USD 2.6971
EUR 3.1405
RUB 3.4134
თბილისი
BMG: ბიზნესისთვის ხელისშემშლელ ფაქტორებში ლარის კურსი კვლავ პირველ ადგილს იკავებს - BAG ინდექსი
თარიღი:  516

2025 წლის პირველ კვარტალში ბიზნესისთვის ხელისშემშლელ ფაქტორად კვლავ ლარის კურსი დასახელდა. ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მერ გამოქვეყნებული BAG ინდექსშია აღნიშნული.

გამოკითხვის ავტორები აღნიშნავენ, რომ 2025 წლის I კვარტალში, 2024 წლის IV კვარტალთან შედარებით, გაიზარდა იმ კომპანიების წილი (9 პროცენტული პუნქტით), რომლებიც თვლიან, რომ მათი ბიზნეს საქმიანობისთვის ხელის შემშლელი ფაქტორები არსებობს.

აღნიშნულ პერიოდში ბიზნეს საქმიანობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხელის შემშლელი ხუთი ფაქტორია: ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა, სპეციალისტების ნაკლებობა, სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები, სამუშაო ძალის ნაკლებობა და მოთხოვნის სიმცირეა.

„ბიზნესის ხელისშემშლელ ფაქტორებში პირველი ადგილი დაიკავა ეროვნული ვალუტის კურსის არასტაბილურობამ, მაშინ როცა ეს ფაქტორი უკვე დიდი ხანია მეოთხე, მეხუთე ადგილს იკავებდა ხელისშემშლელ ფაქტორებს შორის, რაც მიუთითებს ქართული ბიზნესის და შესაბამისად ეკონომიკის სენსიტიურობაზე ეროვნული ვალუტის კურსთან მიმართებით“, - ნათქვამია BAG-ის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

რაც შეეხება შემაფერხებელ ფაქტორებს სექტორებისა და საწარმოთა ზომის მიხედვით, 2025 წლის I კვარტალში, ისინი ასე გამოიყურებოდა:

  • ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა განსაკუთრებით პრობლემურია ვაჭრობის სექტორში (78%) და მცირე ბიზნესისთვის (42%);
  • სპეციალისტების ნაკლებობა ყველაზე მწვავედ იგრძნობა მშენებლობის სექტორში (60%) და საშუალო ზომის კომპანიებში (45%);
  • სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები თითქმის თანაბრად აწუხებს ყველა ზომის კომპანიას, განსაკუთრებით კი მშენებლობის სექტორს (50%);
  • სამუშაო ძალის ნაკლებობა ყველაზე მეტად მშენებლობის სექტორში (60%) დგას, მცირე და მსხვილი ზომის კომპანიებისთვის კი თანაბრად პრობლემურია (21-21%);
  • მოთხოვნის სიმცირე ყველაზე მეტად ვაჭრობის სექტორს (33%) აწუხებს, თუმცა მშენებლობის სექტორში ეს პრობლემა საერთოდ არ აღინიშნება.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ხელის შემშლელ ფაქტორებს შორის, წინა კვარტალთან შედარებით, ყველაზე მეტად ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობის პრობლემა გამძაფრდა (18 პროცენტული პუნქტით), ხოლო ყველაზე მეტად სამუშაო ძალის ნაკლებობის პრობლემა შემსუბუქდა (21 პროცენტული პუნქტით) (იხილეთ გრაფიკი 14). ამასთანავე, 2025 წლის I კვარტალში იმ კომპანიათა წილი, რომლებიც ხელის შემშლელ ფაქტორად მოთხოვნის სიმცირეს ასახელებენ 14 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, რის გამოც აღნიშნული ფაქტორი ბიზნეს საქმიანობისთვის ხელის შემშლელ ყველაზე მნიშვნელოვან ხუთ ფაქტორს შორის მოხვდა.

ცნობისთვის, BAG ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი გამოითვლება BAG-ის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების გამოკითხვის საფუძველზე. კითხვარის მეშვეობით კომპანიები აფასებენ თავიანთ მიმდინარე მდგომარეობას და მომდევნო ექვსი თვის მოლოდინს. კომპანიები, ასევე, აფასებენ გაყიდვების, გაყიდვების ფასების, დასაქმებულთა რაოდენობის და დასაქმებულთა ანაზღაურების ცვლილებას გასულ და მიმდინარე კვარტალებში და აფიქსირებენ მოლოდინს მომდევნო კვარტალისთვის. დამატებით, კომპანიები ასახელებენ თავიანთი ბიზნეს საქმიანობისთვის ხელის შემშლელ ფაქტორებს, აფიქსირებენ გაცვლითი კურსის შესახებ არსებულ მოლოდინს, აფასებენ ფინანსებზე ხელმისაწვდომობას და საინვესტიციო გარემოს. აღნიშნული ინდექსის ფარგლებში, BAG-ის წევრები და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიები გადანაწილდა ოთხ სექტორში: ვაჭრობა, მომსახურება, მრეწველობა და მშენებლობა. 2025 წლის პირველი კვარტალის გამოკითხვა ჩატარდა 2025 წლის 17 თებერვალი - 5 მარტის პერიოდში.

BAG ინდექსს საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ყოველკვარტალურად აქვეყნებს 2019 წლიდან. BAG ინდექსი მოიცავს ასოციაციის წევრებისა და მათ ბიზნეს ჯგუფებში შემავალი კომპანიების მმართველი მენეჯერების შეფასებას ბიზნეს კლიმატის, დასაქმების ბარომეტრის და საინვესტიციო გარემოს შესახებ. BAG ინდექსი, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, PMC კვლევითი ცენტრისა და IFO ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის ერთობლივი პროდუქტია.

წყარო:bm.ge

ეკონომიკა
საქსტატი - დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-მდე შემცირდა

დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-ს შეადგენდა, რაც ნოემბერში არსებულ 4.8%-იან ინფლაციასთან შედარებით ნაკლებია. საქსტატმა 2025 წლის დეკემბრის ინფლაციის ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა.

ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა კვლავ სურსათმა იქონია, სადაც ფასები წლიურად 8.8%-ით არის გაზრდილი. უფრო დეტალურად ჯგუფების მიხედვით ინფლაცია ასე ნაწილდება:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.98 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (18.4%), ხილი და ყურძენი (15%), პური და პურპროდუქტები (14.3%), ყავა, ჩაი და კაკაო (10.1%), ზეთი და ცხიმი (10.1%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (8.2%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (7.6 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (7%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (6.1%), ბოსტნეული და ბაღჩეული (0.1%);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 7%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.56 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (9.1%), საავადმყოფოების მომსახურების (9%) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (5.3%) ქვეჯგუფებზე;

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.4%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.28 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (7.3%), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (1.3%).

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის