USD 2.7127
EUR 3.1386
RUB 3.3552
Тбилиси
КГБ და ოზურგეთელი ოთარ თენეიშვილის "მაშველი რგოლი" ტარივერდიევისთვის
дата:  1645
სანამ სათაურს გავშიფრავდე, ჯერ მიქაელ ტარივერდიევზე ვიტყვი: ამ ფოტოზე ის ძველებური საკრავი ინსტრუმენტის ფონზეა აღბეჭდილი, რომელიც ფირმა "პარკერის" ფისჰარმონიაა და გებელსის ნაქონია. თუმცა, ამაზეც ცოტა ქვემოთ.
 
ტარივერდიევი, რომ წარმოშობით თბილისელი იყო, ინგოროყვას ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის ფასადზე მემორიალური დაფაც ცხადყოფს. ზოგადი საშუალო განათლების მიღების შემდეგ პროფესიული დაოსტატებისთვის მოსკოვს მიაშურა, სადაც ბედმა პედაგოგად და მფარველად არამ ხაჩატურიანი არგუნა. გაუმართლა და ძალიან დიდ სიმაღლეებს მიაღწია - მის კინომუსიკას და თავად მას, როგორც უბადლო მელოდისტს, საყოველთაოდ აღიარებული პლანეტარული მეტრების - ენიო მორიკონესა და ნინო როტას შემოქმედებით საზღვრებში მოიაზრებდნენ. მადლიერი მსმენელები აღმერთებდნენ. განსაკუთრებით ქალები. თავადაც მათი დიდი ტრფიალი გახლდათ. ერთხელაც ასეთი თავდავიწყება ძალიან ძვირად დაუჯდა:
 
ულამაზეს მსახიობ ლიუდმილა მაქსაკოვასთან თავბრუდამხვევი სამწლიანი რომანი ჰქონდა. ერთ-ერთი ღამის გასეირნებისას ტარივერდიევის მანქანის საჭეს მაქსაკოვა მართავდა. მოულოდნელად გზაზე საიდანღაც მამაკაცი გამოვარდა. მაქსაკოვამ დამუხრუჭება ვერ მოასწრო, მამაკაცი ისე გაიტანა. ადგილზევე გარდაცვლილი მსხვერპლი ნასვამი აღმოჩნდა. ტარივერდიევმა მაქსაკოვას სასწრაფოდ საჭესთან ადგილი გაუცვალა და სავალალო ავარია თავის თავზე აიღო.
 
დაიწყო მტანჯველი სასამართლოების 2-წლიანი რეზონანსული პროცესი. საგულისხმოა, რომ მიმდინარე პროცესიდან მაქსაკოვა თანდათან დისტანცირდა, რაც ტარივერდიევისთვის თავზარდამცემი აღმოჩნდა. ხოლო განაჩენის გამოცხადების დღეს კი დივა თავის მეგობრებთან ერთად სულაც სადღაც გაემგზავრა. ამან ტარივრდიევი სრულ შოკში ჩააგდო.
 
საბოლოოდ, როგორც იქნა, კომპოზიტორს 2 წელი მიუსაჯეს. თუმცა, სასჯელი სასამართლო პროცესების ხანგრძლივობის ამავე ვადით გაიქვითა. ამ განცდებმა ტარივერდიევს გულზე დაარტყა:
 
- Это было не любовь, а болезнь!!! - მოკლედ და მწარედ დაასკვნა მან.
ამ ამბით მოგვიანებით კინორეჟისორი ელდარ რიაზანოვი დაინტერესდა და ფილმის სიუჟეტად აქცია. ტარივერდიევი დიდხანს, დიდხანს ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ რიაზანოვი შეუვალი აღმოჩნდა და არ დათმო. მეტიც, ტარივერდიევი ფილმზე "ვაგზალი ორისათვის" კომპოზიტორად დაამტკიცა!!!
 
რაც შეეხება ფოტოზე აღბეჭდილ ფისჰარმონიას: მიკის (ასე ეძახდნენ ტარივერდიევს) "ვაინბახის" ფირმის პატარა, კაბინეტური ფისჰარმონია ადრეც ჰქონდა, მაგრამ მეგობარს გაუცვალა როიალ "სტენვეიში". საფორტეპიანო ბაზარზე "სტენვეი" მაშინ პლანეტარული ბრენდი და ტრენდი გახლდათ. არადა, კომპოზიტორი ორღანის ჟღრიალა ტემბრს ვერ ელეოდა და ინსტრუმენტს დიდხანს უშედეგოდ ეძებდა.
ერთ დღესაც მის ბინაში მოხუცი თაყვანისმცემლის ტელეფონის ზარი გაისმა:
 
- ძალიან მიყვარს თქვენი მუსიკა. გავიგე, რომ ორღანს ეძებთ. მე გებელსის ნაქონი "პარკერი" მაქვს. მარტოხელა ვარ და ვის დავუტოვო? მოდით და წაიღეთ!!! ...დავუბრუნდეთ მიკის განსაცდელებს: შემდეგი დარტყმა მას მოსკოვის დიდ თეატრში ელოდა. მთავარ პარტიებში ნინო ანანიაშვილისა და ანდრის ლიეპასათვის დაკვეთილი ბალეტის ("ქალიშვილი და სიკვდილი") დადგმა იური გრიგოროვიჩმა მოულოდნელად გადაიფიქრა! წლების მანძილზე ტარივერდიევის ქანცგამწყვეტი შრომა სულ ამაო და წყალში გადაყრილი აღმოჩნდა. არადა, მისთვის ბალეტის დადგმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. თავად განსაჯეთ: ის, რამაც მიკის საყოველთაო აღიარება მოუტანა, მაინც მსუბუქი ჟანრის მუსიკად ითვლებოდა. მას კი უნდოდა დაემტკიცებინა, რომ კლასიკური ჟანრებიც არანაკლებ ხელეწიფებოდა!!! ...
 
 
ტელესერიალ "გაზაფხულის 17 გაელვების" მუსიკამ ტარივერდიევის რეიტინგი პიკზე ააგდო და არნახული პოპულარობა მოუტანა. თუმცა, მოხდა ისე, რომ სერიალის რეჟისორ ტატიანა ლიოზნოვას სამუდამოდ დაემდურა. სცენარისტი იულიან სემიონოვი მიკისთან განუწყვეტლივ ჩიოდა:
- ჩემს სცენარს პატივს არ სცემს, უდიერად ეპყრობა და თვითნებურად ცვლისო!!! ერთხელაც, ამით შეგულიანებულმა მიკიმ ლიოზნოვას უთხრა:
- Таня, ты не права!
 
ლიოზნოვა სრულიად გაცოფდა. საშინელი სკანდალი მოაწყო და ლამის ყველაფერი დალეწა. საბოლოოდ კი გაავებულმა ლიოზნოვამ ტარივერდიევი სერიალის შემქმნელთა უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოზე წარსადგენ სიაში არ შეიყვანა. თუმცა, იმ სიაში ოპერატორიც კი არ გამოუტოვებია. ბუნებრივია, ამან ტარივრდიევი ძალიან დაამცირა და ლიოზნოვასთან ურთიერთობას საბოლოოდ წერტილი დაუსვა (თუმცა, მიკიმ ის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო მოგვიანებით მაინც მიიღო. ოღონდ, ელდარ რიაზანოვის ფილმ "ბედის ირონია ანუ გაამოთ" შემოქმედებით ჯგუფთან ერთად).
 
"გაზაფხულის 17 გაელვების" გამო ტარივერდიევის ნერვიულობა ამით არ დამთავრებულა. მთავარი დარტყმა - საშინლი დარტყმა - ჯერ კიდევ წინ ელოდა: ფილმის მუსიკის პოპულარობის მზარდი დინამიკა გრანდიოზულ მასშტაბებს აღწევდა. ერთ-ერთ უპრესტიჟულეს ფესტივალზე ("Песня Года") აბსოლუტურად ყველა ჯილდო "გაელვების" მუსიკამ მოხსნა. კონცერტის შემდეგ უბედნიერეს ტარივერდიევს კულისებში შეატყობინეს, რომ "გაელვების" მუსიკის პლაგიატის გამო საზღვარგარეთიდან საპროტესტო ტელეგრამა მოვიდა და ამიტომ დილით სსრკ კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე ტიხონ ხრენნიკოვთან იბარებდნენ. ტარივერდიევს ეს ჯერ ხუმრობა ეგონა. თუმცა, უთხრეს, რომ საქმე სერიოზულადაა და ხრენნიკოვი მას მოუთმენლად ელის!
 
მეორე დღეს ხრენნიკოვის მისაღებში მიკის აჩვენეს საერთაშორისო სატელეგრამო გზავნილი პარიზიდან, რომელსაც მიბმული ჰქონდა რუსულენოვანი თარგმანი:
-
Поздравляю
 
с успехом моей музыки в вашем фильме. Композитор Френсис Ли.
თითქოსდა, საქმე ეხებოდა Fransis Lai-ს მუსიკის პლაგიატს რეჟისორ არტურ ჰილერის საქვეყნოდ პოპულარული ოსკაროსანი ფილმიდან "Love story".
 
