USD 3.3332
EUR 3.8812
RUB 4.2875
თბილისი
ანა ალასანია - გოგონა, რომელმაც მომავალი მეღვინეობა-მევენახეობას დაუკავშირა
თარიღი : 08.03.2020 19:14  232

გოგონა, რომელმაც მომავალი მეღვინეობა-მევენახეობას დაუკავშირა - 

ანა ალასანია ბორდოდან თავის ამბავს გვიამბობს

წყარო:https://www.marketer.ge/

ღვინის კულტურას საქართველოში მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. აქაური ჯიშები სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს ხშირად აოცებს. ჩვენ კი, ჩვენი მხრიდან, ვცდილობთ ამ ისტორიას პატივი ვცეთ და ტრადიციები უცვლელად შევინარჩუნოთ. სწორედ ამ ისტორიამ და ტრადიციებმა გადააწყვეტინა ანა ალასანიას, საკუთარი ცხოვრება მეღვინეობა-მევენახეობისთვის დაეკავშირებინა. ის არ შეუშინდა ამ სფეროში არსებულ უამრავ გამოწვევასა და სირთულეს, ჩააბარა აგრარულ უნივერსიტეტში, რომლის ფინალურ კურსზეც ღვინის დაწურვაც მოუწია. აქ მიღებული გამოცდილება ანას დაეხმარა, მაგისტრატურა ბორდოში, ფრანგული შატოების ქალაქში გაეგრძელებინა, სადაც დღესდღეობით პრაქტიკებს გადის. უფრო ვრცლად, ზოგადად ამ დარგის, ბორდოს, ქართული კულტურისა და მისი სამომავლო გეგმების შესახებ, მარკეტერი ანას გაესაუბრა:

M: ღვინის ტექნოლოგიის დაუფლება არც თუ ისე მარტივი რამაა, რა გამოცდილება მიიღეთ ამ კუთხით საქართველოში? თუნდაც განათლების ან თუნდაც პრაქტიკის მხრივ – როგორ გახსენდებათ ეს პერიოდი?

მახსოვს, აგრარულ უნივერსიტეტში მეღვინეობა-მევენახეობა, რომ ავირჩიე ყველას უკვირდა, რატომ მოუნდა 18 წლის გოგოს მთელი მომავლის ღვინოსთან დაკავშირება. სინამდვილეში კი, მეღვინეობა-მევენახეობა რთული, კომპლექსური დარგია, რომელიც უამრავი მნიშვნელოვანი დეტალით ქმნის უნიკალურ კულტურას. უფრო მარტივად, რომ აგიხსნათ, ეს არის ერთი დიდი შემოქმედება, რომლის გაზრდაში, ჩამოყალიბებასა და, რაც მთავარია, დაღვინებაში იღებ მონაწილეობას. საქართველოში, კერძოდ კი, აგრარულ უნივერსიტეტში მიღებული გამოცდილება სიმართლე გითხრათ, უფრო მეტად ბორდოში სწავლის პერიოდში დავაფასე, როდესაც დავინახე, რომ ჩემი ქვეყნის სწავლის დონე აქაურობას არაფრით ჩამოუვარდება. მაშინ მივხვდი, თუ რამდენად დიდი და მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული ამ უნივერსიტეტის შექმნით, ამ დარგში. აგრარული უნივერსიტეტის პროგრამის განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაშიც, რომ სადიპლომო ნაშრომი მოიცავს ღვინის დაყენება – გამოშვებას. ბორდოში, სასწავლო წლის დაწყების პირველ დღეს, გვქონდა საკუთარი თავის და ქვეყნის პრეზენტაცია და მე ამაყად წარმოვთქვი: „გამარჯობა, მე ანა ვარ, ღვინის ქვეყნიდან-საქართველოდან და მე წარმოგიდგენთ ჩემ დაყენებულ ღვინოს“. პროფესორებიც და სტუდენტებიც გაოგნებულები დარჩნენ, რომ არსებობს უნივერსიტეტი, რომელიც გაძლევს შანსს, თეორიული ცოდნა გადაიტანო  პრაქტიკულ გამოცდილებაში. ამ ოთხმა წელმა, რომელიც აგრარულ უნივერსიტეტში გავიარე, მომცა ურყევი გეზი, რომელსაც დღემდე მივყვები. კიდევ ძალიან ბევრის თქმა შემიძლია, მაგრამ უფრო მოკლედ ვიტყოდი, რომ ამ უნივერსიტეტით ვამაყობ და ყოველთვის ვიამაყებ.

M: რატომ გადაწყვიტეთ ბორდოში მაგისტრატურის გაგრძელება და დღეს რა გამოცდილებას იღებთ ამ კუთხით?

მაგისტრატურაზე ბევრი არც მიფიქრია, ვიცოდი, სად მინდოდა და რა მინდოდა. მალევე დავიწყე ჩემით ძიება, და ძალიან მარტივად აღმოვაჩინე „Bordeaux Sciences Agro“, რომელიც მიიჩნევა ერთ-ერთ საუკეთესო სამაგისტრო პროგრამის მქონე უნივერსიტეტად ამ დარგში. რამაც ყველაზე მეტად მიიქცია ჩემი ყურადღება იყო „დახუნძლული“ ორწლიანი პროგრამა. თუ აგრარულ უნივერსიტეტში ყურადღება გამახვილებული იყო უფრო ტექნოლოგიებზე, ბორდოს უნივერსიტეტის ეს პროგრამა მოიცავდა თითქმის ყველა საფეხურს, რაც კი შეიძლებოდა ყოფილიყო საჭირო მეღვინე-მევენახესთვის, დაწყებული ვენახის დაპროექტებით, დამთავრებული დეგუსტაციითა და გაყიდვებით. ამ ყველაფერს თან ერთვოდა ის საინტერესო ფაქტიც, რომ უნივერსიტეტი გარშემორტყმული იყო მსოფლიოში ცნობილი და საუკეთესო შატოებით. გადაწყვეტილება მალევე მივიღე, რამდენიმე საფეხურიანი შესარჩევი ეტაპიც წარმატებით გავიარე და 2019 წლის სექტემბერს ღვინის სამშობლოდან აღმოვჩნდი ღვინის ცენტრსა და ბირთვში. უკვე თითქმის ერთი წელია რაც აქ ვარ, ვიღებ როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ გამოცდილებას, ვეცნობი სიღრმისეულად ფრანგულ ჯიშებს, ღვინის დაყენების განსხვავებულ ტექნოლოგიებს, ვენახისა და ქარხნის მენეჯმენტს, ფინანსებს, მარკეტინგსა და ა.შ.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, წარმოდგენა მიყალიბდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, თუ როგორ უმკლავდება სხვადასხვა პრობლემას, იბრძვის, იცვლება და ვითარდება ეს დარგი.

M: თქვენგან ვიცით, რომ ბორდოში, ბოლო პერიოდში, სიახლეების დანერგვას ცდილობენ, გამოდის, რომ საკმაოდ საინტერესო პროცესების შემსწრე ხართ – მოგვიყევით ამ პროცესებზე, ასევე ექსპერიმენტებზე, რომლებსაც თვალს ადევნებთ..

კლიმატის ცვლილება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია მეღვინეობის ყველა რეგიონისთვის. დღესდღეობით ვარაუდობენ, რომ ნალექიან ბორდოს არც თუ ისე შორეულ მომავალში გვალვიანი პერიოდები ემუქრება, სწორედ ამიტომ, თავშეკავებულ და დინჯ ფრანგ მეღვინე-მევენახეებში მიდის დიდი შფოთი და ორომ-ტრიალი. დაახლოებით ერთი კვირის წინ, ძალიან საინტერესო ფაქტის მომსწრე გავხდი. მაცნობეს, რომ გრანდ კრუ კლასე შატო „La Tour Carnet-ში”, რომელიც მდებარეობს ჩემი შატოს (Château Belgrave) გვერდით, სადაც ამჟამად ვმუშაობ, ჩამოიტანეს და დარგეს 25 საფერავის ნერგი. გავიქეცი თავქუდმოგლეჯილი (ნახევარ წელზე მეტია, ქართული არაფერი მინახავს), ზუსტად ორ წუთში უკვე პატარა ქართულ საფერავებს დავცქეროდი ზემოდან, პარალელურად კი, ვენახის მენეჯერს კითხვებს ვაყრიდი. აღმოჩნდა, რომ ისინი ატარებენ ექსპერიმენტს და ეძებენ ბორდოსთვის სამომავლო ვაზის ჯიშებს, რომლებიც გვალვის მიმართ რეზისტენტულობას გამოავლენენ. საფერავი კი ყველაზე გავრცელებული კახეთშია, იქ, სადაც ბორდოზე მშრალი და ცხელი ჰავაა, ამიტომ მასში დიდი პოტენციალი დაინახეს. აგრეთვე, მიუხედავად იმისა, რომ ბორდოს დიდი სახელი ღვინის სფეროში უკვე საუკუნეებს ითვლის, ბოლო რამდენიმე წელია, მეღვინეობის ამ რეგიონში კრიზისული პერიოდი დაიწყო. აღმოჩნდა, რომ კრიტიკოსებისთვის კლასიკური ბორდოს ბრენდი: კაბერნე სოვინიონისა და მერლოს ნაზავი უკვე ცოტა მოსაწყენია, ამიტომ ითხოვენ სიახლესა და მრავალფეროვნებას. ამ ყველაფერს ასევე ღვინის ახალი და განსხვავებული სამყაროს წინ წამოწევაც ერთვის, როგორებიცაა ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა, სამხრეთ ამერიკა და ა.შ. სწორედ ამიტომ, მალე კლასიკურ და კონსერვატიულ ბორდოში, ახალი აღორძინების ხანა დადგება და არ გაგიკვირდეთ, თუ მომავალში რომელიმე ცნობილი შატოს ბოთლში, საფერავის კვალსაც აღმოაჩენთ.

M: როგორც აღნიშნეთ, პრაქტიკას გადიხართ შატო „ბელგრავში“ – რა გამოცდილებაა ზოგადად შატოში მუშაობა ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანისთვის და რა სირთულეებს აწყდებით ამ კუთხით?

დიახ, ეს სამაგისტრო პროგრამა მოიცავს ორ ხუთთვიან პრაქტიკასაც, რომელიც ორივე წელს უნდა გავიარო, ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით. შატოს შერჩევა, მათთან კომუნიკაცია და ყველა მსგავსი დეტალი ჩვენით, დამოუკიდებლად უნდა მოვაგვაროთ. პრაქტიკის გასავლელად ავირჩიე მედოკის ოლქი, რადგან ოდნავ მძიმე და ტანინებით უხვი მედოკური ღვინო ჩემს გემოვნებასთან ძალიან ახლოს არის.

პირველ სირთულეს შევეჩეხე იმ წამსვე, როგორც კი მანქანიდან გადმოვედი ბარგით და ფეხი დავდგი შატო „Belgrave-ის” ტერიტორიაზე. გარშემო მიმოვიხედე და რას ვხედავ?! საქმეც იმაშია, რომ ვერაფერსაც ვერ ვხედავ, მხოლოდ ვენახებს და არანაირ ცივილიზაციის ნიშან-წყალს. შიშმა ამიტანა და გავაცნობიერე, რომ წინ ძალიან განსხვავებული გამოცდილება მელოდა. უზარმაზარი ვენახისთვის თვალის შევლებაც ვერ მოვასწარი, რომდესაც გამოჩნდა საშუალო სიმაღლის მამაკაცი, ვაზის ფოთლებით გამწვანებული ხელებით და ღვინით გაბორდოსფერებული თითებით. ხელი იდაყვით ჩამომართვა და ტერიტორიის დასათვალიერებლად წინ გამიძღვა. რიგითი მომუშავე პერსონალი მეგონა, ამიტომ მალევე გავუთამამდი და ფრანგულად უკბილო ხუმრობებიც დავიწყე. ცოტა ხანში ვიგებ, რომ ეს პიროვნება სულ რაღაც „მისიე“ შატოს დირექტორია. პირველად მაშინ გავიაზრე, რომ ბორდოს ვენახებში, ღვინოებში, გრანდ კრუ კლასე შატოებში არა მხოლოდ ფუფუნება, არამედ დიდი შრომა და უბრალოებაცაა. ყოველი სამუშაო დღე იწყება ადრე, ძალიან ადრე და არის საკმაოდ დატვირთული. ეს პერიოდი ძირითადად ვენახში მიწევს მუშაობა, რთველის დასრულების შემდგომ კი უკვე ქარხანაში გადავინაცვლებ. ჯერ არ მახსენდება ერთი დღეც კი, რაიმე ახლის შეცნობის გარეშე. ყოველდღიურ ფიზიკურ სამუშაოს, თან ერთვის მუდმივი განვითარება და ცოდნის ამაღლება. თავდაპირველი შიშები, სირთულეები და ძლიერი დაღლილობა მთლიანად შთანთქა გარემომ, რომელიც სავსეა საინტერესო სიახლეებით, მცოდნე, გამოცდილი და ვითომ ცივი, მაგრამ სინამდვილეში თბილი ფრანგებით. ყველა მიმდინარე პროცესში ჩართული ვარ, ვიცი, რომელი ვენახის ნაკვეთს რა პრობლემა აქვს და როგორ უნდა გავუმკლავდეთ მას, შევისწავლე, თუ როგორ მუშაობს მთელი შატოს სისტემა და უკვე მეც გრანდ კრუ კლასეს შატოს დიდი ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლი ვარ – გამწვანებული ხელებით და გაბორდოსფერებული თითებით.

M: საქართველოს რომ დავუბრუნდეთ – როგორ ფიქრობთ, რა პოტენციალი აქვს საქართველოს მეღვინეობის კუთხით?

როგორც უკვე ვახსენე, ღვინის სფეროში დაიწყო სწრაფვა სიახლეებისკენ, ცოტა მოიბეზრეს ფართოდ გავრცელებული ფრანგული ჯიშები და მოთხოვნაა განსხვავებულ სტილზე. საქართველო ნამდვილად დასაჩუქრებულია უნიკალური, ენდოგენური ჯიშების სიუხვით, გამორჩეული „ტერუარით“ (ეს სიტყვა ფრანგებს ძალიან უყვართ) და ტრადიციული ღვინის დაყენების ტექნოლოგიით. მაგალითისთვის მოვიყვანდი ბიომეღვინეობას, რომელიც სულ უფრო და უფრო იზრდება და ადგილს იმკვიდრებს, როგორც საფრანგეთში, ასევე მთელ მსოფლიოში. გაგიკვირდებათ და თითქმის ყველა შატოში, რომელიც ზემოთ ხსენებულ მეთოდს მისდევს, აუცილებლად იპოვით ქვევრს ან ქვევრის მსგავს ჭურჭელს, რადგან მათთვის ამგვარად დაყენებული ღვინო საინტერესოა და ის მინერალური ტონი, რომელიც ქვევრის ღვინოს თან დაყვება, საოცარ ორგანულობასა  და ბუნებრიობას ანიჭებს მას. სწორედ ამიტომ, ბიომეღვინეობაში საქართველოს სახელი უკვე განთქმულიც აქვს და დამკვიდრებულიც. სასიხარულოა ის გარემოებაც, რომ ახალგაზრდების რაოდენობა, რომლებსაც ღვინის სფეროში მუშაობის სურვილი აქვთ, დღითიდღე იზრდება და მეღვინეობა უკვე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და პრესტიჟული პროფესია გახდა. ახალგაზრდების ჩართულობა კი, ჩემი აზრით, ნებისმიერ სფეროს ზრდის და ავითარებს. ცოტათი ეკონომიკასაც თუ შევეხებით, ვიტყოდი, რომ არსებობს ღვინის ეკონომისტების ამერიკის ასოციაცია (AAWE), რომლის აღმასრულებელი დირექტორი მეორე სემესტრში მიკითხავდა ლექციებს და ის ხშირად აღნიშნავდა, რომ ქართული ღვინის ექსპორტი იზრდება და სწორი მიდგომების შემთხვევაში მას საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს.

M: როგორ ფიქრობთ, ქართული მევენახეობა და მეღვინეობა დღეს რამდენად ცნობადია ჩვენს საზღვრებს გარეთ? და როგორ დამოკიდებულებას ხედავთ მათ მიმართ?

ბოლო ათწლეულია, საქართველოს მიეცა ექსკლუზიური უფლება ქართული წარმოების ღვინოს ევროკავშირში პოპულარიზაცია გაუწიოს სიტყვებით: „საქართველო – ღვინის აკვანი“, რამაც ხელი შეუწყო ქართული მეღვინეობის დიდი ისტორიის უკვე საერთაშორისო მასშტაბით აღიარებას. მაგრამ მიუხედავად ჩვენი წარსულისა, მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით საქართველო საზღვრებს გარეთ არის ცნობილი, როგორც ღვინის სამშობლო, არ გვიცნობენ, როგორც ხარისხიანი ღვინის მწარმოებელ ქვეყანას. ექსპორტი იზრდება, მაგრამ ეს ხარისხის ზრდას არ გულისხმობს. იშვიათად თუ წააწყდებით უცხოეთში ხარისხიან, ნამდვილად კარგ ღვინოს. ხშირია, როდესაც მომხმარებელი ინტერესდება ქართული ღვინით, მაგრამ აგემოვნებს „არასწორ“ პროდუქტს და გული უცრუვდება მთლიანად ჩვენს რეგიონზე. მაგალითისთვის ერთ პატარა ამბავს მოგიყვებით. მარტის დასაწყისში, კარანტინამდე სულ ცოტა ხნით ადრე, ბორდოში, Cité du Vin-ში, რომელიც გახლავთ ყველაზე ცნობილი ღვინის მუზემი, გაიმართა ქართული დოკუმენტური ფილმის ჩვენება ქვევრის ღვინოზე. ფილმის დასრულების შემდეგ, მოეწყო წითელი (საფერავი) და თეთრი (რქაწითელი) ღვინის დეგუსტაცია. მართალია, ღვინის შეფასება ხანდახან სუბიექტურია, მაგრამ ამ შემთხვევაში ორივე ღვინო იყო დაბალი ხარისხის, იქ დამსწრე საზოგადოებასაც იმედგაცრუება სახეზე დაეტყო და მეც ძალიან გულნატკენმა მალევე დავტოვე იქაურობა. დღემდე ვერ ვხვდები, ნუთუ ასეთი რთულია, საუკეთესო ღვინოების შერჩევა და წარდგენა იქ, სადაც თავს იყრის უამრავი მნიშვნელოვანი პიროვნება. ამ ისტორიით მინდა იმის თქმა, რომ წარსული ნამდვილად საამაყოა, მაგრამ აწმყო უფრო მნიშვნელოვანი. ჩემი აზრით, უნდა ვიზრუნოთ, რომ მსოფლიოში დავიმკვიდროთ სახელი არა მხოლოდ ღვინის გაცნობით, არამედ ხარისხიანი და დაბალანსებული ღვინის მწარმოებელი ქვეყნითაც.

M: თქვენი სამომავლო გეგმები როგორია?

სწავლას მომავალ წელს ვამთავრებ, ვფიქრობ, გარკვეული პერიოდი ისევ საფრანგეთში დარჩენას, ეს ქვეყანა ძალიან შემიყვარდა და მომწონს მათი სიღრმისეული დამოკიდებულება ამ სფეროს მიმართ. იმაში, თუ რომელი განხრით ვიმუშავებ, ჯერ ჩამოყალიბებული არ ვარ, თუმცა ქარხანაში, ღვინოსთან მუშაობა ყველაზე მეტად მსიამოვნებს და ჯერჯერობით ჩემს თავსაც უფრო ღვინის ტექნოლოგად ვხედავ. საბოლოოდ ვიტყვი, რომ ჩემი პროფესიის არჩევაში დიდი დამსახურება ჩემს ქვეყანას მიუძღვის, რომ არა ჩვენი კულტურის და ღვინის ასეთი დიდი ბმა, ალბათ აქ არც ვიქნებოდი. ამიტომ, ჩემი არც თუ ისე შორეული მომავალი მთლიანად საქართველოს უკავშირდება. ქართული ღვინის მომავალი ჩვენს ხელშია, თაობის, რომელმაც უნდა გადაარჩინოს ეს კულტურა, მისცეს სიცოცხლე აქ და მისცეს შანსი მოგზაურობის.

 
ბლოგი
ქალები - ბელარუსის სუპერგმირები

„ყველაფერი, რაც ომის შესახებ ვიცით, „მამაკაცის ხმით“ მოვისმინეთ. ომის შესახებ „მამაკაცური“ წარმოდგენებისა და „მამაკაცური“ შეგრძნებების ტყვეობაში ვიმყოფებით. „მამაკაცური“ სიტყვებისაც. ქალები კი დუმან“ – ესაა ნაწყვეტი წიგნიდან  „ომს არ აქვს ქალის სახე“, რომლის ავტორია ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი, ბელარუსი დისიდენტი მწერალი და ჟურნალისტი სვეტლანა ალექსიევიჩი.

წიგნში გადმოცემულია „ვეტერან მამაკაცთა ხედვისაგან სრულიად განსხვავებული, საბჭოური პათოსისაგან თავისუფალი, 

შეულამაზებელი სურათები ქალის თვალით დანახული და უფაქიზეს დეტალებში განცდილი ომისა, სადაც ყველაფერია – სულმდაბლობაც, ჭუჭყიც, მაგრამ დიდი ჭეშმარიტი გმირობაც და სისხლითა და ცრემლით გამოსყიდული გამარჯვებაც“ (ქართულენოვანი გამოცემის ანოტაციიდან).

სტალინური „ერის დედის“ კულტივირებულ კუშტ სახესთან და ზოია კოსმოდემიანსკაიას მსგავსი პარტიზანი ქალების პროპაგანდისტულ იმიჯთან ალექსიევიჩის რეალური პერსონაჟები აშკარა კონტრასტს ქმნიან, რის გამოც ავტორი და მისი შემოქმედება ყოველგვარი საბჭოურის მეხოტბე პრეზიდენტ ლუკაშენკოსთვის არასდროს ყოფილა აქტუალური.

მწერალს ჯერ საბჭოთა სისტემა დევნიდა, ლუკაშენკოს პირობებში კი მას მშობლიური ქვეყნის დატოვება მოუხდა. არც ნობელის პრემიის მინიჭების ფაქტს შეუმცირებია სამშობლოში მწერლის შემოქმედების და პერსონის იგნორირების „ზევიდან“ დანერგილი პრაქტიკა.

გასაკვირი არაა რომ ალექსიევიჩი, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა არამეინსტრიმული, კრიტიკული პოზიციით, ბელარუსის 2020 აგვისტოს საპროტესტო მოძრაობისა და ოპოზიციის ერთ-ერთი თვალსაჩინო სახედ იქცა. მწერალი ოპოზიციის არაოფიციალური, ე.წ. საკოორდინაციო საბჭოს პრეზიდიუმის წევრია და კოლეგების მსგავსად პროკურატურაში დაკითხვაზეც იმყოფებოდა.

ბელარუსი პარტიზანი ქალები ფილმში „წინააღმდეგობა“ (Defiance, 2008 წ)
ბელარუსი პარტიზანი ქალები ფილმში „წინააღმდეგობა“ (Defiance, 2008 წ)

II მსოფლიო ომისა და კომუნისტური ეპოქისგან განსხვავებით, ბელარუსის მიმდინარე რევოლუციურ მოვლენებს ნამდვილად აქვს ქალის სახე. ამ კრებით სახეს, ალექსიევიჩის და სხვა გამორჩეული ფიგურების მხარდამხარ, დიდწილად განსაზღვრავენ საპროტესტო მოძრაობის რიგითი, უბრალო მონაწილე ქალები, რომლებიც ოდესღაც ნაციზმთან მეზრძოლი ქალი პარტიზანების სულისკვეთებით აღვსილნი, ამჯერად აღსდგნენ ფაშიზმის ახალი ნაირსახეობის – „მშობლიური“ ავტორიტარიზმის წინააღმდეგ, რომლის ზონდერებიც გასაოცარი სისასტიკით იმეტებენ საკუთარ მოსახლეობას.

ეს სტატია სწორედ ამ გმირი ქალების მიმართ ოდის მიძღვნის მოკრძალებული მცდელობაა.

ქალები და ლუკაშენკო

ლუკაშენკოს დამოკიდებულება ქალებთან მისი, როგორც პატრიარქის, ერის მამისა („ბაწკა“) და ტირანი მაჩოს იმიჯიდან და საბჭოთა კოლმეურნეს მენტალიტეტიდან გამომდინარეობს. ოჯახური ღირებულებებისა და სიწმინდის დაცვის მქადაგებელი ლუკაშენკო, რომელიც ფორმალურად კვლავ ქორწინებაში იმყოფება (მეუღლე ცალკე, იზოლირებულად ცხოვრობს, სოფლად), საზოგადოებაში ხშირად ჩნდებოდა მომხიბლავი მოდელების, მსახიობებისა თუ ტელეწამყვანების კომპანიაში. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი უკვე ყოფილი ფავორიტი ქალბატონები მარტივად იღებდნენ სხვადასხვა პრეფერენციებსა და თანამდებობებს (მაგალითად, დეპუტატის მანდატს).

„ბაწკა“ თავს ასევე შეიქცევდა ხოლმე „მის ბელარუსის“ მონაწილეებთან კამერების წინაშე კარტოფილისა და საზამთროს მოსავლის აღებით და სხვა მსგავსი ლაზღანდარობით. როგორც ამბობენ, პრეზიდენტის წარმომადგენელი რეგულარულად დადიოდა სილამაზის კონკურსებზე და დახურულ კარს მიღმა პირადად არჩევდა ლუკაშენკოს ჰარემისთვის ახალ დანამატს. ნიშანდობლივია თავად შერჩევის პროცესი: გოგონებს სცენაზე დაოთხილს უნდა გაევლოთ, კატის მსგავსად…

რად ღირს, თუნდაც, საპრეზიდენტო პროტოკოლის სამსახურში „მოღვაწე“ ყოფილი მოდელები, რომლებითაც „ბაწკა“ თავს ხშირად იწონებდა ოფიციალური ვიზიტებისას. ცხადია, ეს ქალბატონები უცვლელი პრეზიდენტის პიროვნული კულტის მხოლოდ თვალის მომნუსხავ გარეგნულ ატრიბუტებს წარმოადგენდნენ. აქ მკითხველს შესაძლოა ძალაუნებურად გაახსენდეს ლიბიის ყოფილი ექსტრავაგანტული დიქტატორის, მუამარ კადაფის პირადი მცველი ქალების ამალა, რომელიც მას ყველა ვიზიტისას თან ახლდა…

ლუკაშენკოს ტოქსიკური მასკულინიზმი და სექსიზმი ხშირად გაუჟღერებია მისთვის ჩვეული პირდაპირობით. ამბობდა, რომ ქალის ძირითადი საზოგადოებრივი როლი და ფუნქცია სამზარეულოში ფუსფუსი და დიასახლისობაა. მეტიც, რეგიონში ერთ-ერთი მეურნეობის ტრადიციული, პოპულისტური ინსპექტირებისას მან ასეთი რემარკა კი გაისროლა: „საჭიროა, ყოველ აგროდასახლებაში საღამოობით იყოს ცხელი წყალი, რათა ცხოველებთან (ღორებთან) შეხების შემდეგ ქალი მამაკაცს საწოლში სუფთა, დაბანილი მიუწვეს“. სხვა დროს მას ნახევრად-ხუმრობით აქვს ნათქვამი: „შემიძლია ქალს ვაპატიო ლესბოსელობა. ასეთებად ქალები ხდებიან კაცების უგერგილობის შედეგად“.

ამა წლის აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ლუკაშენკომ განაცხადა, რომ საზოგადოება და კონსტიტუცია ჯერ არ იყო მზად საპრეზიდენტო სავარძელში ქალის ხილვისათვის. მისი თქმით, პრეზიდენტის ძლიერ უფლებამოსილებებსა და ამოცანებს „კაბიანი ადამიანი“ ვერ გაუმკლავდებოდა.

მეტიც, მან პირდაპირ მიანიშნა მის მეტოქე ქალ კანდიდატზე, სვეტლანა ციხანოვსკაიაზე – „ერთ უბრალო გოგონაზე“, რომელსაც წარმატების შანსი ვერ ექნებოდა.

პოლიტიკური ოპონენტი ქალისგან განსხვავებით, თბილად და პატივისცემით მიიღო ლუკაშენკომ კრემლის მიერ გამოგზავნილი „მსუბუქი ყოფაქცევის“ ჟურნალისტი, RT-ის მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი. მარგარიტამ „ოსტატი“ ხელის მტკიცე ჩამორთმევის გამო შეაქო. მას არც „ბაწკა“ დარჩა ვალში – ძლიერი, ვაჟკაცი ქალი უწოდა.

ქვეყანაში დრაკონული კანონმდებლობა მოქმედებს. მაგალითად, ქალებისთვის შვილის ჩამორთმევის საბაბი მარტივად შეიძლება გახდეს ისეთი ბანალური გარემოება, როგორიცაა, კომუნალური გადასახადების განმეორებითი გადაუხდელობა.

ქალთა სხეულებზე აღბეჭდილი ძალადობის (მრავლობით ჰემატომები) კვალი ლუკაშენკომ იმით „ახსნა“, რომ მათ „უკანალი განზრახ, მაკიაჟივით შეიღებეს ლურჯად“. საპროტესტო გამოსვლებზე ძალადობრივი პასუხი კი ლუკაშენკომ ასე გაამართლა: „ჩემს ქვეყანას მათ ვერ დავუთმობ! ის ხომ ჩემი სიყვარული, გულის სწორია. საყვარელ ქალს კი არ თმობენ!“ ამას პროტესტის მონაწილე ქალებმა პასუხი ტრანსფარანტებით გასცეს, სადაც ეწერა: „თუ მართლა გიყვარს, გაუშვი!“

თუ ქვეყანას ქალის ზოგადსიმბოლური სახით წარმოვიდგენთ, ფაქტია, რომ 26-წლიანი უსიყვარულო ქორწინებისა და სისტემატური ოჯახური ძალადობის შემდეგ, ქალბატონმა ბელარუსმა საბოლოოდ და მტკიცედ გადაწყვიტა მოძალადე ქმრის უღლის გადაგდება და მასთან გაცილება. ახლა მთავარია, ოჯახის აწ უკვე ყოფილი უფროსის შინიდან უსისხლოდ გაცილება მოხერხდეს…

ბელარუსის ვენერა (მხატვარი - იანა ჩერნოვა)
ბელარუსის ვენერა (მხატვარი – იანა ჩერნოვა).

პოლიტიკური ცეკვა „სამაია“

ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიისას, ტრადიციულად შედარებით პასიურ ბელარუსულ საზოგადოებას ოპოზიციურ ლიდერებად სწორედ „სუსტი სქესი“ მოევლინა, რომელმაც პოლიტიკური ბრძოლის ავანსცენაზე უჩვეულო გამბედაობის დემონსტრირება მოახდინა.

რეჟიმის მიერ მამაკაცი კანდიდატების ჩვეულ სტილში განეიტრალების შემდეგ (ორ კანდიდატს შეკოწიწებული ბრალდებებით თავი უკრეს საპატიმროში, მესამე დროებით უცხოეთშია გადახვეწილი) მათი ადგილები დაიკავა განუმეორებელმა სამეულმა: სვეტლანა ციხანოვსკაიამ (ოპოზიციური ტრიადის ერთიანი კანდიდატი, ბლოგერ სერგეი ციხანოვსკის მეუღლე), მარია კოლესნიკოვამ (ბანკირ ვიქტორ ბაბარიკას საარჩევნო შტაბის მეთაური) და ვერონიკა ცეპკალომ (ექსდიპლომატ ვალერი ცეპკალოს მეუღლე).

სამი ქალის ერთიანი საარჩევნო შტაბის სლოგანი გახდა – „გვიყვარს, შეგვიძლია, გავიმარჯვებთ!“ ასევე პოპულარულია ჟესტებით გადმოცემული სიმბოლოები: გული (ემპათია) + მუშტი (ერთიანობა და სოლიდარობა) + V (გამარჯვება).

„ჩვენ სამმა ავიღეთ პასუხისმგებლობა მიმდინარე მოვლენებსა და ქვეყნის მომავალზე. ამით მაგალითს ვაძლევთ თანამოქალაქეებს. სხვა ქვეყნების იმედზე არ უნდა ვიყოთ, მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია, საკუთარ ხელში ავიღოთ სიტუაცია და ვუშველოთ ბელარუსს“, – განაცხადა კოლესნიკოვამ.

 

მარია კოლესნიკოვა, სვეტლანა ციხანოვსკაია და ვერონიკა ცეპკალო
მარია კოლესნიკოვა, სვეტლანა ციხანოვსკაია და ვერონიკა ცეპკალო

რეალობას მოწყვეტილმა და შეუზღუდავი ძალაუფლების ღრუბლებში მოცურავე ლუკაშენკომ სათანადოდ ვერ შეაფასა ქალი კონკურენტის შესაძლებლობები. მისგან სატელევიზიო დებატებში გამოწვევას არც კი უპასუხა – თავი არ „„დაიმდაბლა“.

რაც მერე მოხდა, გაგაოცებთ: ბედის ირონიით, ბელარუსის „მამის“ მრავალწლიან ერთპიროვნულ მმართველობას იურიდიული და მორალური წერტილი სწორედ უბრალო დიასახლისმა დაუსვა, რითაც მისი თავმოყვარეობა საშინლად შელახა. შედეგმაც არ დაააყოვნა: ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი და არჩევნებში დიდი უპირატესობით გამარჯვებული ციხანოვსკაია ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაშივე ფსიქოლოგიურად „დაამუშავეს“ კგბ-ის ჩვეული მეთოდებით – მოახდინეს ზეწოლა დაპატიმრებულ ქმარსა და შვილებზე აპელირებით და ჩააწერინეს მიმართვა, სადაც ის ამომრჩეველს მოუწოდებს, შეეგუონ ფაქტს და არ დაარღვიონ კანონები.

ჩანაწერს აშკარად ეტყობოდა ძალდატანების ნიშნები. ამის შემდეგ ძალოვნებმა ის „თავაზიანად გააცილეს“ ლიეტუვის საზღვრამდე, სადაც სვეტლანას მანამდე შვილები ჰყავდა გახიზნული. უნდა ითქვას, რომ ქვეყნის დრაკონული კანონმდებლობა მარტივად იძლევა საშუალებას, დედებს შვილები ჩამოერთვათ, არამხოლოდ პოლიტიკური აქტივობის, არამედ ბანალური კომუნალური დავალიანების დაგროვების გამოც.

ეს ფაქტი რეჟიმის პროპაგანდამ გაქცევად გაასაღა, თუმცა მხარდამჭერებს არ გასჭირვებიათ რეალური სურათის დანახვა. სვეტლანას მიმართ თანაგრძნობა არ შენელებულა. პირიქით – მისი უბრალოება და საკუთარი სისუსტის აღიარება. როგორც ჟურნალ „გარდიანს“ 28 წლის დემონსტრანტმა, მარიამ უთხრა, ის აქამდე საერთოდ არ ინტერესდებოდა პოლიტიკით, თუმცა სვეტლანას პირადი მაგალითი და მუხტი მისთვის უჩვეულოდ გადამდები აღმოჩნდა. ასე მოხდა სხვა ქალების შემთხვევაშიც.

ბელარუსი შედარებით ადრე დატოვა ვერონიკა ცეპკალომ. ამჟამად ის მეუღლესთან ერთად კიევში იმყოფება.

ლუკაშენკოს რეჟიმმა შედარებით მეტი ხანი ითმინა ქვეყანაში დარჩენილი მარია კოლესნიკოვა, მანამდე, სანამ ის ახალი პოლიტიკური პარტიის დაფუძნებას არ დააანონსებდა. 7 სექტემბერს ნიღბიანმა ზონდერებმა ის პირდაპირ ქუჩიდან გაიტაცეს და ორ თანამებრძოლთან ერთად უკრაინაში ძალადობრივად დეპორტირებას უპირებდნენ. თუმცა, მარიას პრინციპულად ჰქონდა გადაწყვეტილი, რადაც არ უნდა დაჯდომოდა, დარჩენილიყო სამშობლოში, მოვლენების შუაგულში. მარია მედგრად დადგა („ივაჟკაცა“) – მოასწრო საკუთარი პასპორტის დახევა და ჩაკეტილი მანქანის ფანჯრიდან გადმოსვლა. შედეგად, უკრაინელმა მესაზღვრეებმა უპასპორტო კოლესნიკოვა ვერ მიიღეს და უკანვე გადასცეს ბელარუს კოლეგებს.

ამჟამად მარია მინსკის იზოლატორშია გადაყვანილი, წაყენებული აქვს გადატრიალების მცდელობის ბრალდება.

„მოვლენები ისე განვითარდა, რომ დღესდღეობით პროტესტის ლიდერად ჩამოვყალიბდი. როგორც მთლიანად ხალხი, მეც განვიცდი შინაგან ტრანსფორმაციას – სულ ერთი თვის წინ ვერ წარმოვიდგენდი, ამდენს თუ შევძლებდი“, – ამბობს მარია. ფაქტია, მუსიკოსი (ფლეიტისტი) კოლესნიკოვა არ აპირებს ლუკაშენკოს დაკრულზე ცეკვას – საპროტესტო „მუსიკას“ ის თავად ქმნის!

ამ ეტაპზე, ოპოზიციის თვალსაჩინო ლიდერებიდან, რომლებიც ბელარუსში დარჩნენ და ჯერ კიდევ თავისუფლებაზე იმყოფებიან, მხოლოდ 72 წლის სვეტლანა ალექსიევიჩია, თუმცა უკვე მის კარზეც (პირდაპირი მნიშვნელობით) დაიწყეს კაკუნი უცნობმა „ნაცნობებმა“ – სამოქალაქოში ჩაცმულმა ძალოვანებმა.

Men in black vs ქალები თეთრებში

მამაკაცების პარალელურად, ქალებმაც აღწერეს იზოლატორში ძალოვანების მხრიდან არა მარტო ფსიქოლოგიური ზეწოლა (ჯგუფური გაუპატიურების მუქარა და სხვა), არამედ – პირდაპირი ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებიც (იმავე გაუპატიურების ჩათვლით).

სხვა დროს ჩვეულებრივ მშვიდი და ნაკლებად ემოციური ბელარუსი ქალები აღაშფოთა რეჟიმის ძალადობის მადამ და მასშტაბებმა. ქალების სოლიდარობის ჯაჭვმა რეგულარული სახე მიიღო. საერთო მსვლელობების კონტექსტში და მის პარალელურად, ქალთა მოძრაობამ მკაფიოდ დაიკავა თავისი გამოკვეთილი ნიშა.

ქუჩებში გამოჩნდნენ „ქალები თეთრებში“, რაც ფიდელ კასტროს რეჟიმის მიერ რეპრესირებულთა ოჯახის წევრ ქალთა მოძრაობის ერთგვარი ბელარუსული ადაპტაციაა.

ერთ-ერთი ქალი დემონსტრანტი ასე აღწერს მის შინაგან განცდებს: „თუმც შიში ბოლომდე არ დამიძლევია (მე ხომ სულ რაღაც 50 კგ ვარ!), მომიცვა ბრაზმა, რაც საბოლოოდ გარდაისახა უკიდეგანო სიძლიერის შეგრძნებაში. ეს მოიტანა იმის გაცნობიერებამ, რომ სიმართლე ჩემს/ჩვენს მხარესაა“.

ყოველკვირეულად იმართება უნიკალური, მრავალათასიანი „ქალების მარში მშვიდობისთვის“, სადაც დომინირებს თეთრი ფერი და ყვავილები. სხვადასხვა ასაკის ქალები ცრემლიანი თვალებით მიმართავენ მავთულხლართებთან მდგარ პირქუშ, ჯავშანში ეკიპირებულ ძალოვანებს, იღებენ მათთან სელფის, ეხვევიან, ჩუქნიან ყვავილებს.

არიან ისეთებიც, რომლებიც ახალგაზრდა ომონელების მიმართ სარკასტულ სკანდირებას არ იშურებენ: „თქვენ არცერთი ქალი აღარ „მოგცემთ!“ ხშირად მიმართავენ თემატურ პერფორმანსებსაც. ზოგმა საქორწინო ფატაც კი მოირგო. საპროტესტო ტრანსპანატები კი აშკარად დასცინიან ქალებზე არსებულ სტერეოტიპებს, მაგალითად, „ბორშჩს მოგიმზადებთ მხოლოდ სამართლიანი არჩევნების შემდეგ!“ ასევე გამოჩნდა ლგბტ თემის ქალების მცირე ჯგუფი „ცისარტყელის“ დროშებით, რაც სხვა დროს მინსკის ქუჩებში წარმოუდგენელია.

12 სექტემბრის მსვლელობაში 10 000-მდე ქალმა მიიღო მონაწილეობა. ასამდე მათგანი დააკავეს. რამდენიმე მათგანმა თავის შეფარება სცადა კათოლიკური ტაძარში, თუმცა ომონმა ისინი ძალით გამოათრია. როგორც ჩანს, ლუკაშენკო კვლავ ძალის დემონსტრირებაზე აკეთებს ძირითად აქცენტს.

ქალები მსვლელობების დროს თადარიგს იჭერენ – თან ატარებენ პატარა ჩანთებს აუცილებელი პირადი ნივთებით, რაც დაკავების შემთხვევაში გამოადგებათ.

#მევსეირნობ

აქციებზე სხვებისგან ადვილად გამოარჩევთ 73 წლის სტაჟიან აქტივისტს, ნინა ბაგინსკაიას, რომელიც ქალთა მსვლელობის სელებრითად და ერთგვარ თილისმადაც კი იქცა.

1988 წელს ნინას კომუნისტებმა არ მისცეს უფლება, პატივი მიეგო 1937 წ. სტალინური რეპრესიების მსხვერპლთა პატივისთვის. სწორედ აქედან იწყება ბაგინსკაიას საპროტესტო „კარიერა“.

ის შესაშური სიჯიუტით, თითქმის ყოველწლიურად მართავდა (ხშირად ერთკაციან) აქციასა თუ პიკეტს. მაგალითად, 2014 წელს, რუსეთის უკრაინაში განხორციელებული აგრესიის პასუხად, მან მინსკში, კაგებეს შენობის წინ დემონსტრაციულად დაწვა საბჭოთა დროშა.

ბაგისნკაია არაერთხელ დაუკავებიათ და დაუჯარიმებიათ. კრებითი ჯარიმა ($17 000) პენსიიდან ექვითება. აღსრულების სამსახურმა ჩამოართვა ორი ქალაქგარე სახლი და სარეცხი მანქანაც კი, თუმცა ნინა ბებო გულშემატკივრებისგან არ იღებს ფულს, რათა ის „რეჟიმის ყულაბაში არ მოხვდეს!

ყველაფრის მიუხედავად, ბეგისნკაია დაუღალავად დგას ბელარუსის ეროვნული იდენტობისა და ადამიანის უფლებების დაცვის სადარაჯოზე. აგვისტოს აქციებისას, როდესაც ომონმა მისი შეჩერება სცადა, გამოცდილმა ნინამ ამაყად წარმოთქვა – „მე უბრალოდ ვსეირნობ!“ და დაბნეული ძალოვანები უკან ჩამოიტოვა.

ეს ფრაზა ვირუსულად გავრცელდა და ქალთა მსვლელობების ერთ-ერთ საკვანძო „მფრინავ ფრაზად“ იქცა. ინტერნეტში პოპულარულია ნინაზე თემატური მემეც.

12 სექტემბერს ნინას იმიჯი უფრო მეტად საკულტო გახდა: მან მარტომ გადაუღობა გზა ავტოზაკს (დაკავებულების გადასაყვანი სატვირთო ავტომობილი), რითაც გაიმეორა 1989 წ. პეკინის ტიანანმენის მოედნის ცნობილი სცენა, რომელიც ისტორიაში ცნობილია, როგორც ერთი კაცის პროტესტის ყველაზე ცნობილი შემთხვევა.

ნატალია რადინა – დისიდენტის პროფილი

სამოქალაქო აქტივისტი და ჟურნალისტი ნატალია რადინა „ქარტია 97“-ის მთავარი რედაქტორია. ეს უფლებადამცავი ორგანიზაცია და მედიაპორტალი შეიქმნა ვაცლავ ჰაველის „ქარტია 77“-ის ბელარუსული ანალოგის – 1997 წლის დეკლარაციის საფუძველზე.

ბუნებრივია, ამ ორგანოს ფუნქციონირება თავიდანვე წნეხის ქვეშ მოექცა. ნატალიას მტკიცე ნებისყოფას რეჟიმმა დიდი გამოცდა მოუწყო: ორჯერ მოუხდა გუნდის გამოცვლა (თანამშრომლების დაშინების გამო), მუდმივად ართმევდნენ სამუშაო კომპიუტერს (ჯამში ოცი ცალი). 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების გაპროტესტების კამპანიის დროს (ნატალია დასავლეთს სანქციებისკენ მოუწოდებდა) ის დააპატიმრეს.

პატიმრობისას 31 წლის ნატალია კაგებეს სამარტოო საკანში იყო მოთავსებული, სადაც არ იყო გათბობა და ტუალეტი. ეძინა ცივ იატაკზე. ტვინის შერყევის ფონზე (აქციის დარბევისას დაშავდა), მას არ აღმოუჩინეს არანაირი სამედიცინო დახმარება, მეტიც, მასზე სისტემატურად ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა („ისე ვიზამთ, რომ შვილები აღარ გეყოლოს!“ და სხვ.).

დღესდღეობით საიტი ვარშავიდან ფუნქციონირებს და თავისი წვლილი შეაქვს ლუკაშენკოს რეჟიმთან ბრძოლაში.

„ქარტია 97“-ის ლოგო შეახსენებს ლუკაშენკოს, რომ მას ამომრჩეველთა მხოლოდ 3% ემხრობა
„ქარტია 97“-ის ლოგო შეახსენებს ლუკაშენკოს, რომ მას ამომრჩეველთა მხოლოდ 3% ემხრობა

 

მარია ზაიცევა – ახალი თაობის გაუტეხელობა

19 წლის მარია უკვე 1 თვეა საავადმყოფოში წევს. მინსკში აქციაზე ის რეგიონიდან იყო ჩასული. დაზიანებები მას მიაყენა ახლოს გამსკდარმა ხმოვან-მანათობელმა ყუმბარამ, რომელიც დარბევისას ძალოვანებმა ისროლეს. მას რეზინის ტყვიებიც მოხვდა, რომლებმაც სხეულის გარკვეულ უბნებზე ქსოვილის ნეკროზი გამოიწვია. საფეთქელში მოხვედრილმა ტყვიამ კი მარიას სმენის ნერვი დაუზიანა.
მარია არაფერს ნანობს. ისევე, როგორც მისი ქართველი ორეული მაკა გომური. საგულისხმოა, რომ ორივე მათგანს ერთი და იმავე სახის იარაღმა მიაყენა დაზიანება თავის (ე.წ. დათვის ტყვიები).

მარია ზაიცევა აქციაზე
მარია ზაიცევა აქციაზე

„ქალური ლოგიკა“ – „რბილი ძალის“ ტაქტიკა

აქციების უაღრესად ხავერდოვანი ბუნებიდან გამომდინარე, დემონსტრანტები კვლავ ჯიუტი პრინციპულობით აგრძელებენ არაძალადობრივი მეთოდებითა და მორალური უპირატესობის გამოკვეთილი დემონსტრირების გზით.

მართალია, აქ ვერ ნახავთ დასავლეთში აპრობირებულ ეპატაჟურ ფემინიზმს, თუმცა ბელარუს ქალთათვის დამახასიათებელი კეთილმოსურნეობა, ზომიერების შეგრძნება, გამძლეობა და ადაპტაციის უნარი მათ ძალიან ეხმარება რეჟიმთან ხანგრძლივი ნერვების ომში. მართალია, ლუკაშენკომ დააბრალა მათ, რომ არიან „მანიპულირებული ცხვრები და უსაქმურები“, თუმცა ქალებმა ქვეყნის შიგნითა და გარეთ ყველას დაანახეს, თუ ვინ დგას ნათელსა თუ ბნელ მხარეს.

ქალი ოპონენტების დევნა და დაშინება გაცილებით დამაზიანებელი აღმოჩნდა მმართველის რეჟიმის რეპუტაციისა და მდგრადობისთვის. ამის გამო, რეჟიმი ერთი პერიოდი ცდილობდა, ფიზიკურად ნაკლებად შეხებოდა დემონსტრანტ ქალებს, თუმცა ბოლო დღეებში ვითარება შეიცვალა, რაზეც მეტყველებს შემდეგი ფაქტი: ქალების ერთი ჯგუფი, რომელმა დარბევისას თავის შეფარების მიზნით მინსკის კათოლიკურ ტაძარს, ე. წ. „წითელ კათედრალს“ მიაშურა, მწარედ შეცდნენ – ომონმა ისინი ღვთის სახლიდანაც კი ძალით გამოათრია და დააკავა.

ქალებს ძალოვანებთან პირდაპირ დაპირისპირებაში შესვლა უწევთ. „ერთი ყველასთვის, ყველა ერთისთვის!“ – მუშკეტერების ამ ცნობილი შეძახილის თანხლებით უტევენ ქალები ომონს (რომელსაც მითითება აქვს მიცემული, რაც შეიძლება ნაკლებად შეეხოს ქალებს), ფსიქოლოგიურად ჯაბნიან ნიღბიან ძალოვნებს, არღვევენ მათ კორდონს და ხელიდან სტაცებენ დაკავებულ მომიტინგე მამაკაცებს და იფარავენ მათ. ლუკაშენკომ ესეც ჩვეულ სტილში შეაფასა: თითქოს მამაკაცები ქალების ზურგ უკან იმალებიან.

ტრაგიკომიკური იყო სურათი, როდესაც ერთ-ერთ მოგზავნილ ზონდერს დასუფთავების საქალაქო სამსახურის მუშაკი ქალი ცოცხით გამოედევნა.

ქალების „ცოცხალი ფარი“
ქალების „ცოცხალი ფარი“

ამ დღეებში ბელარუსი ქალებისთვის პირდაპირი კონოტაცია შეიძინა ცნობილი სიმღერის სიტვებმა: Bad boys, bad boys, what you gonna do when they come for you? ანალიტიკოსების ნაწილი ბელარუსის პროტესტის რადიკალიზაციის აუცილებლობაზე მიანიშნებს. მათი აზრით, მხოლოდ ძალოვანებისთვის მიძღვნილი ყვავილები და ჰაეროვანი კოცნები არაა საკმარისი, რათა დაძლეულ იქნას რეჟიმის ბრუტალიზმი, რომელსაც კრემლი უმაგრებს ზურგს.

ბელარუსი ქალების ინსპირაციის წყაროდ შეიძლება გამოდგეს მეზობელი პოლონეთი, სადაც 1980 წ. თავისუფალი პროფკავშირების მოძრაობა „სოლიდარობის“ გამორჩეული სახე იყო ანა ვალენტინოვიჩი. ის მოძრაობის ლიდერ ლეხ ვალენსას ყველგან მხარში ედგა და დიდი წვლილი მიუძღვის იმ დომინოს ეფექტისთვის ბიძგის მიცემაში, რამაც მთელ „სოციალისტურ ბანაკს“ საბოლოოდ თავისუფლება მოუტანა.

დრო გვიჩვენებს, გაიმეორებენ თუ არა პოლონელების წარმატებას ბელარუსის მსხვილი საწარმოების გაფიცული მუშაკები. დიდი ალბათობით, „სოლიდარობის“ ტაქტიკა ახლაც იმუშავებს, რადგან ბელარუსის ეკონომიკა რთულ დღეშია. წარმოების გაჩერება კი ლუკაშენკოსთვის ზეწოლის მტკივნეული და ქმედითი ბერკეტი იქნება.

ნიშანდობლივია, რომ რამდენიმე დღის წინ პოლონეთში, „სოლიდარობის“ 40 წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე საპატიო სტუმართა შორის იყო სვეტლანა ციხანოვსკაიაც.

საერთაშორისო სოლიდარობა

ბელარუს ქალებს სოლიდარობა გამოუცხადეს საერთაშორისო დონეზე: ლიეტუვისა და ესტონეთის ყოფილი და მოქმედი ქალი პრეზიდენტები დალია გრიბაუსკაიტე და კერსტი კალიულაიდი, მკაცრი სიტყვიერი მხარდაჭერის პარალელურად, ჩაებნენ, ე.წ. სოლიდარობის სიმბოლურ ჯაჭვში, რომლებიც გაიმართა ვილნიუსსა და ტალინში.

ევროპის ძლევამოსილი გერმანელი ქალები კი შეშფოთებიდან საქმეზე გადადიან: „რკინის ფრაუ“, კანცლერი მერკელი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი მინსკის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების შემუშავებას მალე დაასრულებენ.

პოლიტიკურ სარბიელს შეუჩვეველი, მოკრძალებული სვეტლანა, რომელიც ძირითადად ბავშვების აღზრდით იყო დაკავებული და მხოლოდ დაკავებული მეუღლის არჩევნებზე ჩანაცვლებას ფიქრობდა, ბედის განგებით, მისდა უნებურად აღმოჩნდა საერთაშორისო და რეგიონული პოლიტიკის ორომტრიალში. ვილნიუსში მყოფმა სვეტლანამ „ეროვნული ლიდერის“ როლი მოირგო იმ პირობებში, როდესაც ლუკაშენკოს გაპრეზიდენტება დასავლეთმა არალეგიტიმურად ცნო.

სვეტლანას დაუთმეს გაეროს უშიშროების საბჭოს, ევროპარლამენტისა და ევროპის საბჭოს ტრიბუნები. მას პირადად შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე. მას ეკონტაქტებიან ევროპის გავლენიანი პოლიტიკური ლიდერები. ევროპის სახალხო პარტიის (EPP) თავმჯდომარემ, დონალდ ტუსკმა ევროპას მოუწოდა, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინოს სვეტლანა ციხანოვსკაია და მისი მეუღლე სერგეი.

ევროპის რამდენიმე ქვეყნის ელჩი დემონსტრაციულად ესტუმრა შინ სვეტლანა ალექსიევიჩს, რითაც ლუკაშენკოს რბილი ძალის მესიჯი გაუგზავნა: არც იფიქრო, შეეხო ნობელიანტ მწერალს!

რუსეთში კი, სადაც კრემლმა თავხედურად მოწამლა თვალსაჩინო ოპოზიციური ლიდერი სერგეი ნავალნი, წინა პლანზე წამოიწია მისმა თანამებრძოლმა ლიუბოვ სობოლმა. სობოლი, ქსენია სობჩაკი და სხვები ახლო მომავალში, სავარაუდოდ, შეითავსებენ სვეტლანა ტოხანოვსკაიას და მარია კოლესნიკოვას როლებს.

საპროტესტო სიმბოლიზმი

საფრანგეთის რევოლუციური რესპუბლიკის პერსონიფიკაციის, მარიანას (Marianne) საკულტო ისტორიული იმიჯი კვლავაც აქტუალურია. მინსკის ერთ-ერთი გიმნაზიის სტუდენტმა გოგონებმა იმღერეს საფრანგეთის ჰიმნი, ეკავათ რა ტრანსპარანტი წარწერით „თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა!“ აქციებზე ასევე გაისმა ჰანგები ვიქტორ ჰიუგოს ისტორიული ნოველის მიხედვით დადგმული მიუზიკლიდან „საბრალონი“ (Les Misérables). ქალებს მტკიცედ სწამთ, რომ ბელარუსის ბასტილიის ციხის (მინსკის ავადსახსენებელი იზოლატორი „ოკრესტინო“) დაცემა მხოლოდ დროის საკითხია…

ბელარუსის ძველ, ისტორიულ გერბზე („პაგონია“ – მდევარი/დევნა) გამოსახულია ხმალამოღებული მხედარი გაჭენებულ ცხენზე. ეს რაინდული იმიჯი ბელარუსის თანამედროვე ჟანა დ’არკებმა თამამად მოირგეს – ისინი აღარ უცდიან საშველად მომავალ თეთრ ცხენზე ამხედრებულ მამაკაცებს. ისინი, მამაკაცების მხარდამხარ, თამამად ჭედენ თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყნის მომავალს.

ქალთა ერთ-ერთი მსვლელობის დროს გამვლელმა მამაკაცმა მათ მიმართა: „ვამაყობ, რომ ბელარუსს მდედრობითი სქესი აქვს!“

Жыве Беларусь!
Жыве Беларусь!
ავტორი: გიორგი უხურგუნაშვილი
სრულად
გამოკითხვა
„საპარლამენტო არჩევნები დღეს რომ გაიმართოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას“
ხმის მიცემა
სხვათა შორის

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.