შემოსავლების სამსახური და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ყულევის ნავსადგურში შესულ გემზე, რომელიც რუსული ნავთობით იყო დატვირთული, განცხადებას ავრცელებს.
Reuters-მა დაწერა, რომ რუსულმა ნავთობკომპანია Русснефть-მა ყულევის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში მშენებარე ნავთობგადამმუშავებელ ქარხანას ნავთობი მიაწოდა. ეს ამ ქარხნისთვის რუსული ნავთობის პირველი შესყიდვაა. სტატიის თანახმად, ქარხანა უკვე შევიდა ექსპლოატაციაში და პროდუქციის დამზადება დაიწყო. Русснефть-ი საერთაშორისო სანქციების ქვეშ არაა.
მათი ცნობით, გემზე და გემის მფლობელ კომპანიაზე, ასევე ტვირთის გამომგზავნ და მიმღებ კომპანიებზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები.
"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, საჭიროდ თვლის განცხადება გააკეთოს ყულევის ნავსადგურში შემოსულ პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემთან და ტვირთთან დაკავშირებით.
მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს, ყულევის საზღვაო ნავსადგურში რუსეთის ფედერაციის პორტიდან შემოვიდა პანამის დროშის ქვეშ მცურავი თბომავალი " KAYSERI“, რომელზეც დატვირთული იყო ერთ-ერთი რუსული კომპანიიდან (უწყება თავს იკავებს კომპანიების სახელწოდებების დასახელებისგან და საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან) გამოგზავნილი, იმპორტის საბაჟო პროცედურებში მოქცევისთვის განკუთვნილი 10 000 ათას ტონამდე ნედლი ნავთობი.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული შემოწმების შედეგად, დადასტურებულია, რომ გემსა და გემის მფლობელ კომპანიაზე, ასევე ტვირთის გამომგზავნ და მიმღებ კომპანიებზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები (ინფორმაცია ხელმისაწვდომია ღია წყაროებით). აღნიშნულიდან გამომდინარე, შემდგომი საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელების მიზნით ტვირთი ჩამოიცალა დროებითი შენახვის საბაჟო საწყობში.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კოორდინირებულად, მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ, როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით და თუ გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და საბაჟო პროცედურების განხორციელების უფლება.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას",- აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ კი შემდეგი განცხადება გაავრცელა:
"პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი KAYSERI (IMO 9292199) იმყოფებოდა ყულევის საზღვაო ნავსადგურში 2025 წლის 6-7 ოქტომბერს. გემი არ არის საერთაშორისო სანქციების ქვეშ და არ ფიგურირებს არც ერთ სანქცირებულ სუბიექტთან ასოცირებულ კომპანიათა ჩამონათვალში.
გემის საკუთრებისა და მართვის ჯაჭვში შემავალი ყველა კომპანია, ისევე როგორც მისი დაზღვევა და საკლასიფიკაციო საზოგადოება, შეესაბამება მოქმედ საერთაშორისო ნორმებსა და რეგულაციებს, შესაბამისად არ იმყოფება საერთაშორისო სანქციებში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემდგომი საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელების მიზნით ტვირთი ჩამოიცალა დროებითი შენახვის საბაჟო საწყობში.
გემი ოპერირებს საერთაშორისო მარშრუტებზე, მათ შორის აზიისა და ახლო აღმოსავლეთის პორტებში და მისი საქმიანობა სრულად შეესაბამება საერთაშორისო საზღვაო პრაქტიკასა და ვაჭრობის წესებს.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ყველა ნავსადგურში გემების შესვლა მკაცრად კონტროლდება საერთაშორისო სამართლისა და ეროვნული კანონმდებლობის სრული დაცვით.
საქართველოს ნავსადგურები არ გამოიყენება, მათ შორის მესამე სახელმწიფოების მიერ, სანქციებისგან თავის არიდებისათვის.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კოორდინირებულად, მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ, როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით და თუ გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და საბაჟო პროცედურების განხორციელების უფლება".
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საზოგადოებას შეახსენებს, რომ მიმდინარე წლის 1 ნოემბერს იწურება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა.
„ქონების გადასახადის (მათ შორის მიწის) გადამხდელი ფიზიკური პირები ვალდებული არიან, წარმოადგინონ ფიზიკური პირის ქონების გადასახადის 2025 წლის წლიური (2024 წელს მიღებული შემოსავლების მიხედვით) დეკლარაცია არა უგვიანეს, მიმდინარე წლის 1 ნოემბრისა და გადაიხადონ კუთვნილი გადასახადი არა უგვიანეს 15 ნოემბრისა.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, იხილოთ ბმულები:
https://rs.ge/PersonsTaxFAQ?cat=5&tab=1
https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=1589
ვიდეო ინსტრუქცია:
https://www.youtube.com/watch?v=9iMXptuh5ro
სასურველი ინფორმაციის მისაღებად ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ციფრული სერვისებით - “RS ჩათი“ და “RS ბოტი“ ან დაუკავშირდეთ საკონსულტაციო სატელეფონო ცენტრს 2 299 299
საერთო ჯამში 250 ათასზე მეტ ფიზიკურ პირს, დეკლარაციის წარდგენის ვადის შესახებ, საინფორმაციო ხასიათის მოკლე ტექსტური შეტყობინება გაეგზავნება შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულ მობილურ ნომრებზე", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.