USD 2.8082
EUR 2.9174
RUB 2.7198
Тбилиси
ბიზანტიურ გამოთქმა: ,,იბერები - მძვინარე, ამაყი მეომრები, მეათე ფუტამდე აჭიმულნი"
дата:  486
ზოგჯერ მსაყვედურობენ, ან ეჭვით მზვერავენ იმის გამო რომ ,,საკმარის პატივს არ ვცემ" სხვა მკვლევრებს, მაგრამ მაინც ვიტყვი, თითქმის არცერთი ქართველი ისტორიკოსის ნაშრომში არაა განჭვრეტილი არსებითი - ეპოქის საზოგადოებრივი აზრი.
ისტორიის შესწავლა დავიწყე მე-12 საუკუნის ქართული საზოგადოებრივი აზრის კვლევით, მეორეს მხრივ კი ვსწავლობდი მეზობელ ხალხთა შეხედულებებს ქართველთა შესახებ, ამ წერილში სწორედ ამ უკანასკნელზე მინდა მოგიყვეთ.
ასეთი მსჯელობისას ამოსავალი უნდა იყოს სხვადასხვა წყაროთა თანხვედრა, ხაყანი ერთგან ქართველთა მეფეს ,,ზვიადი ერის წინამძღოლად" მოიხსენიებს, ზოგ შემთხვევაში კი ქართველები შედარებული არიან ყურანის ,,ადის" ტომელებს - ამაყ და ამპარტავან ხალხს.
ყველაზე საყურადღებოა ბიზანტიური
რენესანსის მამის - პსელოსის ცნობა, ქართველთა დახასიათებისას იგი რამდენჯერმე (!) იყენებს ქედმაღლობის აღმნიშვნელ ბიზანტიურ გამოთქმას - ,,მეათე ფუტამდე აჭიმული" - ,,იბერები - მძვინარე, ამაყი მეომრები, მეათე ფუტამდე აჭიმულნი".
გულუბრყვილობა იქნება მე-12 საუკუნის ავტორთა ამ დახასიათებებში მხოლოდ ქართველთა ნაციონალური ფსიქოპორტრეტის ამოვიკითხოთ, სინამდვილეში აქ საქმე კონკრეტული სოციალური ფენის - მოყმე/ჭაბუკთა, ანუ რაინდთა იდეოლოგიასთან გვაქვს, რომელიც ამრეზით უყურებს არა მხოლოდ უცხოელებს, არამედ ვაჭარ-ხელოსანთა და რინდთა ფენასაც.
და მაინც, სად დავძებნოთ კონკრეტული მაგალითი ეპოქის ქართული ,,ამპარტავნების", რაც ასე მკვეთრად ვლინდებოდა ბიზანტიელი ავტორების გადასახედიდან ? სწორედ ამავე პერიოდში ნიკოლაოზ კათალიკოსი ბერძენთა/ბიზანტიელთა შესახებ წერს, რომ ისინი „ლბილ და დედალ“ არიან, ქართველებს კი, ამის საპირისპიროდ, აქვთ „სიქველე ჭაბუკისაი“ და ეს „საცნაურ არს ყოველთათვის“.
აღმოსავლეთში ჩასული ჯვაროსნები ქედმაღალურად უყურებდნენ ბიზანტიელებს, რადგანაც აქ რაინდობის ინსტიტუტი არ არსებობდა, ერთადერთი ქვეყანა აღმოსავლეთში, რომელსაც იგივე ინსტიტუტი გააჩნდა, იყო საქართველო, სადაც მოყმეობა/რაინდობა არსებობდა ინსტიტუციურ დონეზე და მას ,,ჴელი მოყმეობისა", ანუ პროფესია მოყმეობისა/ჭაბუკობისა ერქვა, კითხვა რომელიც აქ ისმის, შეხვდა თუ არა ევროპული რაინდობა თავის აღმოსავლურ ტყუპისცალს, ქართულ რაინდობას და მოახერხა თუ არა მისი იდენტიფიცირება ?
მე-12 საუკუნის ავტორი, უილიამ ტვიროსელი ეპოქის ერთ-ერთი გამორჩეული დიპლომატიური და კულტურული მოღვაწე იყო. ტვიროსის ამ არქიეპისკოპოსს პარიზსა და ბოლონიაში საფუძვლიანი განათლებაც ჰქონდა მიღებული. იმპერია, რომლის სამხედრო თავდაცვისუნარიანობა ისტორიულ მინიმუმზე იყო დასული, უილიამის შთაბეჭდილებით, ფემინიზირებული, უფრო მარტივად და ქართულად თუ ვიტყვით, „გადედაკაცებული“ იყო. ბერძენთა ეს „ქალური სირბილე“ და „არამამაკაცური ხასიათი“, მისი აზრით, იყო მიზეზი იმპერიის დამხობისა და განახევრებისა.
ამის საპირისპიროდ, უილიამის ჩვენებით, ქართველები გამოირჩევიან დიდი ვაჟკაცობითა და სამხედრო სიქველით (“Robustos Viribus”). უილიამის თვალსაზრისით, ბერძნები არიან „არავაჟკაცური ზნის“, „დედაკაცური ბუნების“(“Effeminatus... Molles”), ქართველები კი, მათგან განსხვავებით, გამოირჩევიან ვაჟკაცობით და „დიდი მხედრული სიქველით“ (“Multa Strenuitate Commendabiles”).
ნიკოლაოზ კათალიკოსი ბერძენთა/ბიზანტიელთა შესახებ, როგორც ვნახეთ, შენიშნავს, რომ ისინი „ლბილ და დედალ“ არიან, ქართველებს კი, ამის საპირისპიროდ, აქვთ „სიქველე ჭაბუკისაი“ და ეს „საცნაურ არსყოველთათვის“. აშკარაა, რომ სახეზეა არამხოლოდ აზრობრივი, არამედ ტერმინოლოგიური თანხვედრაც. უილიამთან ბიზანტიელთა აღწერა: “Effeminatus... Molles”, ზედმიწევნით იგივეა, რაც ნიკოლაოზ კათალიკოსის „დედალნი და ლბილნი“, ქართველთა უილიამისეულ დახასიათებას კი – “Multa Strenuitate Commendabiles”, ზუსტად თარგმნის ნიკოლაოზის „სიქველე სიჭაბუკისა“.
უფრო მარტივად და გასაგებად, ორივე ავტორი აქ გულისხმობს რაინდულ კულტურას, ,,კაცურობა", ,,მამაკაცურობა" თუ ჭაბუკობა აქ იმდენად ფსიქოლოგიური აღწერები არაა, რამდენადაც პროფესიული, უილიამი ქართველთა Robustos Viribus-ში, ისევე როგორც ნიკოლაოზი ,,სიქველე ჭაბუკობისა"-ში გულისხმობს სწორედ რაინდობას, ქართველები და ფრანგები ფლობენ ამ კულტურას, ბიზანტიელები კი არა, რის გამოც ქართველებიც და ფრანგებიც ქედმაღალურად უყურებენ ,,ფემინურ" ბიზანტიელებს.
უილიამის შეხედულება, რომ ფემინიზაცია და კაცურობის/რაინდულობის დაკარგვა იწვევს სახელმწიფოს განადგურებას, ეპოქაში ფართოდ გავრცელებული აზრი იყო, მე-13 საუკუნის ერთ უცნობ არაბულ ქრისტიანულ წინასწარმეტყველებაში (,,აღთქმა უფლისა"), რომელიც მე მოვიძიე, აღნიშნულია: ,,მამრის მამრთან აღრევის სისაძაგლის გამო ღმერთი წაიღებს ძლევას ისმაელის ძეთაგან (მუსლიმთაგან) და ქართველები დაიპყრობენ ბაღდადს".
არაბი და ლათინი ქრისტიანების თვალში, ფემინიზირებული ბიზანტიელებისგან განსხვავებით ქართველები ფლობდნენ ,,კაცურ სიქველეს" (Robustus Viribus).
ქართველებს ძალიან უყვარდათ ამ მანტიის მორგება, ჩვენს პირუთვნელ ჟამთაღმწერელსაც კი თავი მოჰქონდა, მამათმავლები თითქოს მხოლოდ სპარსელები იყვნენ, ქართველები კი სრულფასოვანი მამაკაცები, მაგრამ ჯერაც რუის-ურბნისის საეკლესიო კრების მამები შეეჩეხნენ მოულოდნელ სინამდვილეს - სოდომური ცოდვა ქართველთა შორის მასობრივად ყოფილა გავრცელებული, ეკლესიაშიც კი, მამები გაკვირვებული წერენ, არ ვიცით ქართველთა მოდგმაში ამან როგორ შემოაღწიაო, რამდენადაც ნაგულისხმევია, რომ ქართველებს სრულფასოვანი კაცურობა - Robustos Viribus აქვთ, მამათმავლები კი მხოლოდ სპარსელები, ბერძნები და სომხები შეიძლება იყვნენ.
შუა საუკუნეების ქართული ნაციონალიზმი ეფუძნებოდა ორ მითს: 1. ქართველებს ყოველთვის შეურყვნელი რწმენა ჰქონდათ, 2. ქართველთა მოდგმა ჭაბუკური სიქველის და მამაკაცური სრულფასოვნების მატარებელია, მაშასადამე ,,ქართველებში სოდომია არ არსებობს".
რუის-ურბნისის დიდი საეკლესიო კრება საპირისპირო რეალობის წინაშე აღმოჩნდა, საჭირო იყო ქართული ნაციონალიზმის საყრდენი ამ მითის გადარჩენა, ამიტომ კრებამ მიზნად სოდომიის აღმოფხვრა დაისახა, რის გამოც ერთ-ერთი ყველაზე ვრცელი მუხლი რუის-ურბნისის კრების კანონებში ეხება სწორედ სოდომიას:
,,კანონი 18
ღმრთის გამამწარებელი უბილწესი საძაგლობა, სადომელთა ცოდვა, არ ვიცით, როგორ შეეთვისა ამ მოდგმას. მან სულ ჩამოაშორა იგი და გააუცხოვა ღმერთისაგან. ვისთანაც მან განსასვენებელი პოვა, მათთვის ვადგენთ შემდეგს: მრავალგზის, მრავალი მოდგმის მიერ მრავალი და ურიცხვი ცოდვა ყოფილა ჩადენილი, როგორიცაა: მტრობა, შური, სიძულვილი, კაცისკვლა, მრუშობა, ცრუფიცობა, ბოლოს ყოველი ბოროტების საწყისი - კერპთმსახურება და თაყვანისცემის გადატანა დამბადებლიდან დაბადებულთა მიმართ. მაგრამ არც ერთი ამათგანის გამო არ აღელვებულა აუღელვებელი ღმერთი, როგორც თვითონ უთხრა აბრაამს: ”სოდომისა და გომორის ღაღადება მოვიდა ჩემამდე და ჩამოვედი სანახავად, არის თუ არა მათი ღაღადებისამებრ მათი საქმეები” (შდრ. დაბ. 18, 20-21). ამის შემდეგ ნახეთ, თუ რა მოხდა! კაცთათვის ღმრთისაგან სამსახურებლად გაჩენილი ნივთები თავისი ბუნების საწინააღმდეგოდ როგორ შეიცვლიან ბუნებრივ ძალას და უცხო ცოდვის აღსაგველად უცხო ქმედების უნარს შეიძენენ: მუდამ აღმა მოძრავი ეთერის ცეცხლის მსუბუქი ბუნება როგორც რაღაც სქელი და მძიმე, დაღმა ჩამოედინება და მძაფრი წვიმის საშინელებით ჩქეფს, გოგირდთან არეული, რათა დაფერფლოს მრავალი ადამიანის უკეთური სიბილწე. ხოლო ჰაერის ნაზი, თხელი და უფერული ბუნება, რომელიც ცოცხალ არსებათა სუნთქვისა და სიცოცხლის მიზეზია, შეიცვლის თავს ხშირი ალმურის სისქედ, ხელით საძიებელი სიბნელის ფერად და დამახრჩობელ კვამლად, ნიშნად რისხვისა. ამასთან ერთად მიწა - მყარი, მტკიცე და მასზე დამყარებულ სხეულთა მტვირთველი, ვეღარ იტვირთავს მათ საძაგელ სიბილწეს, პირველად შესძრავს თავის საფუძველს, სიღრმიდან ამოდუღებული ჰაერით ამოიტანს თავისი სიმტკიცის საფუძველს და მიწაში ჩააქცევს მათი მაღალი კოშკებისა და ტაძრების სიმაგრეს. შემდეგ გააღებს მანამდე გაუღებელ პირს და ჩაყლაპავს არა არსებებს, არამედ უკვე დამწვარ ძვლებსა და ოდესღაც ადამიანად ყოფილ რაღაც საწყალობელ ნეშტებს. წყალიც უცხოდ და შეცვლილად გამოიყურება მათთვის და აღარ არის შვების მომგვრელი და მოსახმარი. იგი მათი ნეშტის აღსახოცად მოედინება მათეული ქვეყნის მიწაზე, უფრო კი მათ საფლავად ქმნილ ჯოჯოხეთზე, ისე შეცვლილი ბუნებით სხვა წყლებისგან, როგორც ისინი აჭარბებენ სხვა ადამიანებს წრეგადასული სიბილწით. ამ ურჯულოებამ უმრავლესი ქვეყნების დამპყრობელი ასურასტანელთა სამეფო სპარსთა და მიდთა ტყვედ აქცია და სრულიად აღმოფხვრა სახსენებელი არა მხოლოდ მეფისა და ძალაუფლების მქონეთა, არამედ საერთოდ მათი კაცობისა. ამ ცოდვამ სომეხთა დიდი და მსოფლიოს ყველა მხარეში ხმაგავარდნილი მოდგმა, მათი სამეფოთი და მთავრებით, არა მარტო დაამხო და დაამდაბლა, არამედ სულ მოსპო კაცთა შორის მათი სახელი. დღეს ვერ იპოვი მათ შორის ვერც მეფესა და ვერც მთავარს, რომელსაც დაუმონებელი თავისუფლება ჰქონდეს, მთელი დედამიწა რომ მოიაროთ. ამ სიბილწემ სპარსელთა მაღალი და რომის სამეფოს მარად მოწინააღმდეგე სამფლობელო მხეცის ბუნების მქონე ავაზაკი კაცების თავდასხმებით მიწამდე დაამდაბლა და აქამდე მათი ძალადობის მორჩილად დატოვა.
არ ვიცით, თუ საიდან შემოაღწია ამ უკეთურებამ ქრისტეს მოღვაწედ სახელდებულ ერში: ”რაჲ ზიარებაჲ იყო ბელიარისი ქრისტეს თანა?” (II კორ. 6,15), რომ უცხო ტომთა ხელში ჩავარდნით და მათი მახვილის მოქმედებით ისრაელის ნეშტიღა დაგვრჩა. თუ დავრჩით იმავე უკეთურებაზე, ვაი ჩემდა, თუ დავდუმდი და აღარ ვთქვი ეს ძნელი სათქმელი, ყველასთვის რომ ცხადია. ჩვენც ხომ უნდა მოვერიდოთ მას. ამისთვის ვამცნებთ ყველას - დიდსა და მცირეს, მდიდარსა და ღარიბს, მეფესა და მთავარს, აზნაურსა და მდაბიოს, მღვდელსა და არამღვდელს, მოწესესა და ერისკაცს, მოხუცს, ახალგაზრდას და შუახნის კაცს, ყველა თანამდებობას, დასს, ჯგუფს, ყველა ასაკს - განუდგეს ამ ყველა ვნებაზე უფრო საძაგელ სიბილწეს და ასე განვამტკიცებთ ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს სახელით: ყველა მართლმადიდებელ ქრისტიან, ამ სიტყვათა მსმენელ სულს, რომელიც ამ ძეგლის წაკითხვის შემდეგ არათუ მარტო არ მიატოვებს სოდომური ცოდვის სიბილწეს და საქმით არ მოიმოქმედებს ამას, არამედ თუნდაც ხუმრობით და სიტყვით იტყვის რაღაც საამისოს, ამის გამომხატველ და მიმსგავსებულ სიტყვას და საქმეს წარმოაჩენს, უთუოდ თავს დაატყდება ამ საწუთროში საშინელება და ცოცხლად ჯოჯოხეთში ჩამგდები რისხვა, გოგირდში არეული სოდომური ცეცხლის მსგავსად. ხოლო იმქვეყნად ამ ცოდვის ჩამდენს მიიღებს იგი, ვინც დადის უფლის წინაშე და სწვავს ირგვლივ ღმერთის მტრებს. ხორცის სიყვარული ღმრთის მტრობაა და ვინც გახრწნის ღმრთის ტაძარს, მას ღმერთი გახრწნის. ამასთან ერთად ჩვენგან, საღმრთო მონობის ღირსქმნილი უღირსი მონებისაგან, ვაი ჩვენდა, ისინი დაიმკვიდრებენ არა კურთხევას, არამედ საუკუნო შერცხვენასა და მხილებას".
ავტორი - ბექა ჭიჭინაძე
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати