USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
თბილისი
ანა ალასანია - გოგონა, რომელმაც მომავალი მეღვინეობა-მევენახეობას დაუკავშირა
თარიღი:  1373

გოგონა, რომელმაც მომავალი მეღვინეობა-მევენახეობას დაუკავშირა - 

ანა ალასანია ბორდოდან თავის ამბავს გვიამბობს

წყარო:https://www.marketer.ge/

ღვინის კულტურას საქართველოში მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. აქაური ჯიშები სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს ხშირად აოცებს. ჩვენ კი, ჩვენი მხრიდან, ვცდილობთ ამ ისტორიას პატივი ვცეთ და ტრადიციები უცვლელად შევინარჩუნოთ. სწორედ ამ ისტორიამ და ტრადიციებმა გადააწყვეტინა ანა ალასანიას, საკუთარი ცხოვრება მეღვინეობა-მევენახეობისთვის დაეკავშირებინა. ის არ შეუშინდა ამ სფეროში არსებულ უამრავ გამოწვევასა და სირთულეს, ჩააბარა აგრარულ უნივერსიტეტში, რომლის ფინალურ კურსზეც ღვინის დაწურვაც მოუწია. აქ მიღებული გამოცდილება ანას დაეხმარა, მაგისტრატურა ბორდოში, ფრანგული შატოების ქალაქში გაეგრძელებინა, სადაც დღესდღეობით პრაქტიკებს გადის. უფრო ვრცლად, ზოგადად ამ დარგის, ბორდოს, ქართული კულტურისა და მისი სამომავლო გეგმების შესახებ, მარკეტერი ანას გაესაუბრა:

M: ღვინის ტექნოლოგიის დაუფლება არც თუ ისე მარტივი რამაა, რა გამოცდილება მიიღეთ ამ კუთხით საქართველოში? თუნდაც განათლების ან თუნდაც პრაქტიკის მხრივ – როგორ გახსენდებათ ეს პერიოდი?

მახსოვს, აგრარულ უნივერსიტეტში მეღვინეობა-მევენახეობა, რომ ავირჩიე ყველას უკვირდა, რატომ მოუნდა 18 წლის გოგოს მთელი მომავლის ღვინოსთან დაკავშირება. სინამდვილეში კი, მეღვინეობა-მევენახეობა რთული, კომპლექსური დარგია, რომელიც უამრავი მნიშვნელოვანი დეტალით ქმნის უნიკალურ კულტურას. უფრო მარტივად, რომ აგიხსნათ, ეს არის ერთი დიდი შემოქმედება, რომლის გაზრდაში, ჩამოყალიბებასა და, რაც მთავარია, დაღვინებაში იღებ მონაწილეობას. საქართველოში, კერძოდ კი, აგრარულ უნივერსიტეტში მიღებული გამოცდილება სიმართლე გითხრათ, უფრო მეტად ბორდოში სწავლის პერიოდში დავაფასე, როდესაც დავინახე, რომ ჩემი ქვეყნის სწავლის დონე აქაურობას არაფრით ჩამოუვარდება. მაშინ მივხვდი, თუ რამდენად დიდი და მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული ამ უნივერსიტეტის შექმნით, ამ დარგში. აგრარული უნივერსიტეტის პროგრამის განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაშიც, რომ სადიპლომო ნაშრომი მოიცავს ღვინის დაყენება – გამოშვებას. ბორდოში, სასწავლო წლის დაწყების პირველ დღეს, გვქონდა საკუთარი თავის და ქვეყნის პრეზენტაცია და მე ამაყად წარმოვთქვი: „გამარჯობა, მე ანა ვარ, ღვინის ქვეყნიდან-საქართველოდან და მე წარმოგიდგენთ ჩემ დაყენებულ ღვინოს“. პროფესორებიც და სტუდენტებიც გაოგნებულები დარჩნენ, რომ არსებობს უნივერსიტეტი, რომელიც გაძლევს შანსს, თეორიული ცოდნა გადაიტანო  პრაქტიკულ გამოცდილებაში. ამ ოთხმა წელმა, რომელიც აგრარულ უნივერსიტეტში გავიარე, მომცა ურყევი გეზი, რომელსაც დღემდე მივყვები. კიდევ ძალიან ბევრის თქმა შემიძლია, მაგრამ უფრო მოკლედ ვიტყოდი, რომ ამ უნივერსიტეტით ვამაყობ და ყოველთვის ვიამაყებ.