ტარივერდიევი გაოგნდა. კინაღამ გული გაუჩერდა. საკითხი უკიდურესად გასკანდალდა! ყოველ ფეხის ნაბიჯზე მზარდი დინამიკით იქოქებოდა. ყველა მოურიდებლად პირში ახლიდა:
 
- მართალია, რომ თქვენი პლაგიატის გამო საბჭოთა კავშირმა ფრენსის ლის 100-ათას დოლარიანი კომპენსაცია გადაუხადა? თუმცა, მისი პასუხი არავის აინტერესებდა, არავინ უსმენდა!
 
ტარივერდიევის ცხოვრება სრულიად გაუსაძლისი გახდა! სადაც იყო, გული გაუსკდებოდა!
 
და სასოწარკვეთილმა, რომ იტყვიან, თავზე ხელი აიღო: მოსკოვში საფრანგეთის საელჩოში დარეკა და კულტურის ატაშესთან დაკავშირება ითხოვა. დააკავშირეს (დღეს ალბათ ყველა გაიოცებს, მერე რა მოხდაო. მაგრამ იმ დროს ეს აბსოლუტურად სასიცოცხლო რისკი იყო!!!).
ტარივერდიევმა და ატაშემ მეორე დღეს შეხვედრა კომპოზიტორთა კავშირთან დათქვეს. შეხვდნენ. კავშირის კაფეში ყავა დალიეს. ატაშემ განუცხადა, ამ სკანდალში საელჩო საერთოდ არ ფიგურირებსო. მიკიმ სთხოვა, რომ პირადად ფრენსის ლის გამოხმაურება სჭირდებოდა. ატაშემ მეორე დღეს მიკი საფრანგეთის საელჩოში დაიბარა და პირადად ფრენსის ლისთან ტელეფონით დაკავშირებას შეპირდა. შეთანხმდნენ.
მანქანის დაძვრისთანავე მიკიმ შეამჩნია, რომ უშიშროების შავი, დაბურულ მინებიანი მანქანა აედევნა. სახლში მისვლისთანავე ტელეფონით თავის დას - მირას დაურეკა. მირას პასუხისთანავე მიკიმ ყურმილში რაღაც ტკაცუნი გაიგონა და მიხვდა, რომ უკვე უსმენდნენ. მიუხედავად ამისა, მირას მაინც ყველაფერი წვრილად მოუყვა და დასძინა, რომ საელჩოში აუცილებლად წავიდოდა. წავიდოდა, რადგან დასაკარგი უკვე აღარაფერი ჰქონდა; რომ მისმა ცხოვრებამ აზრი დაკარგა და ასეთ გამწარებულ ყოფას მეტს ვეღარ გაუძლებდა.
 
ოც წუთში კარზე ზარი გაისმა და КГБ- დან ორი ახალგაზრდა წარუდგა. უთხრეს, რომ მათი უწყება ამ მეგასკანდალის კურსში იყო, მაგრამ აქამდე არ ერეოდა. ამიერიდან კი ჩაერეოდა და საქმეს თავად მოაგვარებდა. ხოლო თუკი ტარივერდიევი არ დაიშლიდა და ხვალ საფრანგეთის საელჩოში ატაშესთან შესახვედრად მაინც წავიდოდა, პერსონალურ დოსიეს საბოლოოდ გაიფუჭებდა და შემდგომი მოსალოდნელი სამწუხარო შედეგების განჭვრეტა მისთვის რთული არ უნდა ყოფილიყო.
 
და აი, აქ უკვე დროა ამ პოსტის სათაური გავშიფრო: მეორე დღეს ტარივერდიევს სახლში ოთარ თენეიშვილი ეწვია, რომელიც წლების მანძილზე პარიზში "Совэкспортфильм"-ის წარმომადგენელი გახლდათ.
 
- მიკი, მე ძალიან კარგად ვიცნობ ფრენსის ლის. აღარ ინერვიულო. სიტყვას გაძლევ, რომ პირადად დავუკავშირდები და ის აუცილებლად გამოგეხმაურება. და ეს უმსგავსობაც აუცილებლად დასრულდება!
 
ოთარ თენეიშვილმა სიტყვა შეასრულა. მართლაც, სამ დღეში პარიზიდან ფრენსის ლის ტელეგრამა მოვიდა, სადაც ის კატეგორიულად იუწყებოდა, რომ მიქაელ ტარივერდიევთან და მის მუსიკასთან პრეტენზიები საერთოდ არ ჰქონდა!!!
ამით ოთარ თენეიშვილმა ტარივერდიევის ცხოვრებაში გრანდიოზული დიპლომატიური როლი შეასრულა - მაშველი რგოლის ფუნქცია იკისრა და მიკის რეაბილიტირება მოახდინა!!!
 
წარმოშობით ოზურგეთელი ოთარ თენეიშვილი, რომელზედაც მოგახსენებთ, მოსკოვში მეტად გავლენიანი პერსონა იყო. არაერთ საპასუხისმგებლო დონეზე პოზიციონირებდა. მათ შორის, უცხოეთშიც. ერთი ხანობა იგი პარიზში საბჭოთა კავშირის კულტურის ატაშეც კი გახლდათ და ლამის პლანეტარული კავშირები გააჩნდა.
 
როგორც ადგილობრივი თეატრის თბილისიდან მივლინებული კურატორი (იყო მაშინ ასეთი პრაქტიკა) მე მას ერთხელ შევხვდი ოზურგეთში. ნემიროვიჩ-დანჩენკოს სახლ-მუზეუმის გახსნის ზეიმსა და მახარაძის თეატრის 120 წლის იუბილეზე იგი მოსკოვის МХАТ-ის დელეგაციას ახლდა. ახლაც თვალწინ მიდგას: ბანკეტზე ეს ერთობ პუტკუნა სიმპათიური მამაკაცი როგორი საოცრად დახვეწილი ელეგანტურობითა და, თქვენ წარმოიდგინეთ, ელასტიურობითაც კი ცეკვავდა ულამაზეს მსახიობ ირინა აკულოვასთან. მათი დუეტის ცქერა მართლაც სიამოვნება იყო.
ამ ზეიმს კი უბადლოდ მასპინძლობდა კიდევ მეორე ოთარ თენეიშვილი - მაშინდელი მახარაძის რაიონის თავკაცი, განთქმული მეურნე და ორგანიზატორი (დღეს რომ მენეჯერს ეძახიან). იგი, სამწუხაროდ, პოლიტიკურ ინტრიგებს შეეწირა: როცა ქვეყნის ახლად დანიშნულმა მაშინდელმა ლიდერმა პირადი შურისძიების გამო სოლიკო ხაბეიშვილი დააპატიმრა, ელდაზე სოლიკოს ინფარქტი დაემართა და კლინიკაში გადაიყვანეს. რა თქმა უნდა, ხაბეიშვილი ყველამ გაწირა და აღარავინ ეკარებოდა. ერთადერთი, ვინც კაცურად მოიქცა, სწორედ ოთარ თენეიშვილი იყო. მიუხედავად იმისა, რომ იცოდა - იმ ნაბიჯს არ შეარჩენდნენ, კლინიკაში გასამხნევებლად მეგობარი მაინც მოინახულა. ეს სოლიდარობა ძვირად დაუსვეს: მართლაც, მეორე დღეს თენეიშვილიც დააპატიმრეს.
 
მაგრამ დავუბრუნდეთ კვლავ ტარივერდიევს: აღსანიშნავია, რომ ფრენსის ლის კინომუსიკიდან ძალიან პოპულარულია აგრეთვე კლოდ ლელუშის ფილმ "ქალი და მამაკაცის" კომპოზიციები (თუნდაც, "შაბადაბადა"). საგულისხმოა, რომ "გაელვებისეულ" პლაგიატად ფრენსის ლიმ თითქოს მიიჩნია "Love story"-ს პლანეტარული ჰიტის საწყისი ორი-სამი აკორდი, რომელიც იდენტურიაო კაფე "ელეფანტში"ცოლთან შტირლიცის კონსპირაციულ-დისტანციური პაემანის მზარდი ექსპრესიით გამორჩეულ საფორტეპიანო აკომპანიმენტთან (ამ უკანასკნელის მოსმენა მყისიერად შეგიძლიათ ამავე პოსტში - ტარივერდიევის ფოტოილუსტრაციის რუსულ ტექსტზე მიბმულ ინტერნეტ პარამეტრის შეხებისთანავე. და კიდევ: ამ პოსტის მერე შემდეგ მომდევნო პოსტად ვაქვეყნებ ვიდეოკლიპით ილუსტრირებულ ფრენსის ლის "Lav story"-ს კომპოზიციას სტეპან ჰაუსერისა და ლოლას შესრულებით. ვაქვეყნებ, რათა მკითხველმა თავად შეძლოს შედარება.).
 
მაინც საიდან გაჩნდა ვითომდა ფრენსის ლის ის საბედისწერო დეპეშა? გამოითქვა აზრი და ვარაუდი, რომ თითქოს ამ პროვოკაციის ავტორი ტარივერდიევის "17 გაელვების" მუსიკის გრანდიოზული ფურორით დაბოღმილი კომპოზიტორი ნიკიტა ბოგოსლოვსკი იყო. რომ თითქოს მან ცენტრალური ფოსტიდან საერთაშორისო დეპეშის ცარიელი ბლანკი წამოიღო. სახლში საბეჭდ მანქანაზე ფრანგულად აკრეფილი ტექსტი ტელეგრამის კვალობაზე წვრილ ლენტებად დაჭრა და ბლანკს დააკრა. რუსული თარგმანიც სკრეპით მიაბა. მერე წაიღო და ტიხონ ხრენნიკოვის მაგიდაზე მალულად დატოვა! მაგრამ ეს ვერსია ოფიციალურად ვერ დადასტურდა.
 
თუმცა, პირადად მე სარწმუნო მგონია, რადგან ნანახი მაქვს დოკუმენტური ფილმი ძალიან კარგ კინოკომპოზიტორ ალექსანდრ ზაცეპინზე (გაიდაის ფილმების მუსიკალური კომპოზიციების უცვლელ ავტორზე). იმ ფილმში ზაცეპინი ამბობს, რომ პარიზში საცხოვრებლად გაქცევა მას სწორედ ნიკიტა ბოგოსლოვსკის პროვოკაციამ აიძულა. მისი კინომუსიკის პოპულარობით დაბოღმილმა ბოგოსლოვსკიმ საბჭოთა КГБ-ეს აცნობა, რომ უცხოეთში ტურისტად მყოფმა ზაცეპინმა ერთ-ერთ რესტორანში დაკვრით უცხოური ვალუტა გამოიმუშავა და ეს საბჭოთა შესაბამის ორგანოებს დაუმალა. ამ "ჩაშვებამ" ზაცეპინს ცხოვრება დაუნგრია და დიდი წვალებით, როგორც იქნა, ბოლოსდაბოლოს პარიზში გაიქცა. ისე, კაცმა რომ თქვას, საესტრადო მუსიკის ჟანრში თავად ბოგოსლოვსკიც არ იყო ცუდი ავტორი. კარგი სიმღერები ჰქონდა. მაგრამ, ალბათ რაკი კინოში არ იყო მოთხოვნადი, ფილმების კომპოზიტორად არ იწვევდნენ, ამას ვერ ინელებდა და წარმატებული კოლეგების შურდა. არადა, იმ დროის კვალობაზე კინოში ძალიან დიდი ჰონორარები იშოვებოდა. მგონი, სწორედ ამან დაბოღმა ბოგოსლოვსკიც (ბედის ირონიით, რა გვარს არცხვენდა?!). მე ისიც მიკვირს, ორი ამხელა რეზონანსული სკანდალის ფონზე, ბუზიც რომ ვერ აუფრინეს. მაგრამ, რატომ მიკვირს? КГБ-ეს "სტუკაჩი" ყოფილა და ბუზს ვინ აუფრენდა?!
 
ისევ ტარივერდიევს მივუბრუნდეთ: ამდენ განსაცდელებს, დარტყმებს, სტრესებსა და ნერვიულობას მიკის გულმა ვეღარ გაუძლო და საოპერაციო გახდა. ლონდონის სამეფო ჰოსპიტალში აორტის ხელოვნური სარქველი ჩაუდგეს. ხუმრობდა, რკინის გული მაქვს 40-წლიანი გარანტიითო. ეს იმიტომ, რომ აორტის ხელოვნური სარქველის მეტალი ამერიკული მრავალჯერადი კოსმოსური ხომალდის Spase Shuttle-ს გარსის მეტალის შენადნობის ანალოგი გახლდათ. მაგრამ "შატლის" გარანტიამ არ იმუშავა. მიკის გული კვლავ საოპერაციო გახდა. ოპერაციის დღეც დაინიშნა. სიმხნევის მოსაკრებად და განწყობის ასამაღლებლად ოპერაციამდე ორი დღით ზღვაზე გაემგზავრა. თუმცა, სასტუმროს აივანზე ზღვის ულამაზესი ხედით დასატკბობად და სუფთა ჰაერის ჩასასუნთქად გასულს გული სამუდამოდ გაუჩერდა!!! ...
მართლაც, ტყუილად არ ამბობენ ფრანგები: "სე ლა ვი!!!" ...
 
ავტორი:
 
 
 
 
общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати