USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Tbilisi
BMG: 2025 წელს „თეგეტა ქარსმა“ რეკორდული, 5 000-ზე მეტი ახალი ავტომობილი გაყიდა - პეტრე წაქაძე
Date:  319

„თეგეტა ჰოლდინგის“ მსუბუქი ავტომობილების მიმართულებამ 2025 წელი ისტორიული მაჩვენებლებით დახურა. როგორც „ბიზნესის კვირეულში“ გიორგი ისაკაძესთან სტუმრობისას მიმართულების მთავარმა ოფიცერმა, პეტრე წაქაძემ განაცხადა, კომპანიამ წლის განმავლობაში 5 000 ერთეულზე მეტი ახალი ავტომობილი გაყიდა.

წაქაძის განმარტებით, ეს რიცხვი მთლიანი ბაზრის მასშტაბით უპრეცედენტოა, რადგან რამდენიმე წლის წინ მსგავსი მაჩვენებელი მთელი საქართველოს ახალი ავტომობილების ბაზრის ჯამურ გაყიდვებს უტოლდებოდა.

„2025 წელი ჩვენთვის მეტად წარმატებული და რეკორდული აღმოჩნდა. პრინციპში, უკვე ტრადიციად დავამკვიდრეთ ყოველი მომდევნო წლის რეკორდული მაჩვენებლებით დასრულება. გასული წელი გაყიდვების რაოდენობრივი ზრდის თვალსაზრისით გამორჩეული იყო. ჩვენს პორტფელში არსებული რვა ბრენდის ფარგლებში 5 000-ზე მეტი ახალი ავტომობილი გავყიდეთ. შედარებისთვის რომ ვთქვათ, 2018-2019 წლებში 5 000 ერთეული მთლიანი საქართველოს ბაზრის ახალი ავტომობილების წლიური გაყიდვების მაჩვენებელი იყო, ახლა კი ამ შედეგს მხოლოდ „თეგეტა ქარსმა“ მიაღწია.

ბაზარი საგრძნობლად გაიზარდა. 2024 წელთან შედარებით, დაახლოებით 1 000 ერთეულით მეტი ავტომობილი გავყიდეთ. ამ შედეგში მთავარი კონტრიბუტორი Toyota-ა, რომელსაც რეალიზაციის 40-45% უჭირავს. მას მყარი პოზიციებით მოსდევენ Mazda, Porsche, Volvo და სხვა ბრენდები.

ჩვენთვის პრიორიტეტული მხოლოდ ავტომობილების რეალიზაცია არ არის. უმნიშვნელოვანესია სერვისების განვითარება, რაც მომხმარებელთან ურთიერთობის სრულ ჯაჭვს ქმნის. ჩვენი პარტნიორობა ახალი მანქანის გაყიდვით არ სრულდება. ეს არის ავტომობილის სასიცოცხლო ციკლის მართვა, რაც გულისხმობს გარკვეული პერიოდის შემდეგ მის ჩანაცვლებას Trade-in პროგრამით და მეორადი ავტომობილის ხელმეორედ რეალიზაციას. მაგალითად, Toyota-ს შემთხვევაში, ეს ჯაჭვი 10-წლიან პერიოდს მოიცავს. მიგვაჩნია, რომ მდგრადი ბიზნესის ერთ-ერთი მთავარი საწინდარი სწორედ გაყიდვების შემდგომ სერვისებზე აქცენტირება და ამ მიმართულების კიდევ უფრო გაძლიერებაა", - განაცხადა წაქაძემ.

მისივე თქმით, 2025 წელი სუპერქარების ბაზარზე შესვლით იყო გამორჩეული. პორტფელს დაემატა იტალიური Lamborghini და ბრიტანული Bentley.

პეტრე წაქაძის თქმით, 2026 წლის სტრატეგიული მიმართულება ფლიტ მენეჯმენტი იქნება. კომპანიის მიზანია ბიზნესსექტორი „ფლობიდან მოხმარებაზე“ გადაიყვანოს, რაც საოპერაციო ხარჯების ოპტიმიზაციას გულისხმობს.

 წყარო:https://bm.ge/

society
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way