USD 2.7227
EUR 3.1910
RUB 3.4642
Тбилиси
FORBES.GE: აბრეშუმის გზის ახალი ელჩი შიაოჯუნ ი, იგივე სანდრო ბერიძე
дата:  551

შიაოჯუნ ი, იგივე სანდრო ბერიძე, 22 წელია, ორ სამყაროს აკავშირებს: ჩინეთიდან საქართველოში წელიწადში 1000-ზე მეტ კონტეინერს, აგრეთვე სტუდენტებსა და ტურისტებს გზავნის. ამავდროულად ქართული ღვინის 200-მდე სახლს ამარაგებს, რომლებიც მან ჩინეთში დააფუძნა.

სანდრო, თქვენი ბიზნესსაქმიანობა საქართველოს რამდენიმე მიმართულებით უკავშირდება. უკვე 22 წელია, ფლობთ გადამზიდ კომპანია სუოლუნს. როგორ მოხვდით ამ ბიზნესში?

პირველად ქართველები 2002 წელს გავიცანი. მაშინ ქალაქ ურუმჩიში, ქართულ-ჩინურ გადამზიდ კომპანიაში ვმუშაობდი. ჩვენს კომპანიას საქართველოდან ბევრი მომხმარებელი ჰყავდა და მათ შორის იყვნენ სხვადასხვა ეროვნების ბიზნესმენები სხვადასხვა სფეროდან, შესაბამისად, ვურთიერთობდი როგორც ქართველებთან, ისე საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებთან, სომხებთან და ა.შ. ამ ურთიერთობით ვისწავლე ყველაფერი – ენაც, ბიზნესიც, სავაჭრო და გადამზიდი კომპანიის მართვაც.

2011 წელს, როდესაც ამ სფეროში უკვე მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება მქონდა, დავაფუძნე საკუთარი კომპანია სუოლუნი, რომელსაც უამრავი მომხმარებელი და მეგობარი გაუჩნდა საქართველოში. ჩინეთის კონკურენტულ ბაზარზე ადგილის მოპოვება და წარმატების მიღწევა ადვილად მოხერხდა სწორი მენეჯმენტითა და ხარისხიანი მომსახურებით. სულ რაღაც ერთ წელიწადში კომპანია ერთ-ერთი წამყვანი გადამზიდი კომპანია გახდა, დღემდე წარმატებით აგრძელებს საქმიანობას და ქართველი ბიზნესმენების ნდობას იმსახურებს.

უფრო კონკრეტულად, რა  სერვისებს სთავაზობთ ქართველ მომხმარებლებს? 

დღეს სუოლუნი თანამშრომლობს  ძალიან ბევრ ქართულ კომპანიასა თუ კერძო ბიზნესთან, მოიცავს საქართველოს ყველა დიდ ქალაქს, თბილისს, ქუთაისსა თუ ბათუმს და ყველა მთავარ ბაზარს, ლილოს, ელიავასა და ა.შ. მომხმარებელს ვთავაზობთ საზღვაო, საჰაერო,  სარკინიგზო და სახმელეთო გადაზიდვის, ასევე თარჯიმნისა და პირადი აგენტის სერვისს ჩინეთში სავაჭრო პროცედურების წარმატებით სამართავად. კომპანიას საკუთარი საწყობიც აქვს პროდუქციის უსაფრთხოდ შესანახად და ტრანსპორტირებისთვის მოსამზადებლად. 

მომხმარებელს კომპანიის თანამშრომლები აეროპორტში ხვდებიან, მიჰყავთ სასტუმრომდე და აწვდიან სანდო და უსაფრთხო სერვისს. სუოლუნი ჩინეთში ყველა წამყვან და ხარისხიან მწარმოებელ ქარხანასთან პარტნიორობს, რაც ქართველი მომხმარებლისთვის პროდუქციის მაქსიმალურად სწრაფად, მისაღებ ფასად მოძიებას და რაც მთავარია, გარანტირებულ ხარისხს უზრუნველყოფს.

შეძენილი პროდუქცია იგზავნება  ქალაქ ივუში, სუოლუნის საწყობში, იტვირთება კონტეინერებში და იგზავნება საქართველოში. ყველა საჭირო დოკუმენტაციასა და საბაჟო პროცედურას კომპანია აგვარებს. ოფისი საქართველოშიც გვაქვს და მსურველებს ფოთიდან თბილისამდე პროდუქციის ტრანსპორტირებასა და საბაჟო პროცედურების მართვასაც ვთავაზობთ. 

დღეს საქართველო-ჩინეთის მარშრუტზე ბევრი გადამზიდი კომპანიაა. რა არის თქვენი უპირატესობა?

სუოლუნის წარმატების გასაღები თბილი ატმოსფერო, მომხმარებელზე ორიენტირებული პერსონალი და საუკეთესო სერვისია. 30-კაციანი ჯგუფი, რომელიც უკვე 10 წელია კომპანიაში მუშაობს, მაღალი პროფესიონალიზმით, ქართული კულტურის სიყვარულითა და ერთგული სამსახურით გამოირჩევა.  

მაგრამ ყველაზე მეტად ჩვენს კომპანიას გამოარჩევს ის, რომ სრულიად მორგებულია ქართულ ბაზარზე და ქართველი მომხმარებლების საჭიროებებზე. ჩვენ მხოლოდ საქართველოსთან ვმუშაობთ. ქართველებთან და საქართველოსთან ურთიერთობის 20-წლიანი გამოცდილება მაძლევს უპირატესობას, ზედმიწევნით კარგად ვიცნობდე ქართველ ხალხს, ქართულ ხასიათს, კულტურას და ისტორიას. ამიტომაა ჩვენთან ურთიერთობა ნებისმიერი ქართველისთვის ძალიან სასიამოვნო. 

ყოველწლიურად, საქართველოში 1,000-ზე მეტ კონტეინერს ვგზავნით. გვყავს უამრავი მადლიერი, ერთგული მომხმარებელი და მეგობარი. ყოველწლიური პროცენტული ზრდა 30-40% შეადგენს. 

2015 წლიდან ქართული ღვინითაც დაინტერესდით. როგორ გაიგეთ ქართული ღვინის შესახებ? ჩინეთში ექსპორტი რამ გადაგაწყვეტინათ?

ჩინეთში ქართული ღვინისა და კულტურის პოპულარიზაცია 2015 წელს დავიწყე და ქართული ღვინის სახლის მაღაზიათა ქსელის ქვეილის გენერალური დირექტორი ვარ. წარმატებით ვთანამშრომლობ წამყვან ღვინის კომპანიებთან და წლებია, მეგობრული და ახლო ურთიერთობა მაქვს ღვინის სააგენტოსთან. წელიწადში 70 კონტეინერი ღვინო გაგვაქვს ექსპორტზე .

2015 წლამდე ღვინო პრაქტიკულად არ გამისინჯავს. ინტერესიც არ მქონდა. ერთ დღეს კი, სრულიად შემთხვევით, ქართველმა მეგობარმა ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტი შემომთავაზა, გამაცნო მისი ისტორია და მნიშვნელობა ქართულ კულტურაში. სრულიად გაოცებული დავრჩი. ვერც წარმოვიდგენდი, რომ საქართველოში ღვინის სახით ამხელა განძი იმალებოდა და ჩინეთში ამაზე არავინ არაფერი იცოდა. 

საქართველო ღვინის სამშობლო ყოფილა, 8,000-წლიანი ისტორიით, ქვევრში ღვინის დამზადების ტექნოლოგიას კი იუნესკოს არამატერიალური მემკვიდრეობის კულტურული ძეგლის სტატუსი ჰქონია. გავოცდი. იმ წამსვე გადავწყვიტე, რომ ამ საქმეს სერიოზულად მოვკიდებდი ხელს. მთავარი მიზანი არა უბრალოდ ღვინის გაყიდვა, ჩინელებისთვის ამ დიდებული ისტორიის გაცნობა იყო.

ჯერ იყო ბიზნეს იდეა და შემდეგ ქართული ღვინის უკეთ შეცნობა, თუ პირიქით?

ქართულმა ღვინის კულტურამ იმდენად დამაინტერესა, რომ თავად დავიწყე ინფორმაციის მოძიება და სწავლა. ძალიან ბევრს ვკითხულობდი და ვეცნობოდი ქართული ღვინის ისტორიას. დავიწყე ღვინის დაგემოვნება. შევისწავლე ყველაფერი, სწორად დაგემოვნება, კარგი ღვინის შერჩევა და ა.შ. ადრე მეგონა, მხოლოდ მშრალი ღვინო არსებობდა, ქართული ღვინის დაგემოვნების შემდეგ კი აღმოვაჩინე, რომ ის შეიძლება იყოს ნახევრად მშრალიც და ნახევრად ტკბილიც. 

თავიდან ღვინის ბიზნესზე არც მიფიქრია. ამაზე ბევრი არც არაფერი ვიცოდი. მაგრამ ქართული ღვინის ისტორიამ ისე მომხიბლა, რომ გამიჩნდა სურვილი მქონდა, ჩინეთში ქართული კულტურის შესახებ მეტ ადამიანს გაეგო. როდესაც რაიმეს ვაკეთებ, მასში მთელ სულს და გულს ვდებ და დიდ ემოციას ვაქსოვ, ამიტომ ფულის გამომუშავება ყოველთვის მეორეხარისხოვანია, მთავარია ინტერესი და საქმის სიყვარული. 

რომელი ღვინო გასინჯეთ პირველად? როგორ დააინტერესეთ ჩინელი ღვინის მოყვარულები?

პირველად საფერავი გავსინჯე, შემდეგ ქინძმარაული და ხვანჭკარა. ნახევრად ტკბილი ღვინო ძალიან მომეწონა. წარმოიდგინეთ, იქამდე ღვინოს კი არა, ალკოჰოლს თითქმის საერთოდ არ ვსვამდი. კარგ სასმელს ცუდისგან ვერც ვარჩევდი. მაგრამ ქართული ღვინის გასინჯვისას კი იმდენად საოცარი შეგრძნება მქონდა, იმდენად მომხიბლა გემომ და არომატმა, რომ არასდროს დამავიწყდება. და მაშინვე გავიფიქრე, კიდევ რამდენი ადამიანი იქნება ჩინეთში, ასეთი კარგი ღვინო არასდროს რომ არ გაუსინჯავს-მეთქი. 

ევროპიდან უამრავი ღვინო შემოდის, მაგრამ 99% მშრალი ღვინოა. მაგრამ ჩინელი ხალხის გემოვნებას ნახევრად მშრალი ან ნახევრად ტკბილი ღვინო უფრო მიესადაგება, რადგან ჩინური კერძები ძირითადად ძალიან მწარე და ცხარეა, მივირთმევთ ბრინჯს და ძალიან ბევრი კერძი გვაქვს ტკბილ-ცხარე  ან ტკბილ-მჟავე სოუსით, რაც იდეალურად ეწყობა ნახევრად ტკბილ ღვინოს. სწორედ ამიტომ იყო ეს ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენა. 

ამჟამად ჩინეთში 200-მდე ღვინის სახლს ფლობთ. საინტერესოა, რომელ ქართულ ღვინოზეა ყველაზე დიდი მოთხოვნა?

სხვადასხვა პროვინციაში, 200-მდე ქართული ღვინის სახლთან ერთად, ქალაქ ივუში ვფლობ ქართული კულტურისა და ღვინის ცენტრალურ მუზეუმსაც. ჩვენი ხალხი ძალიან განსხვავდება ევროპისგან, სრულიად განსხვავებული კულტურა, მენტალიტეტი, სამზარეულო და კვების უნარ-ჩვევები გვაქვს. 

ჩრდილოეთში უფრო მძიმე საკვებს, ძირითადად, ხორცეულს ჭამენ, ცომეულს და მარილიან კერძებს. სამხრეთ ჩინეთში ზღვის პროდუქტები და ბრინჯია ძირითადი საკვები.  შუა ნაწილი კი ძალიან ცხარე კერძებით გამოირჩევა – წიწაკის გარეშე კერძს ვერ ნახავთ. შანხაიში, პირიქით, კერძები უფრო ტკბილი სოუსით მზადდება. 

ჩინეთის ყველა მხარე ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან, ყველას თავისი წეს-ჩვეულებები და გემოვნება აქვს. მოსახლეობის 70-80%-ს ნახევრად მშრალი ან ნახევრად ტკბილი ღვინო მოსწონს. მშრალი ღვინო უფრო მეტად მოსწონთ ჩრდილოეთ რეგიონში, სადაც უფრო მძიმე საჭმელია. მაგრამ ეს მოსახლეობის მხოლოდ 20-30%-ია. 

2024 წელს საქართველოდან ჩინეთში ღვინის ექსპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა და $9 მლნ შეადგინა, 2017-ში კი $20 მლნ-ს აღწევდა. რა არის მიზეზი? მოთხოვნამ ხომ არ დაიკლო?

დიახ. სამწუხაროდ, მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა ჩინეთზეც იქონია გავლენა. ძალიან ბევრი კომპანია გაკოტრდა, ბიზნესები დაიხურა, ხალხმა შემოსავალი დაკარგა და რა თქმა უნდა, მომხმარებლებმაც იკლო. ხალხი ერიდება თანხის ზედმეტ ხარჯვას და ძირითადად აუცილებელ პროდუქციაზე კონცენტრირდებიან. დიდი როლი იქონია კორონავირუსის დროს შექმნილმა ვითარებამაც, რომლის დროსაც ხალხმა შემოსავალი და სამსახური მასიურად დაკარგა. ეს ტენდენცია არა მხოლოდ ღვინოს, არამედ სხვა ძალიან ბევრ სფეროსაც შეეხო. სამწუხაროა, მაგრამ, იმედი გვაქვს, ყველაფერი მალე გამოსწორდება. 

როგორია ქართული ღვინისა და ჩინეთის ბაზრის ერთობლივი მომავალი? 

ჩინეთის ეკონომიკა მეორეა მსოფლიოში და ის საქართველოსთვის ყოველთვის იქნება უდიდესი მარკეტი. მრავალრიცხოვანი მოსახლეობის წყალობით, ძალიან სწრაფი ზრდა გვაქვს და ბევრი მდიდარიცაა. 20 წლის წინანდელი ჩინეთი სრულიად სხვაგვარი იყო, დღეს კი ყველაფერი შეცვლილია. ტექნოლოგიური განვითარება პიკს აღწევს, ბევრი ახალი ქალაქი შენდება, ხალხი მიეჩვია მაღალი სტანდარტებით ცხოვრებას და მუდამ აქვთ მოთხოვნა კარგ და ხარისხიან პროდუქციაზე. თუ ხარისხში დარწმუნებულები არიან, ფულის ხარჯვა არ ენანებათ. 

რა უნდა გაითვალისწინონ ახალბედა მეღვინეებმა ამ ბაზარზე შესვლის სირთულეებთან დაკავშირებით?

ქართულ კომპანიებს ვურჩევდი, თუ ჩინეთში შესვლასა და მუშაობაზე სერიოზულად ფიქრობენ, კარგად უნდა იცნობდნენ ჩინელ მომხმარებელს და ჩინურ ბაზარს. ჩინელები არ ჰგვანან ევროპელ და ამერიკელ ხალხს, სრულიად სხვა ერია, განსხვავებული თვისებებით, კულტურით, ხასიათით და გემოვნებით. მაგალითად, რძის პროდუქტებს, ყველს თითქმის არ მიირთმევენ. ამიტომაც უნდა იცოდნენ კარგად მათი სურვილები და გემოვნება. სხვანაირად წარმატებას ვერ მიაღწევენ. 

ღვინოს უნდა ჰქონდეს ის გემოვნური თვისებები, როგორიც ჩინეთში მოსწონთ. მომხმარებლისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს შეფუთვასაც – ბოთლი, საცობი, ყუთი, ეტიკეტი – ყველაფერი უმაღლესი დონის უნდა იყოს, როგორც სასაჩუქრე შეფუთვა. მხოლოდ ამ შემთხვევაში არის პროდუქცია მათთვის მისაღები. საუკეთესო ღვინო რომ იყოს, მაგრამ უბრალო შეფუთვაში, ჩინელი ამას არ მიიღებს, მისთვის ასეთი პროდუქტი უვარგისია. ეს შემდეგ კომპანიასაც და ქვეყანასაც სახელს უფუჭებს.

ერთი წელია, საქართველოში შემომყვანი ტურიზმის განხრითაც მუშაობთ. ამ მხრივ რა მოცემულობაა?

ახლა ძალიან კარგი დროა, რადგან რომ ჩინეთ-საქართველოს შორის უვიზო კავშირია, რაც დასაწყისში 40 ჯგუფის გამოგზავნაში ძალიან დაგვეხმარა. ქართველ პარტნიორთან ერთად დავაფუძნეთ კომპანია Georgia 360 და ვფიქრობ, მომავალში უფრო და უფრო დიდ ნაკადებს უნდა ელოდოთ. 

ჩინეთიდან საზღვარგარეთ ყოველწლიურად 130 მილიონი ტურისტი მიდის. უმეტესად სამხრეთ აზიაში ან ევროპაში. ჩვენს ხალხს უყვარს სხვა ქვეყნების მონახულება და ბევრისთვის მოგზაურობა ჩვეულებრივი ცხოვრების სტილია. განსაკუთრებით ახალი ქვეყნების აღმოჩენა აინტერესებთ. საქართველო კი ულამაზესი ქვეყანაა და  სამომავლოდ ძალიან ბევრი შესაძლებლობაც არსებობს. ყველაფერი გაქვთ, რაც ტურისტს აინტერესებს: მთა, ზღვა, გემრიელი საკვები, ღვინო, ულამაზესი ადგილები და ძალიან სტუმართმოყვარე და თბილი ხალხი.

გარდა ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ტურიზმისა, ქართულ უნივერსიტეტებში ჩინელი სტუდენტების ჩამოყვანასაც ხელს უწყობთ. რამდენადაა ინტერესი? თქვენ რატომ დაინტერესდით ამ მიმართულებით?

ჩინელი სტუდენტებისთვის საქართველოში სწავლის გაგრძელების ეს კარგი შესაძლებლობა 2024 წლიდან გამოჩნდა და ორ ქვეყანას შორის ამ მხრივაც ძალიან კარგი სიტუაციაა. განათლების სამინისტროებმა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს ხელი მოაწერეს და ჩინეთი აღიარებს ქართულ დიპლომს. 

ძალიან მინდა, ჩინელი სტუდენტები გაეცნონ საქართველოს,  ისწავლონ ქართული ენა, ქართული კულტურა და ისტორია და ეს ორი ერი დამეგობრდეს. საქართველოს ეკონომიკისთვისაც ძალიან კარგი იქნება სტუდენტები თუ აქ ისწავლიან და იცხოვრებენ, ქართულ ბიზნესს მათი სახით ბევრი მომხმარებელი ეყოლება. 

თავადაც მინდა ქართული ენა მაღალ დონეზე შევისწავლო, რადგან საქართველო და ქართველები ძალიან მიყვარს. ყოველთვის ვამბობ,  რომ ყველაფერი, რაც გამაჩნია – ბიზნესი, სახლი, ოჯახი თუ ჩემი ცხოვრება – მთლიანად ქართველების დახმარებით მაქვს, მათ მაზიარეს ქართულ კულტურას. საქართველო ჩემი მეორე სამშობლოა. 

სტუდენტებს ჩემი მეგობარი პარტნიორები აქ ადვილად დაასაქმებენ, რადგან ჩინურისა და ქართულის მცოდნე კადრები ბევრს სჭირდება. უკვე 13 უნივერსიტეტთან გვაქვს გაფორმებული ხელშეკრულება და ამ კუთხით აქტიურ მუშაობას ვიწყებთ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის. ამ სფეროს წარმატებისთვის ყველაფერს გავაკეთებ. 

ხომ არ განიხილავთ საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-კულტურული ურთიერთობის კიდევ სხვა განზომილებებში გადატანას? როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ყოველთვის მიმაჩნდა, რომ საქართველო ჩემი მეორე სამშობლოა. ამჟამად ყველაფერს ვაკეთებ ერთი მიზნით – საქართველოსა და ჩინეთის დაახლოებისა და მეგობრული ურთიერთობისთვის. მინდა, საქართველოს დასახმარებლად და ქართული ეკონომიკის გასაძლიერებლად რაიმე გავაკეთო და მზად ვარ ახალი იდეებისთვის. ბევრი გეგმაც მაქვს – კულტურის, ხელოვნების, ფილმის ინდუსტრიის, ტელევიზიის, უძრავი ქონების, სარესტორნო და სასტუმრო ბიზნესის მიმართულებით. ამ გეგმებს ეტაპობრივად აუცილებლად განვახორციელებ.

წყარო:forbes.ge

аналитика
«The Guardian»: „ პლანეტაზე მშვიდობის ბედი სასტიკი და დაუნდობელი პატრიარქების ხელშია, რომლებიც მომავალ თაობას მსოფლიო წესრიგის ნანგრევებს უტოვებენ“

„სწორედ იმ დროს, როცა მსოფლიოს უაღრესად ჭირდება ბრძენი უხუცესები, პლანეტაზე მშვიდობის ბედი სასტიკი და დაუნდობელი პატრიარქების ხელშია, რომლებიც მომავალ თაობას მსოფლიო წესრიგის ნანგრევებს უტოვებენ“ - ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ „გარდიანში“ (The Guardian) გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორია დევიდ ვან რეიბრუკი, ნობელის პრემიის ლაურეატი ფილოსოფიაში ნიდერლანდებიდან.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

მოდით ერთ დელიკატურ საკითხზე მსჯელობას შევეცადოთ: ვისაუბროთ ასაკზე ისე, რომ ეიჯიზმში - ასაკობრივ დისკრიმინაციაში - არ გადავვარდეთ.

არასოდეს არ მომხდარა ისეთი პრეცედენტი პლანეტის თანამედროვე ისტორიაში, როგორიც დღეს არის: მსოფლიოში მშვიდობის ბედი ისეთი ადამიანების ხელშია, რომლებიც საკმაოდ ხანდაზმულები არიან. ვლადიმერ პუტინს და სი ძინპინს 72 წელი შეუსრულდათ, ნარენდრა მოდი - 74 წლისაა, ბენიამინ ნეთანიაჰუ - 75-ის, დონალდ ტრამპი - 79-ის, ალი ჰამენეი - 86-ის.

რასაკვირველია, მედიცინის განვითარების წყალობით, ადამიანები სულ უფრო მეტ ხანს ცოხლობენ და შეუძლიათ აქტიური ცხოვრებით იცხოვრონ, მაგრამ ამის მიუხედავად, დრეს ცვენ მოწმენი ვართ იმ პოლიტიკური ლიდერების რაოდენობის ზრდისა, რომლებიც ასაკის კვალობაზე სულ უფრო ამკაცრებენ საკუთარ ხელისუფლებას, ხშირად თავიანთი ახალგაზრდა კოლეგების ხარჯზე.

გასულ კვირაში ჰააგაში ნატოს ყოველწლიურ სამიტზე ალიანსის ლიდერები, ემანუელ მაკრონის და მეტე ფრედერიქსონის (ორივე 47-47 წლისაა), ჯორჯა მელონის (48 წლის), პედრო სანჩესის (53 წლის) ჩათვლით, იძულებულნი იყვნენ დათანხმებულიყვნენ დონალდ ტრამპის მოთხოვნას სამხედრო ბიუჯეტის გაზრდის შესახებ. ნატოს წევრი ქვეყნების მეთაურების საშუალო ასაკი 60 წელს შეადგენს: გერმანიის კანცლერი 69-ისაა, ხოლო თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი - 71 წლის.

ყველა დაეთანხმა სამხედრო ასიგნებათა 5%-იან ზრდას, თუმცა აშკარაა, რომ ეს ციფრო თვითნებურად არის დადგენილი - მისი განხილვა სერიოზული დებატებით არ მომხდარა არც ნატოში და არც წევრი ქვეყნების შიგნით. ამ დროს უფრო მეტად სამხედრო-პოლიტიკური რეალობას კი არ მიექცა ყურადღება, არამედ ჭირვეული ამერიკელი პატრიარქის პატივისცემას და მის აკვიატებულ მოთხოვნას. ნატოს გენერალური მდივანი მარკ რიუტე, რომელიც მხოლოდ 58 წლისაა, ისე შორს წავიდა აშშ-ის პრეზიდენტისადმი მოწიწებაში, რომ დონალდს „მამიკოთი“ (Daddy) მიმართა. ეს დიპლომატია არ არის. ეს მორჩილებაა.

თაობათა კონფლიქტი სხვა არენებზეც ხდება: უკრაინის 47 წლის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უპირისპირდება მასზე ბევრად უფროსი ასაკის კოლეგას - რუსეთის 72 წლის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. იმავე ასაკის მქონე სი ძინპინი მტრული თვალით უყურებს ტაივანის  პრეზიდენტს, რომელიც კომუნისტ ბელადზე 7 წლით უმცროსია. ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომლის წლოვანება საუკუნის სამ მეოთხედს შეადგენს, აუღელვებლად უყურებს ღაზას სექტორის განადგურებას, რომლის მოსახლეობის საშუალო ასაკი 18-20 წელია. ირანში 86 წლის ლიდერი მართავს ქვეყნის 80-მილიონიან მოსახლეობას, რომელთა საშუალო ასაკი 32 წელია. კამერუნელი 92 წლის პრეზიდენტი პოლ ბია 1982 წლიდან იმყოფება იმ ქვეყნის სათავეში, რომლის მცხოვრებლების საშუალო ასაკს 18 წელი შეადგენს, ხოლო სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა - 62 წელს.

რასაკვირველია, ჩვენ არ ვდგავართ გერონტოკრატიული შეთქმულების წინაშე. ჯერ-ჯერობით არც მოხუცი მოქმედი ლიდერების კლუბი არ არსებობს, რომლებიც მსოფლიოს ბატონობას სიცოცხლის ბოლომდე ესწრაფვიან... მაგრამ არის რაღაც შემაშფოთებელი იმაში, რომ  მშვიდობა ინგრევა სწორედ იმ ადამიანების მიერ, რომელთა ცხოვრება მეორე მსოფლიო ომის შემდომი არქიტექტურით განისაზღვრა. ალი ჰამენეი 6 წლისა იყო, როცა ჯერ გერმანიამ, შემდეგ კი იაპონიამ ხელი უსიტყვო კაპიტულაციას მოაწერეს.

დონალდ ტრამპი 1946 წელს დაიბადა, როცა გაერომ თავისი პირველი გენერალური ასამბლეის სხდომა ჩაატარა. ბენიამინ ნეთანიაჰუ  დაიბადა ისრაელის სახელმწიფოს შექმნიდან ერთი წლის შემდეგ. ნარენდრა მოდი დაიბადა 1950 წელს, როცა ინდოეთი საპარლამენტო რესპუბლიკად გამოცხადდა და ქვეყნის კონსტიტუცია მიიღეს. ვლადიმერ პუტინი ქვეყანას 1952 წლის ოქტომბერში მოევლინა, იოსებ სტალინის სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე. ამხანაგი სი ძინპინი - 1953 წლის ივნისში დაიბადა, სტალინის სიკვდილის შემდეგ. რეჯეფ ერდოღანი გაჩნდა 1954 წელს, თურქეთის ნატოში შესვლიდან ორი წლის შემდეგ. ყველა ჩამოთვლილი პირები ომისშემდგომი ეპოქის ბავშვები არიან და ახლა, როცა თავიანთი სიცოცხლის მიჯნას უახლოვდებიან, ისინი, როგორც ჩანს, მზად არიან იმ მსოფლიოს დასანგრევად, რომლებშიც თვითონ დაიბადნენ. ასთი მოქმედება შურისძიებას ჰგავს.

დიახ, საერთაშორისო წესრიგი, რომელიც თეორიულად გარკვეულ წესებს ემყარებოდა, პრაქტიკაში ყოველთვის არეულ-დარეული იყო, ვიდრე ეს ქაღალდზე ჩანდა. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში რაღაც იდეალი არსებობდა, რომლის მიღწევას ყველა თავისებურად ცდილობდა. არსებობდა საერთო მორალური პრინციპები - დიახ, მყიფე, მაგრამ გულწრფელი, რომელიც იმ რწმენას ემყარებოდა, რომლის მიხედვით, კაცობრიობას აღარ უნდა გაემეორებინა მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის მხეცობები და რომ უმჯობესია უთანხმოებები დიალოგისა და დიპლომატიის მეშვეობით მოგვარდეს. დღეს ეს რწმენები აორთქლდა, გაქრა და უმეტესად იმ ადამიანთა გონებასა და სულში, რომლებისთვისაც ყველაზე ძვირფასი უნდა ყოფილიყო და რომელებიც სიკეთის რწმენას ყველაზე მეტად უნდა გაფრთხილებოდნენ.

დღეს უპრეცედენტო მომენტია. წინა მსოფლიო მართლწესრიგის არქიტექტორები - ადოლფ ჰიტლერი, ბენიტო მუსოლინი, იოსებ სტალინი და მაო ძედუნი სულ რაღაც 30-40 წლისანი იყვნენ, როცა ხელისუფლებაში მოვიდნენ. ახალმა თაობამ ახალი მსოფლიო ააშენა, მაგრამ წინა მართლწესრიგის შედეგებს შეეჯახნენ. დრეს ახალი მსოფლიოც ინგრევა იმ ძველი თაობის ადამიანების მიერ, რომლებიც ვერ იცოცხლებენ იმ დრომდე, რათა დაინახონ, როგორი ნანგრევები დარჩება მათი მოქმედებით.

ჩვენ შეიძლებოდა გვქონოდა იმის იმედი, რომ თაობა, რომელსაც ბედმა გაუღიმა და სიცოცხლის ხანგრძლივობა გაუგრძელდა, თავიანთი სიკვდილის შემდეგ სიკეთის, პტივისცემის და გლობალური პოზიტიური ხელმძღვანელობის მემკვიდრეობას დატოვებდა. ამის ნაცვლად ჩვენ მოწმენი ვართ ბოლო ათწლეულებში მომხდარი ყველაზე უარესი რეპრესიების, ძალადობის, გენოციდების, ეკოციდების და საერთაშორისო სამართლის მიმართ უპატივცემლო დამოკიდებულებისა, რომლებსაც ყველაზე მეტად ულმობელი 70-80 წლის მოხუცები სჩადიან და რომლებიც, როგორც ჩანს, უფრო მეტად იმით არიან დაინტერესებული, რომ თავი აარიდონ სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ვიდრე მშვიდობის შენარჩუნებაზე იზრუნონ.

მაგრამ ასე არ უნდა იყოს.

როცა ნელსონ მანდელამ 1999 წელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტი დატოვა, მან ჩამოაყალიბა ორგანიზაცია „უხუცესები“, რომელიც ყოფილ მსოფლიო ლიდერებს აერთიანებდა. ისინი მუშაობდნენ მშვიდობის, სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების მხარდასაჭერად. დღეს, მოქმედებენ რა კონსენსუსის ტრადიციებით და წინა თაობების პოლიტიკოსთა საუკეთესო გამოცდილებით, „უხუცესების“ წევრები ითვლებიან იმის მაგალითად, თუ როგორ შეუძლიათ ასაკოვან ადამიანებს კაცობრიობას მოუტანონ მეტი სინათლე, გამოხატონ თანაზიარობა, იმოქმედონ სინდისით და არა მარტო გავლენითა და ძალით.

პრობლემა მოხუცებულობაში არ არის. პრობლემა იმაშია, თუ როგორი მიზნის მიღწევა სურთ მისი სარგებლობით და რას აძლევენ უპირატესობას. მსოფლიოს არ სურს ისეთი ახალი მოხუცი ძალოვანი პირები, რომლებსაც მმართველის საჭისა და ტახტის დატოვება არ სურთ. მსოფლიოსათვის უკეტესია ის მოხუცი ლიდერები, ის უხუცესები, რომლებიც მზად არიან კომპრომისებისათვის და ადამიანთა ენერგიის სასიკეთოდ წარმართვისათვის. ისინი, ვინც მემკვიდრეობაზე ფიქრობენ არა როგორც პირად დიდებაზე, არამედ როგორც მშვიდობაზე, რომელსაც ისინი თავიათი სიცოცხლის შემდეგ დატოვებენ. ჩვენს დროში გვჭირდება არა ბატონობა, არამედ სიბრძნის გამოვლენა. და ეს, საბოლოო ჯამში, არის ის, რაც მმართველს ლიდერისაგან განასხვავებს.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати