USD 2.7086
EUR 3.1783
RUB 3.4210
Тбилиси
«Голос Армении» (სომხეთი): „პორტი - ქართული, ნავმისადგომი - სომხური // შეიქმნება თუ არა ქართულ-სომხური საზღვაო ფლოტი, მაგრამ სომხური დროშითა და ეკიპაჟით?“
дата:  881

სომხეთის რუსულენოვანი გაზეთი „გოლოს არმენიი“ (Голос Армении) აქვეყნებს სტატიას სათაურით „პორტი ქართული, ნავმისადგომი - სომხური“ (ავტორი - აშოტ არამიანი), რომელშიც განხილულია სომხეთის ინტერესები ფოთის პორტის მიმართ.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

საქართველოს სამხედრო გზა, რომელიც სომხეთისათვის რუსეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ სახმელეთო ავტომაგისტრალს წარმოადგენს, ტრივიალური მიზეზის - კლიმატური სიტუაციის გამო ძალიან ხშირად დახურულია დიდტვირთიანი საბარგო ავტომანქანების მოძრაობისათვის. ბუნებრივია, ასეთ სიტუაციაში არც ყაზბეგ-ზემო ლარსის გამშვები პუნქტიც, რომელიც ასევე ერთადერთია საქართველო-რუსეთის საზღვარზე, არ მუშაობს.

ამ ფონზე უფრო საიმედოდ და შესაბამისად, უფრო მიმზიდველად ყოველთვის გამოიყურებოდა ალტერნატიული მარშრუტი ქართული ფოთის ნავსადგურის გავლით. აჭარაში არსებული ბათუმისაგან განსხვავებით, ფოთში სომეხ ტვითმზიდავების თხოვნებს უფრო მეტი გაგებით ეკიდებოდნენ ხოლმე. სწორედ ამიტომ  დაიწყო თავის დროზე საბორნე-სარკინიგზო გადასასვლელი საქართველოს ფოთის ნავსადგურსა და რუსეთის პორტ „კავკაზს“ (კრასნოდარის მხარე) შორის. „კავკაზი“ თავისი ტვირთბრუნვის მოცულობით რუსეთის მეხუთე, ხოლო შავი და აზოვის ზღვების აუზში მეორე პორტს წარმოადგენს, ნოვოროსიისკის შემდეგ.

სომხეთის დღევანდელი ხელისუფლების მცდელობები, ზემო ლარსის გამშვებ პუნქტში სომხური ტვირთების გატარების პრობლემის მოგვარების მიზნით, წარუმატებელია. ეკონომიკის მინისტრის ვაან ქეროფიანის დაპირება, რომ ფოთი-„კავკაზის“ საზღვაო ბორანი ამუშავდებაო, მხოლოდ „ჰაერის ცარიელი შერხევა“ გამოდგა. მისი ბრტყელ-ბრტყელი აღთქმების ვადები არაერთხელ იქნა გადაწეული, სულ ბოლოს კი მინისტრი საბოლოოდ მიყუჩდა და თავის „ნაპოლეონისეულ გეგმებზე“ ხმას აღარ იღებს.

იმის გათვალისწინებით, რომ სომხეთ-რუსეთის ვაჭრობის მოცულობას ბოლო დროს, გასაგები მიზეზების გამო, ზრდის ტენდენცია აქვს, თანაც ორივე მიმართულებით (სასურსათო პროდუქცია, სამშენებლო მასალები, ნავთობპროდუქტები), დღის წესრიგში დგება  კითხვა: რა ვქნათ?

თავის დროზე ქართული ნავსადგურის ფოთის ოფიციალური ტვითბრუნვის 56% სომხურ პროდუქციას ჰქონდა დაკავებული. რატომ არ შეუძლია [ინვესტიციების ჩადება და „ჩანერგვა“] ფოთის პორტში ნიკოლ ფაშინიანის მთავრობას, რომელიც რეგულარად გვაუწყებს ქვეყნის ხაზინაში შემოსავლების გადაჭარბებას? ამით მნიშვნელოვნად შერბილდებოდა ჩვენი სახელმწიფოს ეკონომიკური ბლოკადა. მით უმეტეს, რომ თურქული  [აზერბაიჯანისა და თურქეთის] ტანდემისაგან, როგორც დრომ გვაჩვენა, სასიკეთოს არაფერს არ უნდა ველოდოთ.

სომხური მხარის მიერ, ფოთის ნავსადგურის განვითარების მიზნით, ინვესტიციების ჩადების შემთხვევაში, გამორიცხული არ არის, რომ პორტში სომხური ნავმისადგომი და სატვირთო ტერმინალი შეიქმნას. თავის დროზეფოთის მერიის წარმომადგენლები კეთილი თვალით უყურებდნენ და პოზიტიურად იყვნენ განწყობილნი ამ პროექტის მიმართ.

უფრო მეტიც - არცთუ ისე დიდი ხანის წინათ, ფოთის აკვატორიაში სომხური შეკვეთებითა და სომხური პროდუქციით დატვირთული უამრავი გემი დაცურავდა. სწორედ იმ დროს გაჟღერდა კომერციული წინადადება... ქართულ-სომხური ფლოტის შექმნაზე, 12 გემის შემადგენლობით, რომლებიც წარმოდგენილი იქნებოდა როგორც სამგზავრო, ასევე სავაჭრო ხომალდებით. ფლოტს ექნებოდა საკუთარი სტატუსი, გემებს ეყოლებოდა სომხური ეკიპაჟი და ექნებოდა სომხური დროშით ცურვის შესაძლებლობა - ყველა ზღვაში და ყველა ოკეანეში.

თუმცა, მართალია, რომ ამის დიდი იმედი სომხეთის ამჟამინდელი მთავრობის ხელში არ უნდა გვქონდეს: ისინი კრეატიულობის სასწაულებს მხოლოდ მაშინ ახდენენ, როცა ფულის სუნს იყნოსავენ და სწრაფი გამდიდრების შესაძლებლობას დაინახავენ...

წყარო:

https://golosarmenii.am/article/177005/port-%E2%80%93-gruzinskij--prichal---armyanskij

 

аналитика
კრემლს ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - გიორგი კობერიძე
დღევანდელი რუსული ბეჭდური პრესა ივლისის თვეში ეკონომიკური ვითარების დამძიმებაზე საუბრობს - რაც რუსეთის დახურული სისტემის პირობებში საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. გაზეთები აღნიშნავენ, რომ: საშუალოდ 12%-ით მოხდა რუსეთში კომუნალურები გადასახადების ზრდა. გაძვირდა პურის ფასიც, არადა ხორბლის ფასი გაიაფდა. მშენებლობის ბიზნესი დაეცა და ქარხნები იხურება.
 
მიზეზი? მუშახელის კატასტროფული დეფიციტი ბაზარზე, რასაც ადამიანური რესურსების კლების ხარჯზე ემატება მოთხოვნის ბუნებრივი შემცირება - რუსების ნაწილი ფრონტზე კვდება, ნაწილი კი ქვეყნიდან გარბის. დარჩენილი კვალიფიციური მუშახელი კი სამხედრო ინდუსტრიაშია მობილიზებული. იაფ ხორბალს რუსეთი თავის მოკავშირეებს საბითუმო ფასებში ყიდის, ხოლო ბაზარზე შემოსავლის შესანარჩუნებლად კრემლთან დაახლოებული პურის მსხვილი მეწარმეები მის ფასს ზრდიან.
 
ამას კი ემატება სანქციები. დღეს ევროპის მხრიდან სანქციების მე-18 პაკეტი დამტკიცდა, რომელიც რუსეთის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას ურტყამს. 47.6 დოლარი - ესაა ის თანხა, რომელზე ძვირადაც ნავთობს არ შეიძენს ევროკავშირი და ბრიტანეთი რუსეთისაგან, რომელსაც გათვლა 60 დოლარზე ჰქონდა. კრემლს რომ მყარი მოგება ჰქონდეს 70 დოლარად უნდა ჰყიდდეს ბარელს. სანქციების მიხედვით ნორდ სტრიმების გაზსადენები აღარ ამუშავდება. ამას ემატება რუსულ ჩრდილოვან ფლოტზე დევნაც, რომელიც სხვა ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავი ხომალდების დახმარებით ცდილობდა რუსული ნავთობის ევროპაში გაყიდვას და სანქციების გვერდის ავლას.
 
ამ ფონზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსეთში ტოტალიტარული მმართველობა კიდევ უფრო უჭერს მოსახლეობას: ქვეყანაში 5500 აკრძალული საიტი, მუსიკა, საინფორმაციო საშუალება, კოდური სიტყვა, ფილმი და გამოთქმაა, რისი მოძიებაცა და ნახვაც არ შეიძლება, მათ შორის არც VPN-ის გამოყენებით. თუ ნახავ ჯერ დაგაჯარიმებენ, შემდეგ ჯერზე კი პასუხისგებაში მისცემენ შენს თავს.
 
