USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Tbilisi
«CNN» (აშშ): „უკრაინის ჯარების საბრძოლო მასალებით მომარაგებაში კრიტიკულ მდგომარეობაა შექმნილი“
Date:  

ამერიკული ტელეარხის „სი-ენ-ენ“-ის (CNN) მიერ ეთერში გადაიცა ვიდეოსიუჟეტი რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტის ხაზიდან სათაურით „უკრაინის ჯარების საბრძოლო მასალებით მომარაგებაში კრიტიკულ მდგომარეობაა შექმნილი“ (ავტორი - ფრედ პლეიტგენი) , რომელშიც საუბარია უკრაინის არმიის საარტილერიო ქვედანაყოფების მძიმე მდგომარეობაზე საბრძოლო ჭურვებით მომარაგების თვალსაზრისით.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

„უკრაინელთა არტილერია საკვანძო როლს ასრულებს რუსეთის არმიის მოგერიებაში აღმოსავლეთის ფრონტზე, მაგრამ საბრძოლო მასალების უკმარისობა სულ უფრო მწვავე ხდება“, - აღნიშნავს ფრონტის წინა ხაზზე მყოფი ამერიკელი ჟურნალისტი და იმოწმებს ბახმუტთან დისლოცირებული ერთ-ერთი საარტილერიო ქვედანაყოფის - ამერიკული ჰაუბიცის (ქვემეხის) М109 „პალადინის“ განწესის მდგომარეობას: „იმის ნაცვლად, რომ მტერს ჭურვები ესროლოს, ჰაუბიცა უფრო ხშირად დუმს და უმოქმედოდ არის - არტილერისტებს ჭურვები არ აქვთ“.

„ჩვენ ძალიან გვინდა საბრძოლო ამოცანები 100%-ით შევასრულთ, მაგრამ არ შეგვიძლია“, - აღიარებს ქვემეხის განწესის მეთაური ამერიკელ ჟურნალისტთან საუბარში, - ჩემი ეკიპაჟი ჭურვებს ელოდება და როცა მივიღებთ, მზად ვართ დღე და ღამე ვისროლოთ“.

მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება. ბოლოს, საკმაო ხნის ლოდინის შემდეგ, ჭურვები მოაქვთ, მაგრამ მხოლოდ ოთხი ცალი, თანაც ისეთი, რომლებსაც რუსებისათვის სერიოზული ზარალის მიყენება არ შეუძლია. განა კვამლწარმომქნელი ჭურვი რუსებს დააზიანებს? ასეთი ჭურვები დარტყმისას არც ფეთქდებიან და მხოლოდ კვამლს უშვებენ. ეს იგივეა, რაც შუა საუკუნეებში ხდებოდა - ზარბაზნებიდან გასროლილი მუხტი ხშირად არ ფეთქდებოდა ხოლმე.

„ჩვენ სხვა არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია. ზოგჯერ ვცდილობთ ჩვენი ქვემეხით განსხვავებული კალიბრის ჭურვები გავისროლოთ, რაც კი ჩვენს ხელში აღმოჩნდება. ეს უკეთესია, ვიდრე ის, რომ ჩუმად ვიყოთ და საქმე არ ვაკეთოთ“, - ამბობს უკრაინელი ოფიცერი ფრედ პლეიტგენთან საუბრის დროს.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის შეფასებით, გასულ წელს რუსეთის სამხედრო მრეწველობამ ორ მილიონზე მეტი საარტილერიო ჭურვი დაამზადა. მასირებულმა სროლებმა ქალაქი ბახმუტი თითქმის მიწასთან გაასწორა.

უკრაინის არმიის 93-ე მექანიზებული ბრიგადის საარტილერიო დივიზიის მართვის პუნქტში მომუშავე მებრძოლებთან საუბრისას იგრძნობა, რომ ისინი ნაწყენები არიან: სადაზვერვო დრონების მეშვეობით ისინი ხედავენ, რუსები შეტევისათვის ემზადებიან, მაგრამ უკრაინელებს მოწინააღმდეგის გაუვნებლობისათვის წინასწარი დარტყმების შესაძლებლობა არ აქვთ - მეთაურების თქმით, ჭურვების ხარჯვის ეკონომია აუცილებელია.

„ისე გამოდის ხოლმე, რომ რუსების 10 გასროლის საპასუხოდ ჩვენ მხოლოდ ერთჯერ ვისვრით“, - ამბობს მეთაური, - „ჭურვებით შიმშილი უკვე აუტანელია“.

რუსეთი თვითონ აწარმოებს ჭურვებს და მას საკმაოდ დიდი სტრატეგიული რეზერვი აქვს შექმნილი. მართალია, კრემლი ხშირად საბჭოთა პერიოდის ქვემეხებითა და ჭურვებით სარგებლობს, მაგრამ ძველ საბრძოლო ტექნიკასაც შეუძლია მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება.

უკრაინელთა მტკიცებით, ისინი ცდილობენ, რომ საბრძოლო მასალების მწვავე დეფოციტის პირობებშიც კი შეაჩერონ რუსების შეტევები და ისინი უკუაგდონ. „მე პირადად  დავინახე, რომ М109 ჰაუბიცის განწესი ზუსტად ისვრის ჭურვებს რუსების პოზიციებისაკენ, მაგრამ მათ იციან, რომ თუ რუსები შეტევაზე გადმოვლენ, მათ შესაჩერებლად უფრო მეტად ძლიერი საცეცხლე უზრუნველყოფა დაჭირდებათ“, - ამბობს ამერიკელი ჟურნალისტი ფრედ პლეიტგენი, რომელიც რეპორტაჟს ფრონტის ხაზიდან გადასცემს.

წყარო: https://edition.cnn.com/videos/world/2024/01/23/exp-ukraine-ammo-shortage-pleitgen-fst-01231aseg02-cnni-world.cnn

 

society
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way