USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
«CNN» (აშშ): „მოემზადეთ: 2024 წლის არჩევნები მთელ მსოფლიოს შეარყევს“
Date:  

ამერიკული სამაუწყებლო ტელეარხის „სი-ენ-ენ“-ის (CNN) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „მოემზადეთ: 2024 წლის არჩევნები მთელ მსოფლიოს შეარყევს“ (ავტორი - დევიდ ანდელმანი, ანალიტიკოსი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

2024 წელს დაგეგმილი არჩევნები მსოფლიო სტაბილურობას შეარყევენ. ეს იქნება მართლაც შემობრუნებითი მომენტი, რადგან იმ ქვეყნებში, სადაც არჩევნები უნდა ჩატარდეს, დედამიწის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი - 4 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს. მათ სრულიად შეუძლიათ შეცვალონ მსოფლიოს სახე თავიანთი გადაწყვეტილებით.

უბრალოდ, წარმოიდგინეთ არჩევნების მასშტაბი: 2024 წელს, იანვრიდან დეკემბრამდე, არჩევნები გაიმართება აშშ-ში, რუსეთში, ევროკავშირში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ბანგლადეშში, პაკისტანში, ინდოეთში, ინდონეზიაში, მექსიკაში, ტაივანზე და ასე შემდეგ.

ექსპერტ-ანალიტიკოსთა მიერ ჩატარებული კვლევები მოწმობენ, რომ მსოფლიოში დემოკრატიით უკმაყოფილების ტენდენცია შეიმჩნევა, მატულობს უკიდურესად მემარჯვენე ხასიათის იდეების მატარებელი პარტიებისა და პოლიტიკოსების პოპულარობა.

ტაივანზე დაგეგმილ „საპრეზიდენტო“ არჩევნებს პეკინსა და ტაიბეის შორის არსებული დაძაბულობის გამწვავება შეუძლია და როგორც შედეგი, პაკინსა და ვაშინგტონის ურთიერთობებისთვის „ცეცხლზე ნავთის დასხმის“ როლს შესრულებს. დღეს ტაივანზე, რომელსაც კომუნისტური ჩინეთი თავის განუყოფელ ნაწილად თვლის, ხოლო თვითონ კუნძულს საკუთარი თავი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მიაჩნია, წინასაარჩევნო კამპანიაში მცირე უპირატესობით ლიდერობს ლი ჩინთე, რომელიც პროამერიკელია, სხვა კანდიდატები კი პირიქით, ან პეკინთან მოლაპარაკების მომხრენი არიან , ან „ოქროს შუალედის“ ძიებით არიან დაკავებულები.

რუსეთში 2024 წლის მარტის საპრეზიდენტო არცევნებში, დიდი ალბათობით , ვლადიმერ პუტინი გაიმარჯვებს. მის სავარაუდო კონკურენტად შეიძლება ალექსი ნეჩაევი იყოს, პარტია „ახალი ადამიანების“ ლიდერი და სახელმწიფო სათათბიროს წევრი, მაგრამ იგი წარმატებას ვერ მიაღწევს. ვლადიმერ პუტინის ხელახლა არჩევა რუსეთის პრეზიდენტად მსოფლიოში ძალთა განლაგების მხრივ, უახლოეს პერსპექტივაში დიდ მნიშვნელობას იძენს.

ინდოეთში არ არის გამორიცხული, რომ საპარლამენტო არცევნების შემდეგ ქვეყნის პრემიერად ისევ ნარენდრა მოდი დარჩეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანა, სადაც დღეს დემოკრატია დინამიურად ვითარდება, ინდუისტურ ეროვნულ სახელმწიფოდ გადაიქცეს, თეოკრატიასთან მიახლოებული მართვის სისტემით. ეს ნიშნავს, რომ ინდოეთი და რუსეთი ერთმანეთს კიდევ უფრო დაუახლოვდებიან. ამჯამად ინდოეთი რუსეთისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორს წარმოადგენს.

ევროკავშირს („ერთიან ევროპას“) სერიოზულად ემუქრება „მარჯვნივ გადახრა“ დღეს ევროპაში სწრაფად იკრებენ პოპულარობას მემარჯვენე შეხედულებები, ხოლო მემარჯვენეთა ბლოკი - პოლიტიკურ გავლენასა და ძალას. მემარჯვენე ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები ევროპარლამენტში შეიძლება მესამე გავლენიან ძალად ჩამოყალიბდნენ. რასაკვირველია, ისინი წამოაყენებენ საკითხს უკრაინისადმი დახმარების შეწყვეტის, რუსეთისადმი სანქციების შესუსტებისა და იმიგრაციის შემცირების თაობაზე (ამ დროს უნგრეთი და სლოვაკეთი ტანდემში იქნებიან). ასევე შესუსტდება კლიმატისადმი კონტროლი და კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვა ევროკავშირის მასშტაბით. განხორციელდება ჩინეთისადმი მიდგომის ცვლილებაც.

აშშ-ში დონალდ ტრამპის გამარჯვებას 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში შეუძლია ძირი გამოუთხაროს დემოკრატიის საფუძველებს როგორც თვითონ ამერიკაში, ასევე მტელ მსოფლიოში. დონალდ ტრამპის გამარჯვება ძლიერ გავლენას მოახდენს ნატოზე და აშშ-ის ზოგად რიტორიკაზე - გავიხსენოთ, რომ ექს-პრეზიდენტი სიმპათიურად არის განწყობილი ვლადიმერ პუტინისა და ვიქტორ ორბანის მიმართ.

ასე რომ, 2024 წელს ამომრჩევლები მსოფლიოს ისეთ სახეს განსაზღვრავენ, რომელშიც ცხოვრება მოგვიხდება. უნდა მოვემზადოთ.

წყარო: https://edition.cnn.com/2023/12/18/opinions/big-world-elections-2024-andelman/index.html

 

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way