მზარდი ინფლაციისა და ძირითადი რესურსების სამხედრო წარმოებასა თუ ფრონტზე მობილიზების ფონზე ეკონომიკური პერსპექტივა კარგად არ გამოიყურება. არსებობს ვარაუდი, რომ გვიანი შემოდგომიდან რუსეთი კიდევ უფრო მეტი ბანკნოტების დაბეჭდვას აპირებს.
 
მუშახელის დეფიციტის ფონზე ინდური პრესა საუბრობდა პოტენციურ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთი წლის ბოლომდე მილიონი ინდოელი მუშახელის რეკრუტირებას აპირებს, თუმცა ამ ამბავმა რუსეთში დადებითი რეაქცია არ გამოიწვია, რის გამოც რუსეთის შრომის მინისტრმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. მიუხედავად ამისა, მარტო წელს რუსეთში 71,817 ინდოეთის მოქალაქეზე გაიცა ოფიციალური სამუშაო ნებართვა. ეს რაც ლეგალურად ჩანს, და რაც არა ის კიდევ სხვაა. ინდოელების გარდა რუსეთში დიდი რაოდენობით არიან შუა აზიელები და ჩინელები.
 
ამ ვითარებაში ფრონტზე რუსეთის ვითარება არასახარბიელოა. დონეცკის მონაკვეთზე მომარაგების გზას უკვე ეწოდა "სიკვდილის ხაზი", სადაც უკრაინული დრონები ყველაფერს ბომბავენ რაც კი გადაადგილდება. მიუხედავად ამისა, რუსეთი არ წყვეტს ცოცხალი ძალის მობილიზებას და დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილში, პოკროვსკის სექტორზე დაწოლას. რუსეთის მხრიდან ყველა გათვლა ისეთი იყო, რომ პოკროვკი ჯერ 2024 წლის ბოლომდე უნდა აეღოთ, შემდეგ 2025 წლის მარტამდე, ახალი თარიღი 2025 წლის 9 მაისი იყო, შემდეგ კი ამ სექტორზე დაწყებული შეტევის ერთი წლის თავი, ანუ ივლისი. მაგრამ ერთი წლის თავზე რუსები ჯერ კიდევ არ არიან ქალაქის ფარგლებში შესულები. ზოგადად პოკროვკისაკენ გაჭრას რუსები 2024 წლის თებერვლიდან ცდილობენ, ავდიივკას დაცემის შემდეგ.
 
დასავლური მედია ამბობს, რომ რუსული ზაფხულის შეტევის მხოლოდ პირველი ფაზა ვიხილეთ ჯერ და რომ მეორე ფაზა ჯერ კიდევ წინააო. ისინი 150 ათას დამატებით რუს, კორეელ და სხვა ქვეყნებიდან დაქირავებულ სამხედროებზე საუბრობენ და ახალი მიმართულებით გაჭრას არ გამორიცხავენ, ან ძველ სექტორებზე მათ გადანაწილებასა და უკრაინულ პოზიციებზე დაწოლის გაძლიერებას.
 
კრემლი ტრამპის მიერ მიცემულ 50 დღიან ვადას მაქსიმალური შეტევისათვის გამოიყენებს და ამაში უცნაური არაფერია. მთავარია რამხელა იქნება მსხვერპლი და გამოფიტვა. როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, მხოლოდ წელს რუსეთს 100 ათასი მოკლული ჰყავს. მან ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ საუბარია მოკლულ სამხედროებზე და არა დაჭრილებზე, დაშავებულებზე ან ტყვეებზე. რუსეთი წლებია იმით პოზიციონირებს, რომ თითქოს ბოლო სამხედრომდე და ბოლო საკვებამდე შეუძლია იომოს. ასეთი რამ არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია, მაგრამ კრემლს რომ ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - ეს უკვე ვნახეთ. და ისიც ნათელია, რომ ახლა ომს სერიოზული გამოფიტვის სახე აქვს მიღებული, რის გამოც დამატებითი მოთამაშეებისა და სახელმწიფოების ირიბი ჩართვა კიდევ უფრო მზარდია.
 
პუტინმა ისიც კარგად იცის, რომ ომის შეწყვეტა სხვა მიზეზითაცაა საშიში - ამდენი სამხედროსა და ციხეებიდან გამოსული, თუ მობილიზებული კრიმინალის რესოციალიზაცია ძალიან რთული იქნება, მით უფრო გართულებული ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე. თუმცა ყველაფერს აქვს თავისი ზედა ზღვარი - ეკონომიკის გამძლეობასაც, მსხვერპლის რაოდენობასაც და გამარჯვების რწმენასაც.
 
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати