USD 2.7117
EUR 3.1231
RUB 3.3487
Тбилиси
«EL Pais» (ესპანეთი): „როგორი უნდა იყოს ევროკავშირის შემდგომი გაფართოება?“
дата:  

„ევროკავშირის გაფართოების მორიგი მცდელობა ბრიუსელისთვის ტიტანური გამოცდა იქნება და მისი წარმატებით დასრულება ძალიან რთული წარმოსადგენია. ევროკავშირის შემადგენლობაში მყოფი სახელმწიფოებისათვის ახალი წევრების, კონკრეტულად კი უკრაინის დამატება, მათთვის რაიმე სარგებელს და მომგებიან შესაძლებლობას არ ქმნის“, - ნათქვამია ესპანური გაზეთ „ელ პაისში“ (EL Pais) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „როგორი უნდა იყოს ევროკავშირის შემდგომი გაფართოება?“ (ავტორი - ბერნარდო დე მიგელი).

გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:

ახალი წევრების მიღება-მიერთება ევროკავშირის შესაძლებლობების მძიმე გამოცდა იქნება, რომელიც ბლოკისთვის გარდაუვალია, მაგრამ გაფართოების პროცესის წარმატებული დასრულება რთული და პრობლემატური მოჩანს.

უკვე ახლავე ცნობილია, რომ გაფართოება-მიღების მთავარი კანდიდატი ქვეყანა უკრაინა იქნება.. თუ მისი კანდიდატურა, პოსტსაომარი ტრავმატული პერიოდის გამო, წარუმატებელი იქნება, ევროკავშირის შემდგომი გაფართოების მცდელობა წინასწარ ჩაშლილ ფსონს დაემსგავსება. ისეთი ქვეყნების მიღება, როგორებიც არიან ჩერნოგორია, ალბანეთი ან ჩრდ. მაკედონია, ბრიუსელისთვის ზედმეტი სიძნელეების გამრავლებას ნიშნავს, ძალიან მცირე დამატებითი ღირებულებით და როგორც შედეგს, მივიღებთ იმას, რომ ევროკავშირი სულ უფრო ნაკლებად მართვადი იქნება. არ არის გამორიცხული, რომ ბლოკის განვითარება დიდი ხნის განმავლობაში  შეჩერდება და ერთ წერტილზე გაიყინება. მოკლედ, გაფართოება ევროკავშირის დღევანდელ წევრებს სამომავლოდ სიკეთეს არ მოუტანს.

გასათვალისწინებელია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება:

ევროკავშირის დამფუძნებელ-დამაარსებელი ქვეყნებიდან ორი დონორი სახელმწიფო - იტალია და ნიდერლანდები - უკვე ულტრანაციონალისტური მთავრობების ხელში არიან ჩავარდნილნი, რომლებიც ღიად ეწინააღმდეგებიან ახალი წევრების მიღებას. უკიდურესად მემარჯვენე ძალების გაძლიერება შეიმჩნევა სხვა ევროპულ ქვეყნებშიც - პორტუგალიიდან სლოვაკეთამდე და შვედეთამდე. საფრანგეთში, როგორც გამოკითხვები აჩვენებენ, ემანუელ მაკრონის ცენტრისტულ პარტიას მარინ ლე პენის მემარჯვენე ნაციონალისტური პარტია დაამარცხებს. უფრო მეტიც - არ არის გამორიცხული, რომ 2027 წლისათვის პრეზიდენტ მაკრონს ელისეის სასახლეში მარინ ლე პენი შეცვლის. და რაც ყველაზე თვალში საცემია - ის ქვეყნები, რომლებიც ევროკავშირის წევრები შედარებით ახლახან გახდნენ, შიშობენ, რომ „უკრაინელი გიგანტი“, რომელიც მძიმედ არის „დაჭრილი“ და „ხანგრძლივ ძვირადღირებულ მკურნალობას“ საჭიროებს (დანგრეული ინფრასტრუქტურის აღდგენისათვის), მათ იმ  მსხვილ ინვესტიციებს და დახმარებას წაართმევს, რომლებსაც ისინი ბრიუსელისაგან იღებენ.

სხვათა შორის, ექსპერტთა გამოთვლით, უკრაინის - დღევანდელი ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ქვეყნის - მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) ბულგარეთის - ევროკავშირის ერთ-ერთი პატარა ქვეყნის მშპ-ის ნახევარსაც  კი არ წარმოადგენს, რომელიც ამჟამად ყველაზე მცირედ ითვლება. არადა, უკრაინის სახნავ-სათესი მიწების ფართობი ესპანეთს და საფრანგეთს აღემატება, ერთად აღებულს. ფინანსური დანახარჯები უკრაინის სოციალურ-ეკონომიკური აღდგენისათვის ისეთი წარმოუდგენელი მოცულობისა იქნება, რომ ევროპელებს კისერზე ლოდივით ჩამოეკიდებათ. ამიტომაც ბევრია ისეთი ევროპელი, რომლებიც ეწინააღმდეგებიან გაფართოებას და ნოსტალგიით, სიამტკბილობით იხსენებენ ბედნიერ და მაძღარ 1990-იან წლებს.

ბევრი ევროპელის სურვილი უკრაინისათვის დახმარების მიზნით იდეალური და გულწრფელია - ისევე როგორც ეს მოხდა 1990-იანი წლების დასაწყისში, როცა ორი გერმანია გაერთიანდა, მაგრამ არის ერთი მომენტი: იმ დროს აღმოსავლეთ გერმანიის (გდრ-ის) ეკონომიკა საკმაოდ ძლიერი იყო, ვიდრე დღევანდელი უკრაინისა (შედარებაც კი არ შეიძლება!), მაგრამ გერმანელები მრავალი წლის განმავლობაში გრძნობდნენ თანამოძმეებთან გაერთიანებით მიღებულ პრობლემებს. და თუ ამას დავამატებთ უკრაინის მაღალი დონით კორუმპირებულობას, სახელმწიფო სტრუქტურების არასტაბილურობას და ომისშემდგომ მადესტაბილიზებელ გავლენას რუსეთის მხრიდან, მაშინ გასაგები იქნება, რა ელოდება წინ ევროკავშირს უკრაინის მიღებით.

წყარო: https://elpais.com/opinion/2024-06-05/el-debate-como-debe-ser-la-proxima-ampliacion-de-la-ue.html

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати