაგრამ მოხდა პირიქით, როგორც საარქივო დოკუმენტებიდან ირკვევა, კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, კერძოდ ლუბიმოვ-ლანსკოიმ, კომისიის რუსი წევრები გადაარწმუნა და კომისიამაც უარი განაცხადა უნიკალური ფარდის საქართველოსთვის გადაცემაზე.
დაპირისპირებამ პიკს მიაღწია. გააფთრებულ წინააღმდეგობას სწევდა მოსკოვის სანახაობითი წარმოებების სამმართველოს უფროსი მოროზოვი, რომელმაც არსენიშვილს ასე მიმართა: “მე უარს ვაცხადებ ფარდის გადაცემის განკარგულების შესრულებაზე და მოსკოვის საბჭოს დადგენილებას ბოლომდე შევებრძოლები”. მოროზოვს მხარი აუბა ლიუბიმოვ-ლანსკოიმ, მოსკოვის პროფკავშირთა თეატრის დირექტორმა. მან არსენიშვილს ფარდის გადაცემის შესახებ ოფიციალური უარი გაუგზავნა. არსენიშვილსა და მოროზოვს შორის ფარდის გადაცემის თაობაზე დაძაბული საუბარი გაიმართა, სამმართველოს უფროსი დროის გაყვანას ცდილობდა, დავით არსენიშვილს კი ჩანს, უსახსრობის გამო, მოსკოვში დიდხანს დარჩენა არ შეეძლო. “რა ჩემი საქმეა, იყავით მოსკოვში თუნდაც ორი თვე, მე ჩემსას მაინც გავიტან” - ამ პასუხით გამოისტუმრა საბჭოთა მოხელემ მოსალაპარაკებლად მისული დავით არსენიშვილი და ფარდის გადაცემის საკითხი ჩიხში შევიდა.
ქართული თეატრალური მუზეუმის დირექტორი დათმობას, რა თქმა უნდა, არ აპირებდა. დავითი ოპონენტის დარწმუნების განსაკუთრებული ნიჭით იყო დაჯილდოებული. ადამიანებს იმ საქმის მნიშვნელობაში არწმუნებდა, რომელსაც ემსახურებოდა და მათ თანამოაზრეებად აქცევდა. მისი ურთიერთობის თავისუფალი მანერა გადამდები იყო. დიდ ფორუმებსა თუ პირად საუბრებში სადად, უბრალოდ ლაპარაკის უიშვიათესი ნიჭი ჰქონდა.
მისმა დიპლომატიამ გაჭრა და დავითთან მოთათბირების შემდეგ საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტმა ვლადიმირ ნემიროვიჩ-დანჩენკომ, პოეტმა პაველ კოგანმა, დრამატურგმა სერგო ამაღლობელმა და კამერული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ალექსანდრ ტაიროვმა გააპროტესტეს გადაწყვეტილება, რომლითაც “თავისუფალი თეატრის” ფარდის საქართველოსთვის გადაცემა შეჩერდა. მოვლენები ქართული თეატრალური მუზეუმის სასიკეთოდ შემოტრიალდა. მოსკოვის საბჭოს დადგენილებას საბჭოთა კავშირის ცენტრალურმა აღმასრულებელმა კომიტეტმა და რსფსრ-ის განათლების სახალხო კომისარიატმაც დაუჭირა მხარი.
1930 წლის თებერვლის ბოლოს მოსკოვის პროფკავშირის თეატრის თანამშრომლებისა და დავით არსენიშვილის თანდასწრებით სანახაობათა სამმართველოს საწყობში ფარდა დაათვალიერეს და შეაფასეს. “დათვალიერებით დადგინდა, რომ ფარდა სრულ წესრიგშია და დაცულია მშვენივრად, გამონაკლისია მხოლოდ მარჯვენა მხარეს ქვედა არშიასთან ადგილ-ადგილ გადახეხილი მწვანე კიდე”. ხელოვნების უნიკალური ნიმუში 60 ათას მანეთად შეფასდა და იგი სათეატრო მუზეუმის წარმომადგენელ დავით არსენიშვილს გადაეცა.
დაძაბული ეპოპეა ამით დასრულდა. შემორჩენილია ერთი პატარა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ძვირფასი ნიმუში სამშობლოში დავით არსენიშვილმა მარტომ, მატარებლით ჩამოიტანა. ამისთვის მოსკოვში ამიერკავკასიის მუდმივ წარმომადგენლობას საგანგებოდ მიუმართავს მოსკოვში, ყაზანის ვაგზლის უფროსისთვის და ქართველ მოღვაწეს ნება დართეს, ძვირფასი ისტორიული განძი ვაგონში შეეტანა. ის დღეს საქართველოს ხელოვნების სასახლეშია დაცული და მსოფლიო სახვითი ხელოვნების ერთ-ერთ ბრწყინვალე ქმნილებად მიიჩნევა.
თეატრის მუზეუმის შექმნა
დავით არსენიშვილს ქართული კულტურის ისტორიისთვის თეატრალური მუზეუმის მნიშვნელობა შესანიშნავად ესმოდა. სტუდიაში სწავლის დროს თეატრალური მუზეუმის შექმნის იდეამ იმდენად გაიტაცა, რომ გარშემო სტუდიის მოსწავლე-ახალგაზრდობა შემოიკრიბა, რომელთა შორის იყვნენ: ნინო ვოლკოვა, (შემდეგში ლადო გუდიაშვილის მეუღლე), ბორის ჩეჩელაშვილი, შოთა ტურაბელიძე (მოგვიანებით მოსკოვის ე. ვახტანგოვის თეატრის რეჟისორის ასისტენტი), ნინო და ალიოშა დუმბაძეები და მათთან ერთად ნეკრასოვისა და კლარა ცეტკინის ქუჩების კუთხეში მდებარე სასტუმროს `ეაუ ონდე~ ნახევრად სარდაფში სათეატრო მუზეუმის შექმნაზე მუშაობა დაიწყო.
მომავალი მუზეუმისთვის თანხის მოსაზიდად დავითმა თეატრალური დადგმების განხორციელება გადაწყვიტა და ძველი ცირკის მრგვალ, ხისგან ნაშენ შენობაში ა. გრიბოედოვის პიესის, ”ქართული ღამის” დადგმა განახორციელა. მუზეუმის პირველ ექსპონატებს შორის იყო ა. სუმბათაშვილის ხელმძღვანელობით შექმნილი ოპერა “ღალატის” ლიბრეტო, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ვაჟა ფშაველას, გრიგოლ ორბელიანის, იაკობ გოგებაშვილის, ივანე მაჩაბლის, ეკატერინე გაბაშვილისა და სხვათა ხელნაწერები. მუზეუმში მან თავი მოუყარა ძვირფას ქართულ თეატრალურ კოსტუმებს, მემორიალურ ნივთებს, მათ შორის ისეთ იშვიათ ექსპონატებს როგორებიცაა: დიმიტრი ყიფიანის ნესესრი, მარიონეტების თეატრის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძველი ფიგურის `ვაიანგის~ XIX საუკუნის ნიმუში. ქართული და კავკასიური დასების უნიკალურ ფოტოები. სამუზეუმო ფონდის ქართული ნაწილი ისეთ გამოჩენილ მოღვაწეებთან დაკავშირებული მასალით იყო წ,არმოდგენილი, როგორებიც არიან: პირველი ქართველი დრამატურგი გიორგი ერისთავი, ცნობილი მსახიობები ვასო აბაშიძე და ლადო ალექსი-მესხიშვილი. აღსანიშნავია ისიც, რომ რუსულმა, აზერბაიჯანულმა და სომხურმა თეატრებმა დიდი ისტორიული მნიშვნელობის თეატრალური ნივთები მუზეუმს საჩუქრად გადასცეს.
სათეატრო მუზეუმში დაცული მასალა საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობდა, ექსპონატები გამოფენილი იყო კიოლნში, ბერლინში, მიუნხენში, პარიზში, ლონდონში, რომსა და ნიუ-იორში.
დავით არსენიშვილი და გრიბოედოვი
1929 წელს დავით არსენიშვილმა ალექსანდრ გრიბოედოვის გარდაცვალების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა მოაწყო თბილისში, ბაქოსა და ერევანში. მოგვიანებით, მისი თხოვნით, თბილისის განათლების განყოფილებამ ეს გამოფენა მუდმივმოქმედ ექსპოზიციად გადააქცია, რომელსაც მღვდელმა მაჭარაშვილმა ალექსანდრე გრიბოედოვის საფლავთან ახლოს მდებარე სახლში, ორი ოთახი დაუთმო. დავით არსენიშვილისა და ტიციან ტაბიძის მცდელობით, საბჭოთა საქართველოს მთავრობამ გრიბოედოვისადმი მიძღვნილი საგამოფენო სივრცე ლიტერატურის მუზეუმად გამოაცხადა.
ასე შეუწყო ხელი დიდმა ქართველმა, რუსი დიპლომატის გრიბედოვის სახელის უკვდავყოფას, იმ გრიბოედოვის, რომლის ღვაწლი საქართველოს წინაშე დიდი კითხვის ქვეშ დგას და რომელიც ქართველთა „სიძის“ სტატუსით ხშირად საქართველოს წინააღმდეგ და მის არაკეთილმოსურნეთა საარგებლოდ იღწვოდა. თუმცა ეს საყვედურად არანაირად არ შეიძლება წავუყენოთ დავით არსენიშვილს, რომელიც იმ ეპოქის შვილი გახლდათ და გულწრფელად იღწვოდა ამ კულტურული ფენომენის პოპულარიზაციისთვის.
როგორ გადაარჩინა დავით არსენიშვილმა ანჩისხატი დანგრევას
არსენიშვილი დასაღუპად განწირული ქართული კულტურის ძეგლების გადარჩენისთვის აქტიურ ბრძოლას განაგრძობდა. მისი თაოსნობითა და დახმარებით, ანჩისხატის სახელოვანი ტაძარი დანგრევას გადაურჩა.
არსენიშვილმა იმ დროისთვის წარმოუდგენელი წინააღმდეგობა გაუწია ქართველ “მებრძოლ უღმერთოთა კავშირს”, რომელიც ანჩისხატის ეკლესიის აფეთქებას მოითხოვდა. შეიტყო თუ არა, რომ საბჭოთა ხელისუფლებამ ტაძრის განადგურების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, არსენიშვილი მაშინვე ეკლესიაში “გადასახლდა” და მის თაღებქვეშ ათენ-აღამებდა. მეცნიერი აცხადებდა, რომ მზად იყო, ტაძრის ნანგრევებქვეშ მოყოლილიყო. საბჭოთა ხელისუფლებამ საკითხის გამწვავებასა და აჟიოტაჟს უკან დახევა ამჯობინა. ხელოვნების სასახლეში შემორჩენილი საარქივო დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ დავით არსენიშვილს ანჩისხატის გადარჩენისთვის წამოწყებულ ბრძოლაში ფარულად ეხმარებოდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე.
დავით არსენიშვილი მონაწილეობდა ყოფილ კომკავშირის ხეივანში, ნარიყალასთან ახლოს, თბილისის მუზეუმის დაარსებაში, მტკვრის სანაპიროზე მდებარე როსტომ მეფის სასახლისა და თოფხანის გაწმენდასა და რესტავრაციაში, ახლო ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან, კალისტრატე ცინცაძესთან, რომელსაც ხუროთმოძვრების ძეგლებისა და საეკლესიო სიძველეთა გადარჩენასა და მოვლაში ეხმარებოდა.
სათეატრო მუზეუმის დირექტორობიდან განთავისუფლება
1935 წლის 19 მარტს, შეთითხნილი ბრალდებით- „ქალაქ ბაქოში ხანგრძლივი დროის განმავლობაში თვითნებურად და დაუკითხავად გამგზავრების“ გამო, არსენიშვილი სათეატრო მუზეუმის დირექტორის თანამდებობიდან ისე გაათავისუფლეს, რომ მის მიერ დაარსებულ მუზეუმში ბოლო პერიოდამდე მის შესახებ კონკრეტულად არავინ არაფერი იცოდა, მხოლოდ ის სმენოდათ, რომ ოდესღაც მუზეუმს “ვიღაც დირექტორი” ჰყავდა. სათეატრო მუზეუმის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, 1936-1938 წლებში დავით არსენიშვილი მოსკოვის სამხატვრო თეატრთან არსებულ კ. სტანისლავსკის სახელობის სტუდიაში სწავლობდა.
1938-42 წლებში ხელშეკრულებით მუშაობდა თბილისსა და მოსკოვში სხვადასხვა დაწესებულებებში (მუზეუმები, გამოფენები) სამხატვრო გამფორმებელად. 1941 წელს მუშაობდა თბილისის არქიტექტურის ძეგლების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვაში. პარალელურად, საზოგადოებრივ საწყისებზე ქმნიდა „სამხატვრო სალონს”, რომელიც 1944 წელს გაიხსნა. 1948-1950 წლებში დ. არსენიშვილი ორგზის აირჩიეს ქ. თბილისის 183 საარჩევნო ოლქის დეპუტატად. დაჯილდოვებული იყო მედლებით: `შრომითი მამაცობისთვის~ და “კავკასიის დაცვისთვის“.
როგორ დაუბრუნა არსენიშვილმა რუსებს ანდრია რუბლოვი
1949 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ მოსკოვის ანდრონიკეს მონასტრის თეთრი ქვით ნაშენი მაცხოვრის ტაძრის შენობაში უდიდესი რუსი ხატმწერის, ანდრეი რუბლიოვის სახელობის მუზეუმის დასაარსებლად დ. არსენიშვილი მოსკოვში გადაიყვანა. დავითმა გაპარტახებული მონასტრის ტერიტორიაზე მუზეუმის შექმნა ორ თანამშრომელთან ერთად დაიწყო, რუსული კულტურის არაერთი შედევრი სამუდამო დაღუპვისგან გადაარჩინა და ათი წლის შემდეგ ქვეყანას დღეს უკვე მთელ მსოფლიოში ცნობილი ბიზანტიური და რუსული ქრისტიანული კულტურის უმნიშვნელოვანესი ცენტრი – ანდრეი რუბლიოვის სახელობის ძველი რუსული ხელოვნების მუზეუმი მოუვლინა. აქ დღეს დანგრეულ ეკლესიებში დასაღუპად განწირულ ხელოვნების ათასობით უნიკალური ნიმუში ინახება, მათ შორის – ანდრეი რუბლიოვისა და მისი წრის ოსტატთა – დანიელ ჩორნის, პროხორ გოროდცელის და დიონისის შედევრები. დ. არსენიშვილს მოსკოვში მუშაობის ათი წლის განმავლობაში საქართველოსა და ქართულ კულტურაზე ზრუნვა არასდროს შეუწყვეტია.
მოსკოვში მოღვაწეობა
მოსკოვში ჩასვლის პირველივე დღეებიდან მან რუსულ-ქართულ პოლიტიკურ და კულტურულ ურთიერთობათა შესწავლა დაისახა მიზნად. კვლევას მოსკოვსა და სხვა არქივებში დაცული ისტორიული წყაროები – ქრონიკები და დოკუმენტები დაედო საფუძვლად. 1954 წელს დ. არსენიშვილმა რუსულ-ქართული ურთიერთობებისა და XVII-XVIII საუკუნეების მოსკოვის ქართული კოლონიის ისტორიის ამსახველი გამოფენის მოწყობის საკითხი წამოჭრა. ეს გამოფენა მოსკოვში ქართველ ლიტერატორთა და საზოგადო მოღვაწეთა განსასვენებელ, დონის მონასტრის უფლის მირქმის სახელობის ეკლესიაში გაიხსნა. მასზე წარმოდგენილი იყო პეტრე I-ისა და ვახტანგ VI-ის, პეტრე I-ის თანამებრძოლ ალექსანდრე ბატონიშვილის, დიდი ქართველი მწერლისა და დიპლომატის, “პუშკარსკი პრიკაზის” ფელდცეიხმეისტერ საბა ორბელიანისა და გენიალური ქართველი პოეტის, დავით გურამიშვილის პორტრეტებიდან შესრულებული ფოტოსურათები. გამოფენის ორგანიზატორის მიერ შესანიშნავად შერჩეულ მასალას ძალზე ბუნებრივად ერწყმოდა ქართველ მოღვაწეთა საფლავის ფილების წარწერები. იმავე წელს, დავითმა სსრკ-ის კულტურის სამინისტროსთან არსებული ისტორიისა და ხელოვნების ძეგლთა დაცვის სახელმწიფო ინსპექციას ქ. ასტრახანის კრემლში დაკრძალული საქართველოს მეფეების, ვახტანგ VI-ისა და თეიმურაზ II-ის სამარხების საკავშირო ძეგლთა სიაში შეტანისა და მათი საფლავებიდან დაკარგული მემორიალური დაფების აღდგენის მოთხოვნის წერილით მიმართა. წერილის საფუძველზე ასტრახანის კრემლის მიძინების ტაძარში, არსენიშვილის ხელმძვანელობით გამოჩენილ ქართველ სახელმწიფო მოღვაწეთა სამარხების წინასწარი გათხრები ჩატარდა.
1955 წელს, დავითმა პეტერბურგში ბაგრატიონების სამეფო გვარის წარმომადგენელთა და პეტერბურგის ქართული კოლონიის სხვა წევრთა საფლავებიც მოიძია. ალექსანდრე ნეველის ლავრაში ეპიტაფიათა ნუსხა შეადგინა და დაკარგული საფლავების რაოდენობის დასადგენად XIX საუკუნის მონაცემები რუსეთის სიძველეთა მკვლევარ ზაბელინის მონაცემებს შეადარა... რუსეთის არქივებსა და წიგნთსაცავებში მუშაობის დროს დავითმა, რუსულ-ქართულ პოლიტიკურ ურთიერთობათა ამსახველი დოკუმენტების გარდა, ქართველ მოღვაწეთა მანამდე უცნობი ბიოგრაფიული ცნობებიც გამოავლინა. მის მიერ ლენინგრადის ისტორიულ არქივში ნაპოვნი დოკუმენტები აკაკი წერეთლის ბიოგრაფიის მნიშვნელოვან ცნობებს შეიცავენ.
იეთიმ გურჯი ქართველი სახალხო მელექსე და ლოტბარი, ძველი თბილისის აშუღური პოეზიის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი.დავით არსენიშვილი - ქართველი ხელოვნებათმცოდნე. იოსებ იმედაშვილი - მწერალი, საზოგადო მოღვაწე
ისევ რეპრესიები და დიდი ქართველის აღსასრული
1959 წელს საბჭოთა ნომენკლატურა დ. არსენიშვილს კვლავ დაუნდობლად მოექცა. ანდრეი რუბლიოვის სახელობის მუზეუმის ოფიციალურ გახსნამდე რამდენიმე თვით ადრე, საბჭოთა ბიუროკრატიული აპარატის მუშაკთა უმეცრებისა და ინტრიგების გამო, მძიმედ დაავადებული დავით არსენიშვილი მუზეუმის დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. 1960 წელს ანდრეი რუბლიოვის სახელობის ძველი რუსული ხელოვნების მუზეუმის საზეიმო გახსნას დავითი, როგორც კერძო პირი, ისე ესწრებოდა... `...მომავალ კვირას ჩემი მუზეუმი იხსნება. რაც არ უნდა მოხდეს, ის მაინც ჩემია და მარადჟამს ჩემი იქნება~, – წერდა გულდაწყვეტილი დავითი ახლობელს.
1963 წლის შემოდგომაზე თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში იატაკის მოხეხვა და მასტიკის წასმა განიზრახეს. ბრონქიალური ასთმით მძიმედ დაავადებული პაციენტი დამლაგებელს ევედრებოდა, მის პალატაში მასტიკა არ წაესვათ. “პალატის ექიმთან მიდით, მან მიბრძანოს” – ისმის პასუხად. ავადმყოფი ექიმს მიმართავს, პასუხი იგივეა: “მთავარ ექიმთან მიბრძანდით, ბრძანება მან უნდა გასცეს!” პაციენტი მთავარ ექიმთან მიდის – “ასეა საჭირო”... მეორე დღეს ავადმყოფი ბრონქიალური ასთმის უმძიმესი შეტევით გარდაიცვალა.