M: რატომ გადაწყვიტეთ ბორდოში მაგისტრატურის გაგრძელება და დღეს რა გამოცდილებას იღებთ ამ კუთხით?

მაგისტრატურაზე ბევრი არც მიფიქრია, ვიცოდი, სად მინდოდა და რა მინდოდა. მალევე დავიწყე ჩემით ძიება, და ძალიან მარტივად აღმოვაჩინე „Bordeaux Sciences Agro“, რომელიც მიიჩნევა ერთ-ერთ საუკეთესო სამაგისტრო პროგრამის მქონე უნივერსიტეტად ამ დარგში. რამაც ყველაზე მეტად მიიქცია ჩემი ყურადღება იყო „დახუნძლული“ ორწლიანი პროგრამა. თუ აგრარულ უნივერსიტეტში ყურადღება გამახვილებული იყო უფრო ტექნოლოგიებზე, ბორდოს უნივერსიტეტის ეს პროგრამა მოიცავდა თითქმის ყველა საფეხურს, რაც კი შეიძლებოდა ყოფილიყო საჭირო მეღვინე-მევენახესთვის, დაწყებული ვენახის დაპროექტებით, დამთავრებული დეგუსტაციითა და გაყიდვებით. ამ ყველაფერს თან ერთვოდა ის საინტერესო ფაქტიც, რომ უნივერსიტეტი გარშემორტყმული იყო მსოფლიოში ცნობილი და საუკეთესო შატოებით. გადაწყვეტილება მალევე მივიღე, რამდენიმე საფეხურიანი შესარჩევი ეტაპიც წარმატებით გავიარე და 2019 წლის სექტემბერს ღვინის სამშობლოდან აღმოვჩნდი ღვინის ცენტრსა და ბირთვში. უკვე თითქმის ერთი წელია რაც აქ ვარ, ვიღებ როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ გამოცდილებას, ვეცნობი სიღრმისეულად ფრანგულ ჯიშებს, ღვინის დაყენების განსხვავებულ ტექნოლოგიებს, ვენახისა და ქარხნის მენეჯმენტს, ფინანსებს, მარკეტინგსა და ა.შ.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, წარმოდგენა მიყალიბდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, თუ როგორ უმკლავდება სხვადასხვა პრობლემას, იბრძვის, იცვლება და ვითარდება ეს დარგი.

M: თქვენგან ვიცით, რომ ბორდოში, ბოლო პერიოდში, სიახლეების დანერგვას ცდილობენ, გამოდის, რომ საკმაოდ საინტერესო პროცესების შემსწრე ხართ – მოგვიყევით ამ პროცესებზე, ასევე ექსპერიმენტებზე, რომლებსაც თვალს ადევნებთ..

კლიმატის ცვლილება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია მეღვინეობის ყველა რეგიონისთვის. დღესდღეობით ვარაუდობენ, რომ ნალექიან ბორდოს არც თუ ისე შორეულ მომავალში გვალვიანი პერიოდები ემუქრება, სწორედ ამიტომ, თავშეკავებულ და დინჯ ფრანგ მეღვინე-მევენახეებში მიდის დიდი შფოთი და ორომ-ტრიალი. დაახლოებით ერთი კვირის წინ, ძალიან საინტერესო ფაქტის მომსწრე გავხდი. მაცნობეს, რომ გრანდ კრუ კლასე შატო „La Tour Carnet-ში”, რომელიც მდებარეობს ჩემი შატოს (Château Belgrave) გვერდით, სადაც ამჟამად ვმუშაობ, ჩამოიტანეს და დარგეს 25 საფერავის ნერგი. გავიქეცი თავქუდმოგლეჯილი (ნახევარ წელზე მეტია, ქართული არაფერი მინახავს), ზუსტად ორ წუთში უკვე პატარა ქართულ საფერავებს დავცქეროდი ზემოდან, პარალელურად კი, ვენახის მენეჯერს კითხვებს ვაყრიდი. აღმოჩნდა, რომ ისინი ატარებენ ექსპერიმენტს და ეძებენ ბორდოსთვის სამომავლო ვაზის ჯიშებს, რომლებიც გვალვის მიმართ რეზისტენტულობას გამოავლენენ. საფერავი კი ყველაზე გავრცელებული კახეთშია, იქ, სადაც ბორდოზე მშრალი და ცხელი ჰავაა, ამიტომ მასში დიდი პოტენციალი დაინახეს. აგრეთვე, მიუხედავად იმისა, რომ ბორდოს დიდი სახელი ღვინის სფეროში უკვე საუკუნეებს ითვლის, ბოლო რამდენიმე წელია, მეღვინეობის ამ რეგიონში კრიზისული პერიოდი დაიწყო. აღმოჩნდა, რომ კრიტიკოსებისთვის კლასიკური ბორდოს ბრენდი: კაბერნე სოვინიონისა და მერლოს ნაზავი უკვე ცოტა მოსაწყენია, ამიტომ ითხოვენ სიახლესა და მრავალფეროვნებას. ამ ყველაფერს ასევე ღვინის ახალი და განსხვავებული სამყაროს წინ წამოწევაც ერთვის, როგორებიცაა ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა, სამხრეთ ამერიკა და ა.შ. სწორედ ამიტომ, მალე კლასიკურ და კონსერვატიულ ბორდოში, ახალი აღორძინების ხანა დადგება და არ გაგიკვირდეთ, თუ მომავალში რომელიმე ცნობილი შატოს ბოთლში, საფერავის კვალსაც აღმოაჩენთ.

M: როგორც აღნიშნეთ, პრაქტიკას გადიხართ შატო „ბელგრავში“ – რა გამოცდილებაა ზოგადად შატოში მუშაობა ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანისთვის და რა სირთულეებს აწყდებით ამ კუთხით?

დიახ, ეს სამაგისტრო პროგრამა მოიცავს ორ ხუთთვიან პრაქტიკასაც, რომელიც ორივე წელს უნდა გავიარო, ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით. შატოს შერჩევა, მათთან კომუნიკაცია და ყველა მსგავსი დეტალი ჩვენით, დამოუკიდებლად უნდა მოვაგვაროთ. პრაქტიკის გასავლელად ავირჩიე მედოკის ოლქი, რადგან ოდნავ მძიმე და ტანინებით უხვი მედოკური ღვინო ჩემს გემოვნებასთან ძალიან ახლოს არის.

პირველ სირთულეს შევეჩეხე იმ წამსვე, როგორც კი მანქანიდან გადმოვედი ბარგით და ფეხი დავდგი შატო „Belgrave-ის” ტერიტორიაზე. გარშემო მიმოვიხედე და რას ვხედავ?! საქმეც იმაშია, რომ ვერაფერსაც ვერ ვხედავ, მხოლოდ ვენახებს და არანაირ ცივილიზაციის ნიშან-წყალს. შიშმა ამიტანა და გავაცნობიერე, რომ წინ ძალიან განსხვავებული გამოცდილება მელოდა. უზარმაზარი ვენახისთვის თვალის შევლებაც ვერ მოვასწარი, რომდესაც გამოჩნდა საშუალო სიმაღლის მამაკაცი, ვაზის ფოთლებით გამწვანებული ხელებით და ღვინით გაბორდოსფერებული თითებით. ხელი იდაყვით ჩამომართვა და ტერიტორიის დასათვალიერებლად წინ გამიძღვა. რიგითი მომუშავე პერსონალი მეგონა, ამიტომ მალევე გავუთამამდი და ფრანგულად უკბილო ხუმრობებიც დავიწყე. ცოტა ხანში ვიგებ, რომ ეს პიროვნება სულ რაღაც „მისიე“ შატოს დირექტორია. პირველად მაშინ გავიაზრე, რომ ბორდოს ვენახებში, ღვინოებში, გრანდ კრუ კლასე შატოებში არა მხოლოდ ფუფუნება, არამედ დიდი შრომა და უბრალოებაცაა. ყოველი სამუშაო დღე იწყება ადრე, ძალიან ადრე და არის საკმაოდ დატვირთული. ეს პერიოდი ძირითადად ვენახში მიწევს მუშაობა, რთველის დასრულების შემდგომ კი უკვე ქარხანაში გადავინაცვლებ. ჯერ არ მახსენდება ერთი დღეც კი, რაიმე ახლის შეცნობის გარეშე. ყოველდღიურ ფიზიკურ სამუშაოს, თან ერთვის მუდმივი განვითარება და ცოდნის ამაღლება. თავდაპირველი შიშები, სირთულეები და ძლიერი დაღლილობა მთლიანად შთანთქა გარემომ, რომელიც სავსეა საინტერესო სიახლეებით, მცოდნე, გამოცდილი და ვითომ ცივი, მაგრამ სინამდვილეში თბილი ფრანგებით. ყველა მიმდინარე პროცესში ჩართული ვარ, ვიცი, რომელი ვენახის ნაკვეთს რა პრობლემა აქვს და როგორ უნდა გავუმკლავდეთ მას, შევისწავლე, თუ როგორ მუშაობს მთელი შატოს სისტემა და უკვე მეც გრანდ კრუ კლასეს შატოს დიდი ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლი ვარ – გამწვანებული ხელებით და გაბორდოსფერებული თითებით.

M: საქართველოს რომ დავუბრუნდეთ – როგორ ფიქრობთ, რა პოტენციალი აქვს საქართველოს მეღვინეობის კუთხით?

როგორც უკვე ვახსენე, ღვინის სფეროში დაიწყო სწრაფვა სიახლეებისკენ, ცოტა მოიბეზრეს ფართოდ გავრცელებული ფრანგული ჯიშები და მოთხოვნაა განსხვავებულ სტილზე. საქართველო ნამდვილად დასაჩუქრებულია უნიკალური, ენდოგენური ჯიშების სიუხვით, გამორჩეული „ტერუარით“ (ეს სიტყვა ფრანგებს ძალიან უყვართ) და ტრადიციული ღვინის დაყენების ტექნოლოგიით. მაგალითისთვის მოვიყვანდი ბიომეღვინეობას, რომელიც სულ უფრო და უფრო იზრდება და ადგილს იმკვიდრებს, როგორც საფრანგეთში, ასევე მთელ მსოფლიოში. გაგიკვირდებათ და თითქმის ყველა შატოში, რომელიც ზემოთ ხსენებულ მეთოდს მისდევს, აუცილებლად იპოვით ქვევრს ან ქვევრის მსგავს ჭურჭელს, რადგან მათთვის ამგვარად დაყენებული ღვინო საინტერესოა და ის მინერალური ტონი, რომელიც ქვევრის ღვინოს თან დაყვება, საოცარ ორგანულობასა  და ბუნებრიობას ანიჭებს მას. სწორედ ამიტომ, ბიომეღვინეობაში საქართველოს სახელი უკვე განთქმულიც აქვს და დამკვიდრებულიც. სასიხარულოა ის გარემოებაც, რომ ახალგაზრდების რაოდენობა, რომლებსაც ღვინის სფეროში მუშაობის სურვილი აქვთ, დღითიდღე იზრდება და მეღვინეობა უკვე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და პრესტიჟული პროფესია გახდა. ახალგაზრდების ჩართულობა კი, ჩემი აზრით, ნებისმიერ სფეროს ზრდის და ავითარებს. ცოტათი ეკონომიკასაც თუ შევეხებით, ვიტყოდი, რომ არსებობს ღვინის ეკონომისტების ამერიკის ასოციაცია (AAWE), რომლის აღმასრულებელი დირექტორი მეორე სემესტრში მიკითხავდა ლექციებს და ის ხშირად აღნიშნავდა, რომ ქართული ღვინის ექსპორტი იზრდება და სწორი მიდგომების შემთხვევაში მას საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს.

M: როგორ ფიქრობთ, ქართული მევენახეობა და მეღვინეობა დღეს რამდენად ცნობადია ჩვენს საზღვრებს გარეთ? და როგორ დამოკიდებულებას ხედავთ მათ მიმართ?

ბოლო ათწლეულია, საქართველოს მიეცა ექსკლუზიური უფლება ქართული წარმოების ღვინოს ევროკავშირში პოპულარიზაცია გაუწიოს სიტყვებით: „საქართველო – ღვინის აკვანი“, რამაც ხელი შეუწყო ქართული მეღვინეობის დიდი ისტორიის უკვე საერთაშორისო მასშტაბით აღიარებას. მაგრამ მიუხედავად ჩვენი წარსულისა, მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით საქართველო საზღვრებს გარეთ არის ცნობილი, როგორც ღვინის სამშობლო, არ გვიცნობენ, როგორც ხარისხიანი ღვინის მწარმოებელ ქვეყანას. ექსპორტი იზრდება, მაგრამ ეს ხარისხის ზრდას არ გულისხმობს. იშვიათად თუ წააწყდებით უცხოეთში ხარისხიან, ნამდვილად კარგ ღვინოს. ხშირია, როდესაც მომხმარებელი ინტერესდება ქართული ღვინით, მაგრამ აგემოვნებს „არასწორ“ პროდუქტს და გული უცრუვდება მთლიანად ჩვენს რეგიონზე. მაგალითისთვის ერთ პატარა ამბავს მოგიყვებით. მარტის დასაწყისში, კარანტინამდე სულ ცოტა ხნით ადრე, ბორდოში, Cité du Vin-ში, რომელიც გახლავთ ყველაზე ცნობილი ღვინის მუზემი, გაიმართა ქართული დოკუმენტური ფილმის ჩვენება ქვევრის ღვინოზე. ფილმის დასრულების შემდეგ, მოეწყო წითელი (საფერავი) და თეთრი (რქაწითელი) ღვინის დეგუსტაცია. მართალია, ღვინის შეფასება ხანდახან სუბიექტურია, მაგრამ ამ შემთხვევაში ორივე ღვინო იყო დაბალი ხარისხის, იქ დამსწრე საზოგადოებასაც იმედგაცრუება სახეზე დაეტყო და მეც ძალიან გულნატკენმა მალევე დავტოვე იქაურობა. დღემდე ვერ ვხვდები, ნუთუ ასეთი რთულია, საუკეთესო ღვინოების შერჩევა და წარდგენა იქ, სადაც თავს იყრის უამრავი მნიშვნელოვანი პიროვნება. ამ ისტორიით მინდა იმის თქმა, რომ წარსული ნამდვილად საამაყოა, მაგრამ აწმყო უფრო მნიშვნელოვანი. ჩემი აზრით, უნდა ვიზრუნოთ, რომ მსოფლიოში დავიმკვიდროთ სახელი არა მხოლოდ ღვინის გაცნობით, არამედ ხარისხიანი და დაბალანსებული ღვინის მწარმოებელი ქვეყნითაც.

M: თქვენი სამომავლო გეგმები როგორია?

სწავლას მომავალ წელს ვამთავრებ, ვფიქრობ, გარკვეული პერიოდი ისევ საფრანგეთში დარჩენას, ეს ქვეყანა ძალიან შემიყვარდა და მომწონს მათი სიღრმისეული დამოკიდებულება ამ სფეროს მიმართ. იმაში, თუ რომელი განხრით ვიმუშავებ, ჯერ ჩამოყალიბებული არ ვარ, თუმცა ქარხანაში, ღვინოსთან მუშაობა ყველაზე მეტად მსიამოვნებს და ჯერჯერობით ჩემს თავსაც უფრო ღვინის ტექნოლოგად ვხედავ. საბოლოოდ ვიტყვი, რომ ჩემი პროფესიის არჩევაში დიდი დამსახურება ჩემს ქვეყანას მიუძღვის, რომ არა ჩვენი კულტურის და ღვინის ასეთი დიდი ბმა, ალბათ აქ არც ვიქნებოდი. ამიტომ, ჩემი არც თუ ისე შორეული მომავალი მთლიანად საქართველოს უკავშირდება. ქართული ღვინის მომავალი ჩვენს ხელშია, თაობის, რომელმაც უნდა გადაარჩინოს ეს კულტურა, მისცეს სიცოცხლე აქ და მისცეს შანსი მოგზაურობის.

 
ანალიტიკა
